რა მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციური სპექტრის შეკრება კახეთში და რაზე იმსჯელეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც შეხვედრაზე მყოფი პოლიტიკოსები ამბობენ, მათ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტოც გაავრცელეს. ერთი მაგიდის ირგვლივ გახარიას „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლების ნახვამ მმართველ გუნდში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყოფილი პრემიერის გუნდი, ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს. ასევე „ფორმულას“ ჟურნალისტის მიშა მშვილდაძის და ბიზნესმენ თემურ ჭყონიას იქ ყოფნამ ხელისუფლებაში დამატებით კითხვები გააჩინა. წინანდლის შეკრება მმართველ გუნდს ბაკურიანში გამართულ შეხვედრას ახსენებს. „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ ველზე გახარიასა და „ნაციონალების“ ტანდემით, ახალი მოთამაშეც კი გამოჩნდეს.
ოპოზიცია წინანდლის შეკრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სემინარით ხსნის, სადაც მათივე თქმით, სახელისუფლებო გუნდიც იყო მიწვეული, რაც „ქართული ოცნების“ აზრით მხოლოდ თავის მართლებაა.
როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე შეკრებილი პარტიების ერთობლიობა შეუძლებელია, თუ ისინი არ დაიყოფიან და სწორი ფორმით არ შედგებიან, თუმცა შეხვედრაზე ამის განხილვა არ ყოფილა.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კახეთში ოპოზიციონერების შეკრებაზე არ მიიწვიეს. მისივე შეფასებით, წინანდალში შეკრებილებისგან „რევოლუციონერები არ გამოვა“.
„არ ვიყავი მოწვეული და ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემზე დაინტერესებული აფხაზეთის საკითხით არავინ არ იყო, რომ დავაკვირდი. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო და არ მგონია, რომ ის ხალხი, ვინც იქ იყვნენ, რევოლუციონერები იყვნენ. შეიძლება ბატონი ჭყონია ფიქრობს, რომ ამათგან რევოლუციონერი გამოვა და რაღაც უცნაურ ინვესტიციას აკეთებს პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ბიზნესმენებმა იციან ქართულ პოლიტიკაში უცნაური ინვესტიციების კეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, მალე ბატონი ჭყონია თავადაც დარწმუნდება, რომ ამათგან რევოლუციონერი არ გამოვა და თავს დაანებებს ამ საკითხს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში მარცხი ელის და წინასწარ რევოლუციურ სცენარს ამზადებს.
„ყველას კარგად ესმის, რომ რეალური განხილვის საკითხი იქნებოდა, როგორ უნდა მოუარონ იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელი მარცხისთვისაც ოპოზიციაა განწირული მომავალი არჩევნებისთვის. ცდილობენ ისეთი გეგმები დასახონ, რომლითაც შეეცდებიან, რომ გარდაუვალი მარცხი რაღაც ფორმით თავიდან აირიდონ. შესაბამისად, იმსჯელებენ იგივე გეგმებზე, რაზეც მანამდე ბაკურიანში ჰქონდათ მსჯელობა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კახეთში ოპოზიციის შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად, ისინი ერთ პარტიას წარმოადგენენ.
„ესენი არიან ერთი მსოფლმხედველობის ადამიანები. ზოგადად, ერთი პარტია იყო ეს თავის დროზე, შემდეგ მოხდა მათი დაშლა და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად წარდგნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი. დღეს შეიძლება ერთმა ერთი სახელი დაირქვას, მეორემ - მეორე, მაგრამ ეს ადამიანები ყველა არის ერთი. თუ როგორ წარდგებიან, რა ფორმით, რა ფორმულირება ექნებათ, პირადად, მე არ მაინტერესებს, ესენი ყველა ერთნი არიან, ერთი ხერხემალი აქვთ“, - აცხადებს კახა კალაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ წინანდალში ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის შეხვედრა იმის დასტურია, რომ ოპოზიცია დილემის წინაშეა და არ იცის 2024 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად გავიდნენ თუ ენმ-თან ერთად, ან რევოლუციური სცენარი ხომ არ სჯობს ყველაფერს. აბაშიძე ამბობს, რომ ცხადია, თემეურ ჭყონიას დასწრება აღნიშნულ შეკრებაზე იმის მტკიცებულებაა, რომ ის ე.წ. ოპოზიციურ მედიას ნამდვილად აფინანსებს. თუმცა, რომელ პოლიტიკურ ძალაში აპირებს ფულის ჩადებას ცოტა გაუგებრია, რადგან არც ერთი მათგანი ხალხის მხარდაჭრით არ სარგებლობს.
„თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები წინანდალში სოცილურ თემასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ, მაშინ რატომ არ დაასწრეს ამ შეკრებას „იმედი“ და „პოსტივი“? თუკი ოპოზიციას დასამალი არაფერი ჰქონდა, რატომ ცდილობდნენ, რომ ამ მედიებისგან თავი შორს დაეჭირათ? ფაქტი ერთია, რომ ოპოზიცია ძალიან რთულ და მძიმე ვითარებაში იმყოფება. რაღაცა გამოსავალს ეძებენ, მაგრამ რა არის ეს გამოსავალი? ისინი ახლა დილემის წინაშე დგანან - 2024 წელს ან ენმ-თან ერთად უნდა გაერთიანდნენ და ისე წარსდგნენ არჩევნებზე, რაც მათი, როგორც პოლიტიკური ძალის განადგურების ტოლფასი იქნება, ან დამოუკიდებლად და პარლამენტის მიღმა დარჩნენ. ან, საერთოდ, რევოლუციური სცენარი მოიფიქრონ, რომელიც უკვე დიდი ხანია არ გამოსდით, რადგან ხალხი მათ არ ყვება და სახელისუფლებო უწყებები კი მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
რაც შეეხება ჭყონიას ამ შეკრებაზე ყოფნას, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ ის ე.წ. ოპოზიციურ მედიას აფინანსებს და ნაციონალების დიდი გულშემატკივარია. დიდი ალბთობით, 2024 წლის სიაში ჭყონია თავის შვილისთვის ადგილს იყიდის. ამიტომაც ისიც ოპოზიციის ლიდერებთან ერთად თათბირობს. საუბარია ასევ იმაზეც, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შესაძლოა ამ შეხვედრაზე იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციისკენ იხრება, რაც დამერწმუნეთ, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება. მისი არასწორი ნაბიჯების გამო, მან ის ამომრჩეველი უკვე დაკარგა, რომელმაც მეორე ტურში გაიყვანა“,-ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას და მის ვოიაჟებს ბრიუსელსა და კიევში, აბაშიძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილზე დასავლეთიდან ზეწოლა იყო, რათა გვარამია შეეწყალებინა. საქართველოში ოპოზიციის რიგებში დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს დასაყრდენი ფიგურა იპოვოს. ამის დატესტვა კი მარტის და მანამდე გასული წლის ივნისის აქციებზე სცადეს. ავანსცენაზე ნინო ლომჯარიც კი გამოიყვანეს, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, ახლა, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ფსონს გვარამიაზე აკეთებენ, რადგან ინტელექტუალურად ის სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან ბევრად გამოირჩევა.
„ფაქტია, რომ დასავლეთში ვიღაცები გვარამიაზე ფსონს დებენ, მაგრამ მათი გამკვირვებია, რადგან როგორ შეიძლება ფსონი დადო ადამიანზე, რომელიც ქვეყნის შიგნით სრულიად გაკოტრებულია?! ის არის ანტიგმირი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში 1%-იანი მხარდაჭერითაც კი არ სარგებლობს. იმაზეც კი შეიძლება დავა, ვინ უფრო უარყოფითი ფიგურაა, ბოკერია თუ გვარამია. ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ აპირებენ გვარამიას გაპიარებს, თუკი ის პოლიტიკაში ოფიციალურად შემოვიდა. ანუ, ქართველ ხალხში ის იმდენად ანტიგმირია, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა, მისი გათეთრება ვერ მოხდება. გვახსოვს ნინო ლომჯარიასგანაც უნდოდათ რაღაცა პოლიტიკური ფიგურის შექმნა, სიგელები გადასცა ამერიკის ელჩმა და ვითომ რაღაცა დამსახურებებისთვის დააჯილდოვა. არადა ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან სასაცილო ამბავია. ეს ქალბატონი ჩვენს საზგადოებაში საერთოდ არაფერს წარმოადგენს. გვარამიას შემთხვევაშიც ასეა, უნდათ რაღაცა ახალი ლიდერის პოვნა და სწორად იმაში ცდებიან, რომ ეძებენ ისეთ ფიგურებში, რომლებიც ქართველი ხალხისთვის არაფერს წარმოადგენენ“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი ლიდერი, რომლის გარშემოც შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს, ან ხალხი თუნდაც არჩევნებში მას გაჰყვეს, მით უმეტეს რევოლუციურ სცენარზე ვინმემ იფიქროს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი დასავლეთი ფსონის დადებას ნიკა გვარამიაზე, ან სალომე ზურაბიშვილზე და სხვა პოლიტიკურ ლიდერზე აპირებს, ძალიან შეცდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, არც ერთი მათგანი ავტორიტეტით არ სარგებლობს.
„ახლა რასაც ვუყურებთ, ოპოზიცია ნამდვილად ძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ყველანაირი რესურსია ამოწურული. ამიტომ გამოსავალია მოსაძებნი, რომ 2024 წლისთვის კატასტროფული სურათი არ მივიღოთ. ნიკა გვარამია, როგორც ენმ-ის ლიდერი, ნამდვილად ბევრად სასურველი უნდა იყოს ნაციონალებისთვის, რადგან ლევან ხაბეიშვილით 2024 წლის არჩევნებზე წარდგენა ძალიან ცუდ შედეგს მისცემთ, მით უმეტეს თუკი სურთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა მათთან ითანამშრომლოს. გვარამიას, მართალია, საზოგადოებაში არ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ მას აქვს საკმაოდ კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, რაღაცა პოლიტიკური ლანდშაფტი შექმნას. თუმცა, ის ოპოზიციის გაერთიანებას ვერ შეძლებს, უბრალოდ, იმ პარტიებისთვის, ვისთვისაც ხაბეიშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანება სათაკილოა, გვარამია ასეთი ფიგურა არ იქნება. რაც შეეხეება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი ენმ-თან გვერდით აღმოჩენა და სრულად განულება ერთი იქნება. მას თუ პოლიტიკაში დარჩენა სურს, თანაც ოპოზიციურ ფლანგზე, მაშინ ე.წ. მესამე ძალის ლიდერად მოგვევლინოს ჯობია. არც ნაციონლების და არც „ოცნების“ მხარეს. თუმცა არც ის არ არის იმ დონის ლიდერი, რომ ხალხი გაჰყვეს. თუმცა რაღაცა ახალი ძალის ფორმირება შესაძლებელია. არ ვიცი დასავლეთში ვინ ფიქრობს, რომ გვარამიაზე ფსონის დადება ღირს, რადგან ის ჩვენს საზოგადოებაში 1%-იანი მხარდაჭერითაც კი არ სარგებლობს“,-ამბობს ძაბირაძე.
იგივეს აკეთებსო მილიარდერი არახამია. ვიღაც ყოფილი ნაცი დათო საყვარელიძე და ეს ზედა ჯამაათი ერთი ხროვაა, როგორც მითხრეს!
ძალზე კონფიდენციალურად მომაწვდინეს ხმა, - ყველაფერი კონფიდენციალურად ხდებაო. მე რაკი ეს გავიგე, - კითხვა დავსვი "კონფიდენციალურად", - არავის გაუმხილოთ, 'შემინახეთ" საიდუმლო. დარწმუნებული რომ არ ვიყო, საქართველოს მთავრობა ამაზე წამსვლელია, - არც არაფერს დავწერდი!" წერს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო და პირწავარდნილი ნაცია, ეხლა უკრაინაში "მოღვაწეობს", მასთან გარიგება...? არასერიოზულია.