ყოფილი ხელისუფლებისა და პატარკაციშვილებს შორის დადებულ გარიგებას გრიფი „საიდუმლო“ ადევს

ყოფილი ხელისუფლებისა და პატარკაციშვილებს შორის დადებულ გარიგებას გრიფი „საიდუმლო“ ადევს

საქართველოს მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და ბადრი პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება მთავრობის 5 სექტემბრის სხდომაზე მიიღეს და ის ამჟამად პრეზიდენტს აქვს გადაგზავნილი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შეთანხმების დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მის ხელთარსებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს და დოკუმენტს გრიფს მოხსნის, ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

მოხსნის თუ არა პრეზიდენტი ყოფილი ხელისუფლებისა და პატარკაციშვილებს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფი „საიდუმლოს“ ეს ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

„თქვენ უნდა ნახოთ სახელმწიფოსა და ოჯახის წევრებს შორის ხელმოწერა, მე უფლებაც არ მაქვს ეს გავახმაურო. ამ შეთანხმებაში ისეთი რამ ეწერა, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა მე რომ წავიკითხე, თმები ყალყზე დამიდგა. საოცარ პირობებს აწერენ ხელს ერთი მხრივ, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და მეორე მხრივ პატარკაციშვილების ოჯახი.

არ შემიძლია ვთქვა, თუ როგორი შეთანხმება იყო მიღწეული და ამას ისე მალავდნენ, რომ ვიდრე სახელმწიფო იარსებებდა, ამ დოკუმენტზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის უფლება არავის ექნებოდა, რა ხდება? ისეთ რამეებს მალავდნენ, რაც არ იყო დასამალი. ახლა ეს პრეზიდენტს აქვს გაგზავნილი და რატომღაც დიდი პაუზა აიღო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რა საქმესაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ყველგან წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება.

„ყველაზე მარტივი ფორმა ნახეს გრიფი „საიდუმლო“. ჩვენ უნდა დავადგინოთ ნუსხა, თუ რა შეიძლება იყოს საიდუმლო. კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს. ამაზე მუშაობა და შემდგომ სტანდარტების შეთანხმებაა საჭირო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას, საქმე ეხება 2012 წელს ლობისტური კომპანიებისთვის 16 მილიონის გადახდას, რასაც ასევე გრიფი „საიდუმლო“ ედო. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება შეეხება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უშიშროების საბჭოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, სახელმწიფო ხარჯების კანონიერებას. ამ მხრივ მიმდინარეობს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი. არჩილ კბილაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისწვდიმი გახდება.

რაც შეეხება ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების დროს დახარჯულ 16 მილიონს, ევროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ ყველა ის მიმართულება, რაზეც წინა ხელისუფლება საუბრობდა და საუბრობს, კერძოდ კი, აშშ-სთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, დიპლომატიურ ძალისხმევას და კონსულტანტების დახმარებას საჭიროებს.

ამასთან, პროკურატურა სწავლობს მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის კანონზიმიერებას, რომელსაც, ასევე, გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის დოკუმენტაცია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. მასალების მიხედვით, 2009 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტს ნიუ-იორკის წამყვან კლინიკაში ბოტოქსის ოპერაციის გაკეთება 5 600 აშშ დოლარი დაუჯდა, 2011 წლის 23 სექტემბერს კი ანალოგიური ოპერაციისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 5 800 აშშ დოლარი გადაიხადა.

დოკუმენტაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 5 993 ფუნტი აქვს გადახდილი ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში. ამასთან, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის კრისტინა ვუსავას სასტუმრო „რედისონში“ ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება და მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც, საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, არის ახალი საბუთები, რომლითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პრეზიდენტმა 2009- 2011 წლებში ნიუ-იორკში გაიკეთა კოსმეტიკური პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს ბოტოქსის შეყვანას სახეში. თითო ჯერზე დახარჯული აქვს დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხოს.

გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა არ არის ერთი ადმინისტრაციული აქტი, რეალურად ეს არის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავება. საკრებულოს წევრი კახა კუკავა თვლის, რომ კონკრეტულ საქმეებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას სჭირდება ახალი ტიპის პროკურატურა, რომელიც არ იქნება დანაშაულებრივ კავშირში კორუფციულ უწყებებთან. ეს არაა პროკურატურა, რომელიც შეძლებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას.

„აბსოლუტურად ყველა საქმეს დაედო გრიფი „საიდუმლო“, ეს იყო მიღებული ფორმა. კობა სუბელიანის მერიაში მუშაობის დროს 120 მილიონს დაედო გრიფი „საიდუმლო“. ეს იყო მერიის ხარჯები. დაფინანსდა უგულავას ცოლის მშობიარობა ავსტრიაში, უგულავა ლას-ვეგასში დადიოდა, მისი მოადგილეები სტრიპტიზ კლუბებში, მათი ცოლების კოსმეტიკური ოპერაციაც ასევე ბიუჯეტიდან დაფინანსდა, არსებობდა ფულის გათეთრების სქემა. ამ 120 მილიონიდან 80 მილიონი სუბელიანმა და მისმა თანამონაწილეებმა ჩაიდეს ჯიბეში. ამ საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კუკავა.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეებზე გრიფი „საიდუმლოს“ დადება თავიდანვე სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევდა.

„რაც არ შედიოდა მაშინდელი ხელიუსფლების ინტერესებში, ამ საქმეებს ედებოდა გრიფი „საიდუმლო“ ამ მეთოდით ხელს უშლიდნენ ინფორმაციის გამჟღავნებას. შემიძლია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე გავიხსენო, იგივე ფოტოგრაფების საქმე, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ დაედო, აბსოლუტურად არაფერი არ იყო საიდმულო ამ საქეში.

თუ არის შესაძლებელი, რომ ყველა საქმეს მოეხსნას გრიფი და მაქსიმალურად გასაჯაროვდეს ეს საქმეები, კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, მართლაც ვერ ვხვდები რა იყო გასასაიდუმლოებელი პატარკაციშვილების ოჯახსა და ხელისუფლების რომელიღაც ჩინოვნიკს შორის დადებულ გარიგებაში. კერძო პირი სასამართლოში ედავებოდა სახელმწიოფოს და მოხდა მორიგება. ეს რატომ უნდა იყოს საიდუმლოების შემცვლელი ინფორმაცია, მართლა არ მესმის. ეს არც ერთ კანონში არ წერია და ძალიან საინტერესოა რა წერია ამ დოკუმენტში“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.