ერთადერთ შემორჩენილ დაწესებულებაში, სადაც ბავშვებს შეეძლოთ უფასოდ ჩაბმულიყვნენ სახელოვნებო თუ სპორტულ წრეებში, გადასახადი დაწესდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაციაც და სწავლაც ფასიანი გახდა.
სასახლის დირექტორის, ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, სასახლეში არსებულ წრეებში ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს 50 ლარის გადახდა მოუწევს. აღნიშნული თანხიდან 20 ლარის გადახდა სასურველი წრის არჩევისთანავე უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენი 30 ლარის გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, ანუ თვეში მშობელს 5 ლარის გადახდა მოუწევს.
თუ სასახლეში მშობელი მეორე შვილსაც მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მეორე ბავშვისთვის გადასახადი 50 პროცენტით შემცირდება, მესამე შვილი კი უფასოდ ისწავლის. ასევე შეღავათები ვრცელდება ტყუპებზე.
ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციიდან შემოსული ფინანსები სრულად პედაგოგთა ხელფასებს მოხმარდება.
ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციაზე და რამდენიმე წრეზე საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის რაოდენობა ყოველწიურად 1 მილიონ 500 ათასი ლარია, რასაც სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს.
“სასახლე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სოციალურ ადმინისტრაციულ ორგანოს, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მიზნად დასახული ამოცანების განხორციელებას - საგანმანთლებლო გარემოს, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის, პედაგოგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწაყვეტილება, სასახლეში სასწავლო პროცესში შემოღებულ იქნას მშობლის მხრიდან თანადაფინანსების პრაქტიკის დანერგვა, რაც შემდგომში გააუმჯობესებს და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს ზემოთ მითითებული პრობლემების მოგვარებას. ვითვალისწინებთ რა დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას, მშობლის მხრიდან თანადაფინანსებით გაღებული თანხა იქნება სიმბოლური”, - აღნიშნულია თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილოა გადასახადის დაწესებით. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორის მიერ დანიშნულ თათბირებზე მხოლოდ ახალი კადრები ხვდებიან. უკმაყოფილონი იყვნენ მშობლებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელმოკლე ოჯახებისთვის ყოფილი პიონერთა სასახლე ერთადერთი დაწესებულება იყო, სადაც ბავშვებს უფასოდ შეეძლოთ წრეებზე სიარული.
ქეთევან ფეიქრიშვილი კი აცხადებს, რომ სწავლის ყოველთვიური გადასახადი დადგინდა მხოლოდ ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე და ყოველთვიური გადასახადი 50 ლარიდან იწყება.
“სასახლის მხოლოდ სახელოვნებო და სპორტული დისციპლინები იქნება ფასიანი, ყველა სხვა დისციპლინის სწავლება არის უფასო. ასევე გათვალისიწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების, ავღანეთის, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახის შვილების ინტერესები და მათთვის როგორც რეგისტრაცია, ასევე სწავლება არის სრულიად უფასო”, - აღნიშნულავენ სასახლის ადმინისტრაციაში.
ქორეოგრაფიული წრიდან სტუდიაში გადასულ მოსწავლეს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუაგავა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გადასახადების დაწესების საკითხს ეხმაურება და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
როგორც გუგავა ამბობს, თითოეული ბავშვის რეგისტრაცია გახდა 50 ლარი, ხოლო ყოველთვიური გადასახადი ასევე, 50 ლარია, რის გადახდასაც საერთო გაჭირვების ფონზე მშობლები ვერ შეძლებენ. “ჯერ იყო და წინა ხელისუფლება აპირებდა ბავშვებისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის - პიონერთა - სასახლის წართმევას, რაც საზოგადოების აქტიური წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ახალი მაღალი გადასახადების დაწესებით, პრაქტიკულად, 7 ათასს ბავშვს წაართვა პიონერთა სასახლე.
ბატონო ბიძინა, ბავშვებს მაინც ნუ მოუკლავთ ოცნებას, გააუქმე გადასახადები და ისტორიული, კულტურული და სასწავლო ცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დაუტოვე ბავშვებს!”, - აცხადებს გიორგი გუგავა.
ხელისუფლების მხრიდან რაიმე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის ბალანსზე და დაფინანსებაზე იყო, შარშან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან სამინისტროს გადაეცა. შესაბამისად, კონკრეტულ ფაქტზე ამ უწყებას რაიმე განმარტება მაინც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ლევან ყიფიანის სამინისტროში დუმილს ამჯობინებენ.