ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება ახალი ტაქტიკით დაიწყო, ამოცანა კი მკაფიოა - ორპოლუსიანობის დასამსხვრევად შეიქმნას ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრები, სადაც წამყვანი უფრო გუნდური მუშაობის პრინციპი იქნება. ანალიტიკოსთა შეფასებით, დღეს პოლიტიკური გაერთიანებები ქარიზმატული ლიდერების გარშემო აღარ იკრიბებიან, სიტუაცია თანდათან იცვლება, პრიორიტეტული უფრო გუნდურობის პრინციპია და ფაქტიურად ე.წ. ბელადები აღარ გვყავს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს დროდადრო ბელადომანიის ტალღა უვლიდა, დღეს კი ეს თითქმის ჩამცხრალია.
„ეს საკითხი ბელადომანიის ჭრილში, რომ შევაფასოთ, ტალღასავითაა ხოლმე. ალბათ ყველაზე დიდი ტალღა ზვიად გამსახურდიას დროს იყო, როცა ის ახალ ისტორიაში შემოვიდა. მერე შევარდნაძე გამოჩნდა, რომელიც ბელადომანიის რანგში ვერ ავა, რადგან მას ის ქარიზმატულობა არ ჰქონდა. პოლიტიკოსის ქარიზმატულობას თვითონ ხალხი ქმნის და ხალხს მისადმი პრაგმატული დამოკიდებულება ჰქონდა და არა რომანტიული და ამ პერიოდმა ბელადომანიის გარეშე გაიარა.
„ამის მერე ბელადომანიის ტალღა წამოვიდა, უკვე სააკაშვილთან დაკავშირებული, თავის ქარიზმით და ა.შ. ივანიშვილის ხელისუფლებაში კი არც მას და არც მის ქვეშევრდომებს ქარიზმა თითქმის არ აქვთ და ბელადომანიის პრეტენზიაც წესით არ უნდა ჰქონდეთ. მასეთი ქარიზმატულობის მოპოვების ფრაგმენტი იყო გახარიას მხრიდან, მაგრამ მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მისი იმიჯი დააზიანა და მისი კანდიდატურა ბელადომანიისთვის გამოუსადეგარი გახდა.
„ახლა ასეთი სურათია, თავად ბელადომანიის ბოლო ფიგურა მიშა კლინიკაშია, თავად იძახის სუსტად ვარო, ექიმებიც მაგას გაიძახიან და ასეთი დიაგნოზების ფონზე, ის ბელადად მხოლოდ ვიწრო ჯგუფმა შეიძლება აღიაროს. თორემ, ასეთი პირი მთელი ქვეყნის მასშტაბის ბელადად აღარ გამოდგება.
„დღეს ფაქტიურად გვაქვს სიტუაცია, როცა ბელადები და ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს, შეიძლება ინდივიდუალური ნიჭი იყოს მნიშვნელოვანი, ოღონდ გუნდთან ერთად. ასეთი ინდივდუალობა პიროვნებებს აქვთ, ოღონდ, ჯგუფთან ერთად მოქმედებენ, ისინი საზოგადოებას ღმერთებად არ მიაჩნიათ, ეს ბევრ რამეში ჩანს კიდეც.
„ამ მხრივ ოპოზიციის მწკლარტე ენა თავის როლს ასრულებს, ისინი მაგ წისქვილზე ასხამენ წყალს, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ბელადები აღარ გაჩნდეს. თუმც, თვითონ ცდილობენ გაბელადებას, მაგრამ მაგის უნარი და საშუალება უკვე აღარ აქვთ,"-განაცხადა საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკურ ველზე გუნდური პრინციპით მხოლოდ „ოცნება" მოქმედებს, ოპოზიციის ნაწილში კი დაბნეულობა და გაურკვევლობაა.
„დღეს ქართულ პოლიტიკაში სამწუხარო რეალობაა. ერთ მხარეზეა ძლიერი, პასუხისმგებლიანი და პრაგმატული „ქართული ოცნების" გუნდი, მეორე მხარეს კი დაქსაქსული რადიკალების ჯგუფია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რაღაც გაერთიანებების შექმნას ცდილობენ, თუმცა არჩევნებზე ნებისმიერი მათი მცდელობა კრახით მთავრდება.
„ეს ქართული პოლიტიკისთვის ძალიან ცუდია, რადგან ნებისმიერ ხელისუფლებას კონკურენტული ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რაც ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არაა. ვხედავთ, რომ ენმ-ში ერთმანეთის მორიგი ქიშპი და მტრობა დაიწყეს. ასევე ამბიციური ურეიტინგო პარტიები არიან: გახარიას პარტია, „ლელო", რომლებსაც ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლად 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
„ოპოზიციურ ფლანგზე ყველას ლიდერობა, უფროსობა და პრემიერ-მინისტრობა სურს, მაგრამ, ამომრჩევლის დაინტერესებას ვერაფრით ახერხებენ, რადგან რეალური პროგრამები არ აქვთ. მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა-გინებით და დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები. ამით ოპოზიცია არჩევნებს ვერ იგებს.
„ოპოზიციას მთელი პოლიტიკა დაპირისპირებაზე და სააკაშვილის ჯამნმრთელობაზე აქვს აგებული, არ შეიძლება, რომ პოლიტიკური ცხოვრება ამ უაზრო თემების გამოყენებით მიდიოდეს. გუნდურად და ჯანსაღად უნდა კამათობდნენ ამა თუ იმ პროგრამებზე და ა.შ.
„ამის ნაცვლად ოპოზიცია ამბობს, რომ ყოველდღე სააკაშვილი ვითომ კვდება, მელიამ რა თქვა და ხაბეიშვილმა რა პასუხი გასცა. ოპოზიციის ლანდშაფტის მდგომარეობა ანომალიურია, ვისურვებდი, რომ ეს გამოსწრდეს, მაგრამ ასე მალე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".