14 ივლისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის სხდომებს თითქმის არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე საუბარიც კი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქადაგიშვილის ვერსია ნაკელებად დამაჯერებელია.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა. სერგეენკო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს, შესაბამისად უცნობია სად გადაინაცვლებს ბიძინა ივანიშვლთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი სერგეენკო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ დავით სერგეენკო ოპოზიციაში წავიდეს. ამბობს, რომ მეგობრული კონსულტაციები იქნება და ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გაცდენები გახდა.
„როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში თვლიან, რომ სერგეენკო ისჯება იმის გამო, რომ მან მხარი არ დაუჭურა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, რომლის განცხადებით, გაცდენებს არც ერთ სხვა დეპუტატს არ უთვლიან, სერგეენკოს დაუთვალეს იმიტომ, რომ მან მონური მორჩილება არ აირჩია.
„ეს არის საბაბი. რეალურად დავით სერგეენკო გააძევეს „რუსული ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ის, რომ სერგეენკო შესაძლოა ოპოზიციურ ველზე გამოჩნდეს, ამის მოლოდინი არ აქვთ ანალიტიკოსებს. როგორც ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, არ ელოდება სერგეენკოს ოპოზიციაში გადასავლას, რომელიც, მისივე თქმით, არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და გარდა ამისა, ბუნებით წესიერი ადამიანია.
„არ მგონია რომელიმე რადიკალური ოპოზიციის რიგებს შეუერთდეს. უბრალოდ, როგორც ჩანს, მან თავისი პირადი, მოქალაქეობრივი მრწამსიდან გამომდინარე ჩათვლა რაღაც-რაღაცები „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში არასწორად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამის თაობაზე, ალბათ, კულისებს მიღმა ექნებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მსჯელობა. სავარაუდოდ, ამ მსჯელობის საფუძველზე მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საუკეთესო გამოსავალი სეერგენკოსთვის და პარტიისთვისაც, რომ პარტია არ დაზარალებულიო ამ პროცესეში, იქნებოდა მისი წასვლა პარლამენტიდან.
მე ვიტყოდი, რომ ეს გამოვიდა კომპრომისული ვარიანტი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადამოსახედიდან, რა ინფორმაციაც მე მაქვს. მომავალში გამოჩანდება, არ ვიცი. კი, შეეცდებიან ახლა მის მიწვევას ოპოზიურ არხებში, მისგან რაღაცა ანტიოცნებისტური განცხადებების გამოგლეჯვას, მაგრამ არ მგონია, არ არის ისეთი ფსიქოტიპი, რომ ეს გააკეთოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის უფლება პარლამენტს, რა თქმა უნდა, არ აქვს, თუ განცხადება არ არის თვითონ დეპუტატის მიერ შესული. ძაბირაძე ეჭვობს, სერგეენკომ თავად დაწერა განცხადება, რომ უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე და შესაბამისად, უმრავლესობაც ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას.
„გაცდენების გულისთვის ვინმესთვის ჩამოერთვათ დეპუტატის მანდატი, არ მახსოვს. როგორც უნდა იყოს, ერთი რამეა და პრობლემას სწორედ ის წარმოადგენს, რომ სერგეენკომ უმრავლესობის ინიციატივას არ დაუჭირა მხარი და თქვა, რომ პარლამენტის სხდომებზე აღარ ივლის და ფაქტობრივად, არც დადიოდა, მაშინვე დაწერა განცხადება, რომ აპირებდა დეპუტატის მანდატის დატოვებას.
არ მგონია, რომ სერგეენკომ პოლიტიკური აქტივობა დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. არ ვიცი გაზაფხულზე რა მოხდება, მაგრამ არ ველოდები, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ სერგეენკო პოლიტიკიდან საერთოდ წავა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არაფერში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ამ ეტაპზე და წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით, სერგეენკო პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადადგამს. მომავალ წელს, უკვე არჩევნების წინა პერიოდში რა და როგორ მოხდება, არ ვიცი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.