რუსული დუუმვირატის ბრძოლა დასავლეთის სიმპათიებისთვის (ნაწილი პირველი)

რუსული დუუმვირატის ბრძოლა დასავლეთის სიმპათიებისთვის (ნაწილი პირველი)

ხოდორკოვსკი, ”პუმე”, მედვედევის ”აიპოდოკრატია”

[მანანა აბაშიძე]
კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ, ფედერალური სათათბიროს წინაშე სიტყვით უნდა გამოვიდეს. წელს, მედვედევისთვის ეს უკვე რიგით მესამე გამოსვლა იქნება. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის მითითებით, კრემლში უკვე დაიწყეს მუშაობა მის ტექსტზე - ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე. შარშანდელი გამოსვლა, განსაკუთრებით კი, მისი მოსამზადებელი პერიოდი რუსეთის პრეზიდენტმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა.

პრეზიდენტი მედვედევი დუმის წინაშე შემოდგომაზე უნდა წარსდგეს. ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერდა, რომ მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ მიმართვაში წინა ორის შუალედურ შედეგებს შეაჯამებს. ელიან იმასაც, რომ ამავე მიმართვისას მედვედევი იტყვის მუნიციპალური არჩევნების თუ როგორ სისტემას უჭერს მხარს და საერთოდ, ჩამოაყალიბებს თავის ხედვას მუნიციპალურ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი იმ რეფორმათაგანია, რომელსაც რუსეთის ლიბერალური საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს მისგან.

გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევის პრეს-მდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ აღნიშნა, რომ უცვლელი დარჩება მიმართვის ტექსტზე მუშაობის პრინციპი: თავისი მოსაზრებების, ხედვებისა თუ წინადადებების წარდგენა და კრემლისთვის შეთავაზება შეეძლებათ რიგით მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ა.შ.

თუ წინა წლების - განსაკუთრებით კი, შარშანდელ მაგალითს გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედვედევი ამ მიმართვასაც ნაყოფიერად გამოიყენებს პუტინის წინააღმდეგ რეალური ძალაუფლებისთვის - 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში. განსაკუთრებით კი, სწორედ მიმართვის ტექსტზე მუშაობისას შეეცდება ის დემოკრატიული დანაკარგები აინაზღაუროს რაც მას ბოლო პერიოდში მიადგა. თუმცა, სანამ მედვედევის საიმიჯო დანაკარგებზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით, დუუმვირატში შექმნილი ურთიერთობის შესახებ.

რუსეთში მედიის უმკაცრესი ცენზურაა. კანტი-კუნტად შემორჩენილი დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს კი, ძალიან უჭირთ მართლაც მნიშვნელოვანი და საკვანძო ინფორმაციების მოპოვება. მიუხედავად ამისა, აქა-იქ გამოჟონილი, ძალიან იშვიათი სიახლეებითა თუ სხვადასხვა ფაქტების შეჯამებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რუსულ დუუმვირატში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ხდება ბევრი ისეთი რამ, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.

ყველაფერს ერთად თუ გავიაზრებთ, შეიძლება ითქვას, რომ მედვედევსა და პუტინს შორის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე გასცდა ამ ორი ადამიანის პირად დაპირისპირებას. ახლა ამ პაექრობაში ჩართულია ყველა და ყველაფერი: დასავლეთი (რომელიც ფსონს მედვედევზე ჩამოვიდა), რუსული ლიბერალური საზოგადოება, პუტინისა და მედვედევის გარშემო უკვე წარმოქმნილი ინტერესთა პოლიტ-ეკონომიკური ჯგუფები და ა.შ. ამის სესახებ უფრო დაწვრილებით, ცოტა ქვევით ვისაუბრებთ.

არის ერთი ძალიან საინტერესო და აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია: რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ლიბერალური წრეების სიმპათიებისა და მხარდაჭერის მოპოვებას პუტინიც კი ცდილობს; ყველაზე საინტერესო მაინც, პერიოდია - ის, თუ რა დრო შეარჩია პუტინმა ლიბერალური სიმპათიების მოპოვებისათვის ბრძოლის დასაწყებად. საქმე ისაა, რომ ახლა რუსეთის ლიბერალურ წრეებში მედვედევით ტოტალური განხიბლვაა. დღეს უკვე თითქმის ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია აზრი, რომ მედვედევმა ლიბერალების იმედები და მოლოდინები ვერ გაამართლა.

ბრძოლა ლიბერალური საზოგადოების სიმპათიებისათვის
ცნობილი ფილმისა არ იყოს, ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”, ხოლო რუსულ ლიბერალურ საზოგადოებას - მედვედევის! და სხვათაშორის, არამარტო რუსულს.

7 მაისს, პრეზიდენტ მედვედვის ინაუგურაციიდან ორი წელი შესრულდა. საინტერესოა, რომ შარშან, ამ თარიღთან დაკავშირებით, დასავლურ მედიაში პირადპირ ზვავი იყო სტატიების. მათში განხილული გახლდათ მედვედევის საქმიანობა განვლილი ერთი წლის განმავლობაში და დასკვნა მკვეთრად უარყოფითი იყო. დასვლურ მედიაში მედვედევით იმედგაცუებამ მაშინ პიკს მიაღწია. ექსპერტები და ჟურნალისტები დანანებით აღნიშნავდნენ, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერც პრემიერის ჩრდილიდან თავის დაღწევა შესძლო და ვერც - იმ მოლოდინების რეალიზება რომლებიც თავადვე შეუქმნა ლიბერალურ საზოგადოებას.

წლევანდელი 7 მაისის მიჯნაზე ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო. მედვედევს მისი საფირმო ტერმინი, ”მოდერნიზაციაც” კი ვეღარ შველის. დასავლური მედია მედვედევის პრეზიდენტობის ორი წლით ფაქტობრივად აღარ დაინტერსებულა - სტატიები თითქმის არ ყოფილა და ეს, გასაგებიცაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო რამდენიმე საკვანძო მომენტი როდესაც პრეზიდენტს უნდა ეპრეზიდენტა, მაგრამ...

განვლილი ერთი წლის განმავლობაში რუსეთში ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმე მეტად გახმაურებული და ტრაგიკული მოვლენა მოხდა. შარშან ნოემბერში, მოსკოვში, ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იურისტი დაიღუპა - სერგეი მაგნიტსკი. ის ბილ ბრაუდერის ადვოკატი გახლდათ. იმ ბილ ბრაუდერის რომელიც თავის დროზე პუტინის ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერი და რუსეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ინვესტორი იყო. მერე, ის და მისი კომპანია ”ჰერმიტეიჯ ქეფითალი” განკიცხულთა სიაში მოხვდა - ბრაუდერი ”ცუდ” ოლიგარქად იქცა. მას რუსეთის დატოვება მოუხდა.

ბრაუდერის საინვესტიციო ფონდის მიტაცება-გადანაწილება ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებმა დაიწყეს. სწორედ სერგეი მაგნიტსკი გახლდათ ის იურისტი ვინც, ამ ძარცვის შეჩერებას და ბრაუდერის ინტერესების დაცვას ცდილობდა. გასულ წელს, ზაფხულში, მან შესძლო დაწვრილებით გაეშიფრა ის სქემა, რომლითაც ბრაუდერს კომპანია წაართვეს. ძალოვნების პასუხმა არ დაახანა: რამდენიმე თვეში ”აბეზარი” იურისტი დაიჭირეს, საგამოძიებო იზოლატორში ”ჩააყუდეს” და საბოლოოდ, სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო, ტკივილებისა და მწვავე პანკრეონეკროზისგან გარდაიცვალა.

ხოდორკოვსკის ”წამების გზებს” თუ არ ჩავთვლით, რთული გასახსნებელია სხვა რომელიმე ისტორია რომელსაც ბოლო წლების რუსეთში - უფრო ზუსტად კი, მის ლიბერალურ ნაწილში - ასეთი ერთსულოვანი აღშფოთება და განრისხება გამოეწვიოს. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული - ანუ უსაფრთხოდ მყოფი - ბრაუდერიც არ იყო უქმად. მაგნიტსკის გარდაცვალება დასავლური მედიისთვისაც წამყვან თემად იქცა. შერისხული ფინანსისტის იურისტებმა კი სტრასბურგს მიაშურეს.

ტოტალური პროტესტი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მედვედევისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა. პრეზიდენტმაც დრო იხელთა და სასჯელაღსრულების სისტემაში 25 სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკი გამოცვალა - თავისი ერთგული კადრებით ჩაანაცვლა. მათ შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზეც. მაგრამ უწყების პირველ პირს - პუტინის კადრს - ვერაფერი გაუბედა. არადა, მედვედევისგან სწორედ ამას ელოდნენ. რაიმე ისეთ ნაბიჯს, რაც მის პრეზიდენტობას დაადასტურებდა; იმას, რომ ის მართლაც არის პუტინისგან დამოუკიდებელი ფიგურა. ამაოდ. მოლოდინი გაცრუვდა. როგორც ჩანს, მედვედევი ამას მიხვდა და იმიჯის რეაბილიტირებისკენ მიმართული ნაბიჯი გადადგა.

ივნისში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაიწყო იმ პოდპოლკოვნიკის ფინანსებისა და შემოსავალ-გასავალის შემოწმება რომელიც სერგეი მაგნიტსკის მიერ გაშიფრული სქემის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო. და რომელიც, იურისტის დაპატიმრების ისტორიის მთავარი ინიციატორი გახლდათ.

”მაგნიტსკის კოლეგამ, ჯემისონ ფაირსტოუნმა შეკრიბა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს მიაწოდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მილიციელის ოჯახმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 3 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. შეიძინა ბინები მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში, უახლესი, პრესტიჟული მარკის ავტომანქანები; არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთ ფეშენებელურ კურირტებზე.

მაგნიტსკის კოლეგამ დოკუმენტების გარდა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე გაუგზავნა მიმართვა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედვს, გენპროკურორ იური ჩაიკას” - იტობინებოდა ”ეხო მოსკვი”. მიმართვამ გაჭრა, გამოძიება დაიწყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომ მაგნიტსკის მკვლელობის - სწორედ ასე შეფასდა მისი გარდაცვალება ლიბერალური წრეების წარმომადგენელთა მიერ - გამო უწყების პირველი პირი დაისაჯოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ოპტიმისტურ ვარაუდებს რუსული მედია არ გამოთქვამს.

ხოდორკოვსკი
მაგნიტსკის ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე, მედვედევს ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით ერგო თემა, რომელიც მისთვის ფაქტობრივად, საჯილდაო ქვად, მისი - როგორც პრეზიდენტის - ძლიერებისა თუ სისუსტის ერთგვარ საზომად იქცა: ხოდორკოვსკი და ”იუკოსის” საქმე.

დღეისათვის, მიხეილ ხოდორკოვსკისა და მისი საქმიანი პარტნიორის, პლატონ ლებედევის სახელები ფაქტობრივად, უკვე განზოგადდა. არამარტო რუსეთში, არამედ, მთელს მსოფლიოში, ხოდორკოვსკი საკუთარი უფლებებისა და ღირსების შენარჩუნებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. არსებობს საიტი, www.khodorkovsky.ru რომელიც ძალიან ცოცხალი და მუდმივად განახლებადია. მაგალითად, 26 ივნისს - მიხეილ ხოდორკოვსკის დაბადების დღე - ეს საიტი ძალიან საინტერესო სანახავი იყო.

ხოდორკოვსკის დაბადების დღეს ულოცავდა უკლებლივ ყველა ვინც დღევანდელ რუსეთში საზოგადოების სულ მცირე ნდობით მაინც სარგებლობს. დაწყებული მსოფლიოში ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველებით და დასრულებული ხელოვნების ისეთი მოღვაწეებით როგორიცაა მაგალითად, ელდარ რიაზანოვი. მოკლედ, ლიბერალური საზოგადოება ხოდორკოვსკის გათავისუფლებას და ”იუკოსის” წინააღმდეგ შეკერილი საქმის დახურვას ითხოვს.

ხოდორკოვსკი პუტინის პირადი პატიმარია. ეს იცის ყველამ - მთელმა მსოფლიომ. სწორედ ამიტომ, მედვედევი ისევ ვერ რისკავს, რომ იუკოსის ყოფილი მფლობელისთვის თუნდაც, სამართლიანი სასამართლო უზრუნველჰყოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ პრეზიდენტს შეუძლია ის უბრალოდ შეიწყალოს ან ამნისტიაში მოახვედროს...

თუმცა, ის ერთგვარად მაინც ცდილობს ამ საკითხზეც მოახდინოს რეაგირება - თავისებურად, არადეკლარირებულად. ჟურნალი ”ნიუთაიმსი” ხოდორკოვსკის პროცესისადმი მიძღვნილ (იმ პერიოდში, პროტესტის ნიშნად ხოდორკოვსკი შიმშილობდა) ერთ-ერთ სტატიაში - ”ხოდორკოვსკის შეისმინეს?” წერდა:

”ჯერ კიდევ აპრილში, პრეზიდენტის ინიციატივით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა შესწორებები. მათ თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში, ეკონომიკურ დანაშაულებათა გამოძიებისას, პირის დაპატიმრება აუცილებელი აღარ არის.17 მაისის საღამოს, ხოდორკოვსკიმ წერილით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ლებედევს და მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა სასამართლომ ნორმად არ აქციოს. შიმშილობას კი ტუსაღი იქამდე აპირებს სანამ პრეზიდენტი არ შეიტყობს, რომ ხამოვნიჩის რაიონის სასამართლო მის მიერ ინიცირებული კანონის საბოტირებას ახდენს.

იმავე საღამოს, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უკვე ყველაფერი იცის”- ნათქვამი იყო სტატიაში. აქვე ავტორი იმასაც აღნიშნავდა, რომ სწორედ მედვედევის მიერ ინიცირებულმა ამ შესწორებებმა ხოდორკოვსკის შესაძლოა, ციხიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცეს.

ეს მხოლოდ ერთეული, მაგრამ ძალიან ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ მოქმედებს მედვედევი პუტინთან 2012 წლისთვის ბრძოლაში: არადეკლალარირებულად, ასე ვთქვათ, ქვეშიდან...და სწორედ ამის გამო კარგავს რუსული საზოგადოების მხარდაჭერას. დღეისათვის, მისი ”მოდერნიზაციის” ფაქტობრივად აღარავის სჯერა.

ამ განწყობებს კარგად გამოხატავს მაგალითად, ცნობილი რუსი ექსპერტის, სტანისლავ ბელკოვსკის ერთი განცხადება რომელიც მან რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში სტუმრობისას - ისევ და ისევ, ხოდორკოვსკის მომავალთან დაკავშირებით საუბრისას - გააკეთა. წამყვანის კითხვაზე: ”მთელი ეს ისტორია საიმიჯო დანაკლისი მედვედევისთვისაა?” ექსპერტმა უპასუხა:

-“რა თქმა უნდა! აი, ველოდით, ველოდით და უცებ, არაფერი, ”ფშიკ”, როგორც იტყვიან. მედვედევის გარშემო ატეხილი მთელი ეს ლიბერალური ისტერიკა იძულების წესით ჩაცხრება. ეს მისთვის დიდი საიმიჯო დანაკარგი იქნება, რადგან სწორედ ამ ლიბერალური ისტერიკის ტალღების ქიმზე მოქცეული მიიწევს მედვედევი თავისი ”აიპოდოკრატიის” მწვერვალებისკენ” - განაცხადა ბელკოვსკიმ.

კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელია მეორე რუსი ანალიტიკოსი - ანდრეი პიონტკოვსკი. ”გრანი რუ”-ზე, ბლოგებში გამოქვეყნდა მისი ძალიან საინტერესო სტატია ”პუმე-ს შუადღე”. მიხვდით ალბათ, პუ-მე - პუტინი - მედვედევია(სტატია იხილეთ http://www.grani.ru/opinion/piontkovsky/m.177802.html). მასში საუბარია რუსეთში შექმნილ ვითარებაზე. და მისი დასკვნა:

- ”დღეს რუსეთში არ არსებობს ხელისუფლების რეალურად სიცოცხლისუნარიანი სუბიექტი. დარჩენილია მხოლოდ უცნაური, ორთავიანი არსება ”პუმე”, რომელიც განწირულია, ინერციით იხოხოს 2012 წლისკენ და თან ისე, რომ არც ერთმა თავმა არ იცის რა აკეთოს მომავალში” - წერს პიონტკოვსკი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დღეისათვის მედვედვის ანუ დემოკრატიული ცვლილებების იმედი რუსეთში ფაქტობრივად სრულად აქვთ გადაწურული. ანუ მას ლიბერალურ წრეებში მხარდამჭერი თითქმის აღარ ჰყავს. არავინ, გარდა იგორ იურგენსისა - ”თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის. თუმცა მას, როგორც იტყვიან, მედვედევის მოიმედეობა ”თანამდებობით ეკუთვნის”. პრეზიდენტი ”თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია. თან, როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია ხშირად აღნიშნავს, იურგენსი ფაქტობრივად, მედვედევის იდეოლოგი და ცნობილი ტერმინის, ”მოდერნიზაციის” ავტორი გახლავთ.

ასეთია დღეისათვის მედვედევისა და რუსული ლიბერალური საზოგადოების - ანუ ამომრჩევლის იმ ნაწილის რომელიც მოსახლეობის განწყობებზე რეალურ ზეგავლენას ახდენს - ურთიერთობა. ამ ფონზე, უკვე პუტინმა დაიწყო ბრძოლა ლიბერალური საზოგადოების სიმპათიების მოპოვებისთვის. თუმცა, ამ, მედვედევ-პუტინის ბრძოლაში შექმნილ ბალანსზე და რამდენიმე სხვა, საინტერესო დეტალზე ჩვენი სტატიის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.