ნაყიდი რეზოლუციები, ნაყიდი პუბლიკაციები, ნაყიდი ლობისტები და „მეგობრები“ - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ „აკერმანმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განახორციელა.
მათ შორისაა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და წერილები სამედიცინო ექსპერტებთან; რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან სააკაშვილის შეწყალების შესახებ.
რაც შეეხება აქტივობებს, რომელიც ლობისტურმა კომპანიებმა განახორციელეს ასე გამოიყურება: ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება; კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად; საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება; მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ენტონი ბლინკენი და მაკ-ქოლი, დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ.
ასევე, ჩამონათვალშია სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით; საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ლობისტებს დაევალათ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.
კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ; სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილისა და გიული ალასანიას დაქირავებული ლობისტების საქმიანობაზე ავრცელებს.
პატიმარ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ იცნობს. თუმცა ამბობს, რომ დაქირავებული ჰყავდათ იურიდიული ფირმა, რომელთან მუშაობა უკვე დასრულებულია.
„რას ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და რომელიც ჩვენზე მუშაობდა. ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს. ეს დამთავრდა. მე საქმის კურსში არ ვარ და არ წამიკითხავს. არ ვიცი, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს. ეს იყო დიდი ხნის წინ და მათთან ურთიერთობა დავამთავრეთ. ეს იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე და მერე რა?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება პოლონელ ექიმებს, რომელთა სააკაშვილთან შეყვანა ასევე ლობისტური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და სოლიდურად დაფინანსებული, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მათი კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ იქნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება.
„მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებისაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ ნიმუშების არარეგალურად გატანა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პატიმარი სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას. სკანდალურია არა ის, რაც პატიმარმა ჩაიდინა, როდესაც წინასწარ განზრახულად საკუთარი ბიოლოგიური მასალა გადასცა ჯგუფის წევრს, არამედ თვლის, რომ სკანდალია მისი „წამების“ და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. თუმცა, სააკაშვილი ისევე როგორც მისი დედა, სკანდალურს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ქვეყნისთვის სანქციების დაწესების სურვილით ლობისტურ ჯგუფებს ფულს უხდიან.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემაწუხებელია და დიდი სკანდალია, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, რეალურად გაირკვა, რა ქმედებებს ჩადიოდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.
„გავიგეთ, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, მის ხალხს, მის მთავრობას აკრიტიკებს, ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი. ასევე, გავიგეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ფულია გადახდილი. ასევე, თურმე სოციალურ ქსელებში, რომელიც ახალი ტიპის თანამედროვე დროის ასევე, ტრადიციულ მედიაში სტატიები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი, ესეც ნაყიდი ყოფილა. და, რაც ასევე ძალიან შემაწუხებელია და არის დიდი სკანდალი, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს.
ეს არის მათი სახე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა „ვივამედში“ ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ის ამაში ფულის გადახდასაც არ ერიდება. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მასშტაბის სკანდალი და ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებებს. ეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობის, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა და თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები.
„საბედნიეროდ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის „FARA“, რადგან არაფერი რჩება ჩრდილში, მიუხედავად ცალკეული ადამიანების დიდი მეცადინეობისა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ახლა ხომ გასაგებია, რომ ყველა ის ყალბი აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილა ამ ხნის განმავლობაში, ნაკვები და ნაკარნახევი იყო მსგავსი საქმიანობით, როცა მერკანტილური, მავნებლური ინტერესები არის მამოძრავებელი ცალკეული აქტივობებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარიმართებოდა.
ამას წინათ წამოსცდა ქალბატონ სამადაშვილსაც, ევროპაში დავდივართ და სანქციებს ვითხოვთო. აგერ, ახლა გამოჩნდა, კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობენ ადამიანები და ამაში ფულს ხარჯავენ. საბედნიეროდ, თუკი ამ დრომდე ეს ბურუსით იყო მოცული, ახლა ხომ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, დადასტურდა უდავოდ, რომ ფულს იხდიან იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას სანქციები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უჩვეულოს არაფერს ხედავენ იმაში, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ლობისტურ კომპანიებს ფულს უხდიან. ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის დასაცავად კოალიციების შექმნას ლობისტური კომპანიები არ სჭირდება, ზელენსკი, სანდუ, მაკრონი ლობისტური კომპანიების გამო არ საუბრობენ სააკაშვილზე და არც ევროპარლამენტარები ლობისტების გამო არ წერენ რეზოლუციებს. მისივე თქმით, ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა საუბარი, რომ ლობისტური კომპანიები განსაზღვრავენ საელჩოების, ევროპარლამენტისა და სხვა ინსტიტუციების საქმიანობას.
„ზოგადად, არაადეკვატურია საუბარი, თითქოს ლობისტს შეუძლია, მთელი გეოპოლიტიკური პროცესი შექმნას. მიხეილ სააკაშვილი ათეული წლების განმავლობაში არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის და რეზოლუციების მომზადებას, მის დასაცავად კოალიციების შექმნას არავითარი ლობისტური კომპანიები არ სჭირდება. ისტორიული ფაქტია, რომ სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგეა, კრემლის საამებლად არის ციხეში და ამის გამო მთელი დასავლეთი შეშფოთებული, ფეხზე დამდგარია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რა თქმა უნდა, დუმს საქართველოს პრეზიდენტიც. როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ლობისტებს დაევალათ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ორგანიზება, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ვინც პრეზიდენზე ზეწოლას ახორციელებს, ის, რასაკვირველია, ამას რაღაცის ფასად აკეთებს, რაც „FARA“-ს ანგარიშში ჩანს, მაგრამ არ ჩანს სად არის სუსტი წერტილი, რომ ან პრეზიდენტი დავიცვათ, ან თავი.
„ხდება ის, რომ ობიქტური რეალობა ქრება. არსებობს მოვლენათა ლოგიკა და არსებობს გარემოებათა ლოგიკა. გარემოებათა ლოგიკა არ არის, არის რაღაცა მოვლენები, რომლის ინტერპრეტირება ხდება ნებისმიერად, ვის როგორ აწყობს - აი, ამ პრინციპით მოქმედებენ. სააკაშვილს უნდა მოექცე ხისტად, ჩაკეტო და აუკრძალო გარემოსთან ურთიერთობა და უნდა იყოს იზოლირებული ისე, როგორც ამ ტიპის პატიმარს ეკადრება. მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი კომუნიკაცია ხალხთან, იმიტომ, რომ მავნეა და საშიშია ქვეყნისთვის, პირადად მისი უსაფართხოებისთვისაც ასე ჯობია.
„FARA“-ს ანგარიში ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული, რომ კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ უნდა ვითამაშოთ. ჯიუტად გვეუბნებიან, რომ რასაც დაგიდგამთ, ის დაიჯერეთო და ეს არის კოშმარი. ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ცხადია - სააკაშვილი არის ბოროტმოქმედი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა, მაგრამ თამაშობს თითქოს ის არის გმირი, ვითომ პუტინს ებრძვის, ეს ყველაფერი არის დადგმული, რაშიც ფულს იხდის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი აგენტოკრატიამ უნამუსოდ რუსულად შერაცხა. თუმცა, მისი ამერიკული დედანი „FARA“ იმაზე მეტად ავლენს სააკაშვილისა და მისი უცხოელი აგენტების დასპონსორებულ სამარცხვინო საქმიანობას, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
„ყველა ბოლოდროინდელი აქტივობა ე.წ. პოლიტპატიმარ სააკაშვილზე - ევროპარლამენტის რეზოლუცია, სანქციების დაწესება, მაგნიტსკის სია, პოლონელი ექიმების ვიზიტი, სტატიები, კომენტარები და ა.შ. უზრუნველყო ამერიკულმა ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“. კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოელთა ბლა-ბლა „მომაკვდავ“ სააკაშვილზე, „პრურუსულ“ ხელისუფლებაზე არის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული იაფფასიანი, უზნეო კამპანია.
საქართველოს ინტერესების დაზიანებისთვის ჩეკისტი თემურ ალასანია ყველაზე მსხვილი რეგისტრირებული კონტრიბუტორია წლეულს. ბოლო თვეების განმავლობაში, მან დისშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. ლობისტური მომსახურებისთვის 75 451 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ხოლო მთლიანად ბოლოდროინდელი ანტიქართული ლობისტური საქმიანობისთვის ნაცსექტამ წყალში გადაყარა 96 393 ამერიკული დოლარი.
FARA-ს ანგარიში ვერაფერს იტყვის თუ რა დრო და არაფინანსური რესურსები დახარჯეს ანტიქართული აქტივობისთვის აშშ-ში გახიზნულმა სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა წევრებმა, რევანშისტებმა თემურ იაკობაშვილმა, ალექსანდრე ლომაიამ და ნაცების სხვა წვრილფეხობამ. ვერც სხვადასხვა გზებით ქარს გატანებული „შავი ფული“ ვერ აისახებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში. შიგნიდან და გარედან ათჯერ მეტიც რომ დახარჯოს მეხუთე კოლონამ, მაინც ვერ შეარყევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. გაშიფრულ სამარცხვინო აგენტებს ქართული ახალი კანონმდებლობაც არ ესაჭიროებათ, ყველაფერს დიდი ხანია აეხადა ფარდა“, - ამბობს გია აბაშიძე.
იქედან რას უშვებათ ეს ოხერი კანონი და აქედან რას უზამდათ. ეტყობა წინასწარ იცოდნენ ლომჯარია-გიგაურებმა. ისე საინტერესოა, ამერიკას როგორ მიაღებინეს რუსული კანონი 85 წლის წინათ?
მაინც რა წესი აქვს ამ ამერიკას, აქ დეგნანით იცავთ და იქედან ფარათი ტყავს აძრობთ. ეტყობა ვერ მუშაობენ კარგად და ამიტომ დრო და დრო როზგავენ.
ავგეას თავლას დაემსგავსა "დემოკრატიული" დასავლეთი!
დღეის მდგომარეობით სსრ კავშირს წარმატებით გადაუჯოკრა!