ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ რამზან კადიროვი იმუქრებოდა, რომ თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია და საქართველოში გადმოსხავდა თავის კარგად გაწვრთნილ მებრძოლებს, რადგან საქართველოში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილ-გამოკვებილი პოლიტიკოსები, რომელთა მიზანიც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება იყო.
დღეს ჩეჩნებს გროზნო-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება სურთ. როგორც ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრი რამზან ჩერხიგოვი აცხადებს, მან რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის დავალებით ავიაკომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელობასთან ავიარეისების გაფართოების საკითხი განიხილა და დასახა პირდაპირი ავიამიმოსვლები, მათ შორის, სოჭის, ვოლგოგრადის, თბილისისა და ჯიდას (საუდის არაბეთის ქალაქი) მიმართულებით.
რატომ დადგა დღის წესრიგში გროზნო-თბილისის რეისი, თუკი ავიაკომპანიები წუხილს გამოთქვამენ, რომ რუსეთიდან საქართველოში და პირიქით ფრენის მსურველთა რაოდენობა მცირეა და ნახევრად ცარიელი თვითმფრინავით უწევთ მგზავრობა თითზე ჩამოსათვლელ მგზავრებს? რა გარანტიაა, რომ ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით, გროზნო-თბილისის რეისი საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდება საქართველოსთვის?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ გროზნო-თბილისის ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი შეუძლებელია. ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება და მთელი ჩვენი მოსახლეობა უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, კარგი ურთიერთობა გვქონდეს კავკასიელ ხალხებთან. გვახსოვს, როგორი კარგი ურთიერთობაც იყო ჩვენს შორის, თუმცა გვახსოვს ისიც, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ტრაგედიამ როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაც გამოიწვია.
ანალიტიკოსის განმარტებით, მართლაც ნებაყოფლობით ჩამოდიოდნენ ჩრდილო კავკასიიდან მებრძოლები და იბრძოდნენ აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარეს, მაგრამ თბილისის მხრიდანაც შეცდომები იყო დაშვებული, რომ ეს მოხდა. პეტრე მამრაძის თქმით, შევარდნაძე ცდილობდა მშვიდობიანი კავკასიის მიღწევას, თბილისში ასლან მასხადოვის ჩამოსვლაც ამას ემსახურებოდა, თბილისის მშობლიურ უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელშიც მიიყვანეს მასხადოვი, რომელიც მან 1972 წელს დაამთავრა.
„მეორე მხრივ, ჩეჩნეთში ვითარება რთულია და ჩეჩნური ბატალიონები ასრულებენ მძიმე როლს უკრაინის ომში. მე ველაპარაკე ლარსთან მყოფ უცხოელ კორესპონდენტებს, მათ მიამბეს, როდესაც მობილიზაციის შედეგად ხალხის დიდი ნაკადი წამოვიდა რუსეთიდან, დაღესტნელები, ჩეჩნები და სხვები სცემდნენ რუსების ნაწილს, თქვენ ახლა გარბიხართ და თქვენს გამო ჩვენი შვილები იხოცებიან, ჩადით უკრაინაში და თქვენ იომეთო. ამ დროს სწორად მოიქცა ჩვენი სასაზღვრო სამსახური, რომ არ უშვებდა იმ ჩრდილო კავკასიელებს, რომლებსაც იმ მომენტში საქართველოსკენ წამოსვლა უნდოდათ. ჩამოსვლის შემთხვევაში, კონფლიქტი მათ შორის გავრცელდებოდა საქართველოში და ამის აღკვეთა რთული იქნებოდა“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ტერორისტულ საფრთხეს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავიარეისები ყველაზე კარგად მოწმდება, გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიელების შემოსვლის სხვადასხვა გზა არსებობს. მეტიც, არსებობს სააკაშვილის მიერ შენარჩუნებული უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ისინიც შემოდიან საქართველოში. ამდენად, დიდი კურიოზია, როცა „ნაცები“ კივიან, რუსეთის მიერ ფრენების აღდგენა სახიფათოაო. მათ ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის მიერ მოყვანილი ტანკი დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30 კილომეტრშია.
„ის ტანკი არ არის სახიფათო და თბილისის აეროპორტში ჩამოსვლაა სახიფათო? მანქანების ნაკადი შემწყდარა ოდესმე? რამდენი მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა რუსეთიდან საქართველოში ჯერ კოვიდამდე, ოღონდ არა ავიარეისით, არამედ მანქანებით, ასევე, ავიარეისითაც ჩამოდიოდნენ ერევნიდან და სხვა ქალაქებიდან. თეორიულად თუ არსებობს ტერორისტული საფრთხე, ერთხელ იყო ეს საფრთხე, რასაც ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმელი შეეწირა - უფეხო და უხელო ახმედ ჩატაევის შემოსვლისას, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი შეტაკებისას. იქ მართლაც იყვნენ ჩეჩნები და ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი ჩატაევი, რომელმაც განახორციელა სტამბოლის აეროპორტში მასობრივი ტერორისტული აქტი. მანამდე, სააკაშვილის დროს, ჩატაევი მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამსახურში და ვეებერთელა ხელფასს იღებდა, ლაფანყურშიც იმიტომ მიავლინეს, რომ დანარჩენებს მოლაპარაკებოდა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე და იმედოვნებს, რომ არც ახლა მოხდება რაიმე საგანგაშო, რადგან ამის საფუძველი არ არის. არავის უნდა აწყობდეს, საქართველო საფრთხის შემცველად გადაიქცეს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გროზნო-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას რისკის შემცველად მიიჩნევს, რადგან როცა საქართველოში არ უშვებენ ჩრდილო კავკასიელ მოსახლეებს და ამ დროს ხსნიან კადიროვის კონტროლირებად ტერიტორიასთან ავიახაზებს, ეს სერიოზული გამოწვევაა.
ვახტანგ მაისაიას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გროზნო-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ გროზნოში უკვე ლაპარაკობენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მალე განხორციელდება ეს პროექტი. ბევრჯერ მომხდარა, რუსეთს რაღაც გაუჟღერებია და მერე ეს აღსრულებულა. ჯერ ლაპარაკობდნენ, პუტინი უვიზო მიმოსვლას შემოიღებსო და მართლაც ეს ახდა.
„როგორც მივხვდი, ამ რეისებით კადიროვის რეჟიმის წარმომადგენლები უფრო ისარგებლებენ, ვიდრე ქართველები. ამიტომ ეს რეისები ჩეჩნების ინტერესში უფროა, ვიდრე ქართველების. ცხადია, ტერორისტული საფრთხეები მოიმატებს, აქ უფრო სახელმწიფო ტერორიზმზეა საუბარი. შეიძლება სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეებიც გამოიწვიოს. გასაგებია, ჩეჩნეთს ვინც აკონტროლებს, ეს ნიშნავს, რომ კორიდორს ვუხსნით ჩეჩნებს. ერთი მომენტიცაა, თუკი კახეთის მიმართულებიდან კადიროვის დაჯგუფება შევიდა, აქ უკვე იხსნება საჰაერო კორიდორი. საჰაერო კორიდორის გახსნა კი ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ საჰაერო დესანტის გადმოსხმა თბილისის აეროპორტში, რომ იქიდანაც შეუტიონ და მოახდინონ საქართველოში სამხედრო ოპერაცია საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ მას, როგორც გენშტაბის ოფიცერს, კარგად ესმის, რა გამოწვევაზეცაა საუბარი, რადგან ამით საქართველოს სამხედრო სტრატეგიულ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე.
მაისაია რომ გენშტაბის ოფიცერი იქნება, მისაფურთხებელია ასეთი გენშტაბი.
მაგრამ როგორიც მთავარსარდალია, ისეთია გენშტაბი.