„უკრაინა-პოლონეთი და აქაური ჯგუფი სხვადასხვა პოლიტიკური სქემით მოქმედებენ - გაგრძელდეს საააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე ლაპარაკი და არა სააკაშვილის უცხოეთში წასაყვანად“

„უკრაინა-პოლონეთი და აქაური ჯგუფი სხვადასხვა პოლიტიკური სქემით მოქმედებენ - გაგრძელდეს საააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე ლაპარაკი და არა სააკაშვილის უცხოეთში წასაყვანად“

ჯერ საქართველოში შეიქმნა ექიმთა კონსილიუმი, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. მეტი სიცხადისთვის კი სააკაშვილის დაცვის მხარე ავრცელებდა კადრებს, სადაც ჩანდა „უძლური“ სააკაშვილი. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველი ექიმები საეჭვოდ გაჩუმდნენ და მათ შორის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფიშიძე და მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებდა სააკაშვილის მიზანმიმართულ მკვლელობაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „დაუძლურებული“ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, განაცხადა, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში და იქვე დასძინა, რომ მისი გული უკრაინას ეკუთვნის. ამის შემდეგ ასპარეზზე შემოიყვანეს პოლონელი ექიმები, რომლებმაც უნდა გაარკვიონ, რა მძიმე მეტალია სააკაშვილის სხეულში.

როგორც ჩანს, პოლონელმა ექიმებმა კარგად იცოდნენ პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა არტურ ზაჩინსკიმ ფეხსაცმლით გამოიტანა სააკაშვილის გენეტიკური მასალა. for.ge-ს ინფორმაციით, ზაჩინსკის თავად სააკაშვილმა დაახვედრა ხელსახოცში შეხვეული თმის ღერი და ფრჩხილი. ჩვენი წაყროს ინფორმაციით, ამ ე.წ. ღონისძიებაში ჩართული იყო სააკაშვილის დედა და ადვოკატები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ჯგუფური თაღლითობა.

პარალელურად, საინტერესოდ ვითარდებდა პროცესები უკრაინაში. რადაში შედის პროექტი, რომლითაც ევროპარლამენტისგან ითხოვენ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დახსნას „სტალინური ტიპის საპატიმროდან“ და ასევე კიევში გაიმართა კონფერენცია - „მიშას მეგობრებო გავერთიანდეთ“! გუშინ, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, უკრაინის ეროვნული თემების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა პარკოვოს საკონვენციო და საგამოფენო ცენტრში, სადაც დაფუძნდება საერთაშორისო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საორგანიზაციო კომიტეტს წარმოადგენენ: უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრო ლუბინეცი, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ევროპარლამენტის წარმომადგენლები, უკრაინის უმაღლესი რადას და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დეპუტატები, ქართველი პარლამენტარები, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ევროპის ქვეყნებში, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და თანამოაზრეები. მოძრაობის შექმნის მიზანია სააკაშვილის მხარდასაჭერად საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია და სააკაშვილის მეგობრებისა და თანამოაზრეების გაერთიანება მთელ მსოფლიოში.

კონფერენციას ესწრებოდა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან. გვარამიამ აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, ახლა საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. როგორც არახამიამ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახლა საუბარი არ მიდის პოლიტიკაზე. ახლა მიდის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ეს არის ჰუმანიტარული მისია.

„სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში, დამნაშავე 100 პროცენტით იქნება საქართველოს ხელისუფლება. ისინიც კარგად ხვდებიან ამას, ამიტომ დაუშვეს ევროპელი ექიმები სააკაშვილთან. სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა. მე, როგორც სახალხო დეპუტატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მომზადების საქმეზე.

ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ ევროპის რაც შეიძლება მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სტრატეგია იმუშავებს. მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე“, - აღნიშნა დავით არახამიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს იმის ილუზია შეექმნათ, რომ ისინი მსოფლიოს მმართველები და ბატონ-პატრონები არიან. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რატომღაც, ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოა ის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ, ვიღაცაზე და რაღაცაზე რევანში მოახდინონ და თავიანთი მდგომარეობა საქართველოთი გააუმჯობესონ.

„საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რაც ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, არის ის, რომ სააკაშვილი და მისი კლიენტურა მაღალ თანამდებობებზე ტყუილად არ ჰყავდათ შეფარებული. სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ მეორე ფრონტის ადგილი ყოფილიყო. მათი გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ შურისძიების რეჟიმში არიან საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო აბსოლუტურად მართალი ქვეყანაა, ხელისუფლება პირნათელია. ასეთი ენით აღუწერელი ბაქჰანალიის მიუხედავად, ცალსახა რეჟიმით ვაგრძელებთ წესიერი და პატიოსანი პოლიტიკის შენარჩუნებას უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, რადგან გლობალური ომის პარტიამ, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რომელსაც საცეცები თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს, ვერ მოახერხეს საქართველოს ომში ჩართვა.

„მათი მიზანია რამენაირად მოახერხონ შური იძიონ. რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმით, რომ მათ უნდათ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა. უნდათ, იმიტომ, რომ მათ შემოაგზავნეს საქართველოში იმ მიზნით, რომ აქ აყირავებულიყო სიტუაცია, შეცვლილიყო ხელისუფლება და რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რომელიც უკვე დაგეგმილი იყო, ომი დაწყებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ჰქონდა სააკაშვილს დავალებული.

როგორც ჩანს, სააკაშვილს მიღებული ჰქონდა გარანტიები იმის შესახებ, რომ ის დაცული იქნებოდა გარკვეული წრეებიდან და არავინ იფიქროს, რომ იმ ტრაილერის მძღოლმა შეიყვანა ვიღაცა ლორთქიფანიძესთან მოლაპარაკების შედეგად. ეს იმართებოდა ერთი ცენტრიდან, ამიტომ სააკაშვილი პირველ ხანებში ყინჩად იყო, თითქოსდა არ იმჩნევდა არაფერს, შემდეგ როდესაც დაგვიანდა მისი გათავისუფლება, რა არ მოიგონეს. დაწყებული დემენციიდან, დამთავრებული ფაღარათებით. როდესაც არაფერი გამოუვიდათ, ეტყობა, სააკაშვილი დაემუქრა თავის პატრონებს, რომ მოაღებს პირს და იტყვის ყველაფერს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

რაც შეეხება უკრაინაში ჩატარებულ კონფერენციას, მისი თქმით, ესენი არიან კლასიკური ტიპის მოქმედი მოღალატეები და მტრები უკრაინელი ხალხის.

„მაშინ, როდესაც ქვეყნა თავზე ემხობათ, როდესაც უამრავი ადამიანია დაღუპული, როდესაც მტერი კარიბჭის შიგნითაა შესული, მაშინ, როდესაც უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანების სისხლი ცას შესჩუხჩუხებს, არახამია და მისთანა ავადმყოფები იმით არიან დაკავებულნი, თუ როგორ გაათავისუფლონ მათსავით ავანტიურისტი, თაღლითი და ქვეყნის გამყვლეფი კანონიერი საჯელის მოხდისგან. ტომები დაიწერება, თუ როგორი მეთოდებით ცდილობენ იქაური და აქაური საქართველოს მტრები ბოლო წელიწადისა და ცხრა თვის მანძილზე საქართველოს აყირავებას და ომში ჩაბმას. დარწმუნებული იყავით, ამ ნაძირალების ქცევა გახდება ქართული სამართლის განსჯის საგანი, ისევე როგორც პოლონელი ექიმის.

რატომ პოლონელი მაინცდამიანც? - რამდენი ხანია მიმდინარეობს საუბარი ოჯახისგან და ევროსპარლამენტარებიდან რატომ არ უშვებთ პოლონელ ექიმებსო. შეუშვეს პოლონელი ექიმები და ვნახეთ რა სამარცხვონო რამ გააკეთეს. ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი არსად არ მინახავს და წამიკითხავს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის მოსალოდნელი სააკაშვილის დამცველი მსოფლიო პოლიტიკოსთა ხროვისგან. სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის, დანარჩენს საქმეებზეც მიმდინარეობს ძიება და შეიძლება კარგა 10-11 წელი ვერ გამოვიდეს იქიდან. ეს არის კაცი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც დამთავრდა მოვლენები, უთავბოლობის შთაბეჭდილება რჩება.

„ერთი მხრივ სააკაშვილი ფეხზე დადგა, დაიძახა მოვდივარ პოლიტიკაშიო და დაიწყო ჭამა. მეორე მხრივ გიული ალასანია ტირის, რომ კვდებაო. მესამე მხრივ უკრაინა იძახის, რომ კვდება და კლავენო, ამ დროს შემოდის ეს პოლონური ჯგუფი, სავარაუდოა, იმ ეჭვით, რომ შეიძლება კლავენ. აბა, რატომ შემოვიდოდნენ? ამიტომ ვიძახი, რომ ერთიანი მოქმედების სქემა არ არის სააკაშვილსა და იმათ შორის, ვინც სააკაშვილის ბედ-იღბალზე დარდობს. სააკაშვილი იფერებს აქტიურ როლს და ამ დროს ისინი, ვინც მის ბედ-იღბალზე დარდობენ, პოლონელების ჩათვლით, უყურებენ მას, როგორც მომაკვდავს.

ამიტომ, მე მგონია, რომ უკრაინა-პოლონეთი და აქაური ჯგუფი რაღაცა სხვა პოლიტიკური სქემით მოქმედებენ. იმით, რომ გაგრძელდეს საააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე ლაპარაკი და არა იმიტომ, რომ სააკაშვილს მოკიდონ ხელი და წაიყვანონ უცხოეთში, უფრო იმისთვის, რომ ედავონ ხელისუფლებას - აი, კლავთ სააკაშვილს. პოლიტიკური შედეგები უნდათ და არა სამედიცინო. შესაბამისად, პოლიტიკური შედეგების მაძიებლებში დიდი ჯგუფი ვერ იქნება ასეთი სცენარის განხორციელებაში ბოლომდე ჩართული და შეიძლება ცალკეული ექიმები ჩაერთონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლაზი უკრაინა და პოლონეთი ახლა არიან ვითომ ჩახუტებულები თორემ, მალე გამოჩნდება მაგათი მეგობრობა. ერთი სული აქვს პოლონეთს როდის ჩაყლაპავს უკრაინის, თავისად მიჩნეულ, ნაწილს და სხვასაც მიაყოლებს თუ სიტუაციამ მისცა საშუალება.
გამარჯვებული უკრაინა არავის არ სჭირდება. ომი მაშინ შეწყდება, როცა უკრაინა დასანაწილებლად იქნება მზად. დასავლეთი ახლა ორ კურდღელს კლავს, ასუსტებს უკრაინასაც და რუსეთსაც, მაგრამ უკრაინას მაშინ გააჩერებენ, როცა რუსეთი ატომის გამოყენების ზრვარზე მივა. ამას არავინ დაუშვებს. ამიტომ იძულებული იქნებიან შუწყვიტონ უკრაინას შეიარაღება და ომიც ერთ კვირაში თავისით დასრულდება. მერე მშვიდობის შენარჩუნებისთვის პოლონეთი შეიყვანს მშვიდობისმყოფელებს უკრაინაში და მიზანიც მიღწეულია.
ყველაფერი დანარჩენი, მხოლოდ საშუალებები და ტაქტიკური მოქმედებებია მიზნის მისაღწევად. მათ შორის პერსონალური პრობლემების წამოწევაც და მეორე ფრონტიც.
1 წლის უკან