ხდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს? როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, ზურაბიშვილზე ზეწოლა არსებობს და არ გამორიცხავენ, რომ ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მათ ამ ეჭვებს ის ფაქტიც უმყარებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების ერთ-ერთ პუნქტს, სწორედ ზურაბიშვილის დარწმუნება წარმოადგენს, რომ მან ექს-პრეზიდენტი შეიწყალოს.
ასევე, უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ლობისტებმა და სააკაშვილის ადვოკატებმა ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც სცადეს. მოთხოვნა ექსპრეზიდენტის შეწყალება უნდა ყოფილიყო. ფაქტს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ზურაბიშვილთან აუდიენცია არ შემდგარა.
„აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, მასიმო დი ანჯელოს მხრიდან იყო პრეზიდენტთან დაკავშირების მცდელობა, რათა გამართულიყო შეხვედრა. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კომპანია „აკერმანს“ სააკაშვილების ოჯახი უკვე თითქმის ერთი წელია ქირაობს. ლობისტური საქმიანობისთვის ექს-პრეზიდენტის გარემოცვას ასეულობით ათასი დოლარი უკვე გადახდილი აქვს, მათ შორის ნაწილი ნაღდი ანგარიშსწორებით.
ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები სააკაშვილის გათავისუფლების ინსტრუმენტად ზურაბიშვილის ფაქტორს განიხილავს.
მდინარაძე აცხადებს, რომ მძლავრი ზეწოლის მიუხედავად, ზურაბიშვილს გაუჭირდება საკუთარი სიტყვების უკან წაღება.
„ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს „არა და არასდროს“ უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობიდან გამომდინარე ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ სამართლებრივად სააკაშვილის შეწყალება არაფერს ნიშნავს, რადგან ის საპატიმროს ვერ დატოვებს. მის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის აღძრული.
„სალომე ზურაბიშვილი თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი, ჯერ რად უნდა უღირდეს მსგავსი საქციელი, როცა საკუთარ სიტყვებს უკან წაიღებს და. მეორეც - სააკაშვილი ასეთ შემთხვევაში საპატიმროს მხოლოდ რამდენიმე საათი თუ დატოვებს. მას შესაძლოა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ისევ სხვა საქმეებზე შეეფარდოს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ „არა და არასდროს“ და ამ პრინციპს აბიჯებს, მაშინ ეს ამ ყველაფრად ხომ უნდა უღირდეს. ზურაბიშვილმა 2018 წლის არჩევნების წინაც კი დადო ეს პირობა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა. თუ პრეზიდენტი ამ საჯარო პირობას, რომელიც არაერთხელ აქვს დადებული, გადააბიჯებს, ის ჯერ ხომ პოლიტიკურად და პიროვნულად მოსახლეობის დიდ ნაწილში განულდება. მეორე მხრივ კი ქვეყანაში ხელს ძალიან დიდ შფოთს შეუწყობს. ეს კი ვერანაირად დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს. ვნახეთ, რომ საზოგადოებამ მას გვარამიას შეწყალება აპატია, იმ იმედით, რომ ის საკაშვილს არ შეიწყალებს“, - ამბობს აბაშიძე.
რამდენად გაუძლებს ზეწოლას ზურაბიშვილი? - ამ კითხვის პასუხად აბაშიძე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფოს მეთაურს ვინმე შანტაჟის ენით ესაუბრება, მაშინ ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს.
„თუ ზურაბიშვილი ძლერი სახელმწიფო მოღვაწე და მეთაურია, მაშინ გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, ვინ, როგორ, რით ემუქრება, რათა სააკაშვილი შეიწყალოს. იქნებ ვინმე ქვეყნის პრეზიდენტს რაღაცით აშანტაჟებს, ეს ხომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ყოველდღიურად ის იმეორებს, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, თუმცა, თუ ადგილი აქვს შანტაჟს, მუქარას, სხვა აკრძალულ ილეთებს, ძლიერი პოლიტიკოსი გამოვა და ამას ღიად იტყვის. დამერწმუნეთ, ასეთ შემთხვევში, მთელი საქართველო გამოვა და მას გვერდით დაუდგება. არ მესმის ის მცნება, რომ ის ზეწოლის ქვეშ არის. მერე რა, ნებისმიერი სახელმწიფო მეთაური პრემიერ - მინისტრი თუ მაღალჩინოსანი, ყოველთვის ზეწოლის ქვეშ არის. როგორც საზოგადოების ასევე არაპოპულარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. თუმცა შანტაჟის და მუქარის შემთხვევაში, თუკი ზურაბიშვილს თავის დაცვა სურს, არა აქვს რეალურად ავაზაკური შეწყალება გადაწყვეტილი, მაშინ უნდა გვითხრას საჯაროდ, რომ დავეხმაროთ“, - ამბობს აბაშიძე.
ვინ შეიძლება პრეზიდენტზე მსგავს ზეწოლას ახორციელებდეს, არის თუ არა ეს ზეწოლა უკრაინიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან წამოსული, ან რა ფორმით შეიძლება ეს ხდეობდეს, აბაშიძე გვპასუხობს, რომ უკრაინიდან, ფაქტია, ამ ზეწოლას ადგილი აქვს და არ გამორიცხავს, რომ ზეწოლა კარს მიღმაც ხდება.
„უკრაინიდან ზეწოლა ღიად რა ფორმისაც არის ვხედავთ, თუმცა კარს მიღმა რა სახის ურთიერთობა აქვს პრეზიდენტს მათთან, უცნობია. არაფერია გამორიცხული და გასაგებია, რომ ეს ზეწოლა იქნება, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. დაზიანებულია საქართველო უკრაინის ურთიერთობა ოფიცილური კიევის გამო. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილისგან საჯაროდ არ მოგვისმენია, თუ რას ფიქრობს კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძევებაზე. გასაგებია, შეიძლება, იქ დიპლომატიური ნიუანსებია და შიდა კომუნიკაციაში ზურაბიშვლმა ამაზე უკმაყოფილება გამოთქვა. თუმცა, რაც შეეხება ზეწოლას, პრეზიდენტისთვის ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს, რადგან მისთვის ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა იდგეს. ვურჩევ უკრაინელებმა იზრუნონ რუსების მიერ გატაცებული ბავშების გამოხსნაზე. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების გადაწყვეტილება სწორედ ამ ბავშვების გამო მიიღო. ესენი კიდევ ამის მაგივრად სააკაშვილის გამოხსნით არიან დაკავებულები“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ როგორც წესი, სალომე ზურაბიშვილზე ასეთ ზეწოლებს, საგარეო პოლიტიკის ელფერი ჰქონდა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ყველა შეწყალება სწორედ ამ მოტივით ახსნა. მან საზოგადოებას განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, ამიტომ ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაშიც, სწორედ იგივე ნარატივი გამოიყენოს.
„ზურაბიშვილი თუ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მან ეს ისევ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ინტერესებით უნდა გაამართლოს და შეფუთოს. თუმცა, მას ეს გადაწყვეტილება ძალიან უნდა უღირდეს, ან რაიმე განსაკუთრებული უნდა ხდებოდეს, რომ საკუთარ, არა ერთგზის ნათქვამ სიტყვებს გადაახტეს. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, სააკაშვილის ლობისტები მასთან კომუნიკაციას ცდილობენ და მოგეხსენებათ, ისინი უფასოდ არ კონტაქტობენ. ასევე, ცდილობენ იმ ადამაინების მოსყიდვასაც, ვისგანაც რამის გაკეთება უნდათ. თუკი ამ ვერსიას დათანხმდა ზურაბიშვილი და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, პრეზიდენტი ძალიან ჭუჭყიან ლაქას მოიცხობს. არ ვიცი, ეს რად და რის ფასად უნდა უღირდეს“, - ამბობს საყვარელიძე.
ხოლო თუკი პრეზიდენტი მაინც მიიღებს სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას, ქვეყნის შიგნით მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს? - საყვარელიძე ამბობს, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაში ხელი დაპირისპირებას შეუწყოს, რაც პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეში იმყოფება, ყოველ დღე, მისი გარემოცვა მის მდგომარეობას ამძიმებს და ამბობენ, რომ მომაკვდავია, სააკაშვილი პოლიტიკურად აქტიურობს. არც ერთ ამბავს და ინფორმაციას უკომენტაროდ არ ტოვებს და ქვეყნის საშინაო საქმეებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. თუ გაათავისუფლებენ, სააკაშვილი მისი უდანაშაულობის პედალირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს კი პოლიტიკურ სივრცეზე გავლენას მოახდენს. ალბათ, მოწოდებებიც სააკაშვილის მხრიდან კიდევ უფრო რადიკალური იქნება. დეპოლარიზაცია, რაზეც დასავლეთი საუბრობს, აღარ გამოვა. დასავლეთის მხრიდან „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, რადგან სწორედ სააკაშვილის თავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდება“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება უკრაინის ამ პროცესებში ჩართულობას და მათი მხრიდან ბოლო დროს განვითარებულ მოქმედებებს, საყვარელიძე ფიქრობს, რომ უკრაინულ ჯგუფს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებს, მიზანი მხოლოდ სააკაშვილის გათავიუფლება არ აქვს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მათი ძირითადი მოტივი „ნაციონალების“ კვლავ ხელისუფლებაში მოყვანაა. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
„უკრაინის ხელისუფლების ინტერესია, რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს დამნაშავე ყველა მაღალჩინოსანი იქ კომფორტულად არის მოკალათებული. უკრაინის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი სწორედ მათთან ამის გამო ვალში იმყოფება და თუკი ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდნენ, ვალების დაბრუნებასაც შეძლებენ. აქ შესაძლოა საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე იყოს, და იმაზე, რომ ნაციონალები უკრაინის ინტერესების გამტარი ხელისუფლება იქნება. ეს კი ყველაფრის გაკეთებას გულისხმობს, რასაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება მოითხოვს. ამიტომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაც, სწორედ, უკრაინის ხელისუფლების და დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრის კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. სააკაშვილის თავისუფლება საქართველოში რევოლუციური სცენარის მომწიფების წინაპირობა შესაძლოა გახდეს, რომელიც ქვეყანას შიდა დაპირისპირებამდე მიიყვანს“,-ამბობს საყვარელიძე.