„მარგველაშვილი ასეთი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჟვანიას გვერდით იმყოფებოდა არაფორმალურად, განუყრელად, ამით დიდ სარგებელს იღებდა. მისთვის შეუცვლელი გახდა. კაბინეტში რომ შევიდოდა ჟვანია, პირველი კითხულობდა, მარგველა მოსულია? დაატარებდა უცხოეთში. ბიძინა ივანიშვილსაც არწმუნებდნენ, აი, კაცი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვს, სრულიად უამბიციო, ინტელიგენტი. მარგველაშვილმა თვითონაც მოიპოვა ბიძინას ნდობა. ეს ნიჭი თაღლითებს ახასიათებთ“, - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.
ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ინიშნებოდა და ეს შეთავაზება თავად სააკაშვილისგან მიიღო, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. დღეს ქართველი პოლიტიკოსები მოელიან, რომ მარგველაშვილი შეიძლება „ნაცმოძრაობაში“ გადაბარგდეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაოცებას ვერ ფარავენ, რად უნდა მარგველაშვილს „ნაცმოძრაობაში“ პორტირება, როდესაც ისედაც მიშას პარტიის აქტივისტია. ზოგიერთებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ მარგველაშვილი ისედაც „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური წევრია, რადგან მან არაერთი სასარგებლო საქმე გაუკეთა „ნაცებს“. სულ ბოლოს მარგველაშვილმა 20 ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა შეაგროვა იმის თაობაზე, რომ მიშას თურმე აწამებენ და რომ ეს დაუშვებელია. რას მოუტანს „ნაცმოძრაობაში“ გაწევრიანება მარგველაშვილის ისედაც დაღმავალ პოლიტიკურ კარიერას, თუკი ეს მართლაც ასე მოხდება?
- მე დავიწყებდი იმით, რომ თავის დროზე მარგველაშვილმა საკუთარ თავზე თვითონვე თქვა, მე ხომ პლასტელინი ვარო, ანუ ნებისმიერი ფორმის მიღება შემიძლიაო. ასეთად იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟვანიას გვერდით იმყოფებოდა არაფორმალურად, განუყრელად. ამით დიდ სარგებელს ღებულობდა და ეს კარგად ცნობილია. ეს არის ადამიანი, რომელსაც არავითარი პრინციპები, არავითარი პოლიტიკური იდეალები და იდეები არ აქვს. მან იცის მხოლოდ და მხოლოდ ზრუნვა საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მზად არის, მოერგოს ნებისმიერ პოლიტიკურ დაჯგუფებას, არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორც პლასტელინი, თუკი ჩათვლის, რომ ეს მისთვის მომგებიანია. აქ ლაპარაკი იმაზე, რა არის კარგი საქართველოსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, გამორიცხულია. თავის დროზე მარგველაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც დაწერა, რომ ქართველი ხალხი დაავადებულია დებილიზმით და დაუნის სინდრომით, ხოლო პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა პამპულაობის თამაში. დღეს ერთია პამპულა, ხვალ სხვა იქნება პამპულა და სხვა. ასე მოახერხა მან, რომ გახდა განათლების მინისტრი, ვიცე- პრემიერი, შემდეგ გვახსოვს მისი პრეზიდენტობა.
მან მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს შესვლა სააკაშვილის რეზიდენციაში, რომელზედაც თვითონვე ამბობდა, რომ ეს არის ყოველგვარი უბედურებისა და ცოდვის აკვანი. გარდა ამისა, მარგველაშვილმა მერე დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, ბობოყვათის რეზიდენცია მჭირდება, უნდა გამოვიყენოო, ბიძინამ უპასუხა, რა ბობოყვათის რეზიდენცია, პაპაშენის დატოვებული ხომ არ არისო. ბიძინა მაშინ გაოგნებული იყო, რომ მარგველაშვილი არჩევნებამდე ერთი ადამიანი იყო, არჩევნებიდან ორ თვეში სრულიად შეიცვალა. ასეთია მარგველა.
სააკაშვილის ქომაგობაში მარგველაშვილს 11 ათასი დოლარი ეცოტავა, რაზეც იხუმრა კიდეც, ასე მცირე ფასად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს, რომ უფრო მაღალ „სტავკებზეა“ მასთან საუბარი?
- ცხადია, იხუმრა 11 ათასი დოლარის შესახებ, მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობს და ვინც გულწრფელია, ასე არ ფიქრობს. ზოგიერთებს არც იმის გახსენება უყვართ, რომ მარგველაშვილმა მთელ ქართველ ერს უწოდა დაუნის სინდრომით დაავადებული. პირადი დაინტერესების გარეშე მარგველაშვილი თითსაც არ გაანძრევდა და არც პრეზიდენტების ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებდა. მან შესანიშნავად იცის, რომ სააკაშვილს შექმნილი აქვს იდეალური პირობები, იმყოფება ფეშენებელურ კლინიკაში, უჭირავს დიდი ფართობი, მის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, ექიმების მთელი ჯგუფია შერჩეული და, თუ ის იკვებება იმით, რაც დედამისს მიაქვს და სხვას არაფერს ჭამს, ეს ხომ მისი და დედამისის საქმეა, რა შუაში არიან ექიმები. მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრი გახდება თუ არა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ჩვენი პლასტელინი აპრიორი უკვე ნებისმიერი ორგანიზაციის წევრია, სადაც პირად კეთილდღეობას ღებულობს.
ანუ არ გარისკავს და „ნაცმოძრაობის“ წევრი არ გახდება?
- შეიძლება, ხელი მოაწეროს და პარტიის წევრი გახდეს, მაგრამ, როდესაც პარტიის წევრობაზე ვსაუბრობთ, მაშინვე ვგულისხმობთ ადამიანს, რომელსაც გარკვეული მრწამსი აქვს, რომელიც იზიარებს მოცემული პარტიის ძირითად დებულებებს, პროგრამას. კი ბატონო, პარტიის შიგნით ყოველთვის არის ცხარე დებატები, მაგრამ პარტიის წევრობა ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ მრწამსს, ამ მხრივ მარგველაშვილი არასოდეს არ იქნება არც ერთი პარტიის წევრი.
თანხის საფასურად უღირს ასეთი პოლიტიკური თამაშები და ისიც, რაც ახლახანს გამოაქვეყნა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა?
- აბსოლუტურად, სააკაშვილის და სხვების მსგავსად, ამ ადამიანებს სწამთ, რომ სახელი, როგორც ასეთი, არ არსებობს, დღეს ერთია პამპულა, ხვალ სხვა იქნება პამპულა. მთავარია, შენ შეძლო ტელეეკრანიდან სასარგებლო ინფორმაციის თქმა. რამდენჯერ ითქვა, რომ სააკაშვილმა და ბიძამისმა ყველაფერი ღირებული, რაც საქართველოშია, გადასცეს რუსებს. ერთხელ მაინც უპასუხეს „ნაცებმა“ ამ მხილებას და ბრალდებას?! საერთოდ არ პასუხობენ, ივანიშვილის რუსული ფულიო, რომ გაიძახიან, რამდენჯერ დაიწერა დოკუმენტურად, რომ ივანიშვილის ფულით განხორციელდა რეფორმები ვარდების რევოლუციის შემდეგ - საბაჟო, პოლიცია, თავდაცვა, ყველაფერი ივანიშვილის ფულითაა.
როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილმა საკუთარი ნებით დაურეკა პრეზიდენტებს, რომ მათ სააკაშვილის „წამება“ დაეგმოთ, თუ ეს იყო შეკვეთა?
- ან იყო შეკვეთა, ან არ იყო, ჩვენ ეს არ ვიცით, უფრო მოსალოდნელია, რომ ეს იყო კონკრეტული შეთავაზება, შენ თუ ამას გააკეთებ, ამდენს მიიღებ, მარგველაშვილმაც იანგარიშა, მე უცხო ქვეყნის პრეზიდენტებს დავეკონტაქტები, შემდეგ ამას მივყიდი პოლიტიკურად, თუ ფინანსურად „ნაცებს“. სხვათა შორის, ჟვანიასთან მარგველაშვილს ყოველთვის ასეთი ხაზი ეჭირა, მე არაფერი არ მინდა, არც მინისტრობა, არც თანამდებობა, მე მინდა ის, რაც საქართველოსთვის კარგიაო. ამ დონის თაღლითები ასე მოქმედებენ. ლაიტმოტივია პირადი მოგების მიღება, დანარჩენი, რა კომბინაცია დატრიალდება, ამას ჩვენ ვერ გამოვიცნობთ.
ისე, ჟვანია მაინც ჭკვიანი და არანაკლებ მოხერხებული იყო, ამას ვერ დავუკარგავთ. მარგველაშვილს შეეძლო მისი გაცურება?
- რაც მე ვნახე, მარგველაშვილს ეს შეეძლო. მე არ მინდა ამ თემის დეტალებში შევიდე, მარგველაშვილმა ჟვანიას რამდენჯერმე არასწორი რჩევა მისცა და, რაც მთავარია, გახდა შეუცვლელი ჟვანიასთვის. ჟვანია კაბინეტში რომ შევიდოდა, პირველი კითხულობდა, მარგველა მოსულია? დაატარებდა მარგველაშვილს უცხოეთში, თუმცა არავითარი ოფიციალური სტატუსი მარგველაშვილს არ ჰქონდა. ანუ მარგველაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ნდობის მოპოვების უნარი აქვს და ამას ვერ წავართმევთ.
მან ბიძინა ივანიშვილის ნდობაც მოიპოვა, როგორც ამბობენ, „ნაცებთან“ მარგველაშვილის უკომპრომისო ტელედებატები მოსწონდა ბიძინას.
- ზუსტად ვიცი, რამდენიმე ადამიანი ბიძინას გარშემო ამაზე მუშაობდა, არწმუნებდნენ ივანიშვილს, აი, კაცი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვს, არაფერში გასვრილი არ არის, სრულიად უამბიციო, ინტელიგენტი, აი, ერთგული ადამიანი ეს იქნება, ერთ-ერთი ადამიანი ამაზე ძალიან მუშაობდა. გარდა ამისა, მარგველაშვილმა თვითონაც თავისი ქცევით ეს ნდობა მოიპოვა. ეს ნიჭი თაღლითებს ახასიათებთ. ეს არის ნიჭი, რომელზეც ადამიანმა უნდა ააშენოს ნდობა პირადი გამორჩენის მიზნით.
მარგველაშვილს ამაში ფილოსოფიის ნიჭიც დაეხმარა?
- ეს თავისებური ფილოსოფიაცაა - პლასტელინის ფილოსოფია, რომ ნებისმიერ სიტუაციას მოერგო. როცა მარგველაშვილი განათლების მინისტრი გახდა, ვინც მას ჟვანიას დროიდან იცნობდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ეკლექტურ ალიანსში, ისინი ამბობდნენ, მარგველა მინისტრი გახდა, საქართველოს დედა აღარ ჰყავსო, მერე მარგველა პრეზიდენტი გახდა საქართველოსი, ეს ხომ გარკვეული ფენომენია, თუმცა ორი თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რა შეცდომა დავუშვიო.
„ნაცმოძრაობაში“ რომ გაერთიანდეს მარგველაშვილი, უკვე პრეზიდენტების პარტია გამოვა „ნაცმოძრაობა“ და წონა აიწევს ამ პარტიის?
- მარგველაშვილის რეიტინგი იყო ნული, ხალხმა მას ხმა მისცა, მათ შორის, საჩხერეში ლამის 100%-მა მისცა ხმა, ვინ იცნობდა მარგველაშვილს? ხალხი ხუმრობდა, ეს არის ბიძინა მარგველაშვილი, ივანიშვილმა მაშინ მიმართა ქართველ ხალხს, 60%-ზე ნაკლებს თუ აიღებს, მეწყინება და წავალ საქართველოდანო. ხალხმაც იხუვლა და ხმა მისცა მარგველაშვილს.