„ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს!“

„ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს!“

ხვალ 16 სექტემბერია და ჩვენი მოზარდი თაობა ძირითად „სამსახურს“ -  სკოლებსა და ინსტიტუტებს მიაშურებს. სიმართლე გითხრათ და, ამ ახალგაზრდების ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. ბოლო წლების განმავლობაში მათ საკუთარ თავზე არაერთი უაზრო ექსპერიმენტი გამოსცადეს. ამ „ნოვატორული“ იდეების დამსახურება და შედეგია რომ ქართველ მოზარდებში არსებული განათლების კოეფიციანტი კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა.

ქართული განათლების სისტემაში არსებული ქაოსის მთავარი დამნაშავე ქვეყნის სათავეში ცხრა წლის განმავლობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები გახლდნენ, რომლებმაც სასწავლო დაწესებულებები გაუაზრებელი სიახლეების დასანერგად გამოიყენეს. თავად გაიხსენეთ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რამდენი განათლების მინისტრი გამოვიცვალეთ და თითოეულ მათგანს რა დადებითი გაუკეთებია.

ყოფილ საბჭოთა კავშირს აქტიურად ვაგინებთ, მაგრამ იმდროინდელი სასწავლო სისტემა ამჟამინდელს ბევრად აღემატებოდა. უწინ სახელმძღვანელო სახელმძღვანელოს ჰგავდა და ამა თუ იმ საგანში სრულფასოვან ცოდნას იძლეოდა. თავად ორი მოსწავლის მშობელი გახლავართ და დღევანდელ სასწავლო წიგნებს თავი და ბოლო ვერ გავუგე. წარმოიდგინეთ თავად ბავშვები რა დღეში იქნებიან.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე ახლობელი მყავს და ცოტა ხნის წინ აბიტურიენტების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მესაუბრნენ. საერთო მდგომარეობა საგანგაშოა. მაგალითისთვის მოგიყვანთ, რომ მიმდინარე წლის სკოლადამთავრებულების ერთმა ნაწილმა გამოცდებზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებების დასახელება ვერ შეძლო.

დღევანდელ წერილში თქვენს სამსჯავროზე სხვადასხვა ვებ-გვერდებზე მოძიებულ საინტერესო მასალას წარმოგიდგენთ. მავანმა და მავანმა „ენთუზიატებმა“ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების დირექტორების მიერ მაღალ ინსტანციებში გაგზავნილი წერილების ფრაგმენტები გაავრცელეს. ირკვევა, რომ ეს ადამიანები მშობლიურ ენასთან მწყრალად არიან. რასაკვირველია იბადება შეკითხვა, ამ პიროვნებებმა მოსწავლეების აღზრდა-განათლების პროცესი როგორ უნდა წარმართონ. მათი უმეტესობა თანამდებობებზე ალბათ ავადსახსენებელი ლოტოტრონისა და პარტიული ერთგულების „დახმარებით“ დაინიშნა. ეს ადამიანები ჩვენი შვილების განათლებას ხელმძღვანელობენ და ამ საქმეს თავს როგორ გაართმევენ, ამაში ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით დარწმუნდებით.

„თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა”.

„მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა)”.

„ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის”.

„დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს”.

„უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და …”.

„ფიზიკა, ქიმია და ბილოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში”.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით”.

„სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით”.

„სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა? (დარჩა რამე? )”.

„მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი“.

„ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი”.

„სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას”.

„თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში”.

„ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები (ამავე დროს )“.

„მოვაწყვეთ ”ვალენტინობა - სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები”.

„ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან”.

„წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება”.

„გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ”.

„ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა”.

„ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული”.

„ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს”.

„მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა”.

„ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში!“

„სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით!“

„ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები!“

„ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ!“

„მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება!“

„თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები!“

„ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს!“

„ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ!“

„სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა!“

„სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია!“

„ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა!“

სკოლის დირექტორების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კურიოზებს შემოგთავაზებთ.

„ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება”.

„დაჭრილი ლომი ღრიალებს” - ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა”.

„მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება”.

„აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს “მორალური კოდექსის” და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის “გამზრდელზე”)”.

„ღამე “მგზავრის წერილებში” არის ბნელი ადგილი”.

„მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)”.

„ამას ისიც დაემატა, რომ ერთი შვილი მტკვარში დაეხრჩო პირველი პურობის დროს. (ფაქტის დამახინჯება შუშანიკთან). მერე გავაიგავებ აბოსთან“.

„ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში”.

„ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში”.

„ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა”.

„ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე. როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება”.

„ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მე შენ. ამბობს ჭავჭავაძე „კაცია ადამიანში” (ფაქტის დამახინჯება)”.

„რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები. ბარათაშვილი რომანტიზმს ეძებს ამ ლექსში და იპოვა კიდეც. ილია კი თერგდალეულია და ამბობს, როგორ შევეყრებიო. აქედან გამომდინარე, ღამის მიერ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია”.

„1959 წელს მოხდა კახეთის აჯანყება. ეს თავისებურად მნიშვნელოვანია. შაჰ-აბასმა დაიპყრო კახეთი. ცუდ მდგომარეობაშია კახეთი”.„შეცდომაა: ბათუს აზრით. უნდა იყოს - ბათუას აზრით”.

„იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია”.

„მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა”.

„სიმბოლისტები ეტრფიან სამშობლოს და სწამთ სულისა და ხორცის ერთად არსებობა”.

„სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი „გლახის ნაამბობის” ხიდჩატეხილობა”.

„სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით”