გიორგი ვაშაძე ორიოდე წლის წინ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავდა ქართულ პოლიტიკაში, სამაგიეროდ, სააკაშვილი ხედავს ვაშაძის ადგილს „ნაციონალებთან“ და ლევან ხაბეიშვილთან ერთად და ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებაც სწორედ სააკაშვილის ხელდასმით მოხდა.
სააკაშვილმა დიდსულოვნად აპატია ვაშაძეს ღალატი, აპატია ისიც, რომ პოროშენკომ როცა პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გაანადგურა სააკაშვილი და სერიოზულად დაამცირა, გიორგი ვაშაძემ ზუსტად ეს არასწორი დრო შეარჩია, მივიდა პოროშენკოსთან და მისი საარჩევნო კამპანიის ერთ- ერთი მთავარი სტრატეგი გახდა.
გიორგი ვაშაძემ მეორედაც უღალატა სააკაშვილს, როცა, მიშას სიტყვებით რომ ვთქვათ, ბნელ მხარეს, ანუ ივანიშვილის მხარეს გადავიდა, არადა, სააკაშვილი მასზე იმედს ამყარებდა.
მესამე ღალატი არ შემდგარა. დღეს გიორგი ვაშაძემ თავისი ადგილი მონახა „მზის“, ანუ სააკაშვილის ქვეშ და არც მალავს, რომ სააკაშვილთან წერილობით კონსულტაციებშია. გამორიცხული არ არის, ახდეს ირაკლი ზარქუას „შიშები“, სააკაშვილმა ხაბე ჩააჩოჩოს და კიდევ მეტი სტრატეგია ააგოს „აღმაშენებლობის“ პრეტენზიის მქონე კაცზე, გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც თურმე სიტყვა ეთქმის უკრაინაშიც და რომლის იუსტიციის სახლებიც მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
„ორი ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება“,- ასეთნაირად ეხმიანება კახა კალაძე ვაშაძის და ხაბეიშვილის გაერთიანებას.
თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ემიჯნება ვაშაძეს და არ პატიობს მას „ნაციონალებთან“ დაბრუნებას.
ამის მიუხედავად, ერთმანეთის შემყურედ დარჩენილი ვაშაძე და ხაბეიშვილი გამარჯვების პლატფორმას აშენებენ ივანიშვილის დასამარცხებლად.
რამდენად პერსპექტიულია „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ქუდქვეშ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თავისთავად, ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობას“ მკაფიოდ ემიჯნება „ლელო“. ისედაც „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებისთვის გული გახსნილი არ ჰქონდათ „გირჩებს“, ანუ ორ ცალ „გირჩს“, არც „მოქალაქეს“. ამდენად, მეტი აღარავინ რჩება, ვინც „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსს ისურვებდა.
გახარიას რაც შეეხება, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან, მათ შორის, არც „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებას არ აპირებს, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ გახარიას პარტია გაუგებარ რამედ ჩამოყალიბდა, კაცი ვერ გაიგებს, რა უნდა, რა არ უნდა, შიგადაშიგ გაიღვიძებს, რაღაც ფრაზებს წამოისვრის და დადუმდება.
„მთლიანობაში, ჩვენს ოპოზიციაში შემადგენლობის მხრივ ღარიბი და პოტენციურადაც ღარიბი პოლიტიკური ჯგუფები არიან, თითოეულ მათგანს ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. ერთ- ერთი მიზეზი, რატომაც ჰყავთ ცოტა მხარდამჭერი, არის მათი წამგებიანი ლოზუნგი - „გავერთიანდეთ ყველანი ბიძინას წინააღმდეგ“. კი ბატონო, ხაბეიშვილს და ოპოზიციონერებს უნდათ ბიძინას და მისი პარტიის გადაგდება, რადგან ის მათი კონკურენტია, მაგრამ პოლიტიკური პარტია ხალხს ეუბნებოდეს, ჩვენ ვერთიანდებით ბიძინას წინააღმდეგო, ცოტა ღიმილის მომგვრელია. ხალხმა მოსთხოვა ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, შენი ჭირიმე, ბიძინა გადააგდეო?! ყველა არჩევნებში ბიძინას უპირატესობა მტკიცდება, ოპოზიციონრები კი მაინც ერთსა და იმავეს ტრაბახობენ, ბიძინას გადავაგდებთო. არ უნდა ხალხს ამათი გადაგდებული ბიძინა. არც „ქართული ოცნება“ მოსწონთ, მაგრამ ამ ოპოზიციამ რომ გადააგდოს „ქართული ოცნება“ და მერე გამარჯვების მოტივით ხელისუფლებას მოეპოტინოს, ეს უკვე ხალხს არ აწყობს. ათი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება ამას ეუბნება გინდ არჩევნებით, გინდ სოციოლოგიური კვლევით ამ ჯგუფებს, ესენი მაინც ჯიუტად იმეორებენ, უნდა გადავაგდოთ ბიძინა, რაც ხალხის დაკვეთა არ არის“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი გიორგი ვაშაძესაც უწუნებს სტრატეგიას და ამბობს, რომ, საერთოდ, არასწორი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ დარქმევა. რამაზ საყვარელიძის აზრით, დავით აღმაშენებელს რომ აკადრო, ჩვენი სტრატეგია ბიძინა ივანიშვილის გადაგდებააო, არ იქნება ღიმილის მომგვრელი?! კაცს ნახევარი აზია დაპყრობილი ჰქონდა, დავით აღმაშენებლის სტრატეგიული აზროვნება გასაგები იყო, ამ ადამიანების სტრატეგიული აზროვნება კი იმის იქით არ მიდის, ბიძინა გადააგდონ თუ არ გადააგდონ.
„სიტყვებს მაინც სცენ პატივი. ნაცვლად იმისა, ვაშაძემ თქვას, ჩემი სტრატეგიული მიზანი ქვეყნის შველა, ეკონომიკის გადარჩენააო, იძახის, ჩემი სტრატეგიული მიზანი ბიძინას გადაგდებააო. საქვეყნო მიზნები დაისახონ, ეს პირადი ჭიდაობა რისი მომტანია? სპორტული მიზნები აქვთ და არა პოლიტიკური მიზნები. სპორტში მეტოქეს ებრძვი, პოლიტიკაში კი მეტოქეს შეიძლება ებრძოლო, მაგრამ წინა პლანზე მოდის ქვეყნისთვის ზრუნვა“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ მაშინ განულდა, როცა ხაბეიშვილი ჩაუდგა სათავეში. დღეს კი ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის გაერთიანება ნიშნავს, ნულს პლუს ნული უდრის ნულს.
„რამდენი ნულიც არ უნდა მიემატოს „ნაცმოძრაობას“, წინ თუ მას რაიმე ციფრი არ აქვს, ნულების შეკრება არაფრის მომცემია. გიორგი ვაშაძე იმდენად ნულია, რა შეიძლება გამოაკლდეს მას? დღეს „ნაცმოძრაობასთან“ გაიგივებას არ ცდილობენ ის ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც ფეთქავენ თავისი პროცენტებით და მაინც სიცოცხლის უნარიანობის ასოციაციას ქმნიან, რომ მკვდარ- ცოცხლები არიან. ვაშაძის პარტია კი არ ფეთქავს, მისი პარტია თუ მოძრაობა ცალსახად მკვდარია. პრემიერობას ჰპირდებიან? პრემიერობას კი არა, თუნდაც მეფობას შეჰპირდნენ, ჯერ გადახტნენ და ჰოპლა მერე დაიძახონ. სად გადამხტომები ეგენი არიან“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.
არ ჰკიდიათ ქვეყნის შველა და ეკონომიკის გადარჩენა? პრინციპში, ოცნებასაც ჰკიდია. მთავარი სტრატეგიული მიზანი ხელისუფლებაში ყოფნაა. მაქსიმალურად გულწრფელია აქ ვაშაძე.