1969 წლის იანვარში, როდესაც The Beatles-ის წევრები ლონდონში სტუდიაში ახალი ალბომის ჩასაწერად შეიკრიბნენ, პოლ მაკარტნის უკვე ჰქონდა გარკვეული ხედვა, თუ როგორი უნდა გამოსულიყო ეს ჩანაწერი.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში Abeby Road-ის სტუდია, მათთვის უკვე ერთგვარ მუსიკალურ ლაბორატორიად ქცეულიყო, სადებიუტო ალბომ Please Please Me-გან განსხვავებით, რომელიც The Beatles-მა ერთ დღეში ჩაწერა, რაც დრო გადიოდა, ისინი სულ უფრო მეტ დროს ანდომებდნენ თითოეულ ალბომზე მუშაობას და მათ თანამშრომლობას სულ უფრო მეტად ეკარგებოდა ბუნებრივი სიხალასე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატყობოდა რეპერტუარს.
ამაზე ზრუნვა კი განსაკუთრებით ბრაიან ეპშტეინის გარდაცვალების შემდეგ, პოლ მაკარტნის უნდა ეტვირთა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როკ მუსიკის მოყვარულები შეიძლება საერთოდ The Beatles-ის დამაგვირგვინებელი სამწლიანი ფაზის გარეშე დარჩენილიყვნენ.
ამ პერიოდთან დაკავშირებით, დიდი ოთხეულის შესახებ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტიპის ხედვები, რომელთაგან თითოეული ანგარიშგასაწევია და თანაც ზოგჯერ ერთიმეორესთან მისადაგებული.
ალბომი Let It Be კი შესაძლოა გახლავთ ყველაზე დიდი თავსატეხი, რომლის ირგვლივაც ვრცლად მსჯელობა გარდა იმისა, რომ შორს წაგვიყვანს, ნებისმიერი სხვა ალბომისაგან განსხვავებით, აჩენს ერთგვარ პრეცედენტს The Beatles-ის შემოქმედებითი კრიზისისა, თუკი ამგვარი რამ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო!
მაკარტნის სურვილი იყო, რომ ჯგუფს პირვანდელი როკ’ნ’როლური საფუძვლები არ დაევიწყებინა და ახალი ალბომი ცოცხლად შეესრულებინა, უარი ეთქვა როგორც ყოველგვარი სტუდიური ზედნადებისა თუ მრავალფეროვანი არანჟირების, ასევე ეგზოტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე, ასე მრავლად რომ მოიპოვებოდა უკანსაკნელი პერიოდის ნამუშევრებში.
მაკარტნის აზრი მისაღები აღმოჩნდა, როგორც ლენონისთვის, ასევე ჰარისონისთვის, მაგრამ ჯგუფისთვის „სიცოცხლის დაბრუნების“ იდეა, მაინც სანახევროდ განხორციელდა, რადგან როიალ ალბერტ ჰოლში დაკვრას, ჯონი და ჯორჯი კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ, ერთიმეორეში ქიშპის მიუხედავად, ამ საკითხში მაკარტნის არ დაეთანხმნენ და საბოლოოდ ჯგუფში უკიდურესად დაძაბული ვითარება შეიქმნა, რადგან გარკვეული პერიოდით The Beatles, ჰარისონმა მიატოვა.
ლენონი ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავდა, რადგან მის შემცვლელად ერიკ კლაპტონს მოიაზრებდა... საბოლოოდ ჯორჯ ჰარისონი მაინც დაბრუნდა, ალბომმა Let It Be სტუდიური ლაივის მუხტი წარმოაჩინა და თუკი როიალ ალბერტ ჰოლში კონცერტი არ ჩატარებულა, ოთხეული ჰარისონის მეგობარ პიანისტ ბილი პრესტონთან ერთად, 1969 წლის 30 იანვარს სტუდია Apple-ს სახურავზე აღმოჩნდა, სადაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ხუთი ახალი სიმღერა შეასრულა.
დაუგეგმავმა კონცერტმა, რომლის შესახებაც არვინ უწყოდა, ლონდონის ცენტრში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მოულოდნელ კონცერტს სახურავზე უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალყურს, ყველაზე მოხერხებულები კი მეზობლად განლაგებული სახლების სახურავებზე აძვრნენ და იქიდან უცქერდნენ ამ საოცარ სანახაობას. გვერდით მდებარე ბანკის შენობაში ვერ გაერკვნენ, თუ რა ხდებოდა და პოლიცია გამოიძახეს. მათ მუსიკოსებს კონცერტის შეწყვეტა მოთხოვეს. შემდგომში პოლ მაკარტნი ხუმრობდა, რომ სახურავის კონცერტისთვის ყველაზე ეფექტური ფინალი, უსათუოდ მათი დაპატიმრება თუ იქნებოდა.
ახალი ჩანაწერები ჯგუფმა ჯერ ხმის რეჟისორ გლენ ჯოუნსს გადასცა, ალბომის საბოლოო ვერსია კი ამერიკელმა პროდიუსერმა ფილ სპექტორმა დაამუშავა. Let It Be-ში თავდაპირველი 16 კომპოზიციის ნაცვლად 12 შევიდა, თანაც ალბომი ჯონ ლენონის The Beatles -ის პერიოდის ერთ-ერთი უკანასკნელი შედევრის - Don’t Let Me Down გარეშე დარჩა.
ახალი ალბომი მაღაზიათა დახლებზე ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1970 წლის მაისში გამოჩნდა. ფილ სპექტორის ნამუშევარს ჯონი და პოლი სხვადასხვაგვარად აფასებდნენ. თუკი ლენონი კმაყოფილი იყო ჩანაწერით, მაკარტნი თვლიდა, რომ არ იყო საჭირო ზედნადებების გაკეთება. ამ მხრივ ხომ განსაკუთრებით მისმა შედევრმა The Long And Winding Road იზარალა, რომლის ორკესტრულმა და გუნდურმა არანჟირებამ მსმენელის ყური იმ სიხალასეს მოაცილა, რასაც იგი თურმე პოლ მაკარტნის რედაქტირებით 2003 წელს გამოშვებულ Let It Be... Naked-მდე უნდა დალოდებოდა...
The Long And Winding Road, ლენონის Across The Universe -თან ერთად, ალბომის სიღრმისეულ მსოფლმხედველობას განასახიერებს, ჯორჯ ჰარისონის ორი სიმღერა I Me Mine და For You Blue კი აშკარად ჩამოუვარდება Abbey Road-ის ოდნავ გვიანდელ შედევრებს Something და Here Comes The Sun. სკეპტიკოსებს თუნდაც ამ მიზეზით მიაჩნიათ ალბომი Let It Be შედარებით სუსტი. დავეთანხმოთ, თუ არა? საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტია...
აქ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ The Beatles-ის თაყვანისმცემელთა შორის, არასოდეს არავინ საუბრობს მათი არსებობის საწყისი ეტაპის რაიმე ტიპის კრიზისზე, გვიანდელ პერიოდზე საუბრისას კი ერთადერთი დარტყმის წერტილი, მაინც Let It Be გახლავთ.
ალბომის ამავე სახელწოდების შედევრი, კლასიკური სპირიჩუელსია და ალბათ ამ მიზეზითაც ასრულებენ მას ხშირად შავკანიანი მუსიკოსები. მაკარტნის სიმღერათა ნუსხაში, ასევე გამორჩეულია ალბომის ენერგიული დამაბოლოვებელი Get Back, ზემოთხსენებული The Long And Winding Road და I’ve Got A Feeling. Dig A Pony, გამხსნელი Two Of Us და სახუმარო Dig It კი ლენონს ეკუთვნის.
ცალკე საუბრის თემაა ჰარდ როკული I’ve Got A Feeling, რომელიც ორი ულამაზესი მისამღერისგან შედგება. პირველი მაკარტნისეულია, ხოლო მეორე კი სიმღერის ძირითად მოტივზე ლენონის Everybody Had A Hard Year-ის უნიკალური გადაბმის შედეგია. დუეტმა ეს უმაღლეს დონეზე განახორციელა, ფილმმა კი საკმაოდ უცნაურად განასახიერა მათი უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევრის შექმნის პროცესი. პოლი დაჟინებით და ზედმიწევნითი სიზუსტით უხსნის ჯონს, თუ როგორ უნდა დაუკრას გიტარაზე. ჯონი კი თვალებში შესცქერის და უსმენს კიდეც ოთხეულის ბოლო პერიოდის მამოძრავებელ ძალას, მაგრამ თითქოს მისი მზერა კიდევ სხვაგან არის მიმართული და ადრესატი შესაძლოა იოკო ონოც იყოს.
ფილმ Let It Be -ის მნახველს, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი შთაბეჭდილება არ შეექმნას. ამის შემდეგ კი საბოლოოდ შეგვიძლია დავუშვათ ვერსია, რომ The Beatles -ის დაშლის უმთავრესი მიზეზი მხოლოდ ჯონ ლენონის მეუღლეა, რომელიც აუტანელი იყო როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ასევე ლეგენდარული ოთხეულის ნებისმიერი მსმენელისთვის.
ალბომის ყველაზე ნათელი წერტილი კი One After 909 გახლავთ. იგი ხომ 1957 წელს დაწერილი The Beatles-ის უძველესი როკ’ნ’როლია, რომლის ამდენი ხნის განმავლობაში შემონახვას, ლეგენდარული ტანდემის უცნაურ მახვილგონივრულობას თუ მივაწერთ...
ჩვენ კი კრიზისულს ვუწოდებთ, თუ არა, ფაქტია, რომ ქრონოლოგიურად სწორედ Let It Be -ით დასრულდა როკ მუსიკის ისტორიის უდიდესი ეტაპი. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ დაე ასე იყოს და ალბომი ვაღიაროთ თუნდაც Abbey Road-ის დონის შედევრად, ხოლო დიდი ოთხეულის მოღვაწეობის თავდაპირველ პერიოდს, მოდით ნუ შევეხებით, რადგან მასზე აუგის მთქმელი, ისედაც არ არსებობს.