„საქმე გვაქვს ბიზნესის წართმევის მცდელობასთან, პირის უკანონო პატიმრობასთან და იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედებასთან რომლის დეკლალირებასაც ახდენდა მთავარი პროკურორი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბიზნესმენ გელა მიქაძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. ბიზნესმენი 2013 წლის 9 ივნისს 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, (რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას) დაკავებულ იქნა გელა მიქაძე.
დაკავებამდე ბიზნესმენი არაერთხელ იქნა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში, სადაც იგი დროულად ცხადდებოდა. 2013 წლის 22 აპრილს მიქაძემ ვრცელი ჩვენება მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს, ჩვენების შემდეგ მიქაძეს პერიოდულად ტელეფონით უკავშირდებოდა გამომძიებელი და იგი დაბარებისთანავე ცხადებოდა საგამოძიებო ორგანოში. როგორც ადვოკატი განმარტავს მიქაძე რამდენჯერმე სპეციალურად ჩამოფრინდა უცხოეთიდან, რათა ახსნა-განმარტება მიეცა გამომძიებლისათვის.
„დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც მას მიეცემოდა მიქაძის დაკავების უფლება, რითაც უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნა.
ამის მუხედავად, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იმავე განჩინების თანახმად, მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 1 აგვისტოს.
განჩინებაში ზოგადად იქნა აღნიშნული, რომ ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით დაემალება გამოძიებას და არ გამოცხადდება სასამართლოში, ვინაიდან მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით. აღნიშნულ განჩინებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ გააჩნდა ბრალდების მხარეს სასამართლოს ნებართვა გ.მიქაძის დაკავების შესახებ. ასევე არ არის ნამსჯელი თუ კონკრეტულად რამ შეუქმნა მოსამართლეს იმის რწმენა, რომ გ.მიქაძე დაემალება გამოძიებას, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე“, - აცხადებს ბარათაშვილი.
გარდა ამისა, 2013 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგინაშვილმა გამოიტანა განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო როგორც მიქაძის, ისე მისი მშობლებისა და მეუღლის უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის წილებს სხვადასხვა კომპანიებში, აგრეთვე საბანკო ანგარიშებს.
რაც შეეხება ბრალდებას, მიქაძისათვის წარდგენილი ბრალდება შეეხება არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი საემიროს - რას ალ ხაიმას შეიხის დაქვემდებარებაში მყოფი არაბული კომპანიების ("რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო" (იგივე რაკია) და "რახიინ დეველოპმენტი") მიერ დაფუძნებულ შპს „რაკიინ დეველოპმენტის", შპს „რას ალ ხაიმა აუტორიტი ჯორჯიას" და შპს „რაკია ჯორჯიას თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან" სხვადასხვა ოდენობის წილების გასხვისებას „ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი-ზე" და „მენლაინ პროჯექსტს ელ-ელ-ფი-ზე".
სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მოცემულ შემთხვევებში ბრალდების მხარეს ბრალდების დადგენილების შედგენის დროს შეგნებულად გამორჩა ის გარემოება, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არსებობს ზემოთ მითითებული კომპანიების უფლებამოსილი პირის, დოქტორ ხატერ მასადის ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობები, რომელთა თანახმად ბიზნესმენ მიქაძეს გააჩნდა მინდობილობებში მითითებული ოდენობის წილების გასხვისების უფლება.
„ჩვენი აღნიშნული პოზიცია გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ნოტარიუს ოთარ ზოიძის მიერ ოფიციალურად გაფორმებული მინდობილობებით, დოქტორ ხატერ მასადის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით და ნოტარიუსის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებითა და დაცვის მხარისათვის მიცემული ახსნა-განმარტებით“, - აცხადებს ბარათაშვილი.
მიქაძისათვის წარდგენილი ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი შეეხება მთაწმინდის პარკთან დაკავშირებულ ეპიზოდს, სადაც ბრალდების მხარის თვალსაზრისით 5 204 247 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადარიცხულიყო კომპანია „რაკიინ დეველოპმენტის" საბანკო ანგარიშზე, გადაირიცხა კომანდიტური საზოგადოება „ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფის" ანგარიშზე, რითაც ბრალდების თანახმად, მიქაძემ „რაკიინ დეველოპმენტს" მიაყენა ზიანი.
ბარათაშვილის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, რატომღაც ბრალდების მხარის ყურადღების მიღმა დარჩა 2011 წლის 04 მარტს, კომპანია „რახიინ დეველოპმენტსა" და „ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფის" შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდებოდა მთაწმინდის პარკის გასხვისებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის ნასყიდობის ღირებულების მხარეებს შორის განაწილების გარემოება.
„იმ შემთხვევაში თუ გამოძიება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დაკითხავდა მიქაძეს, რომელმაც 2013 წლის 7 აგვისტოს წერილით მიმართა გამომძიებელს დაკითხვის თაობაზე, ბრალდების მხარე მიიღებდა ამომწურავ პასუხს მოცემულ საკითხზე და დარწმუნდებოდა, რომ არავითარ კანონდარღვევას აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები იმის შესახებ, თითქოს მიქაძემ მიითვისა არაბული საინვესტიციო კომპანიების კუთვნილი წილები და ფულადი თანხა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მასში შეგნებულად არის გამოტოვებული ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მიქაძის უდანაშაულობას“, - ამბობს სოსო ბარათაშვილი.
მიქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროსეცი ბრალდების მხარის მოთხოვნით რამოენიმეჯერ გადაიდო, კერძოდ, თავდაპირველად წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრული იყო 2013 წლის 1 აგვისტო. მოულოდნელად სასამართლო 20 სექტემბრამდე გადაიდო. 9 სექტემბერს ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა წინასასამართლო სხდომის გადადება 19 ნოემბრამდე.
როგორც ადვოკარი განმარტავს, აღნიშნული შუამდგომლობა ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს მიქაძის წინააღმდეგ არ გააჩნია სათანადოდ დასაბუთებული ბრალდება.
„საქმე გვაქვს შერჩევით მართლმსაჯულებასთან. ის მზად არის ბოლომდე იბრძოლს მისი ინტერესების დასაცავად. მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება უკანონოდ სურს არაბულ კომპანიას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს ეჭვევს იწვევს გამოძიების, კერძოდ პროკურატურის ქცევა, არ შემიძლია კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, მაგრამ თვითონ მათი მოქმედებები, მთლიანობაში სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ბუნებრივია, რომ ამ არაბული კომპანიის უკან დგას ჩვენი სამართალდამცავო ორგანოები და მათი მხარდაჭერით მოქმედებს არაბული კომპანია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.
ბიზნესმენ მიქაძის დაკავებასთან და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საგამოძიებო უწყებაში.