ლგბტქ+ სლოგანით - „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“ საქართველოში დამარცხდა

ლგბტქ+ სლოგანით - „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“ საქართველოში დამარცხდა

„პრაიდის კვირეული“ ვერ შედგა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით განხორციელდა, რადგან სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. „პრაიდის კვირეულის“ პარალელურად საზოგადოებამ კონტრაქცია დაანონსა და ორგანიზებულად დაიძრა დახურულ ტერიტორიაზე, სადაც უნდა ჩატარებულიყო „პრაიდი“. მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული საპროტესო აქცია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ადგილზე მობილიზებულმა შს-ს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს აქციის მონაწილეების შეკავება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შსს-სა და ძალადობრივ დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ შორის. შსს-მ ფესტივალის ჩაშლის ბრალდებით ორი პირი დააკავა, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მაშ ასე, კვირეულის სლოგანია „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“ - საზოგადოებამ უკვე მერამდენად დაამარცხა და ამით კიდევ ერთხელ გაკეთდა განაცხადი, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი არ ჩატარდება. კონსერვატიული მოძრაობის მიერ გამართულმა კონტრაქცია აჩვენა, რომ ხელისუფლებას მოუწევს კანონით დაარეგულიროს ლგბტქ+ პროპაგანდა ქვეყანაში. როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი, მმართველი გუნდი კანონპროექტს საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ დაარეგისტრირებს, რითაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

უკვე ცნობილია, რომ ჯერ არარსებულ კანონპროექტს ვეტოს უმზადებს პრეზიდენტი, რომელიც აღშფოთებულია იმით, რომ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „თბილისი პრაიდის“ ჩაშლით ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაირღვა. პრეზიდენტმა პოლიციის ქმედებაც დაიწუნა და შეახსენა მათ, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ, რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად აღშფოთებულია აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები და ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება ტოლერანტობას. შოკირებულია ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა, რომლის განცხადებით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ. „თბილისი პრაიდს“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომლის განცხადებით, ეს იყო სევდიანი დღე თბილისში, როდესაც დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადება ახალისებს იმას, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩები თავს უფლებას აძლევენ თქვან, რომ პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს.

„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 16 მაისს 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ხელმომწერებს შორის არიან -„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „კანონი და სამართალი“, „პროგრესი და თავისუფლება“, „დროა“, „სამართლიანობისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რეფორმერი“, „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“ - შეთანხმებას არ აქვს მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელმოწერა.

„საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არსებობდეს ერთიანი პოზიცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესახებ“, - ამბობენ „თბილისი პრაიდში“ და სწორედ ამ მიზნით მიმართეს ყველა ძირითად პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებენ ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ის რაც მოხდა ლგბტქ+ პრაიდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ფასეულობებისა და მსოფლმხედველობების ძალიან ღრმა კონფლიქტს ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ კონფლიქტის ნიველირება ვერ შეძლო ვერც გარედან ფინანსურმა ინტერვენციებმა.

„თუ რატომ? ცალკე თემაა და ამის შემდეგ უკვე ძალიან უხერხულია საუბარი ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერ 85%-ზე, ტყუილია ეს ამბავი. არ გამოდის ევროპელობა ქართულად - ის მინდა, ეს არ მინდა. ის მომწონს, მაგრამ ეს არ მომწონს. წარმომიდგენია რა ტოქსიკური რეაქცია ექნებათ მომხდარზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მით უმეტეს რომ ახლა, ამ წუთებში იქ უკვე მიედინება აქედან დასმენის წერილები, ცალ ფეხზე მდგომთაგან. მთავარი დასკვნა - ფასეულობათა კონფლიქტი არის, როგორც წესი, ხანგრძლივი და მძიმე, საიდანაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე ერთი ნაბიჯია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, 8 ივლისს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელშიც შედიან ეთნიკური არაქართველებიც, ხელისუფლება, სამართალდამცველები, მართლმადიდებლური ეკლესია, სხვადასხვა კონფესიები, ერთობლივად, ურყევად ემსახურებიან ტრადიციულ, მარადიულ ღირებულებებს.

„ვიღაც ლგბტ-ეებმა ჩვენი საჯდომების უფლებები ირღვევაო და შეიძრა ნახევარი საელჩო-საერთაშორისო-სატელევიზიო-უფლებადამცველი სამყარო! ხოლო, საქართველოს პრეზიდენტმა ხომ შარვალ-იუბკა სრულიად შემოიფხრიწა! ძალიან, ძალიან გაბრაზებული და შეწუხებულია საქართველოს პრეზიდენტი, მდგომარეობა, რომ უდრტვინევლად დაძლიოს და მისივე სიტყვებით უფლებების დარღვეულთა მიმართ სოლიდარობა უფრო მკვეთრად გამოხატოს.

ქ-ნ სალომეს ვურჩევდი, საკუთარ ოჯახში რძლად მოიყვანოს კონჩიტა, ხოლო ქალიშვილი გაათხოვოს თაბაგარზე! ქორწილზე კი დაპატიჟოს იმ 15 პარტიის ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს და მხარს უჭერენ პრაიდის ჩატარებას, ხაზარაძის მეთაურობით! თავად კი „კინტოური“ დაუაროს, გუბაზასთან ერთად!“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

 

 

ლაზი მაგნაირი სიყვარული არ მოაკლოთ მაგათ დამფინანსებლებს. ეს გზასაცდენილები კი გონზე მოსულიყვნენ.
1 წლის უკან