ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს, დისტანციურად კვლავ დაესწრო - ექსპრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს, ხელისუფლებას და პარლამენტის სპიკერს მიმართა. სააკაშვილმა ხელისუფლებას დებატებში დაჯდომა შესთავაზა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცახდებაში ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა: „მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება“.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, სჯობს მოლაპარაკებები დაიწყოს, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში.
მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის.
სასამართლოზე კი პირველივე მოთხოვნა, რომელიც სააკაშვილმა დააყენა, სასჯელის სამაჯურით მოხდა იყო. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 3 ივლისს პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. პატიმრობის ალტერნატიული ფორმა თავადვე ითხოვა, თუმცა კვლავ ყველა ბრალდება უარყო.
სასამართლო პროცესს არც პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩაუვლია. „ვივამედის“ კლინიკიდან სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა მისი ვიზუალური მდგომარეობის დემონსტრირება და განაცხადა, რომ მას, როგორც ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს, ბოდიში უნდა მოუხადონ. ექსპრეზიდენტი ხელისუფლებისგან ღია პოლიტიკური დებატების უზრუნველყოფას და მმართველ გუნდის სანქცირებას ითხოვს. სახელისუფლებო გუნდში კი დებატების ნაცვლად ექიმების რეკომენდაციის შესრულებას და კვების რაციონის აღდგენას ურჩევენ მიხეილ სააკაშვილს.
„ქართული ოცნება“ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლას არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს მისივე პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გარეშე ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდება.
„სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეს მისი წინამორბედი. სააკაშვილის გათავისუფლების იდეით პარტიის სათავეში მოსულ კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჯგუფს ნიკა მელიამ სოციალური ქსელით მიმართა.
მმართველი გუნდიდან კი მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც შეახსენეს. „ქართულ ოცნებაში“ ექსპრეზიდენტის გარემოცვას ლობისტებზე თანხების დაზოგვას ურჩევენ.
მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არაფერი უთქვამს განსახილველ საქმეზე, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხეხება. ექსპრეზიდენტთან ერთად ამავე საქმეში ბრალდებული დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი კი დღეს სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობაში დატოვა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არაფერს ნიშნავს, მისთვის ახლა მთავარია აქტიური იყოს და მედიის, საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცეს. ამიტომაც აკეთებს განცხადებებს, რომელიც იცის, რომ რეალობაში ვერ გახორციელდება.
„მისი განცხადებები ღიმილის მომგვრელია, მით უმეტეს ხელისუფლების წევრების დებატებში გამოწვევა. მასაც ბევრი იწვევდა 2012 წლამდე დებატებში და არავისთან სადებატოდ არ დამჯდარა. დებატებს თავის ადგილი აქვს - როცა არჩევნებია და პოლიტიკოსებს შორის დებატები ხდება. ბოდიში, მაგრამ პატიმარს ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ უნდა ედებატონ?! თუნდაც მისი განცხადებები, რომ მას არაფერი დაუშავებია და ციხეში დასაჯდომი არაფერი სჭირს. ანუ ადამიანი დღემდე კიდევ ვერ იაზრებს რა ჩაიდინა. ეს ხომ, ისევ და ისევ, საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობაა, რომელსაც კვლავ სწამს, რომ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ამით ის ცდილობს სწორედ ეს ნაწილი შეინარჩუნოს და მისი გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. თავად კარგად იცის, რა დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ მისი აღიარება მიაჩნია, რომ პოლიტიკურად არ წაადგება. ის ამით ელექტორატს დაკარგავს და რატომ უნდა თქვას. მოსახლეობის დიდი ნაწილს ის არ უყვარს, ამიტომ მათ ბოდიშის მოხდით, ფიქრობს, თავს ვერ შეაყვარებს, ამიტომაც იმ ხალხის შენარჩუნებაზე მუშაობს, ვინც დარჩა“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციის გაერთიანებასა და ე.წ. მრგვალი მაგიდის მსგავს დისკუსიას . საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილს ან რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული ან კარგად ხვდება რასაც ამბობს და ისევ პატარა პარტიების მოტყუება უნდა, რათა თავი კვლავ მთავარ ოპოზიციურ პარტიად წარმოაჩნოს, თითქოს და მათ გარშემოა მთელი ოპოზიცია გაერთიანებული.
„სასაცილოა სააკაშვილის მოწოდება ოპოზიციის გაერთიანებაზე და ერთ მაგიდასთან დაჯდომაზე. პარტია თავად აქვთ გადასარჩენი და აგერ ე.წ. მომაკვდავი კაცი გააცოცხლეს და ვის გადარჩენაზე ლაპარაკობენ ესენი, საინტერესოა. პარტიის სახედ ხაბეიშვილი ჰყავთ, რომელსაც სერიოზულად ვერავინ ვერ აღიქვამს. აქამდე საქმე სააკაშვილმა მიიყვანა. პირიქით, სააკშვილს არ უნდა ჰკითხონ როგორია საქართველოში ოპოზიციის გადარჩენის ფორმულა, რადგან ის და მისი პარტიაა, ვინც ოპოზიციას კეთროვანებად ხდის და ხალხი მათ ახლოსაც აღარ ეკარება.
თუ დააკვირდებით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დიდად თავს ენმ აღარ იწუხებს. პარტია მის გამოყენებაზე არის ორიენტირებული. პირიქით, აწყობთ, რომ სააკაშვილი ციხეში იყოს, საძახებელი აქვთ, რომ აი, რას შვრება ეს ხელისუფლება და სააკაშვილს როგორ „ტანჯავს“. რომ გამოუშვან, მერე რაღას იტყვიან. მით უმეტეს სააკაშვილის გათავისუფლება და უფროსად დაჯდომაც აღარავის სურს, მით უმეტეს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა სააკაშვილი ძლივს გაწიეს გვერდით და თავისუფლება აქვთ. ის მხოლოდ სახელად ჰყავთ და ამით პარტიის ამომრჩეველს ინარჩუნებენ. ახლა დიდად არავის ეხატება გულზე სააკაშვილი კიდევ უფროსად დაუდგეთ. მას არც მართვაში ჩარევენ, ასე ეყოლებათ საჩვენელბად, რომ ვითომ ხელისუფლება კლავს და ა.შ. რამდენჯერაც გამოჩნდება და ცუდად გამოიყურება, იმდენი სალაპარაკო თემა გაუჩნდებათ. სხვაგვარად მის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, თავადაც კარგად იციან. მე უფრო მგონია, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისივე გარემოცვა ცდილობს მის მოკვლას, რადგან პოლიტიკურად მისი მძიმე მდგომარეობა აწყობთ, ამიტომაც გააქტიურდა და პროცესებში ჩაერთო, მაგრამ მას ასე ღრმად საქმეში არავინ აღარ ჩაახედებს“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილს სერიოზულად უკვე აღარავინ აღიქვამს და სწორედ ამიტომ მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ ფაქტორს ოპოზიციისთვის. მისი თქმით, სააკაშვილი უკვე, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ნაციონალებისთვის საჩვენებელი დროშასავით არის, რომელსაც ორივე თავისი მიზნებისთვის იყენებს. ორივე მათგანი, სააკაშვილის მეშვეობით, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.
„როდესაც კაცს თავი ვერ დაუხსნია ციხიდან და ამ დროს ლაპარაკობს აფხაზეთის გათავისუფლებასა და უკრაინის დახმარებაზე, ეს ხომ არასერიოზულია. კიდევ ბევრი ფაქტორია, რომელიც მის მიმართ ხალხს არასერიოზულად განაწყობს. ნუ, თუ არ ჩავთვლით იმ მხარდამჭერებს, რომლებიც მისი უპირობო მომხრეები არიან. მას რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. მის მცდელობას, რომ ბევრი საკითხი იყოს აქტუალური და რეზონანსული, შედეგი არ ექნება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს არის განცხადებები განცხადებებისთვის.
ასე რომ, მისი საქციელი უფრო ყურადღების ცენტრში ყოფნის მცდელობაა, მეტის არც საშუალება და არც შესაძლებლობა არ გააჩნია. ამიტომ აკეთებს იმას, რისი საშუალებაც აქვს. მას პარტიის მართვაში არავინ აღარ ახედებს. ხომ ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლაპარაკობს სააკაშვილზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს დღეს პარტიაში სხვები ღებულობენ და არა სააკაშვილი. ამიტომ მისი აქტიურობა ჯერჯერობით წყლის ნაყვაა. ხვალ და ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ის რეალობას რომ მოწყეტილია, ფაქტია. საფრთხეს ხელისუფლებისთვის აღარ წარმოადგენს, ამიტომ რაც უნდა ის ილაპარაკოს, „ოცნებას“ თუ უნდა შეიმჩნევს და თუ უნდა არა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
დაგლიჯა!!!
განსაკუთრებით გირჩის და ძაღლუკების მოხსენიებით... ყოჩაღ!