საქართველოს ელჩი უკრაინიდან დაბრუნდება, თუმცა ცნობილია, რომ თბილისში კონსულტაციები არ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დასრულდა. ვოლოდიმერ ზელენსკის მოთხოვნა, რომ ქართველმა დიპლომატმა ხელისუფლებასთან კიევისთვის სააკაშვილის გადაცემის საკითხი მოაგვაროს, არ შესრულდება.
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ გუშინ დილით, მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ჰქონდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, უკრაინის 48 საათის განმავლობაში დატოვება სთხოვა, რაზეც, როგორც ელჩი აღნიშნავს, ქართული მხარე დაეთანხმა.
„ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და სთხოვა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით.
აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის“, - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა, რომელმაც უკრაინაში დიპლომატიური სამსახური დაასრულა, რადგან ქართული მხარე ამ ეტპაზე ელჩს უკრაინაში არ გაგზავნის.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ უკრაინაში, საქართველოს ელჩთან, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გამორიცხულია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება გაიმართოს კონსულტაციები, არის ის - როდის გადმოსცემენ საქართველოს ძებნილებს: ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, და გია ლორთქიფანიძეს, რომელიც უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა.
„ამ ადამიანს ხუთ საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილი, ეს 20-წლიანი პატიმრობა იქნებოდა, მათ შორის იმის გამო, რომ კობა დავითაშვილი აცემინა, ციხეებში წამების სისტემა ააწყო და ა.შ. წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს უკრაინაში გენერალური პროკურატურაში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსია და მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორებიც.
სულ ახლახან ადეიშვილი შეხვდა უკრაინაში აშშ-ის ელჩს. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე საკითხი, გია ლორთქიფანიძე, რომელიც იყო სააკაშვილის საქართველოში შემოპარების და არეულობის მოწყობის ორგანიზატორი და დღეს არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, არამედ ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინული მხარის ე.წ. სპეცოპერაცია სახელწოდებით - „დიეტა მიშას თავისუფლებისთვის“ ჩავარდა. მსოფლიო მასშტაბით, დიეტაზე მყოფი სააკაშვილი ერთადერთია, რომელმაც დემენცია დაამარცხა და უახლოეს მომავალში დააბრუნებენ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმარი სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა მისი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია - ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია. ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ელჩი ბევრი სხვა ელჩისგან განსხვავებით, დარჩა ადგილზე, როცა რუსული ტანკები კიევს იყო მიმდგარი, ამის გათვალისწინებითაც უკრაინის ხელისუფლებისგან ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი და დასანანი.
„უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, დასანანი და სამწუხარო, თუმცა, ამის მიღმა არ ვაპირებთ მათ შორის არც კომენტარებით რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. ოპოზიციის რეაქციას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში ისინი არიან უცხოელი აგენტები, სხვა ახსნა საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს. ისინი არ არიან ქართველები, ისინი უცხოელი აგენტები არიან და ამიტომ შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ უფლება, გააკეთონ ასეთი განცხადებები. ეს არის ამორალური და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილის მსგავსი ჯალათები და სადისტები თუ კიევის ხელისუფლებისთვის დემოკრატიის და სამართლიანობის სიმბოლოებად ითვლებიან, ეს მათი პრობლემაა.
„ზელენსკიმ ბოლო, როყიო გამოხდომაზე საქართველოს მიმართ, მიიღო, ალბათ, თვითონ რომ არ ელოდა ისეთი მკაცრი, თუმცა ადეკვატური პასუხი - სააკაშვილის თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ არ განიხილება, სულ რომ თავდაყირა დადგეს ზელენსკის ოფისი, იმიტომ, რომ არ ექვემდებარება განხილვას. მერე რა მოხდება, არ ვიცი. ჩვენს ტურბულენტურ ვითარებაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფასეულობათა კონფლიქტს, რაც შეიქმნა ჩვენს საზოგადოების უმრავლესობასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ისინი, ვინც აქ მწვალებლებად მიაჩნიათ, იქ გმირები არიან“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ელჩს კონსულტაციებისთვის იწვევს წარმგზავნი ქვეყანა და არა მასპინძელი ქვეყანა, სადაც ის მუშაობს. ზელენსკის განცხადება, რომ წავიდეს საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებისთვის, ეს არის დიპლომატიაში უპრეცედენტო და ამას ჰქვია ელჩის გაძევება, რასაც მისი თქმით, ზელენსკი ვერასოდეს ვერ ასცდება, რაც არ უნდა ლამაზი ფრაზებით შეფუთოს მისი ეს თავხედური გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ოფიციალური თბილისის პოზიციას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ იგი აბსოლუტურად თანხვედრია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. პრეზიდენტი ზელენსკისა და მისი გარემოცვის არაერთი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და თავხედური თავისი შინაარსითა და არსით.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე საქართველოს არსოდეს მოუთხოვია კატეგორიულად და არც ღიად, ოფიცილაურად კიევის მიერ შეფარებული ნაცკრიმინალების გადმოცემა. ეს იყო უკრაინის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, მაგრამ როგორც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, ახლაც ოფიცილურმა კიევმა ყურად არ იღო ის, რომ ეს არის უკიდურესად არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს საზოგადოებისადმი და არა მხოლოდ ხელისუფლებისადმი, როდესაც მათ სახელისუფლებო სტურქტურეში დასაქმებული არიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, რომლებიც იძებნებიან ქართული მართლმსაჯულების მხრიდან.
პაპუაშვილის განცხადება არის პასუხი იმ უკიდურესად პროვოკაციულ გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღო ზელენსკიმ, რომელსაც ამის გამო უკვე აქვს შიდა პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური ოპონენტებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ომის პირობებია და უკრაინის შიდა პოლიტილკური ცხოვრებისთვის ნაკლები სივრცეა დატოვებული, ეს საკითხი არ დარჩება პასუხგაუცემელი.
რასაკვირველია, თბილისი არ გადადგამს ისეთ ხისტ ნაბიჯებს, როგორიც გააკეთა ზელენსკიმ. ამიტომ, ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანია. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ არც ომამდე და არც ახლა საქართველო ამას იმ ჭრილში არ აყენებს, როგორც აყენებენ კრიმინალი სააკაშვილის უკანონო გადაცემას კიევისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტის და ხელისუფლების ქმედებები შეიცავს სადაზვერვო აქტივობების ნიშნებს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი განწყობების მობილიზება.
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ფიზიკური სახის დოკუმენტალური მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად მიანიშნებენ იმ გარემოებებზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ ირღვევა. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამართველბრივი ქმედებების უსაფუძვლობის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ამ პროცესებში ასეთი ქმედებები, ეს არის სადაზვერვო პროპაგანდის ნიშანი და აქ არის ორი მიმართულება - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ამ ქმედების გახლავთ ის, რომ გარკვეულწილად, მობილიზებულ იქნას მცირედი და მასშტაბური პროტესტები, რომელიც შესაძლებელია იმ დონის დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს, რომ მოხდეს კონსტიტიუციური წყობილების ძალადობრივი დამხობა“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
როგორც კუხალაშვილი აცხადებს, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ის, რომ საქართველო აქტიური ფორმით ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არის დამანგრეველი.
„მეორე მომენტი - პრაქტიკულად, სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა, ალბათობის მაღალი ხარისხით და ყველა ინფორმაციული ნაკადების გაანალიზებით, შეიძლება უკავშირდებოდეს სადაზვერვო მიზანს, პირველ რიგში, მისი, როგორც მადესტაბილიზებელი საშუალების ექსპორტისა საქართველოში. ყველაზე დიდი მიზანი, ალბათ, იყო ის, რომ თუკი ხელისუფლებაში მოხდებოდა ისეთი დესტრუქციული ქმედებები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ ჩანაცვლებულიყი ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტით, ამ შემთხვევაში, ალბათობის მაღალი ხარისხით, სახეზე შეიძლება გვქონოდა საომარი მოქმედებები.
ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აქ არ დაზიანდებოდა მარტო რეგიონალური უსაფრთხოება, მაღალი დონის მასშტაბური პროცესები წარიმართებოდა, რომელსაც ძალიან დამაზიანებელი შედეგი ექნებოდა. დღეის მდგომარეობით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სააკაშვილის უცნაური შემოსვლა საქართველოში შეიძლება ემსახურებოდა უკრაინის და უკრაინის სტარტეგიული პარტნიორი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან