ქართულ პოლიტიკაში, შესაძლოა, ახალი მილიარდერი, ყაზახეთში მოღვაწე მიხეილ ლომთაძე ვიხილოთ

ქართულ პოლიტიკაში, შესაძლოა, ახალი მილიარდერი, ყაზახეთში მოღვაწე მიხეილ ლომთაძე ვიხილოთ

ქართული ოპოზიციური ველი გაკოტრებულია. ოპოზიცია ისევ ქუჩაზე ამყარებს პოლიტიკურ იმედებს, რადგან გაკოტრებულმა ძალამ იცის, რომ არჩევნებით იმ პოლიტიკურ შედეგს ვერ დადებს, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლებაში დაბრუნებას. რადიკალურ ძალას მხარს უჭერს ევროპელი პოლიტიკოსების გარკვეული ძალები, რომლებმაც ოპოზიციას ლიდერად დაუნიშნა „მედია მენეჯერი“ ნიკა გვარამია. გვარამია ამჯერად უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებთან მართავს შეხვედრებს, რომლებიც სოციალური ქსელიდან მოუწოდებენ თანამოზრეებს, რომ არ ჩავიდნენ უკრაინაში საომრად, დარჩნენ საქართველოში, რადგან თავადაც მალე დაბრუნდებიან საქართველოში და ერთად უნდა იბრძოლონ პრორუსული ხელისუფლების დასამხობად.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და მთლიანად დაშლილი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირდაპირი მტკიცებულებები ჰქონდათ წარმოდგენილი ოპოზიციის კოორდინაციის შესახებ უკრაინის ხელისუფლებასთან. პრემიერი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ველზე დაბრუნდება ზიზიღის რიტორიკა, რაც უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას.

„ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა გვარამია, იყო ის, რომ უნდა შემცირებულიყო ამით პოლარიზაცია. მე კითხვა მინდა, დავუსვა, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? შეხედეთ მის გამონათქვამებს, მის ჩართულობას, მის დესტრუქციულობას, პირიქით, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, უფრო გააღრმავებს, გააღვივებს პოლარიზაციას.

ზიზღის რიტორიკა დაბრუნდება მათი მხრიდან და ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მათგან მომდინარეობს. ეს არის რეალობა და კიდევ, რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, კიდევ მინდა, გავიმეორო, ყველას მინდა, მოვუწოდო, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს იმ სიცრუისთვის, რომლითაც მათ ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მოსალოდნელი დესტრუქციის ფონზე საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს პოლიტიკური ველი 2024 წლის არჩევნებისთვის და როგორი იქნება ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში? საქართველო ფორმალურად და ნაწილობრივ, ფაქტობრივად, კვლავ რჩება დასავლეთის ორბიტაზე, თუმცა „სუვერენიზმის კბილები“ ხელისუფლებამ 2019 წლიდან გამოაჩინა. ქართული ხელისუფლების „ამბოხის“ საბაბი შარლ მიშელის შეთანხმება გახდა, რომლის გარშემო დატრიალებულმა პროცესებმა დასავლეთი ისეთი ოდიოზური ფიგურების დამცვლების როლში ჩააყენა, როგორებიც იყვნენ ქართული პოლიტიკის მთავარი „მომნანიებელი“ და მიხეილ სააკაშვილის ზონდერ ბრიგადების მხედართმთავარი გავრილოვის ღამის პარლამენტის შტურმის დროს, ექს-გენპროკურორი და კიდევ ორი „ექს“ - ირაკლი ოქრუაშვილი, საზოგადოებაში ხაზინის ქურდად ცნობილი, 50 მილიონი ლარის ორჯერ წამცუნცულებელი გიგი უგულავა და 90-იანი წლების სისხლიანი გარჩევების ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირის, ცნობილი მხედრიონელის და „ვერის საძმოს“ ლიდერის, არაერთ მკვლელობასთან ასოცირებული გიორგი (ჟორიკა) რურუა. საქართველოს ხელისუფლებებისგან სრულ მორჩილებას მიჩვეული კოლექტიური დასავლეთი სახტად დარჩა და მხოლოდ ცუდი სვლები აკეთა.

„ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების და ფსიქიურად არამდგრადი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანით, დასავლეთის იმიჯმა საქართველოში დიდი დარტყმა მიიღო. სააკაშვილის ხელისუფლებას თავიდანვე ნება მისცეს ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაემყარებინა, რაც რადიკალური რეფორმების ჩატარების აუცილებლობით იყო განპირობებული. აზარტში შესული დიქტატორი კი საკუთარ სიხარბეს დაემორჩილა, ქვეყანა და ხალხი უმოწყალოდ ძარცვა.

ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით 17 მლრდ ლარი უნდა ყოფილიყო სააკაშვილის მონაგარი მხოლოდ საპროცესო გარიგებების გზით. სისხლიანი ტერორი ქუჩებსა და ციხეებში, ადამიანებისთვის ღირსების აყრა, წამება, სახელმწიფო ქონების „ორმაგი კონტრაქტებით“ გაყიდვა-განიავება, მედიის სრული კონტროლი, ჯიბის სასამართლო და პროკურატურა, მოსყიდული ლობისტები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში გადაიქცა მართვის ფორმად.

თუმცა, მაშინდელი დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან ზუსტად იგივეს ფიქრობდა, რაც თავის დროზე აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა ნიკარაგუელი სისხლიანი დიქტატორის ანასტასიო სამოსას შესახებ თქვა: „სამოსა ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“. ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც დასავლეთი სიტყვებით ერთს ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს, მაგრამ მათი გენერლები საქართველოს თავდაცვის სისტემაში ისხდნენ, ჯარს ამზადებდნენ და სამხედრო ოპერაციებს გეგმავდნენ.

ანალიტიკოსების შესაფასებით, არ არის გამორიცხული, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი ომი იყო დაგეგმილი, სადაც 100,000 რეზერვისტს პარტიზანული ომი უნდა ეწარმოებინა, თუმცა რეზერვის მომზადების ფული შეიჭამა და ომის დროს ის არავის გახსენებია. ვინც თავისით გამოცხადდა, იმასაც უთხრეს - სახლში წადითო. ამ საკითხში სააკაშვილმა დამკვეთების იმედები არ გაამართლა - მთავარსარდალს შეეშინდა ფიზიკური განადგურების, ჯერ ჰალსტუხი დაღეჭა, შემდეგ გორში ასფალტზე იხოხა და 5 დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა, თანაც ისე, რომ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე განხილვის მუხლი, რომელიც რუსეთთან შეთანხმებული იყო, სარკოზის ამოაღებინა შეთანხმებიდან, რითაც რუსეთს უბიძგა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებისკენ. ამავე დროს დასავლეთის ინტერესების ყველაზე ერთგულ ქართველ მსახურებს საჯაროდ არაერთხელ გაუჟღერებიათ იდეა, ეღიარებინათ აფხაზეთი. 2004-2012 წლების დიქტატორული რეჟიმის უპირობო მხარდაჭერამ დასავლეთის რეპუტაცია საქართველოში ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა, საზოგადოება მიხვდა, რომ საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტია სხვის გეოპოლიტიკურ თამაშებში და არავინ არ აპირებს მისთვის „მარშალის გეგმის“ ინიცირებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ამბოხი მას შემდეგ დაიწყო, როცა შარლ მიშელის შეთანხმების დადებისას, ხელი მოაწერინეს სასამართლო სისტემის უცხოეთისთვის გადაცემაზე. როგორც ცნობილია, შეთანხმებაში პირდაპირ ეწერა, რომ მოსამართლეებს აარჩევს უცხოელ ექსპერტთა საბჭო. სასამართლო კი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და ვინც მას აკონტროლებს, მას შეუძლია პოლიტიკის და ბიზნესის კონტროლი. ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს სრულ გარე მართვაზე გადაყვანას ნიშნავდა. მიუხედავად „ამბოხისა“, ხელისუფლება ცდილობს, ვითარება მაქსიმალურად არ გაამწვავოს, რათა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციების ნაცვლად, ფორმალური სანქციები არ გამოიწვიოს.

პოლიტიკურ სპექტრს რაც შეეხება, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, აქ თამაშის წესები უკვე კარგა ხანია შეთანხმებულია დასავლეთსა და ხელისუფლებას შორის. ასპარეზზე მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგიის პროდასავლურ ძალებს უშვებენ. დისკურსიც და კონკურენციაც მხოლოდ ამ იდეოლოგიის გამზიარებელ პოლიტიკოსებს შორის უნდა წარიმართოს და ამას რეიტინგულ ტელევიზიებში ფიგურების გამოჩენის სიხშირით არეგულირებენ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პროპაგანდას მოსახლეობის მინიმუმ 50% ექვემდებარება.

საქართველოში სატელევიზიო რეკლამის ბაზარი კანონით ისეა მოწყობილი, რომ სარეკლამო შემოსავლების 60%-ს ხელისუფლების მხარდამჭერი მედია იღებს, ხოლო 40%-ს ოპოზიციური პროდასავლური ლიბერალების კუთვნილი მედია. განსხვავებას კი დასავლეთი გრანტებით ფარავს, რასაც ცხადია, ვალდებულებებიც მოყვება - მათ შორის, ლგბტ პროპაგანდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტელემედია კონტროლირებადი, დაბალანსებული დღის წესრიგით მუშაობს. ბალანსი კი მხოლოდ სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იყოს.

თუმცა, არის ცალკეული, მართლაც თავისუფალი მედია, მაგრამ ისინი უსახსრობის გამო განვითარებას ვერ ახერხებენ და სოციალურ ქსელში ისინი პირდაპირი ცენზურის ობიექტები არიან. დაახლოებით ასეთი გარემოთი შევდივართ წინასაარჩევნო პროცესში. სიახლე კი ის იქნება, რომ ხმებს საარჩევნო უბნებზე ამერიკული ხმის დამთვლელი მანქანები დაითვლიან, რომელსაც აშშ-ში ტრამპის მხარე არ ენდობა და დიდწილად ამის გამოც, 2020 წლის 6 იანვარს კონგრესში შეჭრა მოხდა.

როგორია პოლიტიკური ველი     

დასავლეთსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებულ პრივილიგირებულ ლიბერალურ ნიშაში პარტიების ყველაზე დიდი სიმჭიდროვეა. პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლის და უცხოელი ბატონების მსახურების რბოლაში 15-მა პარტიამ „ლგბტ მემორანდუმსაც“ კი მოაწერა ხელი. ამ ნაბიჯით ისინი ამორმჩევლის 80%-ს გაემიჯნენ. გამოდის, რომ ეს პარტიები ლეგიტიმაციას არა ქართველ ამომრჩეველში, არამედ უცხოეთში ეძებენ, რადგან სწორედ უცხოეთი მოითხოვს ლგბტ მოძრაობის აქტიურ და ღია მხარდაჭერას.

გარდა ამისა, საქართველოში სანდო სოციოლოგიური კვლევები თითქმის არ ქვეყნდება. კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა ან პოლიტიკური პარტიის დაკვეთაა, ან უცხოეთის და შესაბამისად გამოცხადებული შედეგებიც მათ ინტერესებს ემსახურება. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, არსებობს კვლევა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ამ კვლევით, რომელიც 2023 წლის მაისში 3300 კაცზე ჩატარდა, ლიბერალიზმის მომხრე საქართველოში 12%-ია, ხოლო კიდევ 10%-თვის ლიბერალიზმი მეტ-ნაკლებად მისაღებია. ამ 12%-იან ნიშაში არიან 15 პარტია და ამავე ნიშაში „ოცნებაც“ აფათურებს ხელს თავისი „ღამის ეკონომიკის“ მრევლით. „ნაცმოძრაობა“ თავისი 5%-იანი რეიტინგით მყარად ლიდერობს. დანარჩენი პარტიებს 2%; 0.1% და 1,2% აქვთ.

საინტერესო კონფიგურაციას გვთავაზობს „ოცნება“, რომელმაც ორი სატელიტი შექმნა - „ხალხის ძალა“ და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ამავე წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორივე პარტიად ჩამოყალიბდება და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. „ხალხის ძალა“ ტექნოლოგიური პროექტია და დასავლეთთან ფარიკაობისთვის შეიქმნა, ხაინდრავა-გუნცაძე-გაჩეჩილაძის პროექტი კი, ალბათ, კონსერვატიული მოძრაობის საარჩევნო მადის მოსათოკად არის შექმნილი, რაც ნათლად გამოჩნდა პრაიდის ჩაშლის მოვლენებისას, როცა სახელისუფლებო მედიამ მთავარ ჩამშლელად „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გამოიყვანა.

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამ ორი ახალი პარტიის შექმნა, რომლებსაც თუ ისევ „ოცნება“ არ მიეხმარა, ორივე მათგანი ჯამურად 1-2%-ს მიიღებს. ჩვენს ხელთ არსებული კვლევის თანახმად, ამომრჩევლის 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას 2024 წლის არჩევნებში. 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს არჩევანი. გამოკითხულებს სთხოვეს იდეოლოგიური პლატფორმებიდან 3 სასურველი დაესახელებინათ. ქართველი ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება ასეთია - პატრიოტიზმი 73%, სოციალიზმი 27%; ლიბერალიზმი 22%; ნაციონალიზმი 15%; მემარჯვენე 12%; მონარქიზმი 12%; კომუნიზმი 11%; ცენტრისტული 4%.

წლების განმავლობაში მემარცხენე პლატფორმის უპირობო ლიდერი იყო შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ლიბერალურ პროდასავლურ ნიშაში გადანაცვლებამ, მას ეს ნიშა დიდწილად გამოათავისუფლებინა და დღეს მისი რეიტინგი ცდომილების მარჟის ფარგლებში მერყეობს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ კვლევით 20%-ია, თუმცა ტრადიციულად გამოკითხულთაგან ნახევარზე ოდნავ მეტი მიდის არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ პირველი ადგილისთვის ვერავინ შეეცილება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ვერ მოახერხებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას. მომავალი პარლამენტი, დიდი ალბათობით, კოალიციური იქნება. მმართველი კოალიციისთვის კი 10%-იან პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკება მოუწევს. ასეთი კი ჩვენი წყაროს ინფორმაციით არის - „ხალხის ძალა“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „გირჩი“. თუმცა, საერთო ჯამში სამივეს მიერ 10%-ის მიღება საკამათოა. აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენას უნდა ველოდოთ, რაზეც უკვე საუბრობენ პოლიტიკურ „სამზარეულოებში“.

ახალი პოლიტიკური ძალები

2020 წლიდან აქტიურად მიდის საუბარი ახალ პოლიტიკურ პროექტზე, რომელსაც ტვ „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე და შევარდნაძის სიძე გი ჯოხთაბერიძე გეგმავენ. რუხაძე „იმედის“ გარდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ფლობს, ხოლო ჯოხთაბერიძე „მაგთი“-ს. ამ ტანდემს უზარმაზარ ფინანსურ რესურსთან ერთად მედია აქტივებიც აქვს, რაც დიდი საქმეა საარჩევნო კამპანიისთვის. ამბობენ, რომ ამერიკელი სოციოლოგების ჯგუფიც კი იყო ჩამოსული მათი პოტენციური რეიტინგის გასაზომად. როგორც ჩანს, არცთუ ისე სახარბიელო შედეგი დაიდო და ამ ტანდემმაც დროებით პაუზა აიღო. ამ პროექტის 2024 წელს დაწყების ალბათობა მაინც არსებობს, თუმცა მინიმალური.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკურ ველზე შეიძლება ვიხილოთ ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, რომელმაც შესაძლოა, პროცესებში პირადად არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ პოლიტიკური და მედია პროექტი განახორციელოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, მსგავსი ნაბიჯის სტიმული ყაზახურ-რუსული ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესები იქნება, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა, საეჭვოა, რომ ივანიშვილი ასეთ პროექტს სიხარულით შეხვდეს, რადგან საქართველო იმდენად პატარაა, რომ ორი მილიარდერი ბევრი იქნება.

ამ დრომდე ნათელი არ არის კიდევ ერთი მილიონერის ლევან ვასაძის პოლიტიკური გეგმები. შექმნა მოძრაობა, ავტორიტეტული ხალხიც შემოიკრიბა, ტელევიზიაც დააფუძნა თუმცა, როგორც თავად მიგვანიშნებს, მოწამლეს და ორ სასიკვდილო დაავადებას უმკლავდებოდა. ვასაძეს ნამდვილად ყავს მხარდამჭერები და გამართული საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში შეუძლია 5%-ზე მეტი შედეგი აჩვენოს. არ არის გამორიცხული, რომ ლევან ვასაძე „კონსერვატიული მოძრაობის“ პირველ ნომრად ვიხილოთ. კვლევის თანახმად, ლევან ვასაძე არაპარტიული პიროვნებებიდან სანდოობის თვალსაზრისით, პირველ ხუთეულშია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროექტში შეიძლება ვიხილოთ ანალიტიკოსთა ჯგუფი: სოსო მანჯავიძე, ირაკლი გოგავა, დემურ გიორხელიძე, მაია ნიკოლეიშვილი, ხათუნა ხოფერია და რუსუდან შარაძე. ამ გუნდმა შეიძლება ამომრჩევლის იმ ნაწილის ხმა მიიღოს, ვინც „ოცნებას“ ხმას აღარ აძლევს. თუმცა, მათი მთავარი პრობლემა მედიაზე წვდომა და ფინანსებია. არ არის გამორიცხული, რომ პრორუსული ძალებიც შეეცდებიან პოლიტიკური პროექტის რეალიზებას და არჩევნებზე გასვლას. ასეთ ფიგურად, პირველ რიგში, დიმიტრი ლორთქიფანიძე სახელდება. საქართველოში ღიად პრორუსული განწყობების ელექტორატი დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ნიშას ვერ აითვისებს. სიურპიზი არ არის გამორიცხული „ფრანგული“ ფრთიდან - მათ შეიძლება „რეფორმერის“ მსგავსი პროექტი კვლავ შექმნან.

მაშ ასე, როგორც ჩანს, 2004 წლის არჩევნები იქნება საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით. ანალიტიკოსების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური ველი ცარიელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ველის შევსება. პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საინტერესო იქნება გოგავა-მანჯავიძის გუნდის შემოსვლა და ფიქრობს, დაგვიანებულიც არის სწორედ ამ ტიპის და ამ ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები, როგორიც იგულისხმება გოგავა-მანჯავიძის პოლიტიკურ გემოვნებაში.

„ყველა არჩევნების დროს რაღაცა სირთულე იყო და მე, შეიძლება დავეთანხმო მათ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დრო არის ახალი პარტიის გამოჩენისთვის, იმდენად ჩამქრალია მთლიანად ოპოზიციური მუხტი. ჩამქრალის გარდა არსებული ოპოზიციური ჯგუფი იმდენად მდარე ხარისხის პოლიტიკას სთავაზობს საზოგადეობას, რომ მაღალი ხარისხის პოლიტიკის მიწოდება საჭირო და დროულია. ეს ადამიანები სწორედ რომ მაღალი ხარისხის პოლიტიკურ ალტერნატივას გააჩენენ“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდს ყველა მხრიდან შეუტევენ, ვინაიდან ისინი კონკურენტები იქნებიან იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც დღეს მოქმედებენ პოლიტიკურ ველზე.

„თუმცა, პოლიტიკა ბრძოლაა. პარტიების რაოდენობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. მართლა შეგვიძლია გავაჩუქოთ ბევრი პარტია, მაგრამ ხარისხში ვაგებთ ძალიან. ვინმესთან შედარებით კი არა, არამედ როგორც ბარათაშვილის ჰქონდა ფრაზა - „ქართლის ბედიო“, აი „ქართლის ბედთან“ მიმართებაში არ გვაქვს პოლიტიკური ჯგუფების ის ხარისხი, რასაც ეს „ქართლის ბედი“ მოითხოვს ჩვენგან.

დღეს, ჩვენგან „ქართლის ბედი“ ხალხს არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს მაღალი დონის პოლიტიკურ კულტურას და აი, ამ მხრივ არის ეს ჯგუფი მისასალმებელი. მე მგონია, მათი ადგილი ისევ და ისევ იქნება კონსერვატიული ნიშა. ისევ და ისევ იმიტომ, რომ თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიწია კონსერვატიულობისკენ, თუმცა, ისევე როგორც ლიბერალიზმში არის უამრავი ტონალობა და ნიუანსი, რაც ასხვავებს ამა თუ იმ ლიბერალურ ჯგუფს ერთმანეთისგან, ასევე კონსერვატიზმი შეიძლება ბევრნაირი იყოს. განსაკუთრებით საინტერესო არის კონსერვატიზმის თეორიული გააზრება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, როცა საფრთხე არის რეალური, ამის გათვალისწინებით ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლის სურვილი არის, მაგრამ ყველაფერი სურვილებით არ ხდება.

„სურვილი მაქვს, რომ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს მძლავრი ოპოზიციური თუნდაც გაერთიანება, რომელიც კონკურენციას გაუწევს და პოლიტიკური ველიდან განდევნის „ნაციონალურ მოძრაობას“ მაგრამ არის კი ამის შესაძლებლობა? ეს არის მთავარი კითხვა. დღეს ოპოზიციურობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის კონსოლიდაცია. როგორ განაწილდება საქართველოში ხელისუფლება უკვე ჯანსაღ პოლიტიკურ ორგანიზაცებს შორის, ეს ხომ რამდენი დღის ამოცანაა. დღეს, ასეთი ამოცანა არ დგას. დღეს დგას ასეთი ამოცანა - ხელისუფლება რომ განაწილდეს, საქართველოს არსებობა არის აუცილებელი. შესაძლებელია, საქართველო როგორც სახელმწიფო ამ ახალი მსოფლიო წესრგის პირობებში აღარ იყოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.