„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მწვავდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები. ასეთებად ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ სამეულს პარტიაში ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ.
თავისთავად საინტერესოა რა უნდა თავად მელიას, რომელიც ამ დრომდე პარტიის რიგით წევრად რჩება და არც მენეჯმენტი რიცხავს ურჩ მელიას, რომელიც, ერთი შეხედვით, ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და მეორე მხრივ საჩუქარს უკეთებს ხელისუფლებას იმით, რომ პარტიაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს.
როგორც for.ge-სთან საუბრისას პარტიასთან დაახლოებული პირი ამბობს, უშუალოდ ვანო მერაბიშვილს მელიას პარტიიდან გარიცხვის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. მისივე თქმით, პარტიის ცენტრალურ ოფისში იგი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, არ მიდის, თუმცა პარტიიდან სააკაშვილის ჩარევის შემდეგ არ გარიცხეს. მისი თქმით, სააკაშვილი ურჩი მელიას ფიგურით ცდილობს დააბალანსოს მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ცდილობენ პარტიიდან დისტანცირდეს თავად სააკაშვილი, თუმცა ამის შესახებ პარტიაში ერთიანი პოზიცია არ არის.
ჩვენი ინფორმაციით მერაბიშვილი ახლა მუშაობს იმაზე, რომ თავად პარტიის წევრებმა დააყენონ პარტიიდან სააკაშვილის დისტანცირების საკითხი, რადგან მერაბიშვილის პოზიციაა, რომ პატიმარი სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები პარტიისთვის წამგებიანია. არის თუ არა მელია სააკაშვილთან დაახლოებული პირი რთული სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ მელიამ პარტიის პოლიტიკური სამზარეულოს გასაჯაროვება დაიწყო, რაც მისთვის მომგებიანია, რადგან მერაბიშვილი-კეზერაშვილი-გოროზია არიან ადამიანები, რომელთა მიმართ საზოგდოებას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
„კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, რომელ გზას დაადგებიან. გგონიათ, ამისკენ მივისწარფვით? ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული, მომავალ წელს კალენდრით რომ 2024 წელია, ჰგონიათ, გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი დააგვირგვინა გამარჯვებით და არა სიძველით, სიყალბით.
ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ. ვერც ერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოს.
ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია: მქონდა შესაძლებლობა, პარტია მსგავსი ადამიანებისგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებინა, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს“, - განაცხადა მელიამ.
გარდა ამისა, მელია აცხადებს, რომ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.
„ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, რადგან იცის, გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები რამდენიმე სოფელში არ დააყენა. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს? ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სკანდალურ ბალდებას უკომენტაროდ ტოვებს სამეული, მათ შორის ფრიდონ ინჯია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა მისთვის საინტერესო არ არის და თუ ასე გააგრძელებს, უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას. მეტიც, ხაბეიშვილმა მელია იმ ავტომობილს შეადარა, რომელსაც თუ ზეთს არ გამოუცვლი აუცილებლად გაჩერდება.
„ასევეა პოლიტიკაშიც - თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი. რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე. დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას ურჩევს, რომ წყენა დაივიწყოს და „გამარჯვების პლატფორმას“ შემოუერთდეს, რომლის განცხადებით, ქარის წისქვილებთან ბრძოლა სწორი არ არის.
„საერთოდ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობა არსებობს და მთავარი ბრძოლის ხაზი რუსეთზე და გარუსებაზე კი არ გადის, არამედ ქარის წისქვილებს ებრძოლო და ზაზა გოროზია და ივანიშვილი ქვეყნისთვის ერთნაირ პრობლემად გამოაცხადო, მგონი არასწორია. მე არ შევხვედრივარ არსად არც ვანო მერაბიშვილს, არც ადეიშვილს, არც კეზერაშვილს და როგორ ვრცელდება ეს გავლენები წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ ნიკა მელია ეჭვიანობს, რადგან ხაბეიშვილმა თამაშგარე დატოვა.
„ამ პარტიაში თავად რისთვის იყო მისული, რაიმე ქმედითი გააკეთა? „ნაცმოძრაობას“ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი აქვს დაფინანსება და ამ თანხას ინაწილებდნენ. ვერ გავიგე, ხაბეს ფული არ უნდა? დანარჩენებს კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდათ? ხაბე იგივეს აკეთებს და რატომ უკვირს? ეჭვიანობს, რადგან ჩემმა ხაბემ გამოაბუნძულა და თამაშგარე დარჩა.
მას ეს ალაპარაკებს, თორემ როდის იყო რაიმე ქმედითი შეექმნა. როცა თავად იყო ხელმძღვანელი, რა გააკეთა? ჩემი ხაბე დარბის, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა-ფაუნა, ამინდის პროგნოზი და ა.შ. მელია ამასაც ვერ აკეთებდა. თუ ერთი ადგილი აქვს, პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს, ცალკე გადავიდეს, იქ იმოძრაოს და ფული აკეთოს. ახლა ხაბეს დაუთმოს, ხაბეს დროა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თავიდანვე წამგებიანი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. მიუხედავად ამისა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს ამომრჩეველმა იცოდა, რომ ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი იყო, ხაბეიშვილმა მოიგო.
„ამ ფაქტორმა, რომელიც თითქოს ნაციონალური ამომრჩევლისთვის კატასტროფული უნდა ყოფილიყო, იმოქმედა, მაგრამ არც იმდენად მტკივნეულად, რომ ხაბეიშვილი დაემარცხებინა მელიას. აქ არის ერთი ფაქტორი, დღევანდელობასთან შედარება გასული წლის დეკემბერ-იანვრის, არ გამოდის. იმიტომ, რომ შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ნაწილს მართლა ეგონათ, რომ ხაბეიშვილი ამათთან ერთად შეძლებდა და სააკაშვილს, როგორც იყო დაპირება, ტყვეობიდან დაიხსნიდა და დიდ აქციებს გამართავდა“, - აცხადებს ძაბირაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამიტომ „ნაცმოძრაობაში“ არსებული რადიკალებისთვის მისაღები აღმოჩნდა მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ყოფნა. გამართლება ჰქონდათ ის, რომ მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, ანუ მას ჰქონდა გავლენა ძალოვან სტრუქტურებში და ისინი შეძლებდნენ „ნაცმოძრაობა“ უფრო გამოეფხიზლებინათ, მაგრამ ასეთი არაფერი არ მოხდა.
„სააკაშვილი არავის დაუხსნია, ისევ ციხეშია. დღეს მდგომარეობა საკმაოდ შეიცვალა, რაც მელიამ ილაპარაკა გოროზიას შესახებ, მეტყველებს, რომ შესაძლოა, სხვა გვარებიც შეიძლება ამოტივტივდეს ამ დაპირისპირებაში. დღეს რომ პარტიის არჩევნები ჩატარდეს, არ ვთვლი, რომ ხაბეიშვილი უპირობოდ გაიმარჯვებს. მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში გაიმარჯვებს არა ხაბეიშვილი, არამედ მელია. დღეს მელიას ფიგურა შეიძლება სანატრელიც კი არის ძალიან ბევრი ნაციონალისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ფაქტია, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს სურთ პოლიტიკური რევანში და ხელისუფლების შეცვლა. ეს ნამდვილად არ არის ახალი, მაგრამ მისი თქმით, აქ საინტერესოა რა საშუალებებს იყენებს კეზერაშვილი სასურველი შედეგის მისაღწევად, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობაში აბსოლუტურად უინტელექტო რესურსების მქონეა და შესაბამისი შედეგიც აქვთ.
„კეზერაშვილის გაძლიერებით „ნაცმოძრაობაში“ ბევრი პოლიტიკოსი მას განეშორა და მათ შორის პარტიის წევრები. რასაკვირველია, კეზერაშვილს აქვს მოპარული ფული როგორც საქართველოს ჯარიდან და ასევე ევროპელი პენსიონრებოდან, მას უნდა გავლენის მიღწევა, თუმცა ძალიან ფუჭი იქნება მისი ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაცნაირად შეარყიოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. აქ მთავარი ის არის, რომ პარტიაში გრძელდება დაპირისპირება. ნიკა მელია იქნება თუ სხვა, მას ფინანსური რესურსები არ გააჩნია, რომ შექმნას ახალი პარტია, მით უმეტეს თუ ამ პარტიის სათავეში კვლავ მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ თვითონაც შური იძიოს იმის გამო, რომ ჩააჩოჩეს პარტიული თანამდებობიდან და ეცდება ყველანაირად შეარყიოს შიგნით პარტია და მეტი ხალხი გადმოიბიროს. რამდენად წარმატებული იქნება, ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ის ფაქტი, რომ გიორგი ვაშაძე პარტიას შეუერთდა, არაფერზე მეტყველებს, ვინაიდან ვაშაძე წამგებიანი პოლიტიკოსია ქართულ პოლიტიკაში. უბრალოდ, თვითონ მუშაობს არჩევნებამდე წელიწადზე მეტი ხნით ადრე, რომ გამსვლელი ნომერი იყოს „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
რაც შეეხება ზაზა გოროზიას, როგორც აბაშიძე აცხადებს, ის არასოდეს არ წარმოადგენდა ავტორიტეტულ წონად ფიგურას „ნაცმოძრაობაში“ იმის მიუხედავად, რომ სამეგრელოს გუბერნატორი იყო. ანალიტიკოსის განცხადებით, გოროზია უფრო არის დავალებების შემსრულებელი და შეუძლებლია მისგან მოელოდო გონიერ სვლებს პოლიტიკაში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს კი მიმდინარე პროცესებმა დაუკარგა იმის ხალისი, ეძებოს ღრმა ჩანაფიქრი ნაციონალების ნაბიჯებში, იმდენად ბევრ შეცდომას უშვებენ. თუმცა, მისი თქმით, რაღაცა მიმართულებისკენ მოძრაობა შეიძლება იკითხებოდეს.
„კერძოდ, შეიძლება იკითხებოდეს მოძრაობა უკრაინაში მებრძოლი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის მხარდამჭერი ადამიანების განცხადებებისკენ, რომ ჩვენ ჩამოვალთ და დავამყარებთ წესრიგს საქართველოში, პრორუს ხელისუფლებას მოვაშორებთ. თითქმის ანალოგიურ განცხადებას აკეთებს კეზერაშვილი, რომ მისი ცხოვრების მიზანია პრორუსი ხელისუფლების ჩამოშორება და ევროპული ორიენტაცია.
თქვენი შენიშვნისა არ იყოს, ეს ის კეზერაშვილია, რომლისთვის სამხედრო სტრუქტურებთან ურთიერთობა ჩვეული მოვლენა შეიძლება იყოს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იარაღით ვაჭრობასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე. ასე რომ, შეიძლება მერაბიშვილ-კეზერაშვილს ეს ხაზი და მეორე მხრივ ხელისუფლის ჩამოგდების ეს პრინციპი, რაც უკრაინიდან გაისმა და მათ შორის ის რეპლიკაც, რომ ქართველებს დავეხმარებით სწორი ხელისუფლების მოყვანაში, შეიძლება თვითონ ფიქრობენ, რომ არის პერსპექტიული გზა მათთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანდა, ზარქუაა პატრიოტული მოტივებით პოლიტიკაში და ფულის საშოვნელად არა?
და საერთოდ, ვინაა ქართულ პოლიტიკაში ეხლა, ვისაც ქვეყნის სამსახური აქვს მიზნად და არა ფულის შოვნა?