ინგლისურად მოყოლილი საქართველოს ისტორია, ანუ (გა)უფრთხილდით წიგნებს

ინგლისურად მოყოლილი საქართველოს ისტორია, ანუ (გა)უფრთხილდით წიგნებს

ცნება “ზედმეტი ფული” პრაქტიკულად არ არსებობს და მითუმეტეს საქართველოში, სადაც ზედმეტი კი არა, აუცილებელი სახსრებიც კი ხშირად არ არის. არადა, სწორედ ზედმეტი ფული გაჩნდა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, რადგან მშობლებს წიგნების ყიდვა აღარ მოუხდათ. შედეგად, ბავშვებს უფრო ლამაზად და ხარისხიანად აცვიათ, უფრო ბედნიერი სახეები აქვთ და იციან, რომ წიგნებს უფასოდ მისცემენ. არადა, განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მაშინ ბევრი უარყოფითად შეხვდა და ახლავე აგიხსნით რატომ.

ჯერ იყო და, კახა (ალექსანდრე) ლომაიამ (თუ პირიქით არის, ალექსანდრე-კახა) დაფაზე სიტყვა ბავშვი ვერ დაწერა. სამაგიეროდ, ისეთი და იმდენნაირი წიგნები აწერინა სხვადასხვა ავტორებს, რომ ბოლოს მშობლები კი არა, თავად მასწავლებლები დაიბნენ, არ იცოდნენ რომელი წიგნით ეხელმძღვნელათ. თუმცა, ავტორებმა იცოდნენ, რომ თუ რომელიმე სკოლის დირექტორს “შეკერავდნენ”, არც თუ ცოტა მოგება ექნებოდათ, რადგან წიგნის ფასი ათი ლარიდან იწყებოდა. ჰოდა, ასე ჭრა-კერვაში გავიდა სამი წელი და წიგნების ფასები ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ვარცხნილობასავით სხვადასხვა მიმართულებით იზრდებოდა. ავტორებს უკვე გამომცემლები დაეპატრონენ და მოსახლეობის ხარჯზე ისეთი ბიზნესი ააწყვეს, თქვენი მოწონებული.

იმჟამინდელი ხელისუფლება მალე მიხვდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და შაშკინის პირით შემოგვითვალეს, არცერთი წიგნი ათ ლარზე მეტი არ ეღირებაო. მეც, როგორც მშობელს, ეს ინიციატივა გამიხარდა, მაგრამ სიხარული მალევე გაქრა - სასწავლო წლის დაწყებისთანავე გაირკვა, რომ მაგალითად, ინგლისურის წიგნი, რომელიც მანამდე ერთი იყო, საქართველოსავით სამ ნაწილად გაყვეს და თითო ათი ლარი ღირდა. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლაში მისულ ბავშვებს მომღიმარი მასწავლებლების ნაცვლად პირქუში მანდატურები დახვდნენ და... და არც არაფერი, შევეგუეთ. მშობლები არსენა მარაბდელის შეფიცული ტყის ძმებივით კი იძახდნენ, მოგვატყუეს, მოგვაღორესო, მაგრამ ამაზე მეტს ვერ ბედავდნენ და სექტემბრის დადგომას შიშით ელოდნენ - ერთი მოსწავლის წიგნებს ორი თვის პენსიაც არ ჰყოფნიდა.

ჰოდა, სანამ მანდატურთა და შაშკინის მიერ მოჭერილი სალტე გაწყდებოდა, ხელისუფლებამ მოიფიქრა და “მკაცრი ხელის” ნაცვლად განათლება ხატია დეკანოიძეს ჩააბარა. ერთი საგულისხმო და აქამდე უცნობი ფაქტიც - სანამ დეკანოიძეს მინისტრად დაამტკიცებდა, მთავრობის სხდომაზე სააკაშვილს მინისტრების შემზადება დაუწყია, განათლების სისტემაზე უსაუბრია და მერე შეპარვით უთქვამს: “ჩემი ხატია”... და მეტი აღარ დააცადეს, მთელი კაბინეტი ფეხზე წამოიშალა და გულზე ხელი დაიდო, ეგონათ მიშა საქართველოს ჰიმნს მღეროდა. თავიდან თურმე თავად სააკაშვილიც გაოგნდა (ემართება ხომლე მაგას ასეთი რამეები და ვისაც არ სჯერა, 2012 წლის 2 ქოტომბერს მიშას სახე ნახეთ) და ისიც ფეხზე ამდგარა, მაგრამ აზრზე მალე მოსულა (მაშინ, თორემ მაგის აზრზე მოსვლას რამდენიმეწლიანი კურსი სჭირდება), მინისტრებისთვის დაუცაცხანებია, რას დაეყუდეთ, დასხედით, ჩემი ხატია უნდა დავნიშნო მინისტრადო.

დეკანოიძემაც თვალების ფახულითა და დაქანცული სახით დაიწყო მძიმე ტვირთის ზიდვა. უფრო ზუსტად, თავიდან ემძიმა, თორემ სააკაშვილის მინისტრობას რა უნდოდა, ყველაფერს მაინც მიშა წყვეტდა და მაცივრიდან ბორჯომის დალევას და... პრინციპში, ეგ კაც მინისტრებზეა ნათქვამი.

სწორედ დეკანოიძე იყო პირველი (პირველი თუ არა, მეორე მაინც), ვინც მარგველაშვილის ინიციატივა გააპროტესტა, სამ საგამომცემლო სახლს მშიერს ტოვებსო. ანუ სამ ადამიანზე იყო მორგებული ის მილიონები, რომლებსაც მშობლები წიგნებში იხდიდნენ. ამით არაპირდაპირი აღიარება მოხდა იმისა, რაც მანამდეც ვიცოდით - ისედაც უფულოდ მყოფ მოსახლეობას “წიგნის სამართებელს” სასექტემბროდ უსვამდნენ და წამლისთვის თუ საკვებისთვის გადანახულ ფულს სასკოლო წიგნებით წვეთ-წვეთად, თითო ლარობით წოვდნენ და თან ამადლიდნენ, უცხოეთში ასეა და აბა, როგორ გინდათო. იმას კი არავინ ახსენებდა, უცხოეთში ხელფასებიც რომ სხვანაირად იყო, განათლების დონეც და არც ის მახსენდება, რომელიმე ქვეყნის განათლების სისტემას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი შეფები მართავდნენ. ახლა ვინმე ნიკა გვარამიასაც მიხსენებს, რატომ გამოგრჩა ყოფილი პროკურორიო, მაგრამ არ გამომრჩენია, უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ 2003 წლის შემდეგ გვარამია მუდმივად რა? სად? როდის? კითხულობს და ამ სამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. აი, როცა იპოვის, შეიძლება გვიანი იყოს, თუმცა რაღა გვიანი, ცხრა წელი გვითმენია და...

დასასრულ - ბოროტი ენები ამბობენ, წიგნი უფასო კი არის, მაგრამ ვინ იცის, ეს შემოდგომა რას გვპირდება, ეგებ საქართველოს ისტორიის მოყოლა ისევ ინგლისური სახელმძღვანელოებით დავიწყოთო... ჰოდა, (გა)უფრთხილდით წიგნებს!