“დღეს მოსკოვში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და დამღუპველი, რომ ქართველებთან მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკამ არ გაამართლა. რუსი კონსერვატორული პარტიის წევრების თქმით, საქართველოსთან არასწორი მიდგომების, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში და თურქეთს რეგიონში აქტიურად დაბრუნების საშუალება მისცეს. რუსებს ძალიან აშფოთებთ სამხრეთ კავკასიასა და საერთოდ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქეთის ჰიპერაქტიურობა. თურქეთი ისეთს არაფერს აკეთებს, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ. დასავლეთი, რუსეთი თუ ჩინეთი, ყველა ცდილობს ეკონომიკურ ექსპანსიას. დასავლეთი ამას ეფექტურად აკეთებს, ჩინეთიც ამ გზას დაადგა, რუსეთიც ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ფულის გაცემა არ უყვარს, მხოლოდ თუ მოჰპარავ. ამ საუკუნეში ექსპანსია მაინცდამაინც სამხედრო ინტერვენცია ხომ არაა? დიდი ქვეყნების მსგავსად, თურქეთიც ცდილობს ინტერესების გატარებას კავკასიაში და მათ შორის აფხაზეთშიც. სხვათა შორის, ერდოღანი ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს”, - აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?!”
“რაც შეეხება აფხაზეთში განვითარებულ ამბებს, იგეგმება კანონპროექტის მიღება, რომელიც აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის აშენებას და უცხოელებზე მიყიდვას ითვალისწინებს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბიჭვინთის 180 ჰექტარი ტყის მასივიდან 120 უკვე წაიღეს რუსებმა და პროტესტის მიუხედავად აფხაზები ვერაფერს გახდნენ, ახალი პროექტები აფხაზი მოსახლეობის უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ამ ამბავს ასე ხსნის, აფხაზეთი დიდი ხანია ჩამოკიდებულია რუსულ ტრანშებზე, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოსკოვიდან ივსება. ამიტომ ეს პროექტი ეკონომიკის განვითარებისთვის უალტერნატივო შესაძლებლობააო. აი, ამას ამბობენ ბჟანია და ე.წ. ხელისუფლების სხვა წევრები საჯაროდ, კულუარებში კი ამბობენ, რომ მოსკოვს ისინი ხელოვნურად ჰყავს ტრანშებზე ჩამოკიდებული და ეკონომიკის განვითარებაში მიზანმიმართულად არ დებს ფულს (ასეც არის). მათ ისიც იციან, რომ მათი ეკონომიკის განვითარება გამორიცხულია, რადგან რუსების გარდა, ფულს არავინ მისცემს, რუსეთი კი ფულს აძლევს, მაგრამ იმდენს არა, რომ ეკონომიკა განავითარონ და დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ამიტომ ამ პროექტს აფხაზები უყურებენ როგორც შემოსავლის წყაროს. აი, სწორედ აქ ჩნდება ძალიან საინტერესო დეტალი - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო ძალიან გააქტიურდა და ბჟანიას ოპოზიციაში ჩაუდგა. ამ საბჭოს წევრები ძალიან საინტერესო საკითხებზე ლაპარაკობენ. სხვათა შორის, იქ სამი თუ ოთხი კაცია და ყველა მათგანს მეგრული გვარი აქვს, ოღონდ ბევრ აფხაზზე უფრო აფხაზები არიან. მათ შორის ერთმა, ილია გუნიამ, საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მოსკოველი ქართველები ვიღაცის დავალებით (ოღონდ ვისი, არ ამბობს) აპირებენ შეიძინონ ეს აპარტამენტები, აფხაზური მიწა და ამ ფორმით დაბრუნდნენ აფხაზეთშიო. რთული სათქმელია, სცენარი რეალურია თუ არა, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად ვხედავ. 2017-2018 წლებში ქართულ პრესაში, სახელდობრ რამდენჯერმე დაიბეჭდა სტატია, რომლებშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაფანტული მდიდარი ქართველები, განსაკუთრებით ისინი, ვინც აფხაზეთიდან არიან, სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს აქტივობაში მონაწილეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს კიდევ არ არის მთავარი, ბჟანია, რომელსაც ამ საკითხის გამო საკუთარ გუნდშიც კი გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება, თავგამოდებით იცავს ამ პროექტის რეალიზების იდეას. აქტიურობს ინალ არძინბაც, რომელსაც, როგორც ჩანს, მოსკოვიდან აქვს დავალებული, რომ ეს პროექტი გაიტანოს. ჩნდება კითხვა, რა დროს ასეთი პროექტებია, როდესაც რუსეთი ერთ მილიარდ დოლარს ვერ შოულობს სამხედრო საჭიროებისთვის? მოსკოვში ახლა მართლა სერიოზულად დგას ეს პრობლემა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაც დიდი თამაში მიმდინარეობდეს. რუსეთმა აქტიურად დაიწყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. ქართული მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ საჯაროდ ჯერ არაფერს ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით - ჩემი ინფორმაციით, რუსი არაოფიციალური, მაგრამ ძალიან გავლენიანი პირებისგან არის წინადადებები, რომლებიც ქართული მხარისგან ჯერაც პასუხგაუცემელია. ეს მოცემულობა შეიძლება ვაჭრობადაც შეფასდეს, ვაჭრობა კი პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია”, - ამბობს ექსპერტი.
“უნდა ითქვას, რომ საქართველოს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, თუ რაიმე დათმობაზე წავა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე, - რკინიგზის აღდგენა იქნება თუ გზის გახსნა - ისე, რომ საქართველომ დივიდენდები არ მიიღოს. ჩანს, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში ეს საკითხი კარგად ესმით და ლავირებენ. რუსეთის ასეთი აქტიურობა მოწმობს, რომ ამჟამად საქართველოში “თაფლაკვერის” პოლიტიკას უფრო აქტიურად იყენებენ, ვიდრე “მათრახის” პოლიტიკას. ამ თემაზე საუბრები ნამდვილად არის, თუმცა ისიც შეიძლება ეს საუბრები საუბრებად დარჩეს, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისეთ ჩარჩოებშია მოქცეული, რომ ახლებურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. რუსები საერთოდ არ არიან მზად იმისათვის, რომ აფხაზეთს გაუშვან ხელი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ისინი ახლა ბჭობენ, ფიქრობენ, ვერსიებს განიხილავენ. ხომ გითხარით, რუსული პოლიტიკური ელიტის ერთმა ჯგუფმა აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა მცდარია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ასე ფიქრობდეს. ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ამ კონდიციამდე სხვადასხვა ხერხით. რეგიონშიც უნდა ვიმუშაოთ და რეგიონს მიღმაც”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
“პოლიტიკურ ვაჭრობაში ყველა არგუმენტი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის თურქეთის გაზრდილი ინტერესები რეგიონში. მერე უნდა დავაკვირდეთ, იქნება თუ არა მზად რუსეთი იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ რეალურად შეცვალოს დამოკიდებულება. თუმცა ამ საკითხის განხილვისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რუსებს, მათ შორის კონსერვატიულ ძალებსაც, ძალიან ეშინიათ, რომ საქართველოს შესახებ პოლიტიკას შეცვლიან, რომ ჩრდილოკავკასიელები ამას მათ სისუსტედ არ შეაფასებენ. ე.ი. იქაც სამუშაოა. ასე მარტივად არ არის საქმე, თქვენ აფხაზეთიდან გადით და ჩვენ დაგვიბრუნეთო, არ გამოვა. ძალიან ბევრი სამუშაოა რუსებთანაც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც, საზოგადოდ, რეგიონში”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “აფხაზი ხალხის განწყობა როგორია?” - პასუხობს:
“ჯერ ლაპარაკს ვერ ბედავენ, მაგრამ აფხაზ საზოგადოებაში ქართველებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. უკვე გაჩნდა მთავარი კითხვა, თუ უფროსი ძმა ჩვენი ეთნოსის გადაგვარებაზეა გადასული, მაშინ ქართველებს რას ვერჩოდითო... სათათბიროს სხდომებზე აფხაზები მთავარ მტრებად ისევ ქართველებს მიიჩნევენ. დღემდე ამბობენ, რომ ქართველებმა აფხაზებს გვარები გადაუკეთეს. მაგალითად, დავით ფილია ამბობს, რომ ათას სამასი გალელის განცხადება აქვთ, რომლებიც აფხაზური გვარების დაბრუნებას ითხოვენ და ა.შ. არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთში დექართველიზაცია მიმდინარეობს, ჯერ ქართული ენის მოსპობა უნდათ და მერე გვარების. რაც ყველაზე ცუდია, ამაზე ქართულ მხარეს რეაქცია არა აქვს... დიახ, ასეთი რამეები ხდება პოლიტიკურ არენაზე და კამერების წინ, მაგრამ საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილია განწყობა”.
“ზოგიერთ აფხაზს უკვე გაახსენდა, რომ ენგურს გამოღმა ბიძაშვილი ჰყავს, ზოგს მეგობარი და სხვა მოკეთე და არის გაუთავებელი რეკვა. ერთმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ (მის გვარს ვერ გავასაჯაროებ) თბილისში ნათესავი ჩამოიყვანა სამკურნალოდ, ოღონდ მერე აქედან აღარ წავიდა. არადა, სეპარატისტული პარლამენტის წარმომადგენელია. უშიშროებამ რომ იცის, ზუსტად ვიცი... რა თქმა უნდა, ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ: თუ უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ ყველა მიმართულებით გვაქვს ხელი გახსნილი. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში სტატუს-კვო შენარჩუნდება და მოსკოვურ ელიტაში ისევე იქნება დაპირისპირების საგანი რუსული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მაშინ ჩვენ მანევრირების მეტი საშუალება გვექნება. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეა - შეიძლება სხვისი უბედურება საკუთარი ინტერესებისთვის კარგად გამოიყენო”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.