უკრაინას სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებით დაფიქსირდა. რაც შეეხება საქართველოს, ნატოს სამიტის კომუნიკეში აღინიშნა, რომ ნატო ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს“, - ნათქვამია ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების კომუნიკეში.
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ახალ მუხტს მისცემს. ილია დარჩიაშვილის თქმით, სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მყარად იყო მხარდაჭერილი.
„ნატოს სამიტი ძალიან შედეგიანი იყო, ძალიან ბევრი განზომილების თვალსაზრისით. ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ჩანაწერი აუცილებლად მოიტანს ახალ მუხტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან მკვეთრად და ცალსახად გაუმჯობესდა ნარატივი საქართველოსთან მიმართებაში.
კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული საქართველოს ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ძალიან მყარად იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ეს გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ნატოსთან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მოლოდინები არ გამართლდა. ვილნიუსის ნატოს სამიტმა ალიანსის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო. თურქეთმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას, მაგრამ თურქეთის პარლამენტი რატიფიცირებას შემოდგომაზე მოახდენს. ნატომ უარი უთრხა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინას გაწევრიანებაზე. ნატოში გასაწევრიანებლად გეგმაც დაუსახეს - უნდა დაამარცხოს რუსეთი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, დღეს ნატოში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, აშშ-ს პრეზიდენტი მაქსიმალურად პირდაპირი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს. როგორც სალივანი ამბობს, შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსები აუხსნა.
„ჩვენ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის ნახვა ნატო-ში, ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა ნატო-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ. უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გააკეთა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენთვის ცუდი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენთან ჩარჩით“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა ნატოსთან ძალიან ახლოს დგას და ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც უკრაინას, როგორც მოკავშირეს შეხვდება. მისივე თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეაჩერებს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როცა ეს ომი დამთავრდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები არსებობდეს, რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ერთადერთი, ვინც ნატოს სამიტით უკმაყოფილოა ანჯეი დუდაა, რომლის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კონკრეტულ ვადებზე საუბარი რუსეთთან ომის დასრულებამდე შეუძლებელია.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უკრაინა უკვე რამდენიმე წელიწადში გახდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან რთულია და პრაქტიკულად, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის ნატოში ერთსულოვნება არის საჭირო“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ნატო-მ უკრაინა გაწევრიანების კუთხით გაურკვევლობაში დატოვა. ოფიციალური კიევი ამტკიცებდა, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ნატო-ს წევრებთან მუშაობას ვადებთან დაკავშირებით გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს, რომ დაფიქსირებულია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა არ იქნება საჭირო.
„ყველას გარკვეულობა გვჭირდება, კერძოდ, ინსტიტუციონალური გარკვეულობა და ძალიან კარგია, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს რეალურად შეუძლია საჭირო ინსტიტუციონალური გარკვეულობა მოგვცეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-უკრაინის საბჭო ინტეგრაციის ინსტრუმენტი იქნება და არა უბრალოდ, პარტნიორობის. ახლა გარანტიების შესაბამისი პაკეტი არის და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და შეუერთდეთ მას“, - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი არც საქართველოს და არც უკრაინის ორგანიზაციაში მიღებას არ აპირებენ. იმისათვის, რომ ეს ქვეყნები არ გაექცნენ და კვლავ ანკესზე დაიტოვონ პოლიტიკურ ჟონგლიორობას მიჰყვეს ხელი. როგორც გოგავა აცხადებს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინას ნატო-ში წევრობისთვის რუსეთის დამარცხება სთხოვეს.
„არაფერი შეცვლილა, კარი კვლავ ღიაა. 28-წლიანი თვალთმაქცობა გრძელდება! წინ სტაფილოჩამოკიდებული სახედრის როლში ყოფნა აღარ გვსურს, ჩვენი გზა სუვერენული პოლიტიკაა. უკრაინას მირაჟი მოუწყვეს, თითქოს რაღაც სპეციალური შესთავაზეს. ამ დროს, ვისი მიღებაც სურდათ, ერთი კენჭისყრით მიიღეს - ფინეთი. ასევე მიიღებენ შვედეთს.
უკვე 28 წელია მიმდინარეობს ჩვენი წვერობის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი ბლეფი და თვალთმაქცობა აღმოჩნდა. ამის ფონზე, ვალდებულნი ვართ, ბევრი საკითხი გადავაფასოთ და ახალი სტრატეგია მოვიფიქროთ, რომელიც ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიური სამეულის ინტეგრაციულ მოდელშია. ეს იქნება მეტად სუვერენული პოლიტიკის წარმოების საწინდარი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს ახსენდება ჟოზეფ ბორელი, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში უკრაინაში რევიზიით ჩასულმა, რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული“ უწოდა და დასძინა: „თქვენ ევროკავშირს მხოლოდ, როგორც ბანკომატს, ისე განიხილავთ“.
„ნუ, გვესმის, რომ მაშინ სულ „სხვა მოცემულობა“ იყო. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ სტატუსი დააკმაყოფილა. მსგავსი ფრაზები ვილნიუსის NATO-ს სამიტზე, უკვე „ახალ მოცემულობაში“, უკრაინას სხვა მინისტრებმაც აკადრეს: „ჩვენ Amazon არ გახლავართ!“ - ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მითხოვნას მიაყოლა.
ჩვენ გვესმის უკრაინის მხრიდან დონორი სახელმწიფოების ამ კუთხით დაჩქარება, მაგრამ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ადამიანებს სჩვევიათ მცირეოდენი მადლიერების გრძნობაც დაინახონ - თქვენ ხომ არწმუნებთ ქვეყნებს, უარი თქვან საკუთარ სამხედრო მარაგებზე თქვენს სასარგებლოდ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ზელენსკიმ, ძალიან მიქარა საართველოსთან დაკავშირებით! ასე იცის 2 ბატონის სამსახურში ყოფნამ, მიდგა, მოდგა, მაგრამ ორივე ბატონმა ბრანწი უჩვენა!
"ზაპორეჟიელი კაზაკები" სულთანის ნაცვლად მიწერენ წერილს, მით უმეტეს ბოსფორისა და დარდანელის გადაცურვა არ მოუწევთ, ზელენსკი აგერ უკრაინაში ყავთ!"