კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაარსებიდან 3 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ლიცეუმის პირად შემადგენლობას, პროფესორ-მასწავლებლებს და კადეტებს დღევანდელი დღე გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების სარდლებმა მიულოცეს. ცერემონიალში თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა. მათ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიებაზე დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დღესვე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ლიცეუმის მასწავლებლებს სპეციალური მადლობის სიგელები გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის ლიცეუმის ისტორიის და მიმდინარე პროცესების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოეწყო. სამხედრო მაღალჩინოსნებმა კადეტებს 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებაც მიულოცეს.
კადეტთა სასწავლებელს საქართველოში 138 წლის ისტორია აქვს, ის პირველად თბილისის კადეტთა კორპუსის სახელით დაარსდა 1875 წელს. 2005 წელს გაუქმდა და 5 წლის შემდეგ, 2010 წლის 15 სექტემბერს, უკვე ქალაქ ქუთაისში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაარსდა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ვაჟთა საგანმანათლებლო საქმიანობას და სამხედრო მომზადებას.
ლიცეუმის 2012 და 2013 წლის 167 კურსდამთავრებულიდან 147-მა სწავლა განაგრძო ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ხოლო 4 სწავლას განაგრძობს თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიაში.