სულ უფრო იკვეთება საქართველოს ხელისუფლების შეუთავსებლობა ეგრეთ წოდებულ დასავლელ „სტრატეგიულ პარტნიორებთან“. ეს შეუთავსებლობა ძირითადად სამი მხრივ გამოიხატება:
1) დამოკიდებულება ფუნდამენტურ ღირებულებებთან (ეკლესია, ოჯახი, პატრიოტიზმი, ტრადიციონალიზმი, სამართალი, თავისუფლება).
რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-სა და ევროკავშირის დღევანდელი მმათველები ყველა ძალისხმევას იყენებენ, რათა პუნქტობრივად ამოშალონ 10 მცნება როგორც თავიანთი ქვეყნების, ისე ჩვენი საზოგადოების ცნობიერებიდან.
ამავდროულად, კოლექტიური დასავლეთი, მაქსიმალურ მხარდაჭერას იჩენს მისივე ხელშეწყობით შექმნილი და მოქმედი ორგანიზაციის წევრ „თანამოაზრეების“ მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი მონაწილეობა ბანდიტიზმში, გამოძალვაში, მითვისებაში, კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა თუ სხვა სამართალდარღვევებში აშკარაა და ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერაა დადასტურებული.
2) სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების სტრუქტურებში უშუალო ჩარევის შესაძლებლობა.
ალბათ, საკმარისია გავიხსენოთ აშშ-ს დიპლომატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ აგორებული სკანდალი.
3) რუსეთთან დაპირისპირების ხარისხი.
დასავლეთი აშკარად ცდილობდა საქართველოს რადიკალურ დაპირისპირებას რუსეთთან. რა თქმა უნდა, მათ არანაირი ილუზია არ გააჩნიათ იმისა, რომ ქართულმა არმიამ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებას მანც მიაღწიოს, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ წარმოიქმნება კიდევ ერთი გაურკვეველი კონფლიქტის კერა და დაძაბულობის სიმწვავე რუსეთსა და თურქეთს შორის მკვეთრად გაიზრდება.
პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ოცნების“ მმართველი გუნდი მაქსიმალურად დათანხმდა დასავლეთის წინადადებებს, მას ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია მცირედითაც კი არ გაეზრდება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერასაც დაკარგავს. დღევანდელ „კოლექტიურ დასავლეთს“ კი საქართველოში უკვე ჰყავს გამოზრდილ-გამოცდილი გუნდი, რომელსაც ყველა საშუალებებით ეხმარება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რადგანაც ეს კონგლომერატი პატრონის ნებისმიერ დავალებას შესაშური ენთუზიაზმით შეასრულებს.
დიდი დაკვირვება და პოლიტიკური გამჭრიახობა არაა საჭირო, რომ მიხვდე, წლის ბოლოს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მორიგი ეტაპი დაიწყება.
აღარც ისაა საიდუმლო, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლების კონსტიტუციურ/არაკონსტიტუციურ ცვლილებას ან შეცვლის მცდელობას, სხვადასხვა დოზითა და ხარისხით ორგანიზებასა და მონაწილეობას, ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორები“ ახდენენ. ამ პროცესში მათ მიერ დაფინანსებული, უამრავი ორგანიზაცია და ადამიანია ჩართული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედანაც. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ პოლიტიკურ და „საზოგადოებრივ“ ოპოზიციას, ევროპისა და აშშ-ს პოლიტიკურ სტრუქტურებსა და მოღვაწეებს სულ უფრო ინტენსიურად უერთდება, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
პირობითი დასახელებით „გადატრიალება 2023“-ის სავარუდო სცენარიც თანდათან იკვეთება: საქართველოს უარს ეუბნებიან ევროკავშირის კანდიდატობაზე. ამას დასავლეთის სხვადასხვა დონის პოლიტიკოსები ხსნიან როგორც საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ჩამოაცილოს ევროპას საქართველო და შეიყვანონ რუსეთის გავლენის სფეროში ან სულაც მიუერთოს მას. ადგილობრივი ოპოზიცია და ვითომ „სამოქალაქო სექტორი“ კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას. ხალხი გამოდის ქუჩაში და ითხოვს „რუსეთუმე“ ხელისუფლების გადადგომა/ჩამოგდებას.
თუმცა, კრიტიკული მასის, ანუ სახელისუფლებო ძალებზე ფიზიკურად აღმატებული ძალის მქონე ხალხის რაოდენობის მოგროვება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, რადგანაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აცნობიერებს ვითარების ფარსს.
ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, უარი თქვან შარპის (Gene Sharp) წმინდა „ხავერდოვანი რევოლუციების“ მეთოდებზე და შეაზავონ ის ლიუტვაკის (Edward Nicolae Luttwak) თეორიის ძალისმიერი ხერხებით. მსგავსი რამ ჩვენ სამშობლოში 1991 წლის ბოლოს ფიზიკურად განახორციელეს რუსებმა, ჩვენი დღევანდელი „სტრატეგიული პარტნიორების“, ხმამაღლა დეკლარირებული, მორალური მხარდაჭერით. საქართველოში თანამედოვე სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით მყარია, ვიდრე ეს 1991 წლისათვის იყო და ნაკლებად სავარაუდოა მოქმედმა ხელისუფლებამ დაუშვას ჯაბა-კიტოვანის ვარიაციები.
თუმცა, თანდათანობით იკვეთება ახალი „შესაძლებლობები“ რაც გამოიხატება იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი, მოვლენების გამწვავების პირობებში, მომხრე ფიზიკურ-შეიარაღებულ ძალად უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს მოიაზრებს. გასაგებია, ხელისუფლების გადატრიალებისათვის უიარაღო ჯარისკაცი საკმარისი არ იქნება. საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე იარღის მოპოვებაც, რაც არ უნდა დიდი რაოდენობის იარაღის კასრების სამარხები დარჩენილიყო აღმოუჩენელი, ამგვარ ღონისძიებას ვერ დააკმაყოფილებს. საჭირო იქნება უკვე კარგად შეიარაღებულ/ეკიპირებული ნაწილების დესანტირება. დღევანდელ პირობებში, უკრაინიდან ხმელეთით ან ჰაერით შეიარაღებული ნაწილების გადმოსროლა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი გზა საზღვაო ტრანსპორტია, რომლის გადაადგილებას ამჟამად საკმაოდ პრობლემატურია, მაგრამ მეტად შესაძლებელი.
მსგავსი ოპერაციებიდან შეიძლება გავიხსენოთ აშშ-ს მიერ ორგანიზებული კუბელი კონტრრევოლუციონერების გადასხმა კუბაში 1961 წლის აპრილში, კერძოდ ღორების სრუტეში, ფიდელ კასტროს ხელისუფლების დემონტაჟის მიზნით. მართალია, ეს კონკრეტული შემთხვევა წარუმატებლად დამთავრდა, ძირითადად კასტროს მომხრეების მედგარი წინააღმდეგობის გამო, მაგრამ საწყისი ეტაპი - ძალების შეგროვება, მომზადება, აღჭურვა და გადასხმა - წარმატებული იყო.
როგორ მოახერხებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საზღვაო ტრანსპორტის მოპოვებას, შავი ზღვის გადმოკვეთას, საქართველოს საზღვაო სანაპიროზე გადმოსხდომას, დედაქალაქამდე ჩამოსვლას - ეს ყველაფერი და სხვა დანარჩენიც, ერთი მხრივ, ორგანიზატორების შესაძლებლობებსა და შემოქმედებით უნარზე და მეორეს მხრივ სახელისუფლებო ძალების მზაობაზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ მოვლენების განვითარების ამგვარ ვერსიას აქვს არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები საკმაოდ მოტივირებულნი არიან. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს მათ; დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ომში ჩართვა დიდ დახმარებას გაუწევს უკრაინას წარმატების მიღწევაში; იმედი აქვთ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოცილურ მდგომარეობას.
ამასთან, ისინი ფლობენ სერიოზულ საბრძოლო გამოცდილებას, „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით ექნებათ უზარმაზარი ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსები, კოლოსალური პროპაგანდისტული საშუალებები, საუკეთესო სადაზვერვო, თანაც ოპერატიულად განახლებადი ინფორმაცია.
განსასაზღვრია ისიც, თუ რამდენად მოახერხებს საქართველოს შესაბამისი დანაყოფები პირობითად „უკრაინული დესანტის“ ნეიტრალიზებას. ეს ეხება ამ ნაწილების როგორც საბრძოლო, ისე მორალურ მომზადებას.
დღევანდელი გადასახედიდან მოვლენათა ამგვარი განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებისათვის იმდენად მიმზიდველია და იმდენად უპერსპექტივოა არსებული ოპოზიციის საპროტესტო აქციებით მათთვის რაიმე ხელშესახების მიღწევა, რომ „უკრაინული დესანტის“ ამ ვარიანტის სავარაუდო განხორციელებისათვის ალბათობის მაღალი ხარისხის მინიჭება შეიძლება.
ზემოთ აღწერილი ჰიპოთეზა მჭიდროდ შეზღუდული საზღვრებითაა გადმოცემული. გასაგებია, რომ მისი თითოეული პუნქტი, შესაბამისი უწყებების მხრიდან, სერიოზულ გავრცობა-განსჯას და საპასუხო მოქმედებების მომზადებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 91-92 მოვლენების განმეორების საფრთხის ქვეშ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით.
ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება, როგორც ეს გავრილოვის პროვოკაციისას მოხდა... "ჭკუით ქართველებო".. .