„სააკაშვილი მარგველაშვილს პიარისთვის გამოიყენებს და აჩვენებს დასავლეთს რომ ერთ დროს, ბიძინა ივანიშვილის რჩეული პრეზიდენტი მათ მხარეს გადავიდა“

„სააკაშვილი მარგველაშვილს პიარისთვის გამოიყენებს და აჩვენებს დასავლეთს რომ ერთ დროს, ბიძინა ივანიშვილის რჩეული პრეზიდენტი მათ მხარეს გადავიდა“

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. რა როლი შეიძლება გიორგი მარგველაშვილს ენმ-ში დაეკისროს და რაში სჭირდება მას სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა for.ge-სთან ანალიტიკოსები ასახელებენ მიზეზს, რის გამოც სააკაშვილს მარგველაშვილი სჭირდება.

აღმოჩნდა, რომ ლიდერების ძიებაში, ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძის შემდეგ გიორგი მარგველაშვილამდე მივიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიაში კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს ეპატიჟება. ამბობს, რომ მასთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა კომუნიკაცია აქვს.

მარგველაშვილისგან რჩევებს იღებს გიორგი ვაშაძეც, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელში“ ფიქრობენ, რომ გამარჯვების პლატფორმის გაფართოება მათი საზრუნავი აღარ არის.

ყოფილი პრეზიდენტების კოლაბორაცია, „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერთა დეფიციტის შევსების მორიგი მცდელობაა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ფარას“ დოკუმენტებთან კავშირის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება მარგველაშვილის რეპუტაციას კიდევ უფრო დააზიანებს. ამავდროულად, დაადასტურებს, რომ ის ამ პარტიისგან შორს არც არასდროს ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ თავიდანვე დისტანცირებულებს მარგველაშვილი-ხაბეიშვილის ერთობის არ უკვირთ.

მმართველი პარტიის შეფასებით, მარგველაშვილის ინტერესები „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებისგან არ განსხვავდება. „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მოცემულობა, რომელიც უკვე არსებობს, 2024 წელს ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას უფრო გაუმარტივებს.

დამოუკიდებელი მოთამაშეები, გამარჯვების პლატფორმა და დაანონსებული ალტერნატიული ცენტრი

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური გადალაგება ჯერ დასრულებული არ არის. 2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო რჩება, ამიტომ ანალიტიკსოები პოლიიტკურ ველზე ახალი მოთამაშეების გამოსვლასაც არ გამორიცხავენ.

 „ცხადია, საუბარი გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც. შეიძლება ამიტომაც დაესხნენ თავს. წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში. ეს ადამიანი არის აქტიურად ჩართული ანტირუსულ კამპანიებში და დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება ან რომელი გუნდი იქნება, გიორგი მარგველაშვილს თავის პოზიცია ექნება. მისი პოზიცია, დიახ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე.

მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო. მე გამოვიყენებ ყველას გონებრივ რესურსს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ, საბოლოო ჯამში, „გამარჯვების პლატფორმაზე“. ვხედავ, რომ ამიტომ ესხმიან თავს გიორგი მარგველაშვილს. აქვთ შიში, რომ მისი ჩართულობა იქნება პრობლემა რუსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაცმოძრაობას“ მარგველაშვილთან დაკავშირებით გათვლა აქვს - ყოფილი პრეზიდენტია და ტიტული აქვს. ხაბეიშვილის გაპატიოსნებას ყველანაირად შეეცდებიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმ სახელების მიღმა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება გაერთიანდნენ, რეიტინგი არ დგას.

„სამწუხარო და სევდიანი ამბავი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილის პარტიის წევრი გახდება, ერთხელ ის ტკივილი გადავიტანეთ, როცა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორად წავიდა სამუშაოდ. თუ ახლა მეორე ყოფილი პრეზიდენტი თავის ტიტულს მორალურად შეელევა და ხაბეიშვილის პარტიაში გადავა, ეს გაუგებარი და სევდიანი იქნება. „ნაცმოძრაობას“ მარგველაშვილთან გათვლა აქვს, ყოფილი პრეზიდენტია და ტიტული აქვს. ხაბეიშვილის გაპატიოსნებას ყველანაირად შეეცდებიან, ამ ცდის ნაწილია მათთან ვაშაძის შესვლა. ალბათ, იქნება მარგველაშვილი და სხვაც, თუმცა ამ სახელების მიღმა პროცენტიანი რეიტინგი არ დგას და რა უნდა მიიღონ, გარდა იმისა, რაც შვიდი თუ რვა არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი მარგველაშვილი კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდება და, დიდი ალბათობით, მის სტატუსს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, დასავლეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენებენ. ძაბირაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის შიგნით, არანაირი ელექტორალური რესურსი არ აქვს, რომ ნაციოანლებს მხარდამჭერები გაუზარდოს. თუმცა დასავლეთში მარგველაშვილის მათთან ყოფნას ძალიან კარაგდ გაყიდიან.

„არ ვიცი გიორგი მარგველაშვილს ნაციონალებთან ერთად პოლიტიკური მოღვაწეობა რაში აწყობს, ან რაში წაადგება, მაგრამ თავად ნაციოანლებს რომ აწყობთ, ეს ფაქტია. მარგველაშვილი არის ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და მიუხედავად იმისა, რომ მას ქვეყნის შიგნით არ აქვს რეიტინგი და არც დიდი მხარდამჭერები არ ჰყავს, დასავლეთში ასე არ არის. ის არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს გარკვეული კონტაქტები, ნაცნობობა და სტატუსი. მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილს პიარისთვის გამოიყენებს და აჩვენებს დასავლეთს, რომ მათ გვერდით ერთ დროს, ბიძინა ივანიშვილის რჩეული პრეზიდენტი დგას. ამით შექმნიან ილუზიას, რომ ნაციონალების გარშემო ყოფილი „ოცნების“ და მათი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთიანდებიან. ეს არ არის პატარა პოლიტიკური რესურსი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენებენ.

რაც შეეხება იმას, რომ მარგველაშვილი რაღაცა რევოლუციური სცენარისთვის სჭირდებათ და ა.შ. ცოტა სერიოზულად ვერ ვუყურებ, რადგან მარგველაშვილი ჯერ ერთი, ის ფიგურა არაა, ვინც ამაზე წავა და მეორეც, ქვეყნის შიგნით ამის რესურსი მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არ აქვს. ასევე ნაციონალებში პოლიტიკური ლიდერების შიმშილია. მით უმეტეს დასავლეთთან ურთიერთობისთვის არ ჰყავთ ამ ეტაპზე ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ კუთხით იაქტიურებენ. ვაშაძე და ხაბეიშვილი ერთად აღებული, მარგველაშვილს ვერ გადაწონიან, ამიტომ რატომაც არა, ნაციონალებს რა დაუშავდებათ, თუ არ წაადგებათ, ის რომ მათთან ერთად იყოს“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საუბარს იმაზე, შესაძლოა ისიც ოპოზიციის რიგებში ვიხილოთ, ძაბირაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, მარგველაშვილზე მეტი პოლიტიკური რესურსი და რეიტინგი აქვს, როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით. ამიტომ ხელისუფლებისთვის ზურაბიშვილის ოპოზიციის ფლანგზე გადახრა უფრო წამგებიანი იქნება. თუმცა, გააჩნია იმასაც, ზურაბიშვილი ამას რა ფორმით და როგორ გააკეთებს.

„სალომე ზურაბიშვილს ახლა ქვეყნის შიგნითაც და მისი გარეთაც, ბევრად მეტი გავლენა აქვს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ამიტომ მისი ოპოზიციის ფლანგზე გადასვლა, უფრო თვალში საცემი იქნება. ორი ზურაბიშვილი არსებობს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ახლა, როცა მან საზოგადოების რაღაცა ფერხულს ფეხი სწორად აუწყო. ის უფრო ხვდება ხშირ შემთხვევაში, პიარულად რა საკითხზეა მომგებიანი აქტიურობა, პოზიციის დაკავება, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია ყველა ერთად. ამიტომ, მან ამ ბოლო რამდენიმე ხნის განამვლობაში, სხვა პოლიტიკური სივრცე შექმნა, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს მეტ მხარდაჭერას აძლევს. ამიტომ, თუ ზურაბიშვილი ოპოზიციაში რიგით წევრად ან ლიდერად გადავა, ეს მას არაფერს მისცემს. თუმცა, თუკი ის რომელიმე ოპოზიციური ალიანსის ლიდერი და უფრო მეტიც, პრემიერობის კანდიდატი იქნება, მაშინ მისი პოლიტიკური წონა უფრო გაიზრდება. ამიტომ ხელისუფლებას მარგველაშვილზე მეტად მოქმედი პრეზიდენტის გეგმები უნდა აშფოთებდეს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი მარგველაშვილი დასავლეთთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მარგველაშვილი ქვეყნის შიგნით ენმ-ს ვერაფერს მისცემს, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე მის სტატუსს კარგად გამოიყენებენ.

„მარგველაშვილის მათთან ყოფნას „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ფორმით გამოიყენებს, რომ ჯერ ერთი, ის „ოცნების“ ყოფილი წევრია, მეორე მხრივ კი, ყოფილი პრეზიდენტია. ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით აქვს თუ არა რაიმე რეიტინგი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს დასავლეთისთვის სერიოზული თანამდებობაა და მათ თვალში გამოვა, რომ სააკაშვილს ძალიან ძლიერი ფიგურა უჭერს მხარს. არადა, ქვეყნის შიგნით მარგველაშვილს სერიოზულად, როგორც პოლიტიკოსს, არავინ აღიქვამს. მას არანაირი პირადი ელექტორატი არა ჰყავს.

თავად მარგველაშვილს რას მისცემს ეს, არ ვიცი, ალბათ, უფრო პოლიტიკური აქტიურობა უნდა და ფიქრობს, რომ ამ კუთხით უფრო მომგებიანია. მე ადრეც მიკვირდა, როცა ის მიტინგებზე მიდიოდა, იქ გამოდიოდა და განცხადებებს აკეთებდა. შეიძლება არის ის ცდუნება, რომ ის საჯაროობას არის შეჩვეული და სადაც ეძლევა საზოგადოების წინაშე წარდგენა, იმ ფორმით ცდილობს. თუმცა, ნაციონალებთან მისი აფილირება, მას როგორც დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ა.შ ფიგურას, სტატუსს დაუკარგავს. როცა მასზე უკვე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, მის დამოუკიდებლობაზე საუბარი უკვე გაჭირდება“, - ამბობს საყვარელიძე.