„ელჩის უკრაინიდან გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს და ამ „გასროლით“ საქართველოში ხელისუფლების მიტაცების მორიგი მცდელობა დაიწყო“

„ელჩის უკრაინიდან გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს და ამ „გასროლით“ საქართველოში ხელისუფლების მიტაცების მორიგი მცდელობა დაიწყო“

გიორგი ზაქარაშვილს უკრაინის ტერიტორის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს. უკრაინა საქართველოს ელჩს მოუწოდებს დატოვოს კიევი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

ცხადია, მოსთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა მთავრობასთან კონსულტაციებისთვის, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, რომელსაც უკრაინული მხარე ირჩევს, მაგრამ როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხდებს, საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს. დმიტრო კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს სააკაშვილის სიკვდილით დასჯა პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო და ისინი მოქმედებენ ძველი სტალინური მეთოდით.

„თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მისცენ უფლება, დატოვოს საქართველო, დაე, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში და განაგრძეთ იქ ცხოვრება“, - აცხადებს დიმიტრო კულება, თუმცა ვერ, ან არ აცნობიერებს, რომ პირდაპირ ერევა სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში და ასევე, არაფრად მიაჩნია ის დანაშაული, რომელიც უკრაინის მოქალაქემ და ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე ჩაიდინა.

ცხადია, რომ უკრაინის ხელისუფლების ულტიმატუმის გაზიარებას ქართული მხარე არ აპირებს, ასევე არ გეგმავს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინასთან პოლიტიკურ დებატებს. უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყანაში ბრუნდება და ამით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდება. თუმცა, საქართველო არ აპირებს მიბაძოს უკრაინის ხელისუფლებას და ქვეყნის დატოვების რეკომენდაციით მიმართოს უკრაინის სახელმწიფო რწმუნებულს ანდრეი კასიანოვს, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა.

ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს მისთვის მოიცალა. პატიმარი აქვე აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში ელოდება კარგ ამბებს ფრონტიდან.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არის შეურაცხმყოფელი, თუმცა საქართველოს სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში მარტივი მიზეზის გამო, რომ თემა ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, დღესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე თემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინა უნდა დატოვოს, უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით უსამართლობის განცდას იწვევს, რადგან ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ აწამებს და არავინ კლავს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ალბათ, ის, რომ ეს არის ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო და ჩვენ ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობების გაწყვეტას ნიშნავს და საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა.

„ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან მოითხოვა, რომ 48 საათის განმავლობაში საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის. „ქართული ოცნების“ მეცადინეობით, ომში მყოფ მეგობარ ქვეყანასთან ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ურთიერთობები, რაც მხოლოდ მოსკოვს ახარებს. რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება არის პირდაპირ ის, რისი სურვილიც აქვს რუსეთს. ახლა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინასთან!“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გადაწყვეტილება სამართლიანია პეტრე ცისკარიშვილისთვის, რომლის განცხადებით, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმართან, რასაც მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია ზელენსკისგან და სწრაფი რეაგირებისთვის მას მადლობას უხდის. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ შარშან, წლის ბოლოს ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა თავისი ქვეყნის მოქალაქის, მეგობრის, ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის, მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლება, მაგრამ „ქოცების“ რეჟიმმა, „რუსულმა ოცნებამ“, ეს თხოვნა არ შეისმინა და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის. უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„გირჩის“ დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი თვლის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას როგორი მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს, რაღაც გაგებით ამის უფლება აქვს, ის თავისი ქვეყნის მოქალაქეზე ზრუნავს.

„ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ შიდა დაპირისპირებამ გადააყოლა საგარეო ურთიერთობები, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებას“, ზოგადად, შეუძლია, ნებისმიერი მსხვერპლი გაწიროს, რომ შიდა დაპირისპირებით ვიწროპარტიული ინტერესებისთვის რაღაც სარგებელი მიიღოს. ამ ნაწილში ადეკვატურობა არ ჩანს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ თხოვნას გაითვალისწინებენ.

მოლოდინი მაქვს, რომ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, რომ, აი, ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა. უკრაინის მთავრობა შეიძლება ასე ან ისე იქცეოდეს, მაგრამ უკრაინის მოქალაქეზეა საუბარი, რაც არ უნდა იყოს და რაც მთავარია, უკრაინის მოქალაქის გამო ყველაფერი ცუდად გვაქვს საგარეო ურთიერთობაში. პასუხისმგებლიანი მთავრობა ამ საკითხს სხვანაირად მიუდგებოდა. ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს პრობლემა გავმართოთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ საქართველოს ელჩის უკრაინიდან კონსულტაციებზე თბილისში გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს, როცა „ავრორამ“ ბოლშევიკებს ოქტომბრის რევოლუციის დაწყებისთვის ნიშანი მისცა. ცხადია, რომ ამ „გასროლის“ ავტორები უკრაინელები არ არიან და შესაბამისად, მისი თქმით, ჩვენი ემოციები უკრაინელების მიმართ იგივე უნდა დარჩეს.

„ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ერი კი რჩება. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ მეზობლებთან ხისტი ქმედებები გონივრული არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ საქართველომ გაცილებით მეტი გააკეთა უკრაინის მხარდაჭერისთვის, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებამ (კონკრეტულად ვიქტორ იუშჩენკოს გამოკლებით) 2008 წელს, როცა რადამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდო, ხოლო მაშინდელი პრემიერი ტიმოშენკო პუტინთან ერთად სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვაზე კამერების წინ ხითხითებდა და თან რუსეთთან მრავალმილიარდიან გაზის კონტრაქტს ათანხმებდა.

ამ „გასროლით“ საქართველოში ხელისუფლების მიტაცების მორიგი მცდელობა დაიწყო. სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმეთვიანი იქნება და კულიმინაციას შემოდგომაზე უნდა მიაღწიოს, როდესაც ევროკავშირი, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს, რათა ჩვენთან საპროტესტო მუხტის აგორებას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით რამდენიმე ათასი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის, იდეოლოგიური და ტაქტიკური მომზადება უკვე მიმდინარეობს.

პროცესების ავანგარდში გარედან დანიშნული „ელიტის“ არაპოლიტიკური ნაწილი იქნება, „გეი მემორანდუმის“ ხელმწომწერი 15 პარტია კი მეორე პლანიდან იმოქმედებს. ქართული საზოგადოების სახელით წლების განმავლობაში უცხოური გრანტებით ნაკვები დანიშნული ცრუ ინტელიგენცია ისაუბრებს: ვითომ მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ჟურნალისტები, არასამთავრობოები - ძირითადად ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება „ევლოპასი“ მართლა უნდა, მაგრამ უმრავლესობას სამი ათას დოლარიანი უცხოური ჯამაგირის შენარჩუნება უფრო აინტერესებს, ცხადია, ქართული ინტერესების ხარჯზე“, - აცხადებს გოგავა.

პოლიტოლოგის შეფასებით, უხეში გამოთვლებით ასეთი ხალხის რაოდენობა დაახლოებით 8000-ს შეადგენს, 30 წლის განმავლობაში ამდენის მოგროვება მოხერხდა და თვლის, რომ სწორედ ეს არის „მეხუთე კოლონა“ და მათ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ეკონომიკაზე, სახელმწიფოს და საზოგადოების ღრმა თემებზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ და არც აინტერესებთ.

„ეს კატეგორია ქვეყნის საბოტაჟის რეჟიმში მუშაობენ და პირად საუბრებში ამაყად აცხადებენ: „ხელს ვერ დამაკარებენ, საელჩოს კრიშა მაქვს“. ამ ცრუ ელიტის მთავარ სახეებად, სავარაუდოდ, გიორგი კეკელიძეს, დათო ტურაშვილს და დათო გორგილაძეს ვიხილავთ - ესენი წლების განმავლობაში გამოცდილი მეგრანტეები და უცხოეთის საიმედო მსახურები არიან, ორი მათგანი საბიუჯეტო დაფინანსებაზეც კი არის. „მასოვკაში“ ახალგაზრდები იქნებიან რამდენიმე უნივერსიტეტიდან - ეს უნივერსიტეტებიც ცნობილია. ძალოვან აქციებში კი ზონდერები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ახლად დატრენინგებული ახალგაზრდები იქნებიან.

გლობალური ომის პარტიის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო ის, რომ საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ომში ჩართვაზე. ხელისუფლებამ და ხალხმა ომის ნაცვლად 3 წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აირჩია. ეს კი გაუგებარია ომის პარტიის მესვეურთათვის: როგორ შეიძლება საქართველოს ნაწილობრივ სუვერენული პოლიტიკა ჰქონდეს და უცხოეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ მოემსახუროს თუნდაც ნგრევის, მსხვერპლის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის ხარჯზე?! აბა, რისთვის ხარჯავენ წელიწადში 230 მილიონ დოლარს და ინახავენ ამ 8000-კაციან „მეხუთე კოლონას?! რისთვის ითმენენ არცთუ ისე დამჯერე ხელისუფლებას?!

მნიშვნელოვანია ხალხის შეკრება და მასობრიობის დემონსტრირება, დაახლოებით ისე, როგორც ეს 30 აპრილის აქციაზე მოხდა, როცა ჩვენ თავად დავრწმუნდით, რომ უმრავლესობაში ვართ. თუ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება გადატრიალების მცდელობას, ხალხმა პროცესების მართვის სადავეები ხელში თავად უნდა აიღოს, რადგან ყველა სხვა სცენარში გველოდება ომში ჩართვა შემდგომი რუსული ოკუპაციით. გამორიცხულია, რომ ეს არ ესმოდეთ მოაზროვნე ხალხს მსოფლიო დედაქალქებში, მაგრამ მაინც ამ მიმართულებით გვერეკებიან“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

ანალიტიკოსის გია აბაშიძის შეფასებით, არსით და სულით ბოროტი კლოუნის ზელენსკის ძალიან თავხედური განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს, ხოლო საქართველოს ელჩმა კი უკრაინა 48 საათში დატოვოს, არის ქართველი ერის შეურაცხყოფა. მისივე თქმით, ამით მედესავლეთეს როლის შემსრულებელმა ზელენსკიმ ცინიკურად დააიგნორა სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც კრიმინალ სააკაშვილზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ, უწინდებურად, ხმა არ უნდა გასცეს მსოფლიოში დროებითად „გაპიარებულ“ ზელენსკის, რადგან გმირი უკრაინელი ერი მძიმე განსაცდელშია. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ვმეგობრობთ და არა შაპიტოს მსახიობის ამპლუადან ვერასდროს გამომსვლელ ზელენსკისთან და მის გარემოცვასთან. არც დაყვედრებაა საჭირო თუ რა მაქსიმუმი გააკეთა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველომ უკრაინელებისთვის. ჯამბაზნი წავლენ და წამოვლენ, ქართველთა და უკრაინელთა მეგობრობას კი ვერაფერს ავნებენ.

გამარჯვება უკრაინელ ხალხს რუს ოკუპანტებზე და უგუნურ, ავაზაკ უკრაინელ ჩინოსნებზე! ომამდე და უფრო ომის დროს, უკრაინაში გაჭენებულია კორუფცია და სახელმწიფო ქონების მიტაცება. განსაკუთრებით სავალალოა გმირი უკრაინელი ხალხის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელი მაროდიორი ჩინოსნების მიერ ჯარისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარებების მასშტაბური მითვისება. მედიაში გამოვლენილი შემთხვევა არაერთია, რეალურად რა ხდება, ძნელი წარმოსადგენი არაა.

ამ დროს კი, ზელენსკის ადმინისტრაცია და ცალკეული უზნეო დეპუტატები უკრაინის უმაღლესი რადადან იცლიან, რომ გამოესარჩლონ კრიმინალ სააკაშვილს. არც სტრასბურგის ვერდიქტები აინტერესებთ ამ „პროდასავლურ“ პერსონაჟებს. ისინი უხეშად ერევიან სუვერენული საქართველოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების უზნეო დამუნათებით“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ საფუძვლიანი პრეტენზიები ზელენსკის ადმინისტრაციასთან მიმართებით რომ წამოყენებულიყო უკრაინაში ომის დაწყებამდე, იქნებოდა უფრო ლოგიკური და მართებული. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ესმის „ქართული ოცნების“ მდგომარეობა, რომელიც მაინც ითვალისწინებს ომში გახვეული ქვეყნის მდგომარეობას და მაქსიმალურად ცდილობს ამ რთულ სიტუაციაშიც კი რაღაცა ბოლო ხიდი არ დაწვას უკრაინასა და საქართველოს შორის.

„მაგრამ, ჩემთვის ცალსახად ეს არ არის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება. ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია არც არაფერს არ წარმოადგენს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ის მთლიანად და მის ქვეყანაში მიმდინარე ომის ბედით იმართება აშში-ის მხრინად. ეს ადმინისტრაციაც მთლიანად იმართება აშშ-ის საელჩოს მხრიდან.

ამიტომ, საელჩოს მიერ მიეცა კონკრეტული დავალება. ამ დავალების უკან რა დგას, საქართველოს დასჯის ელემენტი, ბოლო ხნის განმავლობაში იგივე კელი დეგნანთან დაკავშირებით გამოთქმული კონკრეტული ლოგიკური ობიექტური პრეტენზიების გამო, თუ რა? ძალიან რთულია მთელი სპექტრი მოვიცვა თუ რა შეიძლება იყოს ამ გადაწყვეტილების უკან. ეს არის შორს მიმავალი მცდელობა, რეგიონში სამ მართლმადიდებლურ ქვეყანას შორის ბოლომდე გააჩაღონ ხანძარი.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ეს ხანძარი გააჩაღეს 2008 წელს, ეს ხანძარი გაჩაღებულია რუსეთსა და უკრაინას შორის. რჩებოდა ფართომასშტაბიანი ხანძრის გაჩენა საქართველოსა და უკრაინას შორის და მე მგონია, რომ იმ ბიგფორდის ზონას წაუკიდეს ცეცხლი, რომელმაც მათი გათვლებით, უნდა ააფეთქოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საბოლოოდ და გარდუვალია ეს სცენარი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თავშეკავებული პოლიტიკა დაიკავოს ამ ფაქტთან მიმართებით, თუმცა აღიარებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

trampi ჩვენ იქაური ელჩის უფრო სწორად ლენჩის გასაგონად ვამბობ
დათვს თავში ურტყამდნენ და ის კიდევ ამბობდა -=------ეს რა ბრაგაბრუგიაო
რა ბრაგაბრუგია და თავზე გვაჯვამენ., თავზე....... წამო მაქედან ...წამო



ისემც უქნია პუტინს ეგ ზელინსკი სულაც პლენში აიყვანოს
ბიჯოოოს!!!!!!!!!!!!!!!
1 წლის უკან
trampi ვირო მადლიო ............................... ისეა ამათი საქმე
1 წლის უკან
trampi მანამ უკრაინელები აქეთ არ შეგვეხვეწებიან მანამდე წესით იქით ჩვენი ელჩი აღარ უნდა გაუშვათ
უნდა დაინახონ ამერეიკელებმა (და უკრაინელებმაც) რომ ეგენი მთელ საქართველოს ნაცების გარდა ეგენი უკვე კუტუზე გვკიდია ....
1 წლის უკან