„მელიას პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შურისძიება უნდა და ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და კეზერაშვილს, ადრე თუ გვიან, მისი პარტიიდან გამოგდება მოუწევს“

„მელიას პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შურისძიება უნდა და ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და კეზერაშვილს, ადრე თუ გვიან, მისი პარტიიდან გამოგდება მოუწევს“

„ნაციოანლურ მოძრაობაში“ სიტუაცია იმდენად აირია, რომ რამდენ ჯგუფად არიან დაყოფილები და ვინ ვის რაში ადანაშაულებს, თვალის მიდევნება უკვე მათსავე ამომრჩეველსაც უჭირს. ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ ბრალდებებით გამოდის და ტელეეთერიდან ახალი მენეჯმენტს ლანძღავს. ყველაფრის მიუხედავად, პარტიას არც ნიკა მელია ტოვებს და მას არც პარტიის ხელმძღვანელობა რიცხავს.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მელიამ იცის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მისი პარტიიდან გარიცხვა არავის აწყობს, ამიტომ შურისძიება სურს და არჩევნებამდე პროცესების უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ.

ნიკა მელიამ გიორგი ვაშაძის ენმ-ში დაბრუნებას „ამომრჩევლის შეურაცხყოფა“ უწოდა. ამჯერად მელიას სამიზნე პარტიის მომავალი ლიდერი ვაშაძე გახდა, რომლითაც, არაა გამორიცხული, ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლონ.

ხაბეიშვილი, მელია და ვაშაძე ერთმანეთს სატელევიზო ეთერებით ელაპარაკებიან, მათ კი კულისებიდან მეორე სამეული: მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი აკვირდება.

მელია ამჯერად კიდევ ერთ გვარს ასახელებს და ამბობს, რომ სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, პოლიტიკურ კორუფციაში და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაშია ეჭმიტანილი.

ლევან ხაბეიშვილი კი თვლის, რომ ნიკა მელიას დეპრესია აქვს და ბრალდებებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვაშაძე არა ხაბეიშვილმა, არამედ არაფორმალურმა მმართველებმა დააბრუნეს, არასერიოზულად მიიჩნევს.

ყოფილი თავმჯდომარის გუნდი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი არც გამარჯვების პლატფორმის შექმნის ინიციატორია და ვერც მომავალში იქნება პარტიის საპარლამენტო სიის შემდგენი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერების ჩანაცვლების მცდელობა „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ ოპტიმისტურ განწყობას უქმნის. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვების პლატფორმის სცენარს კეზერაშვილ-მერაბიშვილი წერენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თამაშგარე პოზიციაში აღმოჩენილი ნიკა მელია საკუთარი განცხადებებით პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

ორად გაყოფილი და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი კი, ყველას პირადი ამბიციების გვერდით გადადებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების პლატფორმაში იწვევს ყველა პოლიტიკური შეხედულების და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს. თუმცა, შიდაპარტიული დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება მისსავე პარტიაშიც არავის გახსენებია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა კანონზომიერებით, ნიკა მელია, წესით, პარტიიდან უკვე წამოსული უნდა იყოს. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თუკი ის პარტიის მენეჯმენტს არ ეთანხმება არაფერში, მისი მმართველობის სტილი მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია მიღებული, პოლიტიკოსმა პარტია უნდა დატოვოს.

„ნიკა მელია, როგორც ჩანს, რაღაცა მომენტს ელოდება, რომ პარტიიდან წამოვიდეს. შესაძლოა, მას უნდა ეს „წამებული გმირის“ მანტიით გააკეთოს ან სურს პარტიიდან გარიცხონ. გარიცხვის შემთხვევაში მას უფრო მეტი სათქმელი ექნება, რომ ის მართალია და მისი განსხვავებული აზრის გამო პარტიიდან გამოაგდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც ახლა ნიკა მელია აკეთებს, რომ არც პარტიიდან მიდის და თანაც თავისი კრიტიკული განცხადებებით შიდა სამზარეულოს ამბები გარეთ გამოაქვს, ეს შიდაპარტიული საბოტაჟია. ამით მელია „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს ასუსტებს. ეს ხომ პარტიის ელექტორატზე მოქმედებს. თუ ამით ვინმე სარგებლობს, ეს მმართველი პარტიაა. „ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია „ნაცმოძრაობის“ დასუსტება. ამიტომ თუ ეს პროცესი არჩევნებამდე კიდევ უფრო გაღრმავდა, პარტია ისეთ ფორმაში ვერ შეხვდება არჩევნებს, როგორც ეს ადრე იყო. უფრო ცუდ შედეგებს მიიღებს, ვიდრე სხვა არჩევნების დროს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება იმას, რომ მელიას თავად აქვს პრობლემა და პარტიის დამოუკიდებლად შესაქმნელად არ აქვს არც ადამიანური და არც ფულადი რესურსი, ანჯაფარიძე ამბობს, რომ რეალურად, ნიკა მელია პარტნიორად არავის სჭირდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მელია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ამიტომ მასთან პარტნიორობას ყველა ერიდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა რაც ე.წ. გამარჯვების პლატფორმა დააანონსა და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, მხოლოდ გიორგი ვაშაძე შეუერთდა. „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსი უკვე, აპრიორად, პოლიტიკურად წამგებიან ნაბიჯად ითვლება. ოპოზიციამ წინა გამოცდილებიდან გაკვეთილი ისწავლა. ამიტომ არც მელია და არც ლევან ხაბეიშვილი, პატარა პარტიებისთვის საინტერესო არ არის. გარდა ამისა, არის ასეთი ვერსიაც, რომ თავად სააკაშვილი არ უწყობს ხელს და არ ემხრობა იმ ფაქტს, რომ ნიკა მელიამ პარტია დატოვოს. ალბათ, ამიტომ არის, რომ მისი გარიცხვისგან მაინც თავს იკავებენ. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ მელიასი და მისი გუნდის პარტიიდან გარიცხვა არ აწყობთ. მას და მამამისს სამეგრელოში გავლენები აქვთ. ასევე, პარტიაშიც მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ პარტიიდან რომ გარიცხონ, გარკვეული ელექტორალური ზარალი მიადგებათ, განსაკუთრებით სამეგრელოში“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას წასასვლელი არსად აქვს, რადგან ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ხოლო სხვა პატარა პარტიებს რა რეიტინგიც აქვს, ყველა კარგად ხედავს. აბაშიძე ფიქრობს, რომ მელია ბოლომდე შურისძიებას ცდილობს და უნდა ამით „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი დაარწმუნოს, რომ ლევან ხაბეიშვილის არჩევით შეცდომა დაუშვეს.

„მან იცის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის და მისი მომხრეების გარიცხვა მომგებიანია, ამიტომ ბოლომდე ვა-ბანკზე მიდის. ისედაც რეიტინგდავარდნილ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერში სჭირდება პარტიის სხვა წევრების გარიცხვა, რადგან ეს ელექტორალურ გაყოფას გამოიწვევს. მელიას ჰყავს გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები, რომელთა გაბრაზებაც პარტიას არაფერში წაადგება. ამიტომ ენმ-ის ახალი მენეჯმენტი მელიას ყველაფერს უთმენს. ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე ეს პროცესი კიდევ უფრო დაიძაბება, როცა საარჩევნო სიიდან მელია და მისი გუნდი საერთოდ ამოღებული იქნება. წავა დაყვედრებები, შეხსენება, წამოძახება და კომპრომატებით ბრძოლა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობაში“ უმძიმესი მდგომარეობაა და მხოლოდ ნეგატივს სთავაზობენ ამომრჩეველს. დაპირისპირება ერთმანეთში, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებები და ტოქსიკური პოლიტიკური გარემო - სხვა, ნაციონალებს ხალხისთვის არაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მელიას პოლიტიკური და საზოგადოებრივი შურისძიება უნდა, ამიტომ ის ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, ხოლო პარტიის რელურ მფლობელს, დავით კეზერაშვილს, ადრე თუ გვიან, მისი პარტიიდან გამოგდება მოუწევს.