"ევროპული მთავრობები სამი სახის შიშის ქვეშ არიან მოქცეულები - რას გააკეთებს ევროპა, დონალდ ტრამპმა რომ გაიმარჯვოს?"

ბრიტანული ჟურნალი "ეკონომისტი" (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რას გააკეთებს ევროპა, დონალდ ტრამპმა რომ გაიმარჯვოს? ნატოს სამიტის დროსაც კი ევროპელები გეგმა "ბ"-ს ამუშავებენ".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ნათქვამი ყველას გვახსოვს: "მე თუ პრეზიდენტი ვიქნები, უკრაინის ომს 24 საათში დავასრულებ", თუმცა - როგორ, ექს-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სიტყვები გულისხმობს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტას და რუსეთისათვის სტატუს კვოს შენარჩუნების უფლების მიცემას.

და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ "დაუდგრომელი ტრამპის" ანუ თეთრ სახლში ისეთი ადამიანის დაბრუნება, რომელიც პრეზიდენტობის პირველ ვადასთან შედარებით უფრო მეტად ნაწყენია, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო ნაკლებად თავშეკავებულია, უკრაინისათვის უბედურების მომასწავებელი იქნებოდა. უფრო მეტიც - ეს იქნებოდა კატარსტოფა ევროპისათვის. თუ დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი, მას შეუძლია მმართველობის პირველი ვადის დროინდელი მუქარა აასრულოს - აშშ ნატოდან გავიდეს. რასაკვირველია, პრეზიდენტს კონგრესი წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ როგორც ცნობილია, ყველა ტიპის მოკავშირეობა ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და თუ ამერიკა მოკავშირეებს აღარ დაეხმარება, მათთვის ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ ასეთი პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას დაანგრევს. საბოლოო ჯამში, ეს სწორედ ის იქნება, რაც რუსეთს სურს.

ევროპელთა შიშები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკა უკრაინას "ლომის წილ" სამხედრო დახმარებას უწევს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპელმა მოკავშირებმაც იაქტიურონ. თუ ამერიკული სოლიდარობა, საბოლოო ჯამში, მართლაც ეფექტიან შედეგს გამოიღებს, მაშინ დონალდ ტრამპის პოპულისტური განცხადებები თავის მიზანს და მნიშვნელობას დაკარგავს.

ამრიგად, ევროპული მთავრობები სამი სახის შიშის ქვეშ არიან მოქცეულები: რუსეთის მხრიდან - თავდასხმის შიშში, ჩინეთის მხრიდან - ეკონომიკური გაჩანაგების შიშში და აშშ-ის მხრიდან - მიტოვების შიშში. საფრანგეთი მკაფიო პასუხს იძლევა ამ სამივე საკითხზე: აუცილებელია "ევროპული სტრატეგიული ავტონომია". მაისში ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გამოსვლისას პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კითხვა დასვა: "განა მუდამ ასეთი იქნება ამერიკა? ვერავინ იტყვის მტკიცედ იმას, რომ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკელ ამომრჩევლებზე იყოს დამოკიდებული". ფრანგი ლიდერის აზრით, ევროპელებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა არა მარტო სამხედრო, არამედ - ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ემანუელ მაკრონის განცხადება "სტრატეგიული ავტონომიის" შესახებ ევროპისა და ამერიკის კავშირების გაწყვეტის მცდელობას წარმოადგენს. მაგრამ რა მოხდება სინამდვილეში, თუ ამერიკა მართლაც "გაათავისუფლებს" ევროპას მფარველობისგან? ფრანგ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ტრანსატლანტიკური გაყოფა უკვე მიმდინარეობს, ამერიკა "საკუთარ თავს უბრუნდება", მისი საგარეო პოლიტიკა კი მხოლოდ ჩინეთზე ფოკუსირდება. დონალდ ტრამპი ამ ტენდენციის ყველაზე მკაცრი გამოხატულებაა.

ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველას ჰგონია - თითქოსდა, ამერიკის პრიორიტეტს ჩინეთთან მეტოქეობა წარმოადგენს. ადრე თუ გვიან პროტექციონიზმის მომხრე ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, რომ ევროპას ნაკლები დრო დაუთმოს და ყურადღების კონცენტრირება აზიაზე მოახდინოს. ეს შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს. მომავალ პრეზიდენტ-დემოკრატსა და თუ პრეზიდენტ-რესპუბლიკელს შორის განსხვავება მხოლოდ ის იქნება, თუ რა სიჩქარით დაშორდებიან ისინი ევროპას...

ევროპა - საკუთარი თავის იმედად

შეუძლია თუ არა ევროპას საკუთარი თავის პატრონობა, თუ მას მფარველი მიატოვებს? თეორიულად - კი. ნატოს ევროპელი წევრები ეკონომიკურად მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენენ, 600 მილიონი მოსახლეობით. მათი არმიები მილიონობით სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და მათ ერთმანეთთან მრავალწლიანი სამხედრო ურთიერთობა აკავშირებთ. ნატოს ევროპელი წევრებიდან ორ სახელმწიფოს - დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს - ბირთვული იარაღი აქვს. გარდა ამისა, ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსაც წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა, ნატო აშშ-ის სამხედრო ძლიერებას ეყრდნობა, რომელზეც ალიანსის სამხედრო ხარჯების ორი მესამედი მოდის. ნატოს მხოლოდ ათმა წევრმა შეძლო მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა - 2%-იანი სამხედრო ხარჯები ბიუჯეტში. ესეც საკმარისი იქნებოდა, რომ ევროპა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს. სტოკჰოლმის ინსტიტუტის გამოთვლით, 2022 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვისათვის საერთო ჯამში 333 მილიარდი დოლარი დახარჯეს - ეს უზარმაზარი თანხაა რუსულ 86 მილიარდთან შედარებით. მაგრამ ევროპა ხშირად არაკოლექტიურად მოქმედებს, თანაც - სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სიძლიერის არმიები ჰყავს ანუ, ერთი შეხედვით, თითქოსდა უზარმაზარი თანხა არათანაბრადაა გადანაწილებული.

ერთიანი სივრცის მიუხედავად, ევროპელებს შორის "ვასალიზაციის" პრინციპი მოქმედებს - ვიღაც რაღაცით ვიღაცაზეა დამოკიდებული. ისინი ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან და გაურკვეველია, ამ დროს როგორ იმოქმედებს "ევროპული ავტონომიზაცია". ევროპის ორ უმთავრეს გაერთიანებას - ევროკავშირს და ნატოს არცთუ იშვიათად ერთმანეთთან სრულყოფილი ურთიერთდამოკიდებულება არ აქვთ. გარდა ამისა, ნატოს მნიშვნელოვანი წევრები - დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და თურქეთი ევროკავშირის წევრები არ არიან და ამიტომ მათ ევროკავშირის ინტერესები შედარებით ნაკლებად აღელვებთ. კოლექტიური თავდაცვა ნატოს საქმეა, რომელსაც ამერიკა უძღვება, ხოლო ეკონომიკას, ძირითადად, ევროკავშირი წარმართავს, რომელიც, პრინციპში სამხედრო კავშირის ანტითეზის სახით შეიქმნა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ ცდილობდა თავის დროზე საფრანგეთი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების აშშ-ის წინააღმდეგ გამოყენებას.

ამერიკა თუ უკრაინას მიატოვებს, ევროპელები დიდი არჩევნის წინაშე დადგებიან - გააგრძელონ თუ არა უკრაინისადმი დახმარება და - საომარი მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ. ზოგიერთი დიპლომატი გულახდილად ამბობს, რომ ევროპა კიევის დახმარებას შეწყვეტდა. ზოგიერთები ყოყმანობენ და ამ ჰიპოთეტურ კითხვას მტკიცედ ვერ პასუხობენ. ფაქტი კი ისაა, რომ ამჟამად ევროპული სამხედრო არსენალები ბევრად უფრო ცარიელია, ვიდრე - ამერიკული. ევროპაში უფრო აშკარად ჩანს პრობლემა, რაც ამერიკასაც ახასიათებს - ისინი ვერ ასწრებენ, იარაღის წარმოების პროცესში "დროში ზუსტად ჩაეტიონ": მათთვის ხომ უკრაინის ომი მშვიდობიან პერიოდში ხდება, ისინი ხომ უკრაინის გამო საკუთარ ქვეყანაში (და ეკონომიკაში) საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებენ?! მშვიდობიან დროს კი ძნელია ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა.

დონალდ ტრამპისეული ამერიკის არმია თუ ევროპიდან წავა, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ევროპელებს მოუწევთ უზარმაზარი სიცარიელის ამოვსება - 85 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის ჩანაცვლება (დაახლოებით, 22 საბრძოლო ბატალიონი, რაც იმდენია, რამდენიც დიდ ბრიტანეთს ჰყავს). ამერიკელები წავლენ ნატოს შტაბ-ბინიდანაც. ევროპელებს მოუწევთ უამრავი "რაღაც" თვითონ დაამზადონ ან სადმე შეისყიდონ, რითაც დღეს ამერიკა მათ იაფად და დიდი რაოდენობით უზრუნველყოფს. ევროპას კი მათი წარმოებისათვის ათწლეულები დასჭირდება.

ევროპაში ევროპელის ლიდერობა რთული იქნება. მათთვის ამერიკული ჰეგემონიზმის ადგილობრივად ჩანაცვლება ბევრ პრობლემას გამოიწვევს. გერმანია თითქოსდა ბუნდესვერის გადაიარაღებას აპირებს, მაგრამ პაციფიზმს მაინც ვერ შორდება. დიდი ბრიტანეთი, ბრექსიტის გამო, ევროპულ საქმეებთან დისტანცირებულია. საფრანგეთი ლიდერობას ცდილობს, მაგრამ მას ნაკლებად ენდობიან.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს: რუსეთს თითქმის 6 ათასი ბირთვული ქობინა აქვს, დიდ ბრიტანეთს - 200 და საფრანგეთს - 300. თუ ამერიკა ევროპიდან წავა, ვაშინგტონის გარეშე პარიზს და ლონდონს თავიანთი მარაგის გაფართოების, დოქტრინისა და ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გადახედვა მოუწევთ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ევროპა ეკონომიკური "ავტონომიის" თვალსაზრისით შედარებით უკეთ გამოიყურება: ევროპელებმა ევროკავშირის ჩარჩოებში გარკვეული სოლიდარობა გამოიჩინეს და საკმაოდ ოპერატიულად მოაგვარეს რუსული გაზისა და ნავთობის ჩანაცვლება (ამერიკულით და ახლოაღმოსავლურით).

ემანუელ მაკრონი თვლის, რომ "ევროპული ავტონომიისათვის იდეოლოგიური ბრძოლა მოგებულია", მაგრამ კვლავ ძალაშია ევროპის არსებობის ორი მოდელი, რომელიც მაკრონის მიზნებს ეწინააღმდეგება: პირველი, "შედარებით კარგი", რომლის მიხედვით, ევროპამ ამერიკასთან ერთად უნდა დაიცვას საერთო ფასეულობები და ინტერესები და მეორე, "შედარებით ცუდი", ფრანგული "გოლისტური" ტრადიციის მიხედვით, რომლის თანახმად, ევროპა ამერიკას შორდება და კონკურენტულ გეოპოლიტიკურ პოლუსს ქმნის.

დონალდ ტრამპი და ევროპის პერსპექტივა

"დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად "დაგეგმილი კატასტროფის" ტოლფასი იქნებოდა", - ამბობს კონსტანცია შტელცემიულერი ამერიკული ბრუკინგის ინსტიტუტიდან. ევროპელ ლიდერებს მტკიცე პასუხი არ აქვთ. ზოგიერთებს ამაზე ფიქრი არ უნდათ, ზოგიერთები კი უფალს ევედრებიან, რომ დონალდ ტრამპი, თუ იგი ისევ თეთრ სახლში შევა, ნაკლებად "დამანგრეველი" იყოს და იგი, კრიზისულ სიტუაციებში, კონგრესმა და პენტაგონმა შეაჩეროს.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ისევე, როგორც ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, რომ თავისი ძალით შეუძლია ევროპელები გააერთიანოს, ასევე, დონალდ ტრამპს შეუძლია, თავისი ძალით ევროპელები დაქსაქსოს.

ნატოს ხელშეკრულების თანახმად, ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს. ამჟამად მისი მთავარი მიზანია, არ დაუშვას საბჭოთა კავშირის აღდგენა. და თუ ევროპელები, ემანუელ მაკრონის დოქტრინის მიხედვით, მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ ევროპის უსაფრთხოებაზე, მაშინ ამერიკა მეტ ყურადღებას დაუთმობს გარეშე საფრთხეებს აზიაში [ჩინეთის სახით]. ამით გაბათილდება დონალდ ტრამპის ბრალდებები ევროპელთა წინააღმდეგ - მდგმურები ხართ, ამერიკელები გარჩენენო. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, ნატო რუსეთის შეკავებასაც მოახერხებს, ალიანსის შიგნით აშშ-ის გარკვეულად ჩანაცვლებასა და ჩინური საფრთხის განეიტრალებასაც - ერთობლივი ძალისხმევით. წყარო

რომანი საბჭოთა კავშირის აღდგენა რა შუაშია? ეს ფანტომური შიშები ევროპას მანიაკალურში გადაუვიდა, რაც ბებერ ევროპას უსუსური და გაუგებარი ბექგრაუნდის მქონე ლიდერების ხელში კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.
1 წლის უკან