კოლეგიალური მხარდაჭერა $11 559 საფასურად - მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები მესამეს „გადასარჩენად“

კოლეგიალური მხარდაჭერა $11 559 საფასურად - მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები მესამეს „გადასარჩენად“

FARA-მ ამჯერად საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამხილა. კერძოდ, პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მეოთხე პრეზიდენტს 11 550 ათასი ამერიკული დოლარი იმაში გაუხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ჩართულიყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ პიარკამპანიაში - „მიშა კვდება“. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ შესაბამისად გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის ანგარიშში თანხის მიზნობრიობაში მითითებულია „ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენის მცდელობა“, რაზეც უნდა წარმართულიყო შესაბამისი პიარკამპანია.

ამ მიზნით, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობისთვის გადახდილია 11 559 აშშ დოლარი. აი, ამდენად იყიდა მესამე პრეზიდენტმა მეოთხე პრეზიდენტი. საინტერესოა, რადენი გადაუხადეს მეხუთე პრეზიდენტს, რომელიც იგივე FARA-ს ანარიშის თანახმად ნიუ-იორკში შეხვდა ლობისტურ ჯგუფს, სადაც განხილვის თემა იყო სააკაშვილის შეწყალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება არ არის ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შეცვლის და აქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ, ისევე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც პატიმრობა მიუსაჯეს.

„ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით ისიც გაირკვა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ევან ელიოტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საკონტაქტო პირი და სწორედ მისი დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.

თუ FARA-ს მიერ აქამდე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გავაანალიზებთ, არ არის გამორიცხული, რომ ანალიტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყვნენ და დღეს ღიად უპირისპირდებიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციური მედიიდან ბოდიშს უხდიან საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის, მარგველაშვილის მსგავსად, დაფინანსებული იყოს. როგორც ჩანს, FARA-ს მხრიდან სურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი ფულზე გაყიდული და საინტერესოა ვინ რამდენად გაიყიდა.

ახლა კი ცხადი ხდება რატომ იყო აშშ-ის საელჩო FARA-ს კანონის წინააღმდეგ. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ უნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე მუშაობენ.

„ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩი, რომ თავად იყო დაინტერესებული „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაში, ამის შესახებ საუბრობს სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, გააჟღერა ის, რაც ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით.

„დიახ, ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერთან აუდიენციაზე მისულმა კელი დეგნანმა პირდაპირ განაცხადა: „რაც არ უნდა ამტკიცოთ, თქვენს კანონპროექტს ჩვენ ყველა დონეზე შევრაცხავთ, როგორც „რუსულ კანონს“, აქედან გამომდინარე, ყველა მოსალოდნელი შედეგით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

FARA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს მარგველაშვილი და აცხადებს, რომ როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სიღრმისეული და სერიოზული კომენტარის გაკეთება მის მიზანს არ წარმოადგენს.

„ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. მხიარული კომენტარია, თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 559$-ით და ძნელი წარმოისადგენი არ უნდა იყოს რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.

„მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად, გადახდილია 11,559$. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით. თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მარგველაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კომუნიკაციას უკავშირებს პარტიის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, სწორედ ამიტომ დაესხნენ თავს.

„წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში. ეს ადამიანი არის აქტიურად ჩართული ანტირუსულ კამპანიებში და დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება ან რომელი გუნდი იქნება, გიორგი მარგველაშვილს თავის პოზიცია ექნება. მისი პოზიცია, დიახ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე.

ჩემი აზრით, რუსული პარტია ადეკვატური რომ იყოს, იმას უნდა არკვევდეს, ბიძინა ივანიშვილს ელექტროენერგია რვა თეთრად რატომ აქვს და ბიზნესს - 30 თეთრად და მოსახლეობას - 22 თეთრად. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, ბაჩიაშვილს რომ უჩივლა, რომ ამ ფასად იღებს ელექტროენერგიას. ამას რატომ არავინ იძიებს? ღარიბაშვილი რომ ლაპარაკობს რაღაც 11 ათას ლარზე, გამოძიება დაიწყეს, ნუნუკას რომ ტყე აჩუქა? საყდრისი რომ ააფეთქა ივანიშვილმა, ვინმე დაინტერესდა? საყდრისის აფეთქების გამო რა ზიანი მიადგა ჩვენს ქვეყანას, ეს ვინმეს დაუთვლია? არაადეკვატურად მიმაჩნია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება მხოლოდ დისკრედიტაციას ყოფილი პრეზიდენტების“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მძიმე მორალური და რეპუტაციული დარტყმა და საერთოდ, კაცი, რომელიც გამოდიოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდა ყველაფერში, მონაწილეობდა ოპოზიციურ მოძრაობაში, გამოდის, რომ აქამდე თვალთმაქცობდა.

„ვინ, ვინ და მარგველაშვილმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი წამების მსხვერპლი სააკაშვილი არ იყო და არავითარი პოლიტიკური პატიმრის სტატუსებს ის არ ექვემდებარებოდა. მაგრამ, მან აიღო თავის თავზე ეს ფუნქცია - პეტიციების დაწერა და ხელმოწერების შეგროვება. თუ არ ვცდები 200-ზე მეტი ყოფილი ოფიციალური პირის ხელმოწერა შეაგროვა და ამაში გადაუხადეს ფული, რაც ფუჭი გასროლა აღმოჩნდა. რადგანაც სამსახური გასწია, ვალდებული იყო გადაეხადათ, მაგრამ რეალურად, მარგველაშვილის ამ ინიციატივამ ნულოვანი შედეგი გამოიღო, ტყუილად მისცეს? მისცეს კონკრეტული სერვისის საფასურად. ეს უსუსური თავის მართლება, პირიქით, უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას, ჯობია გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება თავად კანონს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აქ არის ერთი დელიკატური მომენტი და ამ შემთხვევაში საუბარი იყო უცხო დაფინანსების მიმღებ ადგილობრივ ორგანიზაციაზე, რომელიც ეწეოდა ლობისტურ საქმიანობას მისი კლიენტის სასარგებლოდ.

„ანუ, ეს ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა მარგველაშვილის, ექიმების და კიდევ ვიღაცების მიერ აღებულ ფულთან დაკავშირებით, იყო ლობისტური საქმიანობის გამომზეურების კონკრეტული მაგალითი. ამ საქმიანობაში ჩართული იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოში ლობირებული კანონი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ, თავისი არსით და სულისკვეთებით, რა თქმა უნდა, ახლოს იყო ფარასთან, მაგრამ ერთი დათქმით, რომ საქართველოს კონტექსტში ცნება აგენტის შემოღება ავტომატურად იწვევდა იმ ორგანიზაციების პოზიციების შესუსტებას, რომლებიც დასავლეთს, აშშ-ს, ევროპას საქართველოში მიაჩნია თავის დასაყრდენად.

იმიტომაც აძლევენ ფულს, რომ მათგან გამოძერწონ ერთგვარი კონტრელიტა, გავლენის ჯგუფები და ა.შ. აქ, ამ კანონის მიღებით, მათ დაინახეს საფრთხე, რომ შეიძლებოდა გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ იძულებული გახდებოდნენ, რომ ყველაფერი საჯარო გაეხადათ, ბევრი ისეთი რამ ამოტივტივდებოდა, რომელიც მათ მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებას წარმართავდა. შესაბამისად, ისინი იძულებული იქნებოდნენ, ან შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა, ან მეორე მხრივ ახსნა-განარტება მიეცათ საზოგადოებისთვის, რადგან, ჩვენ არ ვიცით ისინი როგორ და რაში ხარჯავენ ამ ფულებს. ამიტომაც, აქ არის ერთვარი კოლიზია - ამერიკელები ამბობენ, რომ თქვენ, ქართველებს გინდოდათ ამ კანონით საქართველოს ა-ო მოსპობაო და ამაში ხედავენ პრობლემას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ამერიკული „რუსული კანონ“ FARA-ს მოთხოვნის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ამერიკული იურიდიული კომპანია „აკერმანის“ მიერ ატვირთულ ანგარიშში გამოჩნდა საქართველოში საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი, რომელიც ალასანია-სააკაშვილის ოჯახის დაკვეთით ჩართული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „ლობისტურ“ საქმიანობაში.

„მესმის ამერიკული იურიდიული კომპანია „აკერმანის“ - ფული ათვისებულია, საქმე შესრულებულია. სააკაშვილის გამო იმ პრეცენდენტს ვერ დაუშვებდნენ, რომ არაჯეროვნად შეევსოთ ამ „რუსული კანონით“ გათვალისწინებული ვალდებულება, თუნდაც ეს ამერიკის ხელისუფლებისთვის წამგებიან ნარატივს მოიცავდეს.

ასე გაება ამერიკულ-რუსული კანონის ხაფანგში რიგითი ამერიკელი დიპლომატი რუსული სახელით „Иван“. არ უნდა დავიღალოთ იმის განმეორებით, თუ რა კანონპროექტს ებრძოდა ასეთი გაშმაგებით ვაშინგტონი, ბრიუსელი და კიევი. ებრძოდა, თუნდაც ჩვენი მსხვერპლის ფასად, - თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირების და „მაიდანის“ ფასად.

ამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ვინ რა დოზით და რა საფასურით იყო ჩართული ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში - გასაოცარია. ახლა კი წარმოიდგინეთ და გაამრავლეთ ეს გამზეურებული მონაცემები „ათასიან“ კოეფიციენტზე, და მაინც ვერ მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას, ვინაიდან ოფიციალურად დაფიქსირებული თანხების მიღმა, „ქეშის“ რა ოდენობაა დახარჯული - ლუციფერმა უწყის“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს გაეცნო თუ არა სააკაშვილის ოჯახის ლობისტური საქმიანობის შესახებ FARA-ს დოკუმენტს აშშ-ის ელჩი, რადგან მისი თქმით, კელი დეგნანის დიდი „დამსახურება“ და კარიერული „მიღწევაა“ ასეთი რთული ურთიერთობა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს.

„არასდროს ყოფილა, გარდა იმ პერიოდისა, როცა უფროსმა ბუშმა ჩვენს პრეზიდენტს შემოუთვალა - ფრთხილად, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავო! მაშინ, ცურვაც ისე კარგად არ ვიცოდით, იოლად შეგვაწყვეტინეს და კარგა ხნით ღრმადაც ჩაგვძირეს კიდეც, მაგრამ ამოვყვინთეთ და ისევ ვცურავთ - ისევ, ჯიუტად და მათი დინების საწინააღმდეგოდ, პასუხიც ზუსტად იგივეა, რაც მაშინ - „დინების მიმართულებით მარტო მკვდარი თევზები ცურავენ“ - როგორც ეს ზვიადმა უპასუხა. ჰოდა, წავიდეს რა, საიდანაც მოსულა და თან წაიღოს ეს იგივე მყარი პასუხიცა და ის ღვარძლიც, რაც ჩამოიტანა და ასე უხვად აფრქვევს დღემდე“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.