შედგა თუ არა ნიკა გვარამიას და დავით არახამიას პოლიტიკური ტანდემი და რა სახის ახალი პოლიტიკური ძალა შეიძლება მივიღოთ?! როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში უკრაინული ხაზი გადაწყდა, გვარამია არახამიასთან თანამშრომლობას და პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს.
გვარამიას და არახამიას ერთად გამოჩენამ გაამყარა ეჭვები, რომ გვარამია პოლიტიკაში შემოსვლას აპირებს. არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ გვარამია 2024 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდეს. რა როლი ექნება არახმაის და როგორ შეიძლება ის ნიკა გვარამიას დაეხმაროს, უცნობია, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა, ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ არახამია გვარამიას დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან სიტუაციის დალაგებაში დაეხმარება, სამაგიეროდ კი მას საქართველოს პოლიტიკაში შემოყვანის გარანტიებს მისცემენ.
ნიკა გვარამია და დავით არახამია პოლიტიკურ თავყრილობაზე კიევში ერთად გამოჩნდნენ. პირისპირ შეხვედრების შემდეგ გვარამია და პრეზიდენტ ზელენსკის საპარლამენტო გუნდის ლიდერი სააკაშვილის გათავისუფლების მოძრაობის ფორუმს ესწრებოდნენ. ორივემ ერთად სამოქმედო გეგმა გაახმაურა, როგორ აპირებენ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
პრეზიდენტი ერდოღანი და პრეზიდენტი ალიევი, ორივე ერთად, სავარაუდოდ, სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩაერთვება. გვარამიამ თქვა, რომ გადამწყვეტი სიტყვა პატიმარი პრეზიდენტის საქმეში საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერმა უნდა თქვას.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შემოსვლას, გვარამიამ ამის შესახებ ვრცლად „ტვ პირველთან“ ისაუბრა. მისი თმით, ის ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში 2024 წელს მონაწილეობას მიიღებს. გვარამიას თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება თუ არა პოლიტიკაში ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება დავით არახამიასთან შესაძლო თანამშრომლობას და არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას, გვარამია ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში იქნება ყველა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს დამათ შორის დავით არახამიას.
„ჩემი ამოცანა, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდანაც ჩართვას, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრების. რაც შეეხება, პოლიტიკაში მოვა თუ არა, მათ შორის, არახამიაზეც არის ხოლმე შეკითხვები, ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს აქვს უფლება პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების და ეს მხოლოდ არახამიას არ ეხება და მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს“, - ამბობს გვარამია.
იქნება თუ არა ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატი, ის ამ ეტაპზე მისი კანდიდატურაზე მსჯელობას არ ადასტურებს. გვარამიას თქმით, მას ჯერჯერობით, პოლიტიკურ ველზე გამოჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„გამორიცხვით, თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ და ეს არასდროს არ მითქვამს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც მე შემიძლია ვთქვა „არასდროს“, მე არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გარეშე. ადამიანების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვისი აზრიც სასარგებლოა ჩემთვის, ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - ამბობს გვარამია.
მოიაზრებს თუ არა რომელიმე პარტიის რიგებში ყოფნას ნიკა გვარამია, ამაზე იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი იქნება რომელიმე პარტიაში თუ პოლიტიკურ ჯგუფში.
ხელისუფლების პოზიცია გვარამია არახამიას პოლიტიკურ დუეტზე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით არახამია და ნიკა გვარამია ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან და მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს.
„რეალურად, არახამია-გვარამია არიან ერთი ძალა. აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს არც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის. ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად – სააკაშვილი-არახამია და გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. შესაბამისად, სიახლესაც კი ვერ დავარქმევთ იმ ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გვარამიას შეცვლილი იმიჯი, რისთვის ამზადებენ მას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა კარგად ხედავს, ციხიდან გამოსული ნიკა გვარამიას იმიჯის შეცვლას როგორ ცდილობენ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გვარამიას სტრასბურგში და კიევში შეხვედრები მოუწყეს და ამ პიარ ხერხებით საზოგადოებაში მასზე გარკვეული შთაბეჭდილების და წარმოდგენის მოხდენას ცდილობენ. თუმცა, ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ გვარამია საკუთარ თავს ვერ გაექცევა და ადრე თუ გვიან, იგივე იმიჯს დაუბრუნდება, რაც ციხეში შესვლამდე ჰქონდა.
„გვარამიასთვის ახალი იმიჯის შექმნას რომ ცდილობენ, ფაქტია. თუმცა, ადრე თუ გვიან, მას საკუთარ თავთან დაბრუნება მოუწევს და დიდი ხანი ვერ დაიმალება. რაც შეეხება არახამიას ფიგურას, საინტერესოა, რანაირად უნდა ითანამშრომლონ მან და გვარამიამ, ან მათი ტანდემი როგორ შეიძლება შედგეს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე უკრაინაში ოფიციალური თანამდებობა უკავია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის არაფერს წარმოადგენს. მისი მავნებლური ნაბიჯები და განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს. ხან სანქციების დარღვევას, ხან პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობას აბრალებდა და ა.შ. თუ ვიწრო წრეს არ ჩავთვლით, რომელიც „ნაციონალური მოძრობის“ ამომრჩეველია, ამ ახალგაზრდა კაცს, ჩვენს საზოგაადოებაში დადებითი იმიჯი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეუძლია ისაა, რომ უკრაინიდან გვარამიას მხარდამჭერი განცხადებები აკეთოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება იმას, სჭირდება თუ არა ნიკა გვარამიას დავით არახამია დასავლეთში რაღაცების „დასალაგებლად“ და ასევე იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე იმოქმედოს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, არახამიას სწორედ ეს როლი დაეკისრება.
„გვარამიას და მის მსგავს პოლიტიკოსებს, რომლებსაც ქვეყანაში არანაირი მყარი მხარდაჭერა, ავტორიტეტი, ნდობა და ა.შ. არ აქვს, პოზიციების გასამყარებლად დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს იყენებენ. ამ შემთხვევაში დასავლეთში არახამია სწორედ გვარამიას რუპორი იქნება. თუმცა, ეს გვარამიას და არახამიასაც, აქ, საქართველოში პოლიტიკური მიზნების მიღწევაში რამდენად დაეხმარება, რთული წარმოსადგენია. ჩვენს ქვეყანაში დადებითად იმ პოლიტიკოსებს არ უყურებენ, რომლებიც დასავლეთთან კავშირებით თავს იწონებენ. მათ საზოგადოება უცხოური გავლენების აგენტად აღიქვამს. ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მენტალობაში, ასეთი ხალხი სწორედ ამდაგვარად აღიქმებიან. პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში, საზოგადოებაში უნდა ჰქონდეთ მყარი საყრდენი, თუკი მას რაიმე სერიოზული პოლიტიკური მიზნები აქვს. ნუ, გვარამია ახლა ცდილობს, სააკაშვილისგან განსხვავებით სხვა იმიჯი შეიქმნას. ის რომ ციხეში არ მოთქვამდა, არ ტიროდა, ექიმებს არ ითხოვდა, ამან საზოგადოების რაღაცა ნაწილში შესაძლოა, დადებითი ემოციები გააჩინა, მაგრამ საკუთარ თავს გვარამია სად წაუვა. დავარცხნილ, გასუფთავებული გვარამია, რომელიც ჯერჯერობით, სიძულვილის ენისგან თავს იკავებს, ამას დიდხანს შეძლებს? ჯერჯერობით, საზოგადოებისთვის ახალი არაფერი შეუთავაზებია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია. საზოგადოებაში ყოველთვის დარჩება იმ გვარამიად, როგორიც ახსოვთ“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისვე თქმით, რთული სათქმელია გვარამია პოლიტიკაში დამოუკიდებელი ძალით შემოვა თუ ენმ-თან ერთად იქნება. მისი აზრით, ალბათ, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი შეხედავენ სჭირდებათ თუ არა გვარამია პოლიტიკურად და როგორ შეიძლება ის გამოიყენონ. შესაბამისად, ანჯაფარიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ის ენმ-ის თავმჯდომარედაც ვიხილოთ. მისი აზრით, მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს.
რევოლუციური შტაბის ხელმძღვანელები
ისტორიკოსი ედიშერ გვენტაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. გვენეტაძე ამბობს, რომ არახამიაც და გვარამიაც, როგორც ახალი მოთამაშეები, ქართულ პოლიტიკაში გლობლური ომის პარტიის დაკვეთით შემოდიან.
„ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ არა არჩევნების გზით, არამედ არეულობით და დესტაბილიზაციით. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი მათ უკან არჩევნების გზით არ დააბრუნებს, ამიტომ რაღაცა „ბ“ გეგმის დამუშავება დაიწყეს, რომელშიც არახამიას და გვარამიას როლი ერგოთ. პოლიტიკურად რომ ვთქვათ, გვარამია და არახამია ნულს მივუმატოთ ნულია. ისინი ქართველი ხალხისთვის არაფერს წარმოადგენენ. იმ დატრენინგების მეშვეობით, რომელსაც საზღვარგარეთიდან კონკრეტული პოლიტიკური ძალები ახდენენ, დიდი ფულის მეშვეობით, ისინი ქვეყანაში უსიამოვნებების გამოწვევას ეცდებიან. თუმცა, ქართველი ხალხის უმრავლესობა, ამ უსამშობლო ადამიანებს არასდროს მხარს არ დაუჭერს. არ გამოვრიცხავ, რომ გვარამია და არახამია საქართველოში ე.წ. რევოლუციური შტაბის ხელმძღვანელებადაც მოგვევლინონ. მათ პატრონები რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებენ. ესენი იმდენად არიან უკვე გასვრილები, რომ ყველას და ყველაფერს იკადრებენ. თუმცა, ცდებიან იმაში, რომ ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს, ქართული სახელმწიფოს მესვეურები მრავალმხრივ დიპლომატიას ეწევიან და ფხიზალად არიან“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ამ ვიგინდარების მცდელობა ქართული საზოგადოების დასანგრევად ნამდილად იქნება და ხელისუფლებაში „ნაციოანლური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა. გვენეტაძე ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის დავით არახამიას გააქტიურება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ასევე უკრაინის პროკურატურისთვის მიმართვა, თითქოს საქართველოში სააკაშვილის მოკვლა სცადეს.
„წარმოიდგინეთ, ქვეყანა თავზე ენგრევათ და დავით არახამიას ვიგინდარა სააკაშვილი ანაღვლებს, რომელსაც მთელი სახელმწიფო თავს დასთათანებს და ცივ ნიავს არავინ აკარებს. აი, ასეთი შარლატანი აფერისტისთვის იცლის და რაღაცას მასხარაობენ. აქ საქმე მარტივად არის, არახამიას და მის პატრონებს ეშინიათ, რომ სააკაშვილს ყელში არ ამოუვიდეს და პირი არ მოაღოს. ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა ღონეს ცდილობენ, ციხიდან გაიყვანონ. თუმცა, ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ და ომი რომ დასრულდება, საბოლოოდ გაირკვევა ზელენსკი და მისი ხროვა რასაც წარმოადგენენ“, - ამბობს გვენეტაძე.