2015 წლის 20 დეკემბრის ღამეს, თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მეზობლებს განწირული კივილი შემოესმათ. კორპუსში მცხოვრებლებმა მაშინვე დარეკეს სასწრაფოში. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი პირები მამა-შვილი გახლდნენ. შველას ითხოვდა მაგდა პაპიძეც, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლე და შვილის გვამი პირველმა აღმოაჩინა.
ამავე დღეს დაიწყო გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
ადგილზე მისულ პოლიციას საზარელი სანახაობა დახვდათ - სადარბაზოსთან მდგომი ავტომანქანის გვერდით მოკლული 27 წლის ომარ ქაფიაშვილის გვამი იწვა. მანქანაში, სავარძლებს შორის არსებულ სივრცეში კი ხუთი წლის ბავშვის უსიცოცხლო სხეული ნახეს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
გარდაცვლილ მამაკაცს თავის არეში აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. სისხლმდენი ჭრილობის გამო, მას თავის ქალა ფაქტობრივად დეფორმირებული ჰქონდა. 5 წლის თორნიკეს კი მარცხენა ყურის უკან ჰქონდა მცირე ზომის დაზიანება.
ექსპერტებმა აღმოაჩინეს მამაკაცის ზურგზე არსებული იარაც, რაც გვამის შემთხვევის ადგილიდან გადაადგილებაზე მეტყველებდა. მის სხეულზე არსებული დაზიანებები იძლეოდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას დიდი რაოდენობით სისხლი უნდა ყოფილიყო. გვამების დათვალიერების შედეგად ცხადი გახდა, რომ ომარ ქაფიაშვილის და მისი 5 წლის შვილის მკვლელობის ადგილი ფერაძის ქუჩის 6 ნომრის ეზო არ უნდა ყოფილიყო. საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ ზამთრის სუსხიან ამინდში იმ პერიოდისათვის ორივე გვამს ეცვა ამინდისთვის შეუფერებელი, თხელი ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ომარ ქაფიაშვილს არ ეცვა ფეხსაცმელი.
მაგდა პაპიძის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქაფიაშვილმა 19 დეკემბერს საღამოს საათებში შვილი სასეირნოდ წაიყვანა, რის შემდეგაც ისინი ცოცხლები აღარ დაბრუნებულან. გამომძიებლები აღნიშნავდნენ, რომ ქალი გამოკითხვის დროს არ გამოხატავდა ემოციებს, რამაც პოლიცია გააკვირვა. ქალი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ასახელებდა გარდაცვლილი მეუღლის ვალებსა და გარკვეულ პირებთან დაპირისპირებას.
საბედისწერო დღე მამა-შვილისთვის ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. სამსახურიდან დაბრუნებული ომარი ტელევიზორთან წამოწვა და ტელევიზორს უყურებდა. 20:30 საათისთვის მაგდა იმავე კორპუსში მცხოვრებ დედამთილთან - დარეჯან მინდიკაურთან სარეცხის გასარეცხად შევიდა. ქალმა შვილისა და შვილიშვილის მოკითხვის შემდეგ გაიგო, რომ ისინი სასეირნოდ იყვნენ გასულები, რითაც მაგდამ ისარგებლა და სახლის დალაგება გადაწყვიტა. მინდიკაური აღნიშნავდა, რომ ომარი საკმაოდ დაღლილი იყო და დაძინებას აპირებდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგრამ რამდენიმეჯერ შევიდა დედამთილის სახლში. ხან ცხელი წყლით სავსე ჩაიდანს ეზიდებოდა, ხან სარეცხი შეჰქონდა, ხან კი იატაკის ტილოს რეცხავდა. ამ პერიოდში მინდიკაურმა არაერთხელ სცადა შვილთან დარეკვა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქაფიაშვილს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მაგდამ დედამთილს 02:30 საათზე აცნობა, რომ ომარმა მას დაურეკა და მანქანით გამოვლა სთხოვა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ქალს რძლის ყვირილი მოესმა. ბინიდან გამოსულ მინდიკაურს შვილი და შვილიშვილი გარდაცვლილი დახვდა. ქალის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ომარ ქაფიაშვილის გვამი უკვე ძალიან იყო გაციებული, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მინიმუმ რამდენიმე საათის მოკლული უნდა ყოფილიყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდებოდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და გრძელდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სისხლის კვალი სადარბაზოდან იწყებოდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასეთი კვალი ადამიანის გათრევის შედეგად უნდა ყოფილიყო დატოვებული. ნაკვალევმა ექსპერტები ქაფიაშვილების საცხოვრებელი ბინის კარამდე მიიყვანა. უცნაურია, რომ ზღურბლს იქით ბინაში სრული წესრიგი იყო. მოგვიანებით, დეტალური დათვალიერებისას, ბინაში მცირე რაოდენობით სისხლი იქნა აღმოჩენილი. გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობას. ექსპერტებმა გამოიყენეს სპეციალური ქიმიური საშუალება, რომელიც სისხლის შემავალ ჰემოგლობინთან რეაქციაში შედის და სპეციალურ ნათებას იძლევა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ხსნარის დამუშავების შემდეგ თითქმის მთელი ოთახი განათდა. შეგახსენებთ, რომ ხილული კვალი ბინის ზღურბლთან წყდებოდა, ხსნარის გამოყენების შემდეგ კი გაცოცხლდა ის რეალური სურათი, რომლის დასაფარავად დამნაშავემ ყველაფერი გააკეთა. პაპიძის მონათხრობს სრულიად აბათილებდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებები, ვინაიდან აშკარა იყო, რომ მკვლელობის ადგილი სწორედ ქაფიაშვილების საცხოვრებელი ბინა გახლდათ.