„მიშას გათავისუფლებისთვის არც ერდოღანი მოიკლავს თავს, არც ალიევი, რადგან მიშას რეგიონალური ლიდერის ამბიცია აწუხებს, რომელიც ერდოღანსაც აქვს და ალიევსაც“

„მიშას გათავისუფლებისთვის არც ერდოღანი მოიკლავს თავს, არც ალიევი, რადგან მიშას რეგიონალური ლიდერის ამბიცია აწუხებს, რომელიც ერდოღანსაც აქვს და ალიევსაც“

მოიცლიან თუ არა პრეზიდენტი ერდოღანი და პრეზიდენტი ალიევი მეტად არაპოპულარული საქმისთვის, რაც მათ ნიკა გვარამიამ და დავით არახამიამ დააკისრეს?! გვარამია და არახამია ხომ გადამწყვეტ სიტყვას სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში სწორედ ამ ორი პრეზიდენტისგან ელოდებიან.

სავარაუდოდ, ეს ნიკა გვარამიას მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიაა, რომელმაც კიევში ჩასვლისას დავით არახამიასთან ერთად ამ გეგმის გახმოვანება გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, გვარამია ისევ სააკაშვილის ადვოკატის ამპლუაში შეიჭრა და თავისი მარადიული კლიენტის გამოსახსნელად გამოსავლის ძიებაშია, რადგან კარგად დაინახა, რომ სააკაშვილის ადვოკატებმა ვერაფერი გააკეთეს პრეზიდენტყოფილის დასახსნელად.

უღირთ კი რეგიონალურ მოთამაშეებს - ერდოღანს და ალიევს ამ საეჭვო ფინალის მქონე საქმეში ჩართვა?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ეჭვობს, რეგიონალური მოთამაშეები ასე დაეცნენ და ასეთი მდაბიო რამ იკადრონ თანხის სანაცვლოდ. ეს უფრო ნიკა გვარამიას პიარული სვლა უნდა იყოს, რომ თითქოს ერდოღანი და ალიევი უნდა ჩაერთონ ამ საქმეში. ნანა კაკაბაძის განმარტებით, ერდოღანმა და ალიევმა გადასარევად იციან, ვისთანაც აქვთ საქმე სააკაშვილთან მიმართებით. მით უმეტეს, ალიევმა კიდევ უფრო კონკრეტულად იცის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილი.

„ამას თუ იკადრებს კავკასიელი კაცი-ალიევი და სააკაშვილის გათავისუფლებას შეეცდება, ეს მისთვის უფრო საზიანო იქნება, ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ არა მგონია, თავი ასე დაიზიანოს. რაც შეეხება ერდოღანს, გასაგებია, რომ პრეზიდენტობის მიწურულს სააკაშვილმა დაასაჩუქრა თურქები და მათ საქართველოს მოქალაქეობა მისცა, მაგრამ არა მგონია, ერდოღანი მას ამას ვალში უთვლიდეს, თურქებისთვის მოქალაქეობის მინიჭება მიშას ინტერესებშიც იყო და იმიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი. ალბათ, გარკვეული თანხაც აიღო ამ ყველაფერში, უანგაროდ კი არ გააკეთა ეს თურქების ლამაზი თვალებისთვის“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, ალიევი ერდოღანთან შეთანხმების გარეშე ამოქმედდეს, რადგან ბოლო დროს ისინი ტანდემში მოქმედებენ. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ალიევმა უკეთესად იცის, ვინც არის მიშა, ამიტომ მისი გათავისუფლების დიდი სურვილი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მიშას რეგიონალური ლიდერის ამბიცია აწუხებს, რომელიც ერდოღანსაც აქვს და ალიევსაც.

„ალიევი და ერდოღანი ერთმანეთში საერთოს ადრეც პოულობდნენ, პრაქტიკულად, დღესაც ერთი და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან და ამ პოლიტიკაში წამყვანი არ არის ანტირუსული რიტორიკა. პირიქით, ერდოღანი და ალიევი ცდილობენ, რუსული თემის მიმართ რაც შეიძლება კორექტულები იყვნენ, რითაც მიშა ვერ დაიკვეხნის. მართალია, მიშამ რუსეთს ეკონომიკურ სივრცეში ბევრი რამ დაუთმო 2008 წლის შემდეგ, მაგრამ რიტორიკულად ძალიან მწვავე ფრაზებს იძახდა, ეს ერდოღან-ალიევის სტილში არ არის. ამდენად, რატომ უნდა მოუნდეთ მიშას გამოყვანა გარეთ, რატომ უნდა მოუნდეთ ის იმიჯი, რომ ისინი მიშას გამათავისუფლებლები არიან? მით უმეტეს, მიშას საკვეხნი ის არის, რომ მას ევროპული ორიენტაცია აქვს, ევროპასთან რთული ურთიერთობის მქონე ორი ქვეყანა (თურქეთი და აზერბაიჯანი) კი აზიური იერის მქონეა. ეს ორი ქვეყანა რომ ჩაერთოს მიშას გათავისუფლებისთვის, მათ არც რუსეთი ეტყვის მადლობას და ევროპის მხრიდანაც ეს არ აღიქმება პროევროპულ ნაბიჯად, რადგან ერდოღან-ალიევი იქნებიან ამ ნაბიჯის ავტორები. დასავლეთს იმის განცდა ექნება, რომ აქ შეიძლება აზიური ეშმაკობა იყოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.