ახალაიას ადვოკატი იმედოვნებს...

ახალაიას ადვოკატი იმედოვნებს...

ე.წ ციხის ბუნტის ეპიზოდის ხანდაზმულობის გამო, შესაძლოა, ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორის რევაზ ნადოის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც შს და თავდაცვის ექს-მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას აღნიშნა, ციხის ბუნტი 2006 წლის 27 მარტს მოხდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნებოდა, რის გამოც, კანონის თანახმად, მისი გამოძიება მაქსიმუმ 6 წელში უნდა დასრულებულიყო.
„ამ საქმის გამო აქვთ წაყენებული ერთ-ერთი ბრალი ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ჭარბაძეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწლით მიმდინარეობს, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსგავსი კატეგორიის დანაშაულის გამოძიების ვადა 6 წელია, თუ მძიმე დანაშაულია - 10 წელი და თუ განსაკუთრებით მძიმე, მაშინ - 25 წელი. აღნიშნულ საქმეს ვადა 2012 წლის 27 მარტს გაუვიდა და გაუგებარია, რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამ პირების წინააღმდეგ. ამ საქმიდან გამომდინარე, ახალაიას ერთი ბრალი საქართველოში მისი დაბრუნებისთანავე, 2012 წლის 6 ნოემბერს წაუყენეს და მეორე პროკურატურაში იდო, თუმცა არასაკმარისი მოტივების გამო, მისი გამოძიება არ დაწყებულა. ამ უკანონო გამოძიების და ბრალის წაყენების გამო, უნდა დადგეს საქმის პროკურორის, რეზო ნადოის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ადამიანზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პასუხისგებაში მიცა“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანისას იქნება გათვალისწინებული და მას იმედი აქვს, რომ მოსამართლე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდით აღიძრა. ამათგან ერთზე - ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდზე სასამართლომ ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული რამდენიმე პირი გაამართლა. ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე მხარეთა მოსმენები უკვე დასრულებულია და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში დადგება. რაც შეეხება მესამე საქმეს, მისი არსებითი განხილვაც დასრულების სტადიაშია და განაჩენიც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.