17 სექტემბერს ხაიშში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ადგილობრივები აპროტესტებენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებაც კი დაემორჩილა ხალხის ნებას და ხუდონჰესის მშენებლობა შეაჩერა, ახალი მთავრობის პირობებში კი ხაიშისა და ზემო სვანეთის დანარჩენი 16 თემის მოსახლეობას მშობლიური მიწებიდან აყრა, ხოლო სოფელს დატბორვა ემუქრება.
ადგილობრივი სვანების მოსაზრებები იმდენად უგულებელყოფილია, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ, თავიანთი წინაპრების მსგავსად, ხატზე დაეფიცათ, რომ არ დაუშვებდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და არ გახდებოდნენ სვანეთის მესაფლავენი! ისინი მზად არიან, შეეწირონ ამ საკითხს, რადგან მიაჩნიათ, მატერიალური კეთილდღეობის საბაბით სულიერ ფასეულობაზე უარის თქმას არავისთვის მოუტანია სიკეთე.
მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მოსახლეობა ამ საშიშროების აღკვეთის მიზნით დასახმარებლად მიმართავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებას. ისინი ითხოვენ, ასე ხელაღებით ნუ გადაწყდება სვანეთის მოსახლეობის მომავალი.
მათ სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს, სადაც სვანეთის განუმეორებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას; მის ისტორიას, ენას, ეთნოგრაფიას, ხუროთმოძღვრებას, პოლიფონიასა და ქორეოგრაფიას, უნიკალურ სვანურ სამართალსა და სხვა დამახასიათებელ ნიშნებს გამოარჩევენ და აცხადებენ, რომ ეს ყოველივე დღეს საფრთხის წინაშე დგას. მიმართვას 2000 ათასამდე სვანი აწერს ხელს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ კვლავაც გრძელდება ხუდონჰესის მშენებლობის განახლების მცდელობა, რომელიც თითქმის 40 წელია, ერთგვარ დამოკლეს მახვილივით კიდია ზემო სვანეთის თავზე. ჯერ კიდევ 1986 წელს დაწყებული აღნიშნული ჰესის მშენებლობა 1989 წელს შეჩერდა სულმნათ მერაბ კოსტავას,ზვიად გამსახურდიას,ზურაბ ჟვანიასა და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა თაოსნობით. სვანები აცხადებენ, რომ ჩვენს გარშემო მრავლადაა „დიადი საბჭოეთის“ მიერ განხორციელებული, ყოვლად გაუაზრებელი გრანდიოზული პროექტები, რომლებმაც ხალხს დაპირებული სიკეთის ნაცვლად, მხოლოდ ბოროტება და ნგრევა მოუტანა. სამწუხაროდ, ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ხუდონჰესიც, რომელიც არა მხოლოდ ხაიშის თემს აღგვის პირისაგან მიწისა, არამედ ეჭვქვეშ აყენებს ზემო სვანეთის მომავალსაც.
საქმე ისაა, რომ 2010 წელს წინა ხელისუფლებამ ისე გააფორმა მემორანდუმი ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯოჯიასთან", რომ იქაური მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა და მათ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება გააცნეს. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა დღესაც და არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი შეხვედრა რაიონის მოსახლეობასთან.
უფრო მეტიც, ინვესტორი კომპანიის- „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ მესვეურები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ ხაიშელების უმრავლესობა თურმე აცნობიერებს ჰიდრო ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის და მზადაა, დატოვოს სამკვიდრო ტერიტორია, შეეგუოს ტაძრისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წყალქვეშ მოქცევას და გადასახლებას. სინამდვილეში, ასე არ არის.
ხაიშელები ახალ ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში სამართლიანად იყო მითითებული წინა ხელისუფლების შეცდომა, კერძოდ, - მოსახლეობასთან დაშორებული მდგომარეობა. აქვე ეწერა, რომ უნდა აკრძალულიყო დიდი ჰესების და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა.
თუმცა დღესდღეობით, ხუდონის აშენების შემთხვევაში, იძულებით უნდა გაასახლონ 1200 ადამიანი, რაც მესტიის რაიონის მოსახლეობის 10 %-ზე მეტია. მით უფრო, რომ უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში ზემო სვანეთის მოსახლეობამ 25000-დან 12000-მდე იკლო. გარდა ამისა, რელოკაციას უნდა დაემქვემდებაროს 850-ზე მეტი სასაფლაო და, რაც ხაიშელებს ყველაზე მეტად ადარდებთ, წყლით დაიფარება ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი, რომელიც მე-12-13 საუკუნის ნატაძრალის ადგილას აღადგინა ხაიშის თემის მოსახლეობამ და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მოქმედი გახდა 2010 წლიდან.
ხაიშის მკვიდრნი For.ge-ს რედაქციაშიც გვესტუმრნენ და თავიანთი პრობლემის შესახებ მოგვითხრეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტები ჯერ კიდევ 1989 წლის ივნისში აპროტესტებდნენ ხუდონჰესის მშენებლობას. ამდენად, დღესაც, თუ პროლემა არ მოგვარდა, გამოსავალს ისევ საპროტესტო აქციებში ხედავენ.
ხაიშის მკვიდრი მაიზერ გელოვანი აცხადებს, რომ თავის დროზე, 1989 წელს მათ მესტიიდან დაიწყეს ხუდონჰესის საწინააღმდეგო აქციები, შემდეგ ჩავიდნენ ხაიშში და ბოლოს-ჯვარში, სადაც 10 დღის განმავლობაში 20-კაციანი შემადგენლობით შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი სამეგრელოდან იყო, ხოლო მეორე ნაწილი -სვანეთიდან. ამ ადამიანების შიმშლობის შემდეგ მათთან ჩავიდა მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჭითანავა და გადაწყდა, რომ შეწყვეტილიყო ხუდონჰესის მშენებლობა. მეტიც, უნდა მომხდარიყო მისგან გამოწვეული ყველანაირი უარყოფითი შედეგების ლიკვიდაცია. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეჩერდა მშენებლობა, თუმცა ამჟამად ისევ გაახსენდათ ეს პროექტი.
„ჩვენი სოფელი -ხაიში სვანეთის დასაწყისში მდებარეობს, პირველი სოფელია და სვანეთის ჭიშკრად ითვლება. ამ გეგმის მიხედვით, სულ ხუთი ჰესი და კასკადი უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ხუთი ჰესი მიყოლებით აშენდება, მთლიანად დაიტბორება ენგურის ხეობა. გამოსავალს ვხედავთ იმავე ქმედებებში, რაც 1989 წელს მოხდა. მაშინ, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, ჩვენ მთელი ეროვნული მოძრაობის თავკაცები ამოგვიდგნენ მხარში - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჟვანია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჟორჟოლიანი, ნოდარ ნათაძე, თორნიკე ფიფია. სხვათა შორის, ცხონებული თორნიკე ფიფია უძღვებოდა ამ საქმეს ჯვარში. ველოდებით, რომ ახალი ხელისუფლება ადგილობრივების აზრს გაითვალისწინებს, რადგან ხალხია მთავარი ქვეყანაში. თუ ხალხი არ აინტერესებთ და მათი არ სჯერათ, მაშინ რაღად გვინდა ან ეკონომიკა, ან ენერგეტიკა?!-აინტერესებს მაიზერ გელოვანს.
ხაიშის მკვიდრი გოჩა თორია დარწმუნებულია, რომ ახალ ხელისუფლებას ყველა პროცესი ხუდონჰესის მშენებლობისკენ მიჰყავს. მათი წინააღმდეგობის საპასუხოდ კი რეაქცია კატეგორიული იყო- გაჩერდით, თორემ კანონს ავამუშავებთო. მათი ერთ-ერთი თანამოაზრე სამხარეოშიც იყო დაბარებული, სადაც უთხრეს, რომ ხაიშში უნდა გაიხსნას „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ოფისი. ამ ოფისის დანიშნულება კი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადებაა. სინამდვილეში, მათ ყველა დასკვნა აქვთ გაკეთებული, დარჩენილი აქვთ ერთადერთი დასკვნა- მოსახლეობის განსახლების პროექტი. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ოფისის ამოქმედება, რომ ადგილობრივებთან განსახლების პროექტის შესახებ იმუშაონ.
„ხაიშელებმა მათ კატეგორიულად უთხრეს, რომ ჩვენ არსად მივდივართ, არ მოხვიდეთ და ოფისი არ გახსნათო. ამ ჰესის აშენებაზე მთლიანი სახელმწიფო მანქანა მუშაობს. თანაც, სახელმწიფო ამ თემას იმით ფარავს, რომ საქართველოს სჭირდება ეკონომიკა და ენერგეტიკა; ჩვენ ვეუბნებით, ენერგეტიკა და ეკონომიკა იქნება, მაგრამ სვანეთი დაინგრევა, სვანეთის ნგრევას კი ჩვენ არ დავუშვებთ. 185 ოჯახი მთლიანად იტბორება. წინაპართა საფლავები, ეკლესია- ყველაფერი ნადგურდება. ისინი არ ცნობენ არც ჩვენს ფიცს და არც ჩვენს შეხედულებას, რომ სვანეთს არავის დავანებებთ. გარკვეულ ტერიტორიაზე გადასახლებაზე არც ყოფილა საუბარი და ამას ვერც შემოგვთავაზებენ, რადგან ჩვენ ამას არ დავუშვებთ და უკან არ დავიხევთ“,-აღნიშნა გოჩა თორიამ.
მან ახლანდელი პრემიერის ჩასვლის ფაქტიც გაიხსენა სვანეთში, როცა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე პირობა დადო, რომ ხუდონჰესი არ აშენდებოდა. ახლა კი სვანები მასთან შეხვედრას ითხოვენ, რათა პრემიერის პასუხი მოისმინონ.
ხაიშელი გიორგი თამლიანიც კატეგორიულია იმ საკითხში, რომ ზემო სვანეთის მოსახლეობა არ დაუშვებს კაშხლის აშენებას, რაც ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს, სრულიად შეცვლის კლიმატს და მოსახლეობას დააზარალებს. მისი თქმით, სვანეთში ერი და ბერი ერთ პოზიციაზეა და სასულიერო პირებიც ამავე აზრს აფიქსირებენ. უბრალოდ, მთავარია, რომ მათი მოთხოვნა გაზიარებულ იქნას.
„ჩვენი პრობლემის შესახებ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ამჟამად ელოდებიან საბოლოო დასკვნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ექსპერტებისგან. ეს დასკვნა არ ჩანს. საინტერესოა ისიც, რომ იმ ფონზე, როცა არანაირი დასკვნა საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა რატომ უსწრებს მოვლენებს წინ და რატომ არ ელოდება აღნიშნულ დასკვნას?!“-აცხადებს გიორგი თამლიანი.
ხაიშელების ინფორმაციით, „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ უცხოელებით, კერძოდ, ინდოელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა მათ ხელმძღვანელობს ვინმე წერეთელი.