„სერგეენკოს აბსოლუტურად არ უნდოდა არც მინისტრობა, არც პარლამენტში ყოფნა, ამას დათანხმდა ბიძინა ივანიშვილის დიდი პატივისცემითა და ხათრით“

„სერგეენკოს აბსოლუტურად არ უნდოდა არც მინისტრობა, არც პარლამენტში ყოფნა, ამას დათანხმდა ბიძინა ივანიშვილის დიდი პატივისცემითა და ხათრით“

წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები, მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, ანუ ყველა, ვინც გასასვლელია და, გასვლის შემდეგ, საკუთარ გუნდს ლანძღავენ.

ასე დაემართა გიორგი გახარიას, დავით უსუფაშვილს, თინა ხიდაშელს, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, გიორგი მარგველაშვილს, მალე პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება პრეზიდენტ ზურაბიშვილს და კიდევ ერთ რებუსს დაუტოვებს „ქართულ ოცნებას“, იქნება თუ არა საკუთარი ყოფილი თანამებრძოლების ხისტად გამაკრიტიკებელი, თუ იმ წინააღმდეგობით ამოწურავს საკუთარ თავს, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ.

ე.წ. აგენტების კანონის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი დატოვა დავით სერგეენკომ. ის რაფინირებულ, გაწონასწორებულ ადამიანად ითვლება, რომელსაც სიტყვა არ გაექცევა და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ნაკლებად მოიცლის. თუმცა უცნობია, შეუერთდება თუ არა სერგეენკო „ოცნებით“ უკმაყოფილოთა ნაკადს. ზოგადად, საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებზე უარყოფით კონტექსტში საუბარი იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ტოვებს, თუ თვითონ „ქართული ოცნების“, რომელმაც პირვანდელ გზას გადაუხვია?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ლევან გოგიჩაიშვილის პოზიციას იზიარებს, რომელიც ღირსეული პოლიტპატიმარი, მისი თანამებრძოლი იყო, მაგრამ ლევანმა „ქართულ ოცნებას“ არ აპატია ჯალათი მოსამართლეების მხარდაჭერა, რაც პოლიტპატიმრების და დაღუპული ადამიანების შეურაცხყოფად ჩათვალა.

„თავისთავად ცხადია, მეც ასე მოვიქცეოდი. სხვები რატომ მიდიან-მოდიან „ქართული ოცნებიდან“, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. სერგეენკოს მიერ დეპუტატობის მანდატის იძულებით დატოვება ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, მას არ აპატიეს ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატავა. ცხადია, სერგეენკო პარლამენტის სხდომებსაც აცდენდა, მაგრამ რამდენი დეპუტატი არ დადის პარლამენტში?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული მიდგომით უნდა მივუდგეთ, ლევან გოგიჩაიშვილის შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია, ზოგ შემთხვევაში კი, პირადი წყენა იყო მოტივი.

ანალიტიკოსი ეჭვობს, დავით სერგეენკომ პრობლემა შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, სერგეენკო ღირსეულ ადგილს მაინც იპოვის, ის კარგი მენეჯერი და სახელმწიფო მოხელე იყო. ამიტომ სერგეენკოს წასვლა უფრო „ქართული ოცნების“ დანაკარგია, ვიდრე სერგეენკოსი.

„იდარდოს „ქართულმა ოცნებამ“, ვის ნახავს სერგეენკოზე უკეთესს, როცა დოქსოფულოებით არის სავსე“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე დავით სერგეენკოს პირადად არ იცნობს, მაგრამ იცნობს სერგეენკოს მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს, ვინც სერგეენკოს მანამდე იცნობდა, სანამ ის საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილის ნებით.

„ყველა მათგანი აღნიშნავს, როგორი უბრალო და ყურადღებიანიც იყო დავით სერგეენკო ურთიერთობაში, როგორც ექიმი, ისეთივე დარჩა მინისტრობისას. ეს იყო ადამიანი, რომელსაც მინისტრობას ვერაფერს შეამჩნევდით. სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ სერგეენკოს აბსოლუტურად არ უნდოდა არც მინისტრობა, არც პარლამენტში ყოფნა, ამას დათანხმდა ბიძინა ივანიშვილის დიდი პატივისცემითა და ხათრით“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ ლანძღავენ საკუთარ თანაგუნდელებს, პეტრე მამრაძე თვლის, რომ ეს ორმხრივი პრობლემაა და გასაგებიცაა, რადგან საქართველოში ჯერაც არ არის პარტია, რომელიც ბუნებრივად პარტიული იდეოლოგიითა და პროგრამითაა ჩამოყალიბებული და შეკრული, როგორებიც არიან „სოციალ-დემოკრატები“ გერმანიაში, ან „ქრისტიან-დემოკრატები“ გერმანიაში. ბოლო წლებში იქაც ხდება პარტიული საწყისების ეროზია, მაგრამ მაინც მყარად არიან და პარტიაში მუშაობის შემდეგ საკუთარ პარტიაში წინაურდებიან, რაც საქართველოში არ ხდება.

„საქართველოში არჩევენ ტექნოკრატებს, რაც ერთადერთი სწორი მიდგომაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ობიექტურად, ისტორიულად, სოციალურად ჯერ სტრუქტურირებული არ არის არც საზოგადოება და არც პარტიები. მაგალითად, სერგეენკომ ხმა არ მისცა უცხო აგენტების კანონს, ასევე მოვიქცეოდი მეც. ვიყავი და ვრჩები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად და პირველმა ვთქვი, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება მისი მხრიდან იყო პოლიტიკაში შემოსვლა, მან საფრთხეში ჩააგდო საკუთარი თავი, მამაკაცისთვის ეს არაფერია, მაგრამ საფრთხეში ჩააგდო მთელი ოჯახიც. სააკაშვილის დროს პირველ წლებში თუ რამე სასიკეთო გაკეთდა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ფულითა და მხარდაჭერით. თუმცა ამ სახით აგენტების კანონის შემოტანა იქნებოდა შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდებოდა „ოცნების“ პრესტიჟს და ეს გამართლდა კიდეც“, -აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსის აზრით, ადამიანებთან მიმართებით მეტი სიფრთხილეა საჭირო, თვითონ ივანიშვილიც გაოგნებული იყო მარგველაშვილის ქცევით, რაც არ დამალა ტელევიზიით, ხალხო, არჩევნებამდე ეს კაცი ასეთი იყოო (ბიძინა ივანიშვილმა ხელის გული აჩვენა) და არჩევიდან ორ თვეში ასეთი გახდაო. ისიც თქვა, რა მოითხოვა და როგორ მოიქცა მარგველაშვილი. არც ქალბატონი ზურაბიშვილი არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესებს გაატარებდა.

 

David Beria ამათი მოსაწონი არავინ დარჩა. თავად პარლამენტი ხომ არ არის შესაცვლელი?
1 წლის უკან