ქართულ პოლიტიკაში, 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დიდი გადალაგებები იწყება. არ არის გამორიცხული, რომ ბევრი ახალი პოლიტიკური ალიანსი და გაერთიანება ვიხილოთ. როგორც ცნობილი ხდება, „ოცნებისთვის“ საარჩევნო ხმების წართმევას ვეტერანი მეოცნებეები გეგმავენ. ბესელია - გახარიას პოლიტიკური ტანდემი შესაძლოა, საზოგადოებამ მალე იხილოს. როგორც ეკა ბესელია მედიასთან აცხადებს, კონსულტაციები დაწყებულია. ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები 2024 წლის არჩევნებისთვის ერთიანდებიან და აანონსებენ, რომ იმუშავებენ „ოცნების“ განაწყენებულ ამომრჩეველზე.
ასევე ვრცელდება ხმები, რომ შესაძლოა, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ყოფილ ნაციონალებთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიაში ვიხილოთ. მათთან ერთად კი უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ვნახოთ.
ასევე, მედიისთვის კულუარული ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებენ: ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და საქრათველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
რაც შეეხება „ლელოს“ ის 2024 წლისთვის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი გიორგი ვაშაძის შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ თაკო ჩარკვიანი და ზურაბ ჯაფარიძეც გაერთიანდნენ.
„ქართული ოცნება“ კი, ერთ დროს თანაგუნდელებს, სერიოზულ კონკურენტებად ვერ აღიქვამს. მათ იმისიც კი არ სჯერათ, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ახალი გაერთიანების დაანონსებამ, რომლის ინიციატორიც ეკა ბესელიაა, გააჩინა კითხვა, რა როლი ექნება ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს. ცნობილია, რომ პრეზიედენტს ბესელიასთან ახლო კონტაქტები დღემდე შენარჩუნებული აქვს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ის მათთან ერთად ვიხილოთ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრები თუ ყოფილი მაღალჩინოსნები, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ცნობადობით სარგებლობენ, თუმცა ელექტორატის მისაზიდად მხოლოდ ცნობადობა არ ეყოფათ. ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნებიდან“ წამოსულ ყოფილ დეპუტატებს, იგივე ეკა ბესალიას, გედევან ფოფხაძეს და სხვებს, არჩევნებში მიღების შანსი უკვე ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს. ამიტომ ახლა რატომ არიან დარწმუნებულები, რომ ელექტორატის მიზიდვას მოახერხებენ?
„2020 წელი არჩევნებში, როცა ფაქტობრივად ნულოვანია ბარიერი იყო, ეკა ბესელიამ და სხვა მისმა თანამოაზრეებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხეს. ახლა რატომ არიან დარწმუნებულები, რომ მათ არჩევნებში მისაღებად მხოლოდ ცნობადობა უშველით? ელექტორალური ბაზა არ ჰყავთ და ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ჯერ ერთი, არავინ იცის რა სახის ალიანსს აყალიბებენ. თუნდაც გახარიასთან გაერთიანდნენ, ეს ერთი გახარია რომელ ერთ პოლიტიკოსს გაათრევს.
ან გახარიას თუკი იმედი აქვს, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს, ეს ხალხი რაში სჭირდება, რას იღებს მათი პარტიაში მიღებით? მოსინჯვას წინ რა უდგას, მაგრამ ყოველ მცდელობას პარტიის შექმნის ან მის გაძლიერების, აზრი აქვს მაშინ, როცა გარანტირებული აქვთ, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ. თუ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, ის არის „ოცნების“ სასარგებლოდ მოთამაშე პარტია. გახარიას პარტიისთვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა სათუოა და არც ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ამას შეძლებს. ამიტომ, ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ გაჭირვებულმა კიდევ უფრო მეტი გასაჭირო დაიმატოს“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის პოლიტიკურ მომავალს და შესაძლოა თუ არა ის ყოფილ „ოცნების“ წევრებთან ალიანსში ვიხილოთ, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები და ქცევა, მის ამომრჩეველს, რომელმაც მხარი 2018 წელს დაუჭირა, არ მოსწონს. ამიტომ რა სახის ელექტოლარული მხარდაჭერით სარგებლობს ახლა, რთული სათქმელია.
„გასაგებია, რომ ბოლო დროს, სალომე ზურაბიშვილს დასავლეთი მხარს უჭერს და მის მიმართ გარკვეული ნდობა არსებობს. თუმცა დასავლეთის მხარდაჭერა მხოლოდ დამატებითი ფაქტორია. ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, პოლიტიკოსს ქვეყნის შიგნით რა სახის მხარდაჭერა აქვს. პრეზიდენტის თანადგომა რომელიმე პარტიის მიმართ, გაფუჭებით ნამვილად არაფერს გააფუჭებს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ მისი თანადგომა რაღაც დიდ შედეგს მოიტანს, ამასაც ვერ ვიტყვი. პრეზიდენტისადმი ჩვენი საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით არასდროს გამოირჩეოდა არც თავის დროზე, თუნდაც არჩევნების პერიოდში და მით უმეტეს ახლა, როცა ის ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება. მისი ამომრჩეველი სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი იყო და ახლა რა ელექტორალური ბაზის მფლობელია ის, რთული სათქმელია. რასაც ის აკეთებს, შესაძლოა საზოგადოების რაღაცა ნაწილს მოსწონს, თუმცა ის ელექტორატი, რომელმაც ის აირჩია, მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ასევე გააჩნია პრეზიდენტს რა როლს დააკისრებენ“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ასევე „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს აფასებს და ამბობს, რომ „ლელოს“ ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ იქნებოდა, რადგან მას 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური პრობლემა აქვს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი აზრით, მათ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია, თუმცა თუ ნიკა მელია პარტიიდან გავიდა, მაშინ პარტია ხმების რაღაცა ნაწილს დაკარგავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, რადგან გიორგი ვაშაძის პარტიაში დაბრუნება რამოდენიმე მიზეზთან შესაძლოა იყოს დაკავშირებული. ერთი ვერსიით, არ გამოვრიცხავ, რომ ლევან ხაბეიშვილის გიორგი ვაშაძით ჩანაცვლება სურთ. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სააკაშვილთან ვაშაძის სახით ისეთ ფიგურაზე შეთანხმდნენ, რომელიც სამივესთვის მისაღებია. თუმცა აქ ნიკა გვარამიას ფაქტორიც ჩნდება, რომელიც ვეჭვობ, რომ ნიკა მელიასთან ერთად ცალკე გავა და ისინი არც თუ ნაკლებ ანაგრიშგასაწევი ძალა გახდებიან. მათ ნაციონალებისთვის 7%-მდე ხმების წართმევა შეუძლიათ“, - ამბობს ძაბირაძე.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ გარკვეული კონტურები, ვინ ვისთან ერთად იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის, უკვე ჩანს. კვესელავა for.ge-სთან ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანის ამ ეტაპზე მხოლოდ „ოცნებას“, „ნაციონალებს“ და გახარიას პარტიას აქვს. ასევე იმ ძალას, თუკი ნიკა მელია გამოეყოფა და ნიკა გვარამიასთან ერთად ახალ პარტიას შექმნის. თუმცა პოლიტოლოგი ამბობს, რომ ჯერჯერობით რთული სათქმელია რას იზამენ მელია და გვარამია.
„რაც შეეხება ნაციონალების და „სტარტეგია აღმაშენებლის“ გართიანებას, რამდენიმე მიზეზი აქვს - ხაბეიშვილი არის ლიდერი ადგილობრივ დონეზე, ვაშაძეს კი აქვს კავშირი დასავლეთთან, თანაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ პარტიაში ხაბეიშვილი არ გამოდის ლიდერი, ლიდერი გამოდის ვაშაძე. როგორც ჩანს, ვაშაძე არჩევნების დროს დასავლეთთან კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. ვხედავთ ხაბეს რა რესურსიც აქვს და ელემენტარულად ელჩებთან კომუნიკაციასაც ვერ ახერხებს.
რაც შეეხება გახარიას, ის არავის შეუერთდება, მაგრამ სიამოვნებით მიიღებს თავის რიგებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ასევე „ოცნების“ ყოფილ წევრებს და ამით პარტიის გაძლიერებას შეძლებს. გახარიას აქვს სერიოზული შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი. რაც შეეხება „ლელოს," არ ვიცი რამდენად შეძლებენ ბაარიერის გადალახვას.
რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას, თეორიულად, ეს ძალა უკვე არსებობს და მგონია, რომ აქტიურად წლის ბოლოს გამოჩნდება. ამ ძალაში კი, ვფიქრობ, ვიქტორ ყიფიანს, კახა კუჭავას, ირაკლი ალასანიას და სხვებს ვიხილავთ. არ ვიცი გახარია მათთან ერთად იქნება თუ არა მოაზრებული, მაგრამ დიდი პოლიტიკური თამაში რომ დაიწყება, ფაქტია. ამ თამაშში კი ნიკა გვარამია ჩაერთვება, სადაც უკრაინული ხაზი აქტიური იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთად იყვნენ“, - ამბობს კვესელავა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უკვე სერიოზული მუშაობა დაიწყო და ის წინასაარჩევნო რელსებზე უკვე გადასულია. მისი აზრით, ხელისუფლების ლოზუნგი - ჩვენ გვინდა ეროვნული სახელმწიფო - ხალხში ჩანს, რომ კარგად მუშაობს. კვესელავა ამბობს, რომ სწორედ იგვე ლოზუნგი ზვიად გამსახურდიას ჰქონდა და ეს ქართველ ხალხში დიდ გავლენას ახდენს.