“ თავისთავად ის, რომ ოპოზიციური სპექტრის გამსხვილება მიდის, კარგია, მაგრამ როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთიანდებიან, ეს ისევ ამ პოლუსის გაძლიერება ან შენარჩუნებაა. დღეს მთავარია, საარჩევნო გარემო არ დარჩეს ორპოლუსიანი, რადგან ამით პოლიტიკური პროცესები ზარალდება, და წამგებიანია ქვეყნისთვისაც და თვით ოპოზიციისთვისაც. არსებულ ვითარებაში გამსხვილებისკენ აღებული გეზი სწორია, რადგან ცალ-ცალკე ამ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ნაკლებად აქვთ. თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ორპოლუსიანი სივრცე აღარ იყო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება”
“ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის ყველაზე სწორი იქნებოდა, ამ სამეულს გაერისკა, ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბებულიყო და 5%-იანი ბარიერის გადასალახად ებრძოლა, მაგრამ, რადგან არ გამოსდის და “სტრატეგია აღმაშენებელმა” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაშინ დანარჩენების აქ გაერთიანებაც ლოგიკური იქნება. კარგი იქნებოდა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ცალკე ჯგუფი შეექმნათ, გახარიასთან ერთად ან მის გარეშე, და ებრძოლათ ბარიერის დასაძლევად. დღეს ასეთი ცენტრების შექმნაა აუცილებელი და არა ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება.. მელიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პარტიას მაშინვე არ გაემიჯნა. ვფიქრობ, შემოდგომისთვის მას “ნაცმოძრაობაში” სერიოზული მხარდაჭერა ექნება. აქ არის ორი ვარიანტი - მოახერხოს, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები ჩაატარებინოს და ისევ თავმჯდომარე გახდეს, ან თუ ეს არ გამოსდის, ცალკე პოლიტიკური ჯგუფი შექმნას. რას გადაწყვეტს, მისი საქმეა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემოდგომაზე მაინც უნდა მიიღოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ კანდიდატი იქნება ვაშაძე ან სხვა ვინმე და არა ხაბეიშვილი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ხაბეიშვილი უკანა პლანზე გადავა. ვფიქრობ, მთელი ეს პროცესიც სწორედ ამისთვის დაიწყო. შესაძლოა პოლიტიკური პროცესის განვითარების კვალობაზე ეს ყველაფერი შეიცვალოს. ფაქტია, ხაბეიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე და, ბლოკის თუ გაერთიანების ლიდერი - ვაშაძე ან სხვა ვინმე. გვარამიაზე ჯერ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. აქ უკვე სააკაშვილის მხარდაჭერა იქნება მთავარი. თუკი საკითხი დადგება ასე, გვარამია თუ ვაშაძეო, წესით, ალბათ, გვარამიას სააკაშვილის მეტი მხარდაჭერა ექნება. სააკაშვილი ციხიდან თავს როცა დააღწევს, მერე გამოჩნდება, რას იზამს, მაგრამ მისი ხასიათიდან და განვლილი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ეცდება ყველგან ფიგურირებდეს. ამიტომაც, თუ უკრაინაში წავა, მისი გავლენა პარტიაში მაინც იქნება, მაგრამ როგორ გამოიყენებს, ეს სხვა თემაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სააკაშვილი “ნაცმოძრაობისთვის” გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. დღეს ის “ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, როცა დასჭირდება, მედიასივრცეს შეავსებს და ყურადღებას მასზე გადაიტანს, რათა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამით იყოს დაკავებული, აი, სააკაშვილი ცუდად არის, კლავენ, ევროპარლამენტარებმა ეს თქვესო და ა.შ. ამიტომაც, სანამ ხელისუფლება ამ აზრზეა, ეყოლებათ იქ, სადაც ჰყავთ. “ოცნებას” ურჩევნია მუდმივად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ლაპარაკობდნენ და არა იმ ძალიან მწვავე პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაშია და რაზეც პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა. სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება. უფრო მეტიც, გარეთ გამოშვებული სააკაშვილიც არ სჭირდება. როგორც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი თავად ალაგებენ აქ სიტუაციას. ან გვარამიას უნდა? სააკაშვილის პოლიტიკური ფაქტორი აღარ არის ისეთი ძლიერი, თუნდაც მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
"ლელო" იქნება თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფი, აუცილებელია გამსხვილება, რათა 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული იყოს. ცალკე “ლელოს” 5%-იანი ბარიერის დაძლევა ძალიან გაუჭირდება. აუცილებელია არანაციონალური და არაოცნების წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდნენ და შექმნან ერთიანი ძლიერი გუნდი. ამას უნდა დაემატოს სწორად გააზრებული სტრატეგია, პროგრამა და, რა თქმა უნდა, ლიდერი, რომელსაც ეს ჯგუფები გამოკვეთენ და შემდეგ მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებას ელაპარაკოს. ლიდერის თემა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია წვრილი პარტიებისთვის. ყოფილ ლიდერებზე ფსონის დადება სარისკოა. პრაგმატულად იფიქრონ, ავანსცენაზე ახალი ლიდერის გამოსვლაა საჭირო”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “არის ინფორმაცია, რომ გახარიასთან აპირებს გაერთიანებას “ოცნების” რამდენიმე ყოფილი წევრი, მათ შორის, სერგეენკო. ეს რამდენად შესაძლებელია და რას მოუტანს ოპოზიციურ სპექტრს ან გახარიას პარტიას?”, - პასუხობს:
“ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არა მგონია, სერგეენკომ ეს ნაბიჯი გადადგას. ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან და მათ შორის, არც გახარია. ის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის დაძლევის ყველაზე დიდი შანსი აქვს, მაგრამ სიტუაცია მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ სერგეენკოს შემატება გახარიასთვის ცუდი არ იქნება, თუმცა, ვფიქრობ, თავად სერგეენკო არ გადადგამს ამ ნაბიჯს.