ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ანგარიშსწორება გრძელდება გუდაუთის რაიონში, სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ ახუბა, იგივე "დინრიდი" მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ახლობლის წლისთავის სუფრაზე იმყოფებოდა, როდესაც გარეთ გავიდა, სამჯერ ესროლეს. ორი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ხოლო ერთი მუცლის არეში.
ადგილობრივების თქმით, კრიმინალური ავტორიტეტი ასევე, გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ალხაზ აგრბას ოჯახში, სოფელ აბგარხუკში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ სხვა "კრიმინალური ავტორიტეტებიც", ვალერი ხიშბა, იგივე, "ვალერა აბხაზსკიი" და ვახტანგ ფაჩულია, იგივე "ნანიკი". სუფრაზე მთთან ერთად იყო კიდევ ერთი ადგილობრივი კრიმინალი სტანისლავ ციშბა, იგივე "პაკა", რომელმაც იქაურობა მკვლელობამდე დატოვა.
მათივე თქმით, თემურ ახუბა რამდენიმე მათგანის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდა, რადგან მათი ძალისხმევით, "დინრიდი", 2013 წელს კრიმინალურ სამყაროს ჩამოაშორეს. ამ საქმეში კი, ძალიან აქტიურობდნენ, ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა, რომლებიც 2019 წელს, სოხუმში, რესტორან "სან-რემოში" ჩაცხრილეს.
"მაშინვე ეჭვი გაჩნდა, რომ 2019 წელს მომხდარის უკან თემურ ახუბა იდგა, რომელმაც მანამდე ამ კლანთან რამდენჯერმე სცადა სიტუავიის მოგვარება, მაგრამ არ გამოუვიდა. ზოგადად, აფხაზეთი პატარა რეგიონია და ამდენი "კანონიერი ქურდის" გასაყოფი წილიც არ არის. მათ კი, მადა ჭამაში მოსდით, ფეშენებელურ სახლებს იშენებენ, პოზიციებს იმყარებენ. კონკურენტებს ვერ იტანენ და დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამართული. "პიზა" ლიდერობას ჯერჯერობით არ თმობს, თუმცა, ამბობენ, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს...
ამიტომ, ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებული პოზიცია აქვთ, მცირედ შეცდომას არ პატიობენ. ამბობენ კიდეც - ამ სისხლიან ორთაბრძოლაში, მხოლოდ ძლიერები უნდა გადარჩნენო და სნაიპერს ქირაობენ და სახლებში, ქუჩებში, მანქანებში ხოცავენ ერთმანეთს.
შამბასა და ავიძბას მკვლელობა, გუდაუთელმა "პიზამ", იგივე ასლან ბარციცმა, პირად შეტევად მიიღო, რადგან მოკლულები მისი კლანის წევრებად ითვლებოდნენ. "დინრიდსაც" ჰყავს მხარდამჭერები, ასე რომ, გუდაუთის კლანისთვის ჯერ არაფერი დამთავრებულა", - მიაჩნია ერთ_ერთ ადგილობრივს.
აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მათ ვინც გავლენით სარგებლობს, კავშირები აქვთ ე.წ. ხელმძღვანელობასთან, "პროკურატურაში".
აფხაზური მედიის ცნობით, თემურ ახუბა 2020 წლის დეკემბერში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. თითქოს ის, ახალგაზრდებთან კრიმინალური სამყაროს პროპაგანდას ეწეოდა. მათივე თქმით, რეალურად მას გაცილებით დიდი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი და მისი დაკავების მიზეზი აბსურდულად ჩანდა.
"იმ დროს საქმეს ასე სჭირდებოდა და ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს. არადა, ის ყველაზე უწყინარი რამ იყო, რაც "დინრიდსა" და მის თანამოაზრეებს აფხაზეთისთვის აქვთ დაშავებული, ისინი თავიანთი ცხოვრების წესით, ყოველ დღე უწამლავდნენ ადამიანებს გონებას... თუმცა, ოჯახისა და გარემოცვისთვის, ნებისმიერი აზროვნების ადამიანი ძვირფასია. ახუბა მხოლოდ 50 წლის იყო. მისი სიკვდილით, აფხაზეთში შურისძიების ახალი ტალღა დაიწყო", - მიაჩნია "ცვიშბა ომარს".