სააქციო საზოგადოება „ტელევიზია“ „მეცხრე არხის“ ბაზაზე ტელევიზიის დაფუძნებას გეგმავს და ორშაბათს გაგზავნილ წერილზე პრემიერისგან პასუხს ელის. აქციონერები აცხდებენ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, დღევანდელი სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით, შექმნიან მცირებიუჯეტიან ტელევიზიას, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში საკუთარ თავს შეინახავს, შემდეგ კი მომგებიან ორგანიზაციად იქცევა.
სააქციო საზოგადოება „ტელევიზია“ მედიაექსპერტმა ია ანთაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ და პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ, ოფიციალურად, 9 სექტემბერს, 3-ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დააფუძნეს. იმავე დღეს გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილი და მოთხოვნათა ნუსხა, რომელშიც ჩამოთვლილია ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც სააქციო საზოგადოებას ახალი ტელევიზიის ასამუშავებლად სჭირდება.
სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მედიის განვითარების მიზნით ქმნიან სააქციო საზოგადოების მიერ მართულ ტელევიზიას, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს.
„ეს იქნება მცირებიუჯეტიანი, საკუთარ მოგებაზე, საკუთარ რესურსებზე დამოკიდებული მედიაწარმონაქმნი. პრემიერმა გამოხატა ნება, რომ ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას საქართველოში. მას ძალუძს გარკვეული შეღავათების გაწევა. ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი პატრიმონისტული დამოკიდებულების, გვსურს ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობა“, - განმარტავს ცოტნე გამსახურდია.
ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ყუფარაძე კი „მეცხრე არხის“ ქონების გადაცემის საკითხს ასე აზუსტებს: „ტელევიზიის ქონება სხვადასხვა სახით შეიძლება გადმოგვეცეს - იჯარით, წილის სახით, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით“.
სააქციო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ აზუსტებენ, თუ რა თანხის მობილიზება შეუძლიათ იდეის მხარდამჭერების დახმარებით, ან რა თანხის გადახდას გეგმავენ „მეცხრე არხში“. ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნიათ პასუხი კითხვაზეც - თუ პრემიერი უარს იტყვის „მეცხრე არხის“ გაყიდვა-გადაცემაზე, შეეცდებიან თუ არა საზოგადოებრივი ინიციატივა აქციონერების მხარდაჭერითა და ბაზარზე ნაყიდი ტექნიკური საშუალებებით განახორციელონ.
სააქციო საზოგადოების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრემიერის პასუხი დადებითი იქნება. ამის შემდეგ კი ბიზნესგეგმას შეიმუშავებენ, ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს დაითვლიან და ხარჯების გათვალისწინებით აქციებს გამოუშვებენ.
„აქციები საზოგადოების განუსაზღვრელ რაოდენობას რომ შევთავაზოთ, საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს. საჯარო შეთავაზება - ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედება და შესაბამისი პროცედურებისთვის საჭიროა 1-2 თვე. აქციების გაყიდვის შემდეგ ახალი აქციონერები უფლებამოსილები იქნებიან მოიწვიონ სააქციო საზოგადოების საერთო კრება, აუცილებლობის შემთხვევაში, აირჩიონ ახალი სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი“, - განმარტავს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი და სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი გოგი ლოლაძე.
სააქციო საზოგადოების თანადამფუძნებლის, ია ანთაძის განცხადებით, ტელევიზია, რომელსაც სააქციო საზოგადოება შექმნის, პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალი იქნება. ანთაძე იმედოვნებს, რომ პრემიერი მათ შეთავაზებას ყურადღებით განიხილავს.
„ეს არის ძალიან საზოგადოებრივი პროექტი და პრემიერ-მინისტრმა ან უნდა თქვას უარი, თუნდაც იმის გამო, რომ მას არ სჯერა ამის განხორციელების, ან - საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. დღეს არ ვიცით, რა პოზიცია აქვს მას, კონცეფცია და ჩამონათვალი გავუგზავნეთ, ახლა სიტყვა მასზეა“, - აცხადებს ანთაძე.
მისივე თქმით, საქართველოში მცირებიუჯეტიანი ტელევიზიების ფუნქციონირების გამოცდილება არსებობს და მაგალითებად „კავკასიას“, „მაესტროს“ და „პალიტრა მედიას“ ასახელებს. მედიაექსპერტი ახალი ტელევიზიის ძირითად შემოსავლად სარეკლამო გაყიდვებს, დამხმარე ფინანსურ წყაროდ კი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს განიხილავს.
„ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ მთლიანი სარეკლამო ბაზრის 5-6%-ს 6-12 თვის განმავლობაში მოვიზიდავთ. რეკლამის შემოსავალი აბსოლუტურად დაფარავს ყველა ხარჯს. რომ არ გვქონოდა რწმენა, რომ ბიზნესი და სარეკლამო ბაზარი თავისუფალია, ამ საქმეს არ წამოვიწყებდით. ასევე გვაქვს იმედი რომ, „კავკასიის“ მსგავსად, ერთი-ორი პროგრამა მაინც გვექნება საერთაშორისო დონორების მხრიდან“, - აცახდებს for.ge-სთან საუბრისას ია ანთაძე.
ჩვენს კითხვაზე, რამდენად იქნება სარეკლამო შემოსავალი და საგრანტო პროგრამები ტელევიზიის ფინანსური უზრუნველყოფისთვის საკმარისი, მაშინ როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად გამოყოფილი მილიონები არ ჰყოფნის, ია ანათაძე ასე პასუხობს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად ვალებში იმიტომ არის, რომ საზოგადოება სინამდვილეში ვერ აკონტროლებს მაუწყებლის საბჭოს და საბჭო ვერ და არ აკონტროლებს მენეჯმენტს. ჩვენს შემთხვევაში იქნება სულ სხვა სიტუაცია - ადამიანები საკუთარი ჯიბიდან ამოიღებენ ფულს და დადებენ ამ ტელევიზიისთვის. მათ ექნებათ აბსოლუტურად ზუსტი მექანიზმი, როგორ უნდა აკონტროლონ ტელევიზია“.
სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ პრემიერისგან დადებითი პასუხის შემთხვევაში აქციონერთა გუნდი ტელევიზიის შინაარსზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს. სწორედ ამ პერიოდში შეირჩევა ტელევიზიის სახელწოდება და ლოგოც. სააქციო საზოგადოების მიერ შექმნილი ტელევიზიაში დასაქმების დროს „მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომლებს რამე პრივილეგია არ ექნებათ. საკადრო საკითხებს ახალი ტელევიზიის მენეჯმენტი გადაწყვეტს.