სოხუმის აეროპორტი 49 წლის ვადით რუს ინვესტორზე გასხვისდა. მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიცირების საკითხი აფხაზეთში სხვადასხვაგვარი შეფასების საგანია. რუსეთისთვის კი სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, ექსპერტული მოსაზრებით, სანქციებისთვის გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა იქნება.
"კვირის პალიტრასთან" საუბრისას, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ აქამდე რუსეთი სოხუმის აეროპორტის განახლებაზე უარს ამბობდა, ახლა, როდესაც სანქციების ქვეშაა, მისთვის სანქციების გვერდის ავლის რესურსი შეიქმნება, რუსი ტურისტებისთვის კი - დასვენების დამატებითი პირობები.
"სოხუმის აეროპორტის გახსნაზე მრავალი წელი იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო არარენტაბელური ანუ - აზრი არ ჰქონდა. აფხაზები ყოველთვის აყენებდნენ მის საკითხს და რუსები ყოველთვის უარს ამბობდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები, ეს სანქციები მკაცრდება და მათ მოხსნაზე ჯერ საუბარი არ არის, რუსეთს სჭირდება დამატებითი სატრანსპორტო კომუნიკაციები არალეგიტიმურ ზონაში, რომელიც მსოფლიოს მიერ აღიარებული არაა. ეს რუსეთს ამ წუთში აწყობს, რადგან აფხაზეთიდან შეიძლება განხორციელდეს მრავალი ოპერაცია სანქციების გვერდის ავლაზე, მათ შორის იქნება - აეროპორტიც. მაგალითად, გემი შევა სოხუმის აეროპორტში, გადაიტვირთება ტვირთები და შემდეგ თვითმფრინავებით მოხდება გადაზიდვა რუსეთში ისე, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამას ვერ შეამოწმებს, რადგან აფხაზეთში შესვლის საშუალება არ აქვთ და პირიქით - მატარებლით ან თვითმფრინავებით შემოვა სოხუმში რაღაც ტვირთები და გემებით მოხდება მათი გატანა პორტებიდან. შეიქმნება დამატებითი რესურსი სანქციების გვერდის ავლისთვის. ასევე, რუსი ტურისტებისთვის დასვენების დამატებითი პირობები იქნება. რუსეთიდან მსოფლიოში ფრენები შეიზღუდა (საქართველო ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, ხელს ვუწყობთ - თბილისიდან მსოფლიოში დაფრინავენ რუსი ტურისტები), ასე რომ, დამატებითი რესურსი იქნება სოხუმის აეროპორტი. ამიტომ, მგონია, რომ ამას რუსეთი სანქციების სიმძიმის შესამსუბუქებლად გამოიყენებს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის გასხვისების თაობაზე აფხაზეთის საზოგადოებაში განწყობებს, კონფლიქტოლოგის განცხადებით, მათი დამოკიდებულება ძალიან დადებითია, თუმცა ეკონომიკის საკითხებში სპეციალისტების ნაწილი, ზაქარეიშვილის თქმით, აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემით უკმაყოფილოა.
"აფხაზეთის საზოგადოებაში განწყობა ძალიან დადებითია. როგორც წესი, აფხაზეთის საზოგადოება ყოველთვის ეჭვით უყურებს რუსეთიდან წამოსულ გარკვეულ ინიციატივებს, მათ შორის, ბიჭვინთის ტყე-პარკის გასხვისებაზე მკაცრი პოზიცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას, რადგან ეს ეხება კიდევ უფრო მძაფრ თემას, როგორიცაა "აპარტ-ჰოტელების" გასხვისება, გაყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე. ძალიან მკაცრები და შეუპოვრები არიან ამ მიმართულებით. მაგრამ, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას - პორტების გაფართოებაზე არის საუბარი თუ აეროპორტებზე, ამას დიდად მიესალმებიან.
ასე რომ, საზოგადოება კმაყოფილია, რაც შეხება კონკრეტულ ეკონომისტებს, მათ მიაჩნიათ, რომ ეს აეროპორტი არ იქნება აფხაზური. ეს იქნება ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის საკუთრებაში. შესაბამისად, მოგება, სიკეთეები, რაც შეიძლება აეროპორტმა ვინმეს მოუტანოს, ეს იქნება რუსეთის მოქალაქე და არა - აფხაზური საზოგადოება. ანუ ეს საკითხი უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მოგება აფხაზურ ბიუჯეტში არ შევა. მეორე მხრივ, სხვანაირად აეროპორტი ვერ აშენდება. მაშინ აფხაზებმა უნდა ააშენონ, მაგრამ ფული მათ არ აქვთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვინც ფულს ჩადებს, ის მოიგებს. აფხაზები მიეჩვივნენ, რომ ვიღაც უკეთებს და თვითონ ბედნიერები არიან, ეს კი ის შემთხვევაა, რომ ვიღაც გააკეთებს და ფულსაც თვითონ აიღებს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.