რეჯეფ თაიფ ერდოღანი საინტერესო პოლიტიკური ფიგურა და სერიოზული მოჭადრაკე აღმოჩნდა დიდ პოლიტიკურ საჭარდაკო დაფასთან. არსებობს თუ არა ფარული წინაპირობები, რატომაც თურქეთი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მოვლენების პარალელურად თურქეთის ლიდერმა კატეგორიულად მოითხოვა თურქეთის ევროკავშირში მიღება. Associated Press-ის ინფორმაციით, ერდოღანმა ულტიმატუმით მიმართა ალიანსის წევრებს, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ ევროპის ქვეყნები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ „გზას გახსნიან“. ვილნიუსის ნატოს სამიტის წინ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ თურქეთს გზას გაუხსნიან.
გააგრძელებს თუ არა თურქეთი ევროკავშირის კარიბჭესთან ლოდინს? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
თურქეთი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო როგორც ფინეთის, ასევე შვედეთის ნატოში გაწევრიანების. ერდოღანი განსაკუთრებით შვედეთის ნაწილში ამბობდა, რომ არ დათანხმდებოდა მის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. ამასობაში შეიცვალა თურქეთის პოზიცია და მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ითქვა, თითქოს თურქეთი ამას წინაპირობების გარეშე დათანხმდა, თუმცა ერდოღანმა ვილნიუსის სამიტზე კატეგორიულად მოითხოვა თურქეთის ევროკავშირში მიღება. ფარული წინაპირობა შეიძლება იყოს ის, რომ თურქეთს გაუღონ ევროკავშირის კარი? წინაპირობების გარეშე ალიანსის გაფართოება გადამეტებულად ხომ არ მიგაჩნიათ?
რამაზ საყვარელიძე: სიმართლე გითხრათ, გადამეტებული მგონია იმის ფონზე, რაც თავდაპირველად თურქეთმა განაცხადა. ერთი შეხედვით, თურქეთმა ანალოგიური პრეტენზიები გამოთქვა ფინეთის ეტაპზეც და პრაქტიკულად, მის ხელში ნატოს ხმა ინსტრუმენტი იყო, ემოქმედა ევროპულ ქვეყნებზე. შესაბამისად, ადამიანი იფიქრებდა, ერდოღანის სიჩუმეს რაღაცა სხვა მოტივები აქვსო. მაგრამ, ცოტა ხნის წინ ერდოღანმა ისევ საჯაროდ განაცხადა და ისევ იგივე ფორმულა წარმოადგინა - თუ, არ შემიშვებთ ევროკავშირში, მე არ შევუშვებ ნატოში შვედეთსო. ახლა, უცბად დათანხმდა. მეც მეჩვენება, რომ პიროვნებების ასეთი მოულოდნელი ცვლილებები არ ხდება და სავარაუდოა, რომ დახურულ კარს მიღმა ითქვა რაღაც, რაც ერდოღანისთვის დამაჯერებელი იყო სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით.
თურქეთს უნდა ევროკავშირში შესვლა, რათა ჰქონდეს ხელსაყრელი სავაჭრო პირობები ევროპის მასშტაბით. თუ ევროკავშირში არ შეუშვებენ და ისე შესთავაზებენ ანალოგიურ პირობებს, შეიძლება თურქეთი დათანხმდეს კიდეც. მას ევროკავშირი, როგორც ასეთი, იდეებისთვის არ უნდა. ეს ჩვენთან არის, რომ რაღაცა იდეების გარშემო გვინდა ხოლმე ამა თუ იმ ევროპული სტრუქტურების წევრობა, თორემ, თურქეთი პრაგმატულად მოქმედებს და ამ პრაგმატული მიზნებით უნდა ევროკავშირის წევრობა. თუ მიზნებს მიაღწევს სხვა გზებით, მაშინ შეიძლება ამაზე წავიდეს.
თურქეთის შემთხვევაში სხვა გზები რა შეიძლება იყოს? ერდოღანმა კატეგორიულად მოითხოვა ევროკავშირში შესვლა. მის საპრეზიდენტო მმართველობას თუ გადავავლებთ თვალს, მსგავსი კატეგორიულობით არასოდეს არ მიუმართავს ევროკავშირისთვის...
- რა თქმა უნდა. ამიტომ, კიდევ უფრო მოულოდნელი არის თუკი ეს ნაბიჯი ყოველგვარი პრაგმატული გათვლის გარეშე გადაიდგა ერდოღანის მხრიდან. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება რაღაცა ორმხრივი შეთანხმებების სერია შეპირდნენ, რის შემდეგაც თურქეთი მიიღებს ისეთივე ხელსაყრელ პირობებს, როგორსაც მისი ევროკავშირში ყოფნის შემთხვევაში. შესაძლებელია თურქეთმა შეცვალოს გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. თუ კულუარულმა დეტალებმა არ მიიღო ისეთი მიმართულება, რაც აწყობს ერდოღანს, მას გადაწყვეტილების შეცვლის უამრავი შანსი აქვს, როგორც ხელმოწერაზე უარის თქმა, ისე ხელშეკრულების რატიფიცირების ეტაპზე შეუძლია იმოქმედოს თავის მომხრეებზე და გააჩეროს ეს პროცესი.
რაც შეეხება უკრაინის ნაწილში თურქეთის ფერისცვალებას - თვალსაჩინოა ის, რასაც ერდოღანი აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში. შედგა ზელენსკის თურქეთში ვიზიტი, რასაც მოჰყვა აზოვის ბატალიონის მეთაურების გათავისუფლება, მან ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რასაც მოჰყვა რეაქცია რუსეთის მხრიდან და ითქვა, რომ თურქეთი ნელ-ნელა ხდება რუსეთის არამეგობრული სახელმწიფო. თურქეთის ასეთი რადიკალური ცვლილების მოტივი არის თუ არა ის, რომ ჩინეთს წაართავას ინიციატივა ომის შეჩერების თვალსაზრით? თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მარცვლეულთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებას და შედეგიანად...
- ერდოღანმა საქმიანი მხარდაჭერა გამოავლინა იმით, რომ აზოველები გაათავისუფლა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების წონის მოვლენა. რა თქმა უნდა, თავსატეხი არის რა მიმართულებით მოძრაობს თურქეთის ლიდერი, რადგან, იმ სივრცეში, სადაც დღეს მსოფლიო გადანაწილების ბედი წყდება, შეიძლება ერდოღანს ჰქონდეს იმის შიში, რომ ამ გადანაწილებაში არ აღმოჩნდეს სუფრის მიღმა. იმისთვის, რომ თურქეთი სუფრის მიღმა არ აღმოჩნდეს, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს უფრო აქტიური თამაში ამ მინდორზე, რასაც უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა ჰქვია.
კიდევ ერთი რამით არის საყურადღებო ერდოღანის ეს ნაბიჯი. ვიცით, რომ ერდოღანი ძალიან პრაგმატული პოლიტიკოსია. ინგლისელების ეს ფრაზა, რომ არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობს ინტერესებიო - ერდორანის თურქეთზეც შეიძლება ითქვას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რუსეთს ეგონა, რომ ერდორანი მისი მეგობარია და უცბად აღმოჩნდა, რომ ერდოღანს რაღაცა სხვა ინტერესები აქვს. აი, ამ ინტერესების ძებნაში ვვარაუდობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ეს ინტერესი - თუ მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ხდება, არ აღმოჩნდეს თურქეთი გვერდზე. ამდენად, ამ თვალსაზრისით, პრაგმატული თურქეთისგან საყურადღებო არის ის, რომ მან ფეხებზე დაიკიდა რუსეთი.
ვფიქრობ, რუსეთის გამწარებაც სწორედ მაგით არის გამოწვეული, ანუ ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი დიდ პოლიტიკურ თამაშებში აღარ იგულისხმება როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო და თურქეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი, და არა მარტო თავისთავად თურქეთის გეგმები. ამ მხრივ მგონია, რომ ჭკუის სასწავლებელიც არის ერდოღანის დამოკიდებულება.
რა მხრივ?
- იმ მხრივ, რომ მეჩვენება, რუსეთის პოლიტიკურ გაუფასურებას ხშირად კარგად ვერ ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ხშირად, ისევ ისეთი დიდი წონა ენიჭება, როგორიც ადრე ჰქონდა. ჩვენი მხრიდან ეს გასაგებია, რადგან რუსეთის ოკუპაციის ტალღაში მოვყევით, მაგრამ თავისთავად თუ დავაკვირდებით იმას, რომ რუსეთი შეიძლება აღარ არის ანგარიშგასაწევი ძალა, მაშინ შეიძლება ცოტა სხვანაირად შევხედოთ როგორც საერთოდ მსოფლიო პოლიტიკის, ისე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს. შეიძლება ითქვას, უფრო ოპტიმისტურად შეიძლება შევხედოთ ჩვენს მომავალს რუსეთთან მიმართებაში.
რას გულისხმობთ?
- ზედმეტის თქმა არ მინდა, მაგრამ კონტინეტის ამ სივრცეზე, სადაც რუსეთი თავს თვლის გადამწყვეტ ფიგურად და ამ სივრცეზე ვართ ჩვენც, შეიძლება რუსეთი აღარ იყოს გადამწყვეტი.
ასეთ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს?
- ერდოღანის ნაბიჯი გვაფიქრებინებს, რომ ამ კონტინენტის ლიდერებს შორის რუსეთზე ორიენტაცია უკვე აღარ არის საჭირო, ის არ წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტის ცენტრს. მე მაინც მგონია, რომ ერდოღანის გათვლები იმაზეა ორიენტირებული, რომ ასეთი ცენტრალური ფიგურა ევრაზიაში ხდება ჩინეთი, რომლისთვის რუსეთი ნამდვილად აღარ არის დიდი მეგობარი, იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან არ არის ადეკვატური აღქმა და მიიჩნევენ, რომ აი, ჩინეთი ეცდება რუსეთის გადარჩენას. არ ეცდება, იმიტომ, რომ ჩინეთს თვითონ სჭირდება რუსეთის ტერიტორიები. ასე რომ, რაც უფრო დაუძლურებული იქნება რუსეთი, ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ არ შეეძლება წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინურ ექსპანსიას, ეს ჩინეთისთვის უფრო ხელსაყრელია, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე შეაბიჯებს უსისხლოდ. როგორც ჩანს, ამ მომენტს ელოდება კიდევაც ჩინეთი, ისე მშვიდად დგას და უცდის მხარეები როდის დაღლიან ერთმანეთს.
აი, ასეთი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რომ ერთი მხრივ მოდის ჩინეთი და მეორე მხრივ არის ამერიკული გავლენები კონტინენტზე, შეიძლება ერდოღანი თამაშობს ამერიკულ გავლენებზე. ის ცდილობს ასეთი გავლენები აარიდოს თურქეთს, მაგრამ მეორე მხრივ თავისი პოლიტიკა წარმართოს ისე, რომ ყოველთვის ეთქმოდეს ამერიკისთვის - მე, იგივე პოლიტიკას ვაწარმოებ, რასაც შენ, ოღონდ ჩვენ ერთმანეთში ნუ ვიჭიდავებთ. ედროღანმა ახლა ამერიკული გავლენის ეფექტი მოსინჯა.
ოპოზიცია მასეთი ძლიერი რომ იყო, ბევრმა ანალიტიკოსმა ეს ამერიკის გავლენას დააბრალა და ალბათ, არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ვიმეორებ, ამერიკასთან ერდოღანს შეუძლია უკვე ვაჭრობა, რომ ერთნაირი პოლიტიკის წარმოების სურათი შექმნას, რაც შეიძლება რუსეთისთვის უსიამოვნო იყოს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს იმ მომავლისათვის, რისკენაც მიიწევს მსოფლიო. კერძოდ, თუ ეს მომავალი არის ჩინეთის გაძლიერება, მაშინ ამ მომავალში უკვე ერდოღანს ექნება სურვილი, რომ უსაფრთხოდ ითამაშოს თავისი როლი. ამ ეტაპზე ასეთი, თავისი როლის უსაფრთხო თამაშისთვის და ასეთი რაუნდები ძალიან ხშირად აქვს ერდოღანს, როცა ერთ მხარეს დაუთბილავს ფეხს და მერე მეორე მხარისკენ გადაიხრება. ამიტომ, მე მგონია, ერდოღანის მხრიდან, როგორც უკრაინის მხარეს დადგომა, ისე ბევრი სხვა ელემენტი, დროებითი მანევრია. სამომავლოდ, ერდოღანი როცა უფრო რთულ სიტუაციებში აღმოჩნდება, ვფიქრობ, მაშინ გამოჩნდება მისი დღევანდელი პოლიტიკური მანევრების რეალური შინაარსი.
შესაძლებელია თუ არა თურქეთი გახდეს მოლაპარაკების წარმოების პროცესში მთავარი ისევ ამერიკის და დასავლეთის მხარდაჭერით, რომ ჩინეთი გაიყვანონ პროცესიდან? ცხადია, რომ ამერიკას არ აწყობს ჩინეთის ჩართულობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება...
- გეთანხმებით, გათვლა შეიძლება იყოს მაგაზე და გარდა მაგისა, შეიძლება ისიც იყოს მანიშნებელი ერდოღანისთვის, რომ ბოლო ხანებში ძალიან აქტიურად დაიწყო თვითონ ამერიკის მხრიდან ლაპარაკი სამშვიდობო პროცესებზე. რახან ამერიკიდანაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი, შეიძლება ერდოღანს უნდა, რომ ოპერატიულად იმოქმედოს, არ გაუშვას მომენტი და ჩადგეს მომლაპარაკებლის როლში, რომელზედაც პრეტენზია აქვს ჩინეთს. არ ვიცი ოღონდ რამდენად ექნება ამერიკას სურვილი, რომ მომლაპარაკებლის როლში, რაც თავისთავად გარკვეულ პოლიტიკურ ქულებს უწერს ამა თუ იმ მხარეს, თურქეთი ერჩივნოს იგივე ჩინეთს. იმიტომ, რომ ჩინეთის ანტიამერიკული პოლიტიკა ჯერ ბუნდოვნად გამოიყურება, არ არის ცხადი და თურქეთის, თან ერდოღანის თურქეთის ამერიკის წინააღმდეგ მოქმედება უკვე ისტორიული ფაქტია. მან ამერიკული გავლენები მინიმუმამდე დაიყვანა თავის დროზე. ასე რომ, თუკი ამერიკა იქნება გადამწყვეტი, შეიძლება ამერიკული მხარისთვის თურქეთი არ იყოს უფრო უკეთესი ვარიანტი, ვიდრე ჩინეთი. ჩინეთთან ამერიკას შეიძლება ბევრნაირი გეგმები ჰქონდეს, რომელიც ახლა ჩრდილში რჩება.
თავის დროზე ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში იყო გავრცელებული ვერსია, რომ იქნებ, ამერიკამ გვერდზე გადადოს ბევრ კონტინენტთან ურთიერთობა და ურთიერთობის მთელი სიმძიმე გადაიტანოს ჩინეთზე - კისინჯერის ამ ფორმულაში არ იყო დაზუსტებული ურთიერთობის ეს სიმძიმე არის კონფრონტაცია ჩინეთთან, თუ პარტნიორობა, ანუ, ფორმულა - მოდი, გადავინაწილოთ გავლენები, როგორც ეს საბჭოთა კავშირთან იყო. ანუ, ევროპის რაღაცა ნაწილი თანახმა იყო, რომ გაეკონტროლებინა საბჭოთა კავშირს და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს აკონტროლებდა ამერიკა. ასე რომ, შეიძლება რაღაცა მოდელი ახლაც გათამაშდეს და რაღაცა რაუნდების მერე არ აღმოჩნდეს ჩინეთი ამერიკისთვის ისეთი მიუღებელი, როგორიც დღეისთვის ჩანს.