ომი და საკურორტო სეზონი ერთმანეთს ვერ ეწყობა და თუკი ტურისტების დასასვენებელ რაიონში საბრძოლო მოქმედებები იწყება, მაშინ იქიდან ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია ხდება საჭირო...
ამ ბლოგის მკითხველთა შორის შეიძლება ისინიც ბრძანდებოდნენ, ვისაც სასწრაფოდ მოუწია გაგრისა თუ სოხუმის პლაჟების დატოვებამ 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ...
მაგრამ, პირიქით, როდესაც ტურისტები თავისი ნებით ისეთ ადგილას მიისწრაფიან, რომლის სიახლოვესაც სერიოზული ომი მიმდინარეობს, ხოლო თავად პლაჟებზე დესანტსაწინააღმდეგო სანგრებია გათხრილი და ნაპირზე ტანკსაწინააღმდეგო ღობურები აყენია, აბსურდს წააგავს...
თუმცა ეს აბსურდად შეიძლება მსოფლიოს სხვა, ნებისმიერ კუთხეში შეფასებულიყო და არა - რუსეთში, რადგან "რუსო ტურისტო" (საბჭოთადროინდელი ცნობილი კომედიური მხატვრული ფილმის - "ბრილიანტის ხელის" ერთ ეპიზოდს თუ გავიხსენებთ) ნამდვილად განსხვავებულია, რაზეც ნათლად მეტყველებს ანექსირებულ ყირიმთან დღეს შექმნილი უცნაური სიტუაცია.
რუსეთის კრასნოდარის მხრიდან ყირიმის ხიდს რუსი ტურიტების იმხელა "არმია" მიადგა, რომ მანქანების საცობი 13 კმ-ზე გადაიჭიმა და ყირიმის პლაჟებზე დასვენების მსურველებს ამ საცობში ორი-სამი დღე-ღამეც კი უწევთ რიგში დგომა.
ნუთუ პუტინის "სიამაყეს"- ყირიმის ხიდს არ შეუძლია რამდენიმე ასეული და თუნდაც ათასი ავტომანქანის უპრობლემოდ გატარება?
რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ 2022 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, რაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, ყველა ავტომობილისა და მგზავრის დეტალური შემოწმება ხდება ხიდზე შეშვების წინ.
დეტალური შემოწმება კი დიდ დროს მოითხოვს - თითოეული მანქანის მგზავრი გარეთ გადმოჰყავთ, გადმოალაგებინებენ ჩემოდნებს, ახსნევინებენ და სათითაოდ ამოწმებენ ნივთებს - ეს ყველაფერი კი დიდ დროს მოითხოვს, რაც საავტომობილო საცობს კიდევ უფრო ზრდის.
და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს ყირიმის ხიდზე არც კი უშვებენ და მათ მხოლოდ ბორნებით ეზიდებიან.
ტურიტული სეზონის პიკზე ყირიმის ხიდთან საცობი, სავარაუდოდ, შეიძლება რამდენიმე ათეულ კმ-მდეც გაიზარდოს, რის გამოც თვით რუსეთის პრეზიდენტის დონეზე რუსეთის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტმა პუტინმა ორი კონკრეტული დამატებითი გზა შესთავაზა ხელქვეითებს, ყირიმის ხიდთან საცობის შესამცირებლად.
პუტინის პირველი შეთავაზება ცოტა უცნაურად მოჩანს - შავი ზღვის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდის გამოყენება ყირიმში ტურისტების მანქანების გადასაყვანად - თითოეულ ასეთ სადესანტო ხომალდს 40-მდე მანქანის გადაყვანა შეუძლია, რაც პრობლემას მცირედით მაინც მოხსნისო, - მიაჩნიათ კრემლში...
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდებს იმისთვის ამზადებდნენ, რომ უკრაინაზე თავდასხმისთანავე მათი საშუალებით საზღვაო დესანტი გადაესხათ ოდესაში, მაგრამ ეს გეგმა რუსეთის გენშტაბს ჩაეფუშა, ახლა კი, უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შიშით, სათოფეზეც კი ვერ ეკარებიან ოდესა-ოჩაკოვის ტრავერსს.
ამ საბრძოლო ამოცანის ჩანაცვლება ტურისტების მანქანების სადესანტო ხომალდებიდან საკურორტო ზონაში გადასასროლად, მხოლოდ ღიმილს იწვევს.
თუმცა ღიმილს კი არა, არამედ - დიდ გაოცებას იწვევს პუტინის მეორე "გენიალური" შეთავაზება, რომ ტურისტების მანქანების ნაკადი რუსეთის როსტოვის ოლქიდან ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების გავლით მიმართონ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთი ნაწილისკენ...
ანუ რუსეთის პრეზიდენტი ზღვის ტალღებში ჭყუმპალაობისა და ქვიშის პლაჟზე გარუჯვის მსურველ თავის მოქალაქეებს სთავაზობს მარიუპოლი-მელიტოპოლი-ჩონგარის გზით გადავიდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე ანუ გვერდით ჩაუარონ იმ ფრონტის ხაზს, სადაც დღეს გააფთრებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინის არმია სწორედ ზემოხსენებული საავტომობილო გზის ჩასაკეტად მიიწევს წინ!
რა სურს ამით კრემლს? ის, რომ ტურიტების მანქანები დაბობვებში მოჰყვნენ და ამის გამო მთელ მსოფლიოს მოსდონ, რომ უკრაინელი სამხედროები უიარაღო ტურისტებს ხოცავენ?
მოკლედ, ეს თავად რუსეთის ხელისუფლებისა და იმ უცნაური "რუსო ტურისტოს" პრობლემებია, რომლებსაც საბრძოლო მოქმედების ზონასთან ახლოს სურთ საკურორტო სეზონის გატარება, კამიკაძე-დრონების სისტემატური აფეთქებების აკომპანემენტის ქვეშ.
მაგრამ რა მოხდება, თუკი უკრაინელების კონტრშეტევამ შედეგი მალე გამოიღო, ფრონტის რუსული მონაკვეთი ჩამოიშალა, უკრაინამ შეძლო მარიუპოლი-მელიტოპოლის გზის გადაკვეთა, ჩონგარის ხიდების კიდევ ერთხელ აფეთქება და, რაც მთავარია, ყირიმის ხიდის კვლავ მწყობრიდან გამოყვანა?
ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები ადგილობრივი კოლაბორანტები, რომლებიც მიესალმნენ ამ, უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებას 9 წლის წინ, დღეს თავად სხედან ჩემოდნებზე და მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ მოასწრონ ყირიმის ხიდის გავლით რუსეთში გასწრება, თუკი უკრაინის არმია მოახერხებს არმიანსკიდან და ჩონგარიდან ნახევარკუნძულის გათავისუფლების დაწყებას...
და ამ დროს ანექსირებულ ყირიმში დამატებით ჩადის ტურისტების ათი ათასობით მანქანა...
ადვილი წარმოსადგენია, რამხელა საცობები შეიქმნება ყირიმის ხიდთან, ოღონდ - საპირისპირო მიმართულებით, იმ მანქანებისგან, რომელთა პატრონები ამ ნახევარკუნძულიდან რუსეთში სასწრაფოდ გაქცევას შეეცდებიან...