იაგოს პასუხად - „როდემდე ნაცებო, იაგო, როდემდე?!“

იაგოს პასუხად - „როდემდე ნაცებო, იაგო, როდემდე?!“

იაგო ხვიჩიას დემაგოგიური გამოსვლა „უცნობის კიდობანში“ ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ წარმოადგენდა საზოგადოების მანიპულირების მცდელობას, რათა მოხდეს ქვეყნის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების დისკრედიტაცია, მათ მიმართ ნდობის შერყევა და საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს დასუსტება.

საზოგადოების მანიპულირებისათვის დემაგოგოგიური ხერხის გამოყენება ახალი არ არის, მაგრამ ბ-ნმა ხვიჩიამ ამ თვალსაზრისით უფრო „ეშმაკური“, მართლაც რომ „იაგოს“ მეთოდი აირჩია: მან გაიმეორა არაერთგზის უტყუარად დადასტურებული თეზისი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მართლმსაჯულებაცა და სისხლის სამართლის პოლიტიკაც წარმოადგენდა სისტემურ ძალადობას და მოსახლეობის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური დათრგუნვის რეპრესიულ მექანიზმს. მაგრამ, დაეყრდნო რა ამ უდავო თეზისს, მან შექმნა ნიღაბი, თითქოსდა გულშემატკივარია, მიუკერძოებლად მსჯელობს და ამ ნიღბით იგი, პრაქტიკულად, თავს დაესხა დღევანდელი მართლმსაჯულების, სამართალდამცავ თუ პენიტენციურ სისტემებს - დემაგოგიურად განავითარა რეალობის აბსოლუტურად საპირისპირო აღქმა, დათესა ეჭვი და ღვარძლი, ვითომც, როგორც სასამართლო, ასევე სამართალდამცავი ორგანოები თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებები კვლავაც რეპრესიულია, ხოლო არსებული ხელისუფლება წინა ხელისუფლების მსგავსად არსებითად ინარჩუნებს იგივე ავტორიტარულ, „პოლიციური რეჟიმის“ ძალადობრივ სისტემას. არგუმენტად მას არ მოუყვანია არც ერთი ფაქტი, არამედ მანიპულირებდა მხოლოდ საქართველოში პატიმართა რაოდენობით (ზუსტად ისე, როგორც იაგო ცხვირსახოცით) და ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, თითქოსდა ეს რაოდენობა იმდენად კატასტროფულია, რომ საქართველოს ადგილი ცივილიზებულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ევროპულ თანამეგობრობაში - საერთოდაც არ არის.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალობის ურცხვად და ცინიკურად დეფორმირებაა მხოლოდ პატიმრების რაოდენობაზე აპელირებით, რაიმე სხვა ობიექტური მონაცემის ანდა ფაქტის მოყვანის გარეშე, სახელმწიფოს მხიდან სისტემური ძალადობის ასე ხელაღებით მტკიცება. ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ დიახ, პატიმრების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე საქართველოში მართლაც მაღალია, თუმცა, არა იმდენად კატასტროფული, როგორც ეს 2004-2012 წწ-ში. სტატისტიკა ნათლად მოწმობს - 2011 წელთან შედარებით (22 601 პატიმარი) პატიმართა რიცხვი 2022 წელს (9 542 პატიმარი) 2,4-ჯერ (!) შემცირდა; ობიექტური სურათი უახლოესი, სანდო მონაცემებით, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა, როგორიცაა „Institute For Crime & Justice Policy Research (ICPR)“ (სისხლის სამართლის კვლევის ინსტიტუტი), 2023 წლის ივნისის მდგომარეობით ასეთია:

საქართველო (252 პატიმრით 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში იკავებს 42-ე ადგილს; საინტერესოა, რომ ამ მონაცემებით აშშ (531 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, ჩვენი მეზობელი თურქეთი (392 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) - მე-12-ზე, რუსეთი (300 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) – 26-ე, აზერბეიჯანი (210 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) 63-ე, ხოლო საუკეთესო მონაცემები რეგიონში სომხეთს აქვს (74 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) – 169-ე ადგილი. შედარებისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლის მდგომარეობით ამ სიაში საქართველო (604 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) იკავებდა მსოფლიოში მესამე, „საპრიზო“ ადგილს, რუანდას გვერდით, მნიშვნელოვნად „უსწრებდა“ რა აშშ-ს.

აქ არსებითია, რომ მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის მხოლოდ ეს მონაცემი, თანაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით წარმოდგენილი - ცხადია, საკმარისი ნამდვილად არ არის. ასე რომ იყოს, მაშინ აშშ-ს, რომელიც მაშინაც და ახლაც გამოირჩევა პატიმართა განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით და ამჟამად, აბსოლუტური მაჩვენებლით - 2,2 მილიონზე მეტი ციხეში მყოფი ადამიანით, მყარად, უკონკურენტოდ იკავებს მსოფლიოში პირველ ადგილს, ხოლო 100 000 მოსახლეზე ამ რაოდენობით საქართველოს 2,1-ჯერ (!) აღემატება, არავინ აღიარებდა დემოკრატიულ სახელმწიფოდ. იაგოს „სტანდარტით“ აშშ, სადაც პატიმართა რაოდენობა მთელი მსოფლიოს პატიმრების ერთ მეოთხედს შეადგენს და უფრო მეტია, ვიდე ევროპის 35 ქვეყანაში ჯამურად, ასევე და საქართველოზე შეუდარებლად უარესადაც არ არის ღირსი, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად იქნეს მიჩნეული. რაც, რასაკვირველია - აბსურდია. სწორედ აშს-ს მაგალითი მოწმობს, რომ „იაგოს სტანდარტი“ ოქსიმორონია და სხვა, არც არაფერი.

სინამდვილე ისაა, რომ სისტემურ ძალადობას, რასაც 2004-2012 წწ-ში უეჭველად ჰქონდა ადგილი, განაპირობებდა არა მხოლოდ პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მესამე „საპრიზო“ ადგილი, არამედ მიზეზთა მთელი კომპლექსი, რაც ავტორიტარული, პოლიციური სახლმწიფოსათვის ნიშანდობლივადაა დამახასიათებელი: მათ შორის, ისეთი თვალსაჩინო ნიშნები, როგორებიცაა: „ნულოვანი ტოლარანტობა“ , ე.ი. უკიდურესად და არაადექვატურად დაუნდობელი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც მთავარია -ადამიანის უფლებების არა დაცვაზე, არამედ, პირიქით - დარღვევაზე, რასაც რეგულარული, უწყვეტი ხასიათი და ფაქტიურად, საშინაო პოლიტიკის ფუნდამენტურად განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა, ორიენტირებული სამართალდამცავი (სინამდვილეში - სამართალდამრღვევი!) სისტემა, მართლმსაჯულების სრული დაქვემდებარება ამ სადამსჯელო სისტემაზე, როცა სასამართლო გადაიქცა პროკურატურის ნოტარიუსად; აგრეთვე - სასჯელაღსრულების გადაქცევა საკუთარ მოქალაქეებზე ანგარიშსწორების, მათი ჩაგვრისა და უარესიც, წამების ჯოჯოხეთურ ინსტრუმენტად. რომ არა სწორედ ეს სისტემაწარმომქმნელ ფაქტორთა კომპლექსი, რომელთა პირდაპირი შედეგიც (და არა ერთადერთი მიზეზი) იყო პატიმართა კატასტროფული ზრდა, ცხადია, მხოლოდ ამ მონაცემით მაშინდელ რეჟიმს ანტი-დემოკრატიულ, ანტი-სამართლებრივ მოძალადე სისტემად ასე ცალსახად და უყოყმანოდ, ვერც შევაფასებდით.

სრული სიცრუეა და უტიფარი დემაგოგია, როცა დღვანდელი მდგომარეობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ უმძიმეს პერიოდთან, წარმოიდგინება, თითქოსდა ვითარების მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესებად, მის „შელამაზებად“ და არა ძირეულ, ფუნდამენტურ გარდატეხად - რაც აშკარად არის. საწინააღმდეგოს ობიექტურად ვერვინ იტყვის, რადგან საერთოდაც არ არსებობს სისტემური ძალდობის არც ერთი ფაქტი, არც სასამართლოს, არც სამართალდამცავი ორგანოებისა და არც პენიტენციური დაწესებულებების პრაქტიკაში. ცალკეული დარღვევები - დიახ, რასაკვირველია, მაგრამ სისტემური ძალადობა - არც ერთი! სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტატისტიკა მკაფიოდ დ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს - საქართველოში სისტემური ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ სრულად აღმოფხვრილია; საზოგადოების მანიპულაცია და იაფფასიანი დემაგოგია კი სასურველ შედეგს ვერავის მოუტანს და ამ გზით პოლიტიკური ქულების მოპოვება - კრახისთვის განწირულია. მით უმეტეს, როცა ერთადერთ საზომად და კრიტერიუმად მოყვანილია პატიმრების რიცხვი, რაც, ასევე ყალბად შეფასებულია, როგორც კატასტროფულად მაღალი. რასაკვირველია, არავის უჭირს აღიარება, რომ პატიმრების რიცხვი საქართველოში კვლავ მაღალია (თუმცა არა კატასტროფული), რასაც აქვს რიგი ობიექტური მიზეზები; მაგრამ ცალსახაა: ამ მიზეზთა შორის საერთოდაც შეუძლებელია ავტორიტარიზმის, მათ შორის - სასამართლოს მიკერძოებულობის, პოლიციური ძალადობის ანდა რეპრესიული სასჯელაღსრულების ნიშნების „აღმოჩენა“. მსგავსი ფაქტები არ არსებობს. ნული ფაქტი. ხოლო ყალბი აღქმების შექმნა, მიუხედავად პოლიტიკური მოტივიაციისა, ვის რა პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს, საბოლოოდ ერთადერთ მიზანს - სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და მის დასუსტებას ემსახურება.

სასამართლოს მიუკერძოებლობაზე, მის პრაქტიკაში ფუნდამენტურ გარდატეხაზე მკაფოდ მეტყველებს სასამართლო სტატისტიკა. კერძოდ, ეს 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემები:

2017-2019 წლებში 2009-2011 წლებთან შედარებით:

მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა 56 447-დან შემცირდა 47 111-მდე, 16,5%-ით;

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუ 2009-2011 წლებში გამამართლებელი განაჩენი მიღებული იქნა სულ 82 პირის მიმართ, 2017-2019 წლებში აღნიშნული მონაცემი გაიზარდა 1345-მდე, რაც წინა პერიოდთან შედარებით, 15,5-ჯერ მეტია და უტოლდება მთლიანად განხილული საქმეების 8%-ს, როდესაც წინა პერიოდში გამამართლებელი განაჩენი გამოდიოდა მთლიანად განხილული საქმეების მხოლოდ 0,2%-ში.

თავისუფლების აღკვეთა მისჯილ პირთა რაოდენობა 24 973-დან, რაც მთლიანად მსჯავრდებულთა 44,2% შეადგენდა, შემცირდა 11 408 -მდე, ე.ი. 54,3%-ით და ამ წლებში მსჯავრდებულთა მხოლოდ 24,2%-ს უტოლდება;

შემოღებული იქნა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახეობა - შინაპატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ 2017-2019 წლებში სასჯელად რალურად განისაზღვრა უკვე 97 პირის მიმართ;

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა რომელიც მხოლოდ 94 მსჯავრდებულის შემთხვევაში იქნა გამოყენებული, რაც მსჯავრდებულთა მხოლოდ 0,2%-ს შეადგენდა, არსებითად გაიზარდა და გამოყენებულ იქნა 3422, ე.ი. მთლიანიად მსჯავრდებული პირების 7,3%-ის შემთხვევებში, ანუ 35-ჯერ (!) გაიზარდა აღნიშნული სასჯელის გამოყენების მაჩვენებელი;

არსებითად გაიზარდა ასევე არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების შემთხვევებიც: 3 738 - დან მსჯავრდებული პირების 6,6%, 9639-მდე (მსჯავრდებული პირების 20,5), ე.ი. 1,6-ჯერ ან 157,9%-ით;

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევები შემცირდა 44.2 %-ით და 22 865 პირიდან ჩამოვიდა 12 762 პირამდე;

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი 2355-დან შემცირდა 699-ამდე, 70.3 %-ით;

24190-ით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

7435-დან 10813-მდე გაიზარდა იმ ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობა, რომლებიც დამთავრდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ.

ეს შედარებითი სტატისტიკა აშკარად მიუთითებს სასამართლოში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის მოყვანილი მონაცემებით გამოკვეთილი ტენდენცია შეუქცევადია და მყარად ნარჩუნდება 2020-2023 წწ-ში.

ასევე, სასამართლოში მომხდარ ძირეულ ცვლილებებზე უტყუარად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების მკვეთრი შემცირების სტატისტიკა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2020-2022 წლებში გაგზავნილ საჩივართა რაოდენობა 2010-2012 წლებთან შედარებით 1 137-დან 400-მდე, ანუ თითქმის სამჯერ (!) შემცირდა. ასეთი მკვეთრი შემცირება ნათლად ადასტურებს, რომ ძირეულად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა და ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა. ამდენად, დემაგოგიას და მანიპულაციას წარმოადგენს იაგო ხვიჩიას უსაფუძვლო და ფაქტების საპირისპირო მტკიცება, თითქოსდა სასამართლო პრაქტიკა არ შეცვლილა და სასამართლო ისეთივე მიკერძოებულია, ისეთივე სადამსჯელო ინსტრუმენტია, როგორც ეს ადრე იყო.

ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ პატიმართა რიცხვი ორ მთავარ, განმსაზღველ ფაქტორზეა დამოკიდებული: კრიმინალის დონესა და კრიმინალის მიმართ რეაგირების ხასიათსა და ხარისხზე; საზოგადოების მანიპულაციისათვის ამ ორივე განმსაზღვრელი ფაქტორის დემაგოგიურად, არსებითად დამახინჯებულად წარმოდგენა ხდება, რასაც იაგო ხვიჩიაც შეეცადა. მას სურდა ყალბი აღქმის შექმნა, თითქოსდა - კრიმინალის დონეც მაღალია, ხოლო განსაკუთრებით, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა - ვითომცდა, კრიმინალზე რეაგირება, უწინარესად სასამართლოს მხიდან არაადექვატურად დაუნდობელია, ანუ საქართველოს კვლავაც რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა და მართლმსაჯულება აქვს. სინამდვილეში, ობიექტურად მდგომარეობა ასეთია:

კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში სტაბილურია და მშვიდი. ამას მკაფიოდ მოწმობს დანაშაულის სტატისტიკა, კერძოდ:

  1. კრიმინოგენური მდგომარეობის აღქმის საზოგადოებრივად მგრძნობიარე 6 კატეგორიის დანაშაულის (განზრახ მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, გაუპატიურება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) შედარებითი სტატისტიკა ადასტურებს, რომ 2011 წელთან შედარებით 2022 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვანად, მთელი რიგი დანაშაულის კატეგორიების მიხედვით კი მკვეთრად არის გაუმჯობესებული, კერძოდ:

ა) განზრახ მკვლელობათა რეგისტრირებული შემთხვევევის რიცხვი 101-დან 75-მდე, ანუ 20, 8%-ით შემცირდა;

ბ) ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევები შემცირდა 8, 7-ჯერ.

გ) ბინის ქურდობის შემთხვევები შემცირდა 4%-ით;

დ) ძარცვის შემთხვევები შემცირდა 2, 1-ჯერ;

ე) ყაჩაღობის შემთხვევები შემცირდა 1. 7-ჯერ.

  1. მეტად შთამბეჭდავია „დანაშაულის ინდექსის“(დანაშაულის რიცხვი 100 000 მოსახლეზე) შეუქცევადი და მკვეთრი კლება 2017-2022 წწ-ში 2005-2011 წწ-ებთან შედარებით, კერძოდ:

ა) განზრახ მკველობათა დანაშაულის ინდექსი შემცირდა 4, 12-დან 2, 05-მდე, ანუ 2-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობები 2017-2021 წწ-ის პერიოდში ორჯერ უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე 2005-2011 წწ-ში ხდებოდა;

ბ) ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების დანაშაული ინდექსი ფორმალურად შემცირდა - 9-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის სიხშირემაც ძალიან მკვეთრად დაიკლო და აგრეთვე იმასაც, რომ ერთხელ და სამუდამუდ დასრულდა რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, როდესაც უსაფუძვლოდ, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო კონფლიქტიც კი დანაშაულად რეგისტრირდებოდა და უკანონოდ ხდებოდა პირის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი;

გ) გაუპატიურების „დანაშაულის ინდექსი“ არ გაუარესებულა; მისი პიკური მაჩვენებელი ასევე შემცირდა 4, 51-დან 4, 08-მდე;

დ) ქურდობის „დანაშაულის ინდექსი“ ასევე არ გაუარესებულა, ხოლო მისი პიკური მაჩვენებელი, რაც 2006 წელს 747, 49-ს შეადგენდა, შემცირდა 542, 97-მდე (ქურდობის პიკური მაჩვენებელი 2019 წელს), ე.ი. 1, 38-ჯერ; ამ დანაშაულის ინდექსი, მიუხედავად აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა, როცა ქურდობის თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო შეტყობინება ავტომატურად რეგისტრირდება, შეუქცევადად განაგრძობს კლებას;

ე) განსაკუთრებით შთამბეჭდავია ძარცვისა და ისეთი ძალადობრივი დანაშაულის, როგორიც ყაჩაღობაა, „დანაშაულის ინდექსის“ მკვეთრი კლება: ძარცვის დანაშაულის ინდექსი შემცირდა 22, 19-დან 8, 74-მდე, ე.ი. 2, 5-ჯერ; ხოლო ყაჩაღობისა - 15, 99-დან 6, 14-მდე, ე.ი. 2, 6-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ძარცვისა და ყაჩაღობის შემთხვევები 2017-2021 წწ-ში სულ ცოტა 2, 5-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ეს 2005-2011 წწ-ში იყო.

პატიმართა მაღალი რაოდენობა, შესაძლოა, მართლაც მიუთითებდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციის საჭიროებაზე. მაგრამ ეს, ცხადია, უნდა გაკეთდეს ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი და არ დამძიმდეს კრიმინოგენური ფონი. საზოგადოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ მონაცემს შორის - პატიმართა რაოდენობასა და დანაშაულის ინდქსს შორის ერთგვარი ბალანსი არ დაირღვეს და შენარჩუნებული იქნას ორივე ტენდენცია: როგორც დანაშაულის კლება, ასევე, ამის კვალობაზე სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია. ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით:

მთელი რიგი მსუბუქი დანაშაულებისთვის შემოღებული იქნა არასაპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობა;

ჰუმანური მოსაზრებებით სსკ-ს დაემატა 721 მუხლი, რაც ითვალისწინებს და შესაძლებელს ხდის უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვას,

განხორციელდა ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ზედმეტად რეპრესიული პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც ნაკარნახევი იყო არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად პარლამენტში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნებით;

მოხდა ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის სფეროს დანაშაულებისთვის ზედმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის შერბილება.

ქართული სახელმწიფოს ადამიანურობის, მისი ჰუმანურობის ნათელსაყოფად განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დიამეტრულად და რადიკალურად არის შეცვლილი სასჯელაღსრულების პოლიტიკა. 12-ჯერ (!) შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა და წელიწადში 140-ის ნაცვლად, საშუალოდ მხოლოდ 12 ასეთი შემთხვევაა. საპატიმრო დაწესებულებებში მთლიანად და სრულად აღიკვეთა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პრაქტიკა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ პატიმრების წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი პრეცენდენტი აღარ ყოფილა. პენიტენციურ სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკის კარდინალურ ცვლილების დასტურია ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაც - ამ მიზნით, 60-მდე კანონში ცვლილება იქნა შეტანილი, პენიტენციური სისტემის შესახებ მთლიანად ახალი კანონი დაიწერა და იქნა მიღებული. სისტემის ძირფესვიან გარდაქმნას ადასტურებს საანგარიშგებო პერიოდში პრობაციონერთა სტატისტიკაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობაციონერთა რაოდენობა წლების მიხედვით დასტაბილურდა და 17-19 ათასის ფარგლებში მერყეობს. პრობაციონერთა შორის განმეორებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები არ იზრდება, მცირეა და წლების მიხედვით 2%-დან 4%-ის ფარგლებშია. ეს მიუთითებს, რომ პრობაციონერთა აბსოლუტური უმრავლესობა განმეორებით დანაშაულს აღარ სჩადის და საზოგადოებას სულ უფრო მეტი სოციალურად რეაბილიტირებული ადამიანი უბრუნდება, რაც პრობაციონერთა სოციალური რეაბილიტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელების შედეგიცაა.

ცხადია, ზემოთ მოყვნილი ოფიცილური სტატისტიკის მონაცემები საყოველთაოდ და იაგო ხვიჩიასათვისაც, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია, ნებისმიერ დროს ყველას შეუძლია გაეცნოს და ამდენად, დარწმუნდეს - ყოვლად შეუძლებელია რაიმე საერთოს პოვნა 2004-2012 წწ-ის და დღევანდელ მართლმსაჯულება-მართლწესრიგს შორის. ბატონმა ხვიჩიამაც ეს ზედმიწევნით კარგადაც იცის. მიუხედავად ამისა, „იაგოს ხერხს“ უტიფრად იყენებს და საზოგადოების მანიპულირებას ზუსტად ისევე ცდილობს, როგორც ნაცები. როდემდე?!

... დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს და ამ კითხვასაც - „როდემდე ნაცებო, იაგო, როდემდე?!“ ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი.

 

 

 

 

 

 

 

ცუგო- უბრალოდ ხმა არავინ არ უნდა მიცეს, ესაა მაგის წამალი!
1 წლის უკან
Gami ხვიჩია, ეს გორსალა უსარგებლო იდიოტი! მავნებელ ბენდუქიძის სპ.... ნასხლეტი რა უნდა იყოს...
1 წლის უკან
Gami ხვიჩია, ეს გორსალა უსარგებლო იდიოტი! მავნებელ ბენდუქიძის სპ.... ნასხლეტი რა უნდა იყოს...
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ე.წ. თავისუფალების მოთაყვანე ანუ გამოთაყვანებული ქეშები და დეზერტირები დასკვნას როგორ გამოიტანენ, მაგის იმედი გაქვთ?!
1 წლის უკან
ცუგო- საერთოდ იშვიათი გამონათების გარდა, "კარგ" გირჩელებს ახასიათებთ მოსულელო განცხადებები მიამიტური სახით, ყველაზე მარტივად ეს შეიძლება პლანაქეშობით აიხსნას... მაგრამ, არც ასე მარტივად მგონია საქმე და მათი ლექსიკონი სპექტაკლის ნაწილი იყოს იდიოტებისთვის, ანუ როგორც ბრძანეთ, გამოთაყვანებული ქეშებისთვის და თვითონ, არ იყონ ასეთი სულელები... მოკლედ რომ ვთქვა, ბიზნესი აქვთ.
1 წლის უკან