ვინ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი ვაშაძის ერთობას? - „გამარჯვების პლატფორმა“ ამ სახელწოდებით მოძრაობა კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება, „სტრატეგია აღმაშენებელში“ კი არ გამორიცხავენ დაშვებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხუთი ნომრით მიიღონ. ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე თანამშრომლობას გამორიცხავს ოპოზიციის ძირითადი ნაწილი.
პარტია „საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე კოალიციის შექმნას გამორიცხავს, ხოლო რაც შეეხება პატარა პარტიების გაერთიანებას, პარტიაში აცხადებენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გუნდს არ გააჩნია, შესაბამისად ინიციატივას არ უერთდებიან.
„ჩვენთვის წითელი ღილაკი არის „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ამ ორ პარტიასთან თანამშრომლობა, სისტემური კოალიცია - ჩვენს გუნდს არ ექნება და წერტილი.
პატარა პარტიების გაერთიანება, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ძირითადად მიზნად ისახავს, რომ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. ჩვენს გუნდს ეს პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც ფანტაზია „ნაცებთან“ გაერთიანებას ვერ ცდება, უნდა დაფიქრდე არასწორ გზაზე ხომ არ დგახარ. იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძეს 5 ნომრად ინტეგრაციაში წარმატებას უსურვებს.
„ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს, განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის თანამდებობის მოპოვებაში.
როცა შენი ფანტაზია ვერ ცდება „ნაცებთან“ ერთად პარლამენტში შესვლას, მგონი უნდა იფიქრო, არასწორი გზით ხომ არ მიდიხარ. როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, „ნაცმოძრაობა“ მაინც ახერხებს ხალხის მიზიდვას, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და კიდევ სხვებს მიიზიდავს. საბოლოო ჯამში, ეს ის ხალხია, ვინც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს ან „ქართული ოცნების“ მიერ არის შეგზავნილი „ნაცმოძრაობაში“, შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე ანგარიშს აზრი არ აქვს, რაც უფრო სწრაფად გაერთიანდებიან, მით უფრო ნაკლებად დააბნევენ ამომრჩეველს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციური პარტიების არანაირი ალიანსი მათთვის საშიში არ არის და მომავალი წლის არჩევნებზე ამომრჩევლის უმეტესობა კვლავ მმართველ გუნდს მისცემს ხმას.
მათივე მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელს“ მხოლოდ საარჩევნო ბარიერის გადასალახად სჭირდება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მას პირიქით, ამომრჩეველს დააკარგვინებს.
„რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები არაერთგზის გვინახავს. მეტიც შეიძლება ითქვას - ამ შემთხვევაში, შეიძლება, უარესი შედეგი ჰქონდეს მათთვის ამ გაერთიანებას, რადგან ცალ-ცალკე შეიძლება კიდევ მიეცა ამომრჩეველს ხმა მათთვის.
ეს იქნება „კარგი“ საზოგადოებისთვის, როდესაც დაინახავენ, რომ მიუხედავად ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებისა, მოვიდნენ ერთიანობაში მაშინ, როდესაც მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“-ს წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
უმრავლესობა ოპოზიციას იმასაც ახსენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბლოკებისა და კოალიციების შექმნა კანონით აკრძალულია.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, „ნაცმოძრაობასთან“ კომფორტულად ის პარტიები იქნებიან, ვინც ოდესღაც გამოეყო. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ვაშაძე თუ სხვები, ენმ-თან გაერთიანებით თავის გადარჩენას შეეცდებიან.
„ჩანს, რომ „ოცნება“ ბარიერის დაწევას არ აპირებს და პატარა პარტიები 5%-ს ნამდვილად ვერ გადალახავენ. ამიტომაც ენმ-თან გაიგივებული და ახლოს მყოფი პარტიები ძველ პარტიასთან ალიანსში იოლად დაბრუნდებიან და ამომრჩეველსაც უკან დააბრუნებენ. ამ ხალხს მაინც ერთი ამომრჩეველი ჰყავს და ამით ნაციონალებიც თავს დაიზღვევენ, რომ ნიკა მელიას გასვლის შემდეგ, პარტიას რაღაცა დამატებით პროცენტი მიემატოს. ნუ, ამ პარტიებიდან რა სახის მხარდაჭერა უნდა მიიღოს გასაგებია, მაგრამ ერთიანობის ილუზიას ნამდვილად შექმნიან. ასევე ენმ-ის შიგნით მიმდინარე სიტუაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ გამყვან სიაში მელიას თავისი ხალხის ჩასმის საშუალებას არ აძლევენ, სჯობს დროზე გამოვიდეს და თუ მასთან ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია შეიკვრებიან, მაშინ ეს მეორე სერიოზული ოპოზიციური ცენტრი იქნება. თუმცა ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხაბეიშვილის ენმ 9-10%-ის გარშემო დარჩეს, მაგრამ თუ მელიამ ცენტრი შექმნა და იქ ყოფილი „ნაცები“ წაიყვანა, დაახლოებით 7%-ს ისიც აიღებს და ორი ძალა პარლამენტში საერთო ენას იპოვიდა. თუ ენმ-ს გამსვლელ სიაში მელიას ხალხი არ ჩასვეს, მაშინ შესაძლოა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილმა ზურგი შეაქციოს და საერთოდაც არ წავიდეს არჩევნებზე. ამ რისკს, ფაქტია, ხაბეიშვილი და მისი გუნდიც ხედავს და ამიტომ თავის გადაზღვევას არ არის გამორიცხული ამ ფორმითაც ცდილობენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება გახარიას და „ლელოს“, ზაქარეიშვილის თქმით, ისინი დისტანცირებენ, როგორც „ოცნებისგან“, ისე ენმ-სგან და თავის ზომიერ ცენტრისტულ პოზიციებს გამოხატავენ. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ისინი თუ ცალკ-ცალკე გავლენ, რისი შანსიც მაღალია, ერთმანეთის ელექტორატს დაასხდებიან და ხმებს წაართმევენ. ყველაზე ცუდი მომენტი კი ის იქნება, რომ ბარიერი ვერც ერთმა ვერ გადალახოს და სადღაც 4%-ის ფარგლებში დარჩნენ. ამიტომაც სჯობს, მათ ერთმანეთის მიმართ წყენა დაივიწყონ, გაერთიანდნენ და 5%-იანი ბარიერი თამამად გადალახონ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დრო არ ითმენს და შემოდგომაზე უკვე ყველა მათგანი უნდა ჩამოყალიბებული იყოს, ვინ სად მიდის. მისი თქმით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო რელსებზე გადასვლა უკვე დაიწყო და ოპოზიცია აგვინებს. ამიტომ, ვინ სად აპირებს გაერთიანებას, დროზე უნდა გადაწყვიტონ.
„ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საარჩევნო რელსებზეა გადასული. ერთი წელი სჭირდება პარტიებს, პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის სრულფასოვნად მოეამზადონ. შემოდგომაზე ოპოზიციამ გადალაგება უკვე უნდა დაასრულოს.
რაც შეხება ხაბეიშვილის განცხადებას გამარჯვების პლათფორმასთან დაკავშირებით, გამორიცხულია „ნაციონალური მოძარობა“ „გამარჯვების პლატფორმას“ ვერ შექმნის და მასთან გაერთიანება, როგორიც არ უნდა იყოს, განწირულია. პირიქით, ეს გამარჯვების კი არა მათი დამარცხების პლატფორმა იქნება. ეს ფორმულა, როცა ნაციოანლები და „ოცნება“ ერთმანეთის პირისპირ რჩება, პირიქით მუშაობს და ხელისუფლების გამარჯვების ფორმულად იქცევა. პატარა პარტიებმა საკუთარი თავის გადარჩენაზე კი ბატონო, უნდა იფიქრონ, მაგრამ არა ნაციონალებთან გაერთიანებით. პირიქით, მისგან დისტანცირებული ძლიერი ცენტრი უნდა შექმნან, რომ მესამე ძალის ამომრჩეველი მიიზიდონ. ნაციონალებსაც და „ოცნებასაც“ თავიაანთი ამომრჩეველი ჰყავთ. ამიტომ მათ თავი ქუდში აქვთ და სადარდებელი არ აქვთ. საჭიროა ერთიანი ლიდერი, საარჩევნო პროგრამა და ა.შ. ვიღაცამ ამბიცია უნდა დათმოს, ვიღაცა სცენიდან უნდა გავიდეს. ყველა პირველი და ლიდერი ვერ იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რომელიმე პარტია, გარდა გახარიასი, გადალახავს 5%-იან ბარიერს, შეიძლება რეალურად ასეც არ არის, რადგან ინერციით წამოსული ხმებია. ამიტომ, ის პატარა პარტიებს დროზე რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი იპოვონ.
სათაური კარგი აქვს სტატიას. ნაციონალური მოძრაობა შავი ხვრელივითაა. ვინც მაგათთან მივა, ისე შეისრუტება, რომ პოლიტიკურად გაქრება.