„ნატოს პრობლემა ხელოვნურად არის ყურით მოთრეული, რომ ამ მიზეზით მოხდეს მსოფლიოს ახალი გადანაწილება“

„ნატოს პრობლემა ხელოვნურად არის ყურით მოთრეული, რომ ამ მიზეზით მოხდეს მსოფლიოს ახალი გადანაწილება“

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პუტინის სიცოცხლეში საქართველო და უკრაინა ვერასდროს გახდებიან ნატოს წევრები. ამის მიუხედავად, ნატოს კართან ორპირ ქარში დგომა მოლოდინის რეჟიმში გრძელდება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეს ვერავინ იტყვის ვერც უკრაინაში, ვერც საქართველოში, როდის გახდება ერთი ან მეორე ქვეყანა ნატოს წევრი. ამდენად, ნატო-საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება ქვეყნისთვის მუდმივ რისკებს ქმნის. უკრაინაშიც დიდხანს კარში დგომამ მძიმე შედეგი გამოიწვია.

რატომ გაჩნდა ნატოს მიმართ სკეპსისი მმართველ გუნდში, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარ სტრატეგიას შესაძლოა, გადახედოს ნატოსთან მიმართებით?

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აბსოლუტურად სწორია ირაკლი კობახიძე. თუკი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გავითვალისწინებთ, საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია ნატო-საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება, რადგან ნატო არ იძლევა დაცვის გარანტიას.

თამარ კიკნაძის შეფასებით, უკრაინის ამბავი დაიწყო ნატოში უკრაინის გაწევრიანების სურვილითა და რაკეტების განლაგებით რუსეთის საზღვართან. დღეს მძიმე დროა, ამდენად, სიფრთხილეა საჭირო და ჩვენი ხელისუფლება ამ სიფრთხილეს იცავს.

„ძალიან კარგია, რომ დაიწყო საუბარი იმაზე, რაზეც აქამდე არ ლაპარაკობდნენ. უპირველესია ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნატოს პრობლემა ხელოვნურად არის ყურით მოთრეული, რომ ამ მიზეზით მოხდეს მსოფლიოს ახალი გადანაწილება. ეს გადანაწილება დღეს უკრაინის ხარჯზე ხდება, უკრაინა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. პარალელურად, მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოს საგარეო კურსის კონსტიტუციაში ჩაწერა შეცდომაა, რადგან პოლიტიკაში ძალიან დინამიურად მიმდინარეობს პროცესები და პალმერსტონის გამონათქვამი უნდა გვახსოვდეს, „არ არსებობს მუდმივი მტრები და მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ეროვნული ინტერესები“. ინგლისი ამაში ძალიან გამოცდილი საერთაშორისო აქტორია, საქართველომაც უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

პოლიტოლოგის განმარტებით, როგორც სახედარს დაუკიდებენ სტაფილოს, ასევეა ნატოში გაწევრიანების დაპირება, ამასობაში ეს რუსეთის გამაღიზიანებელი ფაქტორია. ნატო ყოველთვის მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მაგალითად, შვედეთი და ფინეთი ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღეს ნატოში, ეტყობა, ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროში არ შედის, მაგრამ საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველოსთვის ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა დიდი საფრთხის შემცველია.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ კობახიძის ეს სიტყვები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის პირდაპირი მცდელობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ თავი უნდა დაანებოს ნატოს და აირჩიოს სხვა საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს მაშინ, კობახიძემ კონსტიტუცია როცა დაწერა, საკუთარი ხელით ჩაწერა 78-ე მუხლში, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ანუ კობახიძე ახლა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ეს უკვე ყვარყვარიზმია. შესაბამისად, ნატოს ვილნიუსის სამიტმაც ადეკვატური პასუხი გასცა ქართულ მხარეს და კომუნიკეში ნათლად ჩაწერა, დროა, საქართველო ჩამოყალიბდეს, რომელ საგარეო პოლიტიკურ კურსს ირჩევსო.

„უკრაინასთან მიმართებით ნატომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, უკრაინას დე ფაქტოდ მიანიჭეს მაპის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ დააფიქსირეს, რომ მაპის გარეშე გახდება უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო, ანუ უკრაინას უკვე მიანიჭეს შვედეთისა და ფინეთის სტატუსი, 500 მილიონი დოლარის პაკეტი გამოუყო ნატომ უკრაინას სამხედრო თავსებადობის მისაღწევად. გაისად ნატოს სამიტზე გამორიცხული არაა, უკრაინა მიიწვიონ ნატოში და, ომის მიუხედავად, უკრაინა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. უბრალოდ, უკრაინამ კონკრეტული საშინაო დავალება უნდა შეასრულოს - ბრძოლა კორუფციასთან, საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების რეფორმა, სამხედრო თავსებადობის უმაღლეს დონეზე აყვანა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ანალიტიკოსმა განმარტა, რომ ნატოს კომუნიკეს მე-80-ე პარაგრაფში პირდაპირ წერია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა და ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე თვითონვე გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია.

 

 

 

 

 

მიშა ანუ, ,,ანალიტიკოსი" მაისაია თვლის, რომ ომში ჩართული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი?
1 წლის უკან
Gami "ანალიტიკოსი მაისაია" უკვე ძალიან მაგარია!
1 წლის უკან