"პროკრედიტ ბანკთან" დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული ნოდარ ა. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და ხაშურში „პროკრედიტ ბანკში“ ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე. შესაბამისი წესების დაცვით შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.

სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.