„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ საფეხურზე გადავიდა - უხერხული სასულიერო პირების ფიზიკური განადგურება“

„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ საფეხურზე გადავიდა - უხერხული სასულიერო პირების ფიზიკური განადგურება“

პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად დარიშხანით წამლავდნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეუფე შიო თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მძიმედ იყო 1 კვირის წინ. შესაბამისად, მას ჩაუტარდა კვლევა და ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია.

საქართველოს საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ.

„ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო. რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ:

სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი. რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა. სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არც ერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. ამასთან, როგორც დეკანოზი ამბობს, შესაძლებლობა, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლა გარედან ყოფილიყო განხორციელებული, არსებობს.

„ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ უკვე მეორე, მისი ფიზიკური განადგურების ეტაპი დადგეს. ზოგადად, ახლა ეს ეტაპი არის. პირველი ეტაპი ცხადი იყო, ყველა ვხედავდით. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია ეს ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის.

რაც შეეხება გარედან ჩარევას, არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სამების ტაძრის იღუმენი გაბრიელი შიდა წრიდან მიღებული ინფორმაციით აცხდებს, რომ მეუფე შიო, სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, ანალიზები დაახლოებით 1 თვის წინ გაუკეთდა.

„3 კვირის წინ, მეუფემ წირვა ჩაატარა და მის შემდგომ რომ შეუძლოდ იყო, ინფორმაცია გვქონდა. ალბათ, ბოლო 2-3 კვირაა, რაც დადასტურდა, რომ მის სისხლში დარიშხანი იპოვეს. უშუალოდ საპატრიარქოსთან საუბარი არ მქონია, მე უბრალოდ, ჩემი შიდა წრიდან გავიგე, რომ სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, რაც ნაპოვნია მის ანალიზში. როგორც ვიცი, ანალიზი გაკეთდა, ალბათ, 3 კვირის ან 1 თვის წინ. ჩემი ინფორმაციით, ახლა მეუფე თავს კარგად გრძნობს, ღმერთმა კარგად ამყოფოს“, - განაცხადა იღუმენმა გაბრიელმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორის მოსაყდრის მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე არაფერი იცის. ამბობს, რომ მეუფე შიო მუჯირთან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

„არაფერი ვიცი. ვერაფერს ვამბობ, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად სარწმუნო ამბავი არ მაქვს. მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი. ყველა ამბობს, გვაქვს ინფორმაციაო და საიდან აქვთ? მაგალითად, მე მევალება, მქონდეს ინფორმაცია და ვერ ვახერხებ და ვინ საიდან იცის, რა იცის? გუშინ საღამოს დამირეკა „მთავარმა არხმა“, მკითხა და ვუთხარი, პირველად მესმის თქვენგან-მეთქი.

მერე ვცადე მეუფესთან დაკავშირება, დავურეკე, მივწერე კიდეც და არ მიპასუხა. ალბათ, აკლებულია და გადადებული აქვს ტელეფონი. ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა, მაგრამ არა, არაფერი ვიცი. დიდი ხანია, არ მინახავს, მგონი, აღდგომის შემდეგ. როგორც კი შეძლებს, ალბათ, შემოგვეხმიანება და გაგვაგებინებს. სხვათა შორის, ახლა სვეტიცხოვლობა მოდის და იმედია, შევხვდებით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იხსენებს თუ რა გააფთრებული ბრძოლა დაიწყო მიტროპოლიტ შიოს წინააღმდეგ მისი თანამოსაყდრედ დანიშვნის დღიდან, როდესაც გამოცხადდა „რუსეთის კრეატურად“. მისი თქმით, მიტროპოლიტ შიოს წინააღმდეგ ბრძოლა სრულად ჯდება იმ ანტი-ეკლესიური ბრძოლის კონტექსტში, რომელსაც ულტრალიბერალური და ე.წ. „მედასავლეთეების“ ჯგუფები უკვე წლებია აწარმოებენ.

„მათ მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გავლენის ინსტრუმენტად ჰყავთ გამოცხადებული და ამ ნარატივს აქტიურად ავრცელებენ დასავლეთში, სადაც იჯერებენ ამას. ამ ჯგუფებმა შეძლეს ეკლესიის წიაღში, მათ შორის სინოდში, მომხრეების გაჩენა. ამ საქმეში არც სპეცსამსახურების როლი უნდა გამოვრიცხოთ.

ახლოვდება არჩევნები, რომლებიც იქნება ისეთივე საეტაპო, როგორც 2012 წლის. თუ რატომ, იმედია ყველანი ხვდებით. შესაბამისად, ამ არჩევნებზე ეკლესიის პოზიცია თუ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მიტროპოლიტ შიოს მოწამვლის ფაქტი საბოლოოდ დადასტურდება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ საფეხურზე გადავიდა - უხერხული სასულიერო პირების ფიზიკური განადგურება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იხსენებს, რომ ჯერ იყო პატრიარქი, მერე მისი მდივან-რეფერენტი, ეხლა პატრიარქის მოსაყდრე. მისი თქმით, საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი.

„არა და, იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა, ძალზე ვიწროა. ჩვენ, ტრადიციისამებრ, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას. უბრალოდ, ვილოცოთ მეუფე შიოს ჯანმრთელობისთვის, მომავალში სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ მას და ყოველთვის ახსოვდეს: იუდა ისკარიოტელი - უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა, როგორც მზაკვრობის განმხორციელებელი. ხოლო დამკვეთი ვინაა - თანამედროვე „სინედრიონის“ სახით - უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, აქ ვარაუდების დონეზეც კი ვერ დავწერ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

 

trampi იუდა ისკარიოტელი - უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა, როგორც მზაკვრობის განმხორციელებელი


ისეა ეხლაც ................ აბა მე რომ ვიძახო ,, მე ვესროლე ძერას,, მეთქი ვინ დამიჯერებს
ჰოოდა იქ მოძებნონ., იქ............................ბლომად არიან სინოდში ნაცებისაგან მოსყიდულები ,,,,
არადა რა საწყენია ეკლესიაშიც სკამზე რო ფიქრობენ.....
1 წლის უკან