„ომის დროზე შეწყვეტის მსურველი ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ზელენსკის ამაზე, ჯერ, კულუარულად ესაუბრებიან“

„ომის დროზე შეწყვეტის მსურველი ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ზელენსკის ამაზე, ჯერ, კულუარულად ესაუბრებიან“

მინდინარეობს თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე ფარული ზეწოლა, რათა „ომის გაყინვაზე“ და მის დროზე დასრულებაზე დაითანხმონ? დასავლურ მედიაში უკვე აქტიურად გამოჩნდა პუბლიკაციები, სადაც საუბარია, რომ „ნატოს სამიტის დროსაც კი ევროპელები გეგმა „ბ“-ს ამუშავებენ“.

ხოლო აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება. მით უმეტეს, რომ 2024 წლისთვის ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებია მოსალოდნელი და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი „რესპუბლიკელების“ კანდიდატს ექნება და თუკი ეს ისევ დონალდ ტრამპი იქნება, სიტუაცია სრულიად რადიკალურად შეიცვლება.

„მე თუ პრეზიდენტი ვიქნები, უკრაინის ომს 24 საათში დავასრულებ“,- განაცხადა ტრამპმა, თუმცა - როგორ? ექს-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია. როგორც ჩანს, მისი სიტყვები გულისხმობს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტას და რუსეთისათვის სტატუს-კვოს შენარჩუნების უფლების მიცემას.

დასავლური პრესა წერს, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ „დაუდგრომელი ტრამპის“, ანუ თეთრ სახლში ისეთი ადამიანის დაბრუნება, რომელიც პრეზიდენტობის პირველ ვადასთან შედარებით უფრო მეტად ნაწყენია, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო ნაკლებად თავშეკავებულია, უკრაინისათვის უბედურების მომასწავებელი იქნება. უფრო მეტიც - ეს იქნება კატარსტოფა ევროპისათვის. თუ დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი, მას შეუძლია მმართველობის პირველი ვადის დროინდელი მუქარა აასრულოს - აშშ ნატოდან გავიდეს. რასაკვირველია, პრეზიდენტს კონგრესი წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ როგორც ცნობილია, ყველა ტიპის მოკავშირეობა ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და თუ ამერიკა მოკავშირეებს აღარ დაეხმარება, მათთვის ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ ასეთი პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას დაანგრევს. საბოლოო ჯამში, ეს სწორედ ის იქნება, რაც რუსეთს სურს.

ტრამპს კი ზელენსკიმ ასე უპასუხა: „ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ერთი სოფელიც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლის. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ უკვე ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ბეევრი რამ ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამოჩნდება, როგორ გადაწყვეტილებები იქნება დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისგან მიღებული. მაისაია ამბობს, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებიც გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზე დიდ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით სიტუაციას ყველა აკვირდება, ამიტომ უკრაინის კონტრშეტევებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუკი დიდი გარღვევა არ იქნება, მაშინ არსებოს იმის რისკი, რომ ზოგეირთმა სკეპტიკურად განწყობილმა ქვეყნებმა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მოთოხვნაც კი წამოაყენონ.

„ამ ეტაპზე სამეხდრო სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რომელმა ქვეყანამ შეიძლება გაიმარჯვოს. უკრაინამ რაღაცა წერტილი უნდა მოუძებნოს რუსეთს, რომ ეს თავდაცვით შრეები გაარღვიოს. ახლა რუსეთსაც და უკრაინასაც, ორივეს თანაბარი უპირატესობა აქვთ. ვერ ვიტყვით რომელია დაწინაურებული. თანაბარ საბრძოლო პირობებში უკრაინის უპირატესობა აშკარაა, რადგან რუსეთი მსოფლიოში მეორე ტიპის არმიად ითვლება. ამიტომ უკრაინასთან, რომელიც რიგით ბრძოლისუნარინობით მე-12 ადგილას არის, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს იმიჯის შელახვაა. რაც შეეხება უკრაინის ომის გაყინვას, ან რუსეთთან მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდომას, კი ბატონო, ამაზე ამერიკაში საუბრობენ, როგორც რესპუბლიკელები, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელიც. ამიტომ ამ კუთხით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ამერიკაში 2024 წლის არჩევნებსაც ექნება. დიდი ალბათობით, ამერიკაში „რესპუბლიკელების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. ამ ეტაპზე სამი კანდიდატურა ჰყავთ. ეს არის ტრამპი, დესანტი და პენსი. რომელი გახდება აქედან პრეზიდენტობისი კანდიდატი, დრო გვაჩვენებს. სამივე მათგანს უკრაინის ომთან დაკავშირებით სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ტრამპს აქვს ასეთი პოლიტიკა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებს და აიძულებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. დესანტისაც მსგავსი განცხადებები აქვს. ცოტა განსხვავებული პენსის აქვს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ეთანხმება. ამიტომ რაღაცა კონტურები ამ ომში 2024 წლისთვის უკვე უნდა გამოიკვეთოს“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ზელენსკის ახლა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა არ აწყობს. მაისაია ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ისეთი სიტუაციაა, რომ არც ერთი მხარე არ ფლობს განსაკუთრებულ უპირატესობას. მაისაია ამბობს, რომ ალბათ, კარს მიღმა, კულუარულად ზელენსკის სთავაზობენ მოლაპარაკების გარკვეულ პირობებს, რომელზეც ის ამ ეტაპზე არ წავა. მას ამის უფლებაც არა აქვს, რადგან თუკი ახლა რამეს დათმობს, ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნით დიდი დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიოს.

„დიდი ლბათობით, ზელენსკის გერამანია სთავაზობს გარკვეულ ფორმულეს იმისთვის, რომ ომი დასასრულისკენ წავიდეს და რაღაცა ხელშესახები წერტილი მოიძებნოს. გერმანია უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვანაირ პოზიციას იკავებს. შოლცის პოზიცია კი არის უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ პოლიტიკურ ელიტაში ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. გეერმანიის საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებებია ომთან დაკავშირებით. გერმანია ჩააფიქრა იმანაც, რომ „ლეოპარდებმა“ ფრონტის ხაზზე დიდი ვერაფერი ვერ ქნეს. ამან კი გერმანულ შეიარაღებას დიდი ზიანი მიაყენა. ამიტომ გერმანიის პოზიცია როგორი იქნება საბოლოო ჯამში, ეს არის ძალიან ანგარიშგასაწევი ფაქტორი. შესაძლოა მათ მუხრუჭი საერთოდ ამოწიონ და თქვან, რომ რაღაცა გადაწყვეტილებები ამ ომთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს. გერმანიის გარდა სხვა ევროპული ქვეყნებიც არიან, რომლებიც ომის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“, - ამბობს მაისაია.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი აცხადებს, რომ უკრინის ომი, რაც უფრო დროში გაიწელება, ეს ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მით უფრო მძიმედ აისახება. კონფლიქტლოგი for.ge-სთან ამბობს, რომ ომის დროზე შეწყვეტის მსურველი ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

„ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ზელენსკის ამაზე კულუარულად ესაუბრებიან. უკრანელები ახლა კონტრშეტევის რეჟიმში იმყოფებიან და ამაზე საჯაროდ საუბრისგან ყველა ამ ეტაპზე თავს იკავებს. ეს ჯარის დემორალიზებას გამოიწვევს და დასავლეთი ელოდება უკრაინა ამ კონტრშეტევით რას მოახერხებს. ის, რომ ომის შეწყვეტის მომხრეები ბევრნი არიან, დასამალი არ არის. თუმცა, ეს ახლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან მან შეტევითი ოპერაციები საერთოდ შეწყვიტა და მხოლოდ თავდაცვაზეა გადასული. დასავლეთიდან ამ ზეწოლას ზელენსკი გრძნობს დ საჯაროდ ეს საკითხები თავად ამიტომ გამოაქვს. ამით თავის მოკავშირეებს ეუბნება, რომ ამ მცდელობებს ადგილზევე ჩავახშობო. ბევრ უკრაინელთან მაქვს საუბარი და მათთვის ამ ომიდან გამოსავალი მხოლოდ გამარჯვებაა. უკრაინელებისთვის წარმოუდგენელია ახლა ომის შეწყვეტა და რაღაცა დათმობაზე წასვლა. ქვეყანამ იმხელა მსხვერპლი გაიღო, რომ ამაზე ზელენსკი რომ დათანხმდეს, ძალიან მძიმედ მას შემოუბრუნდება. მთავარი უკრაინელი ხალხის განწყობაა, რომ არ უნდა გაჩერდნენ. ამიტომ ზელენსკის ამ ამბების საჯაროდ გამოტანა იმის პრევენციაა, რომ უკრაინას ამ ომის გაჩერება არ მოსთხოვონ. ბევრი რამ უკვე შემოდგომისთვის გაირკვევა და თუ უკრაინამ კონტრშეტევაში რაიმე წარმატებას არ მიაღწია, დასავლეთიდან ზელენსკიზე ზეწოლა გაიზრდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, უკრაინას ნატოში იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი ის ქვეყნის დეოკუპაციას ყირიმამდე შეძლებს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მანამდე უკრაინის ნატოში მიღება წარმოუდგენელი იქნება და ამას პირველ რიგში, გერმანია და ამერიკა მხარს არ დაუჭერს.