ირაკლი კობახიძე: მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს, მათი შეფასება არ არის მნიშვნელოვანი და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო

ირაკლი კობახიძე: მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს, მათი შეფასება არ არის მნიშვნელოვანი და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ევროპარლამენტარების თავდასხმებს არ გამოეხმაუროს, თუმცა იძულებულები არიან მათ განცხადებებზე რეაგირება ჰქონდეთ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროკომისიის მაღალჩინოსანმა მათ სთხოვა კიდეც, რომ არ გამოხმაურებოდნენ ევროპარლამენტარების განცხადებებს და ორი თვის განმავლობაში მათი მხრიდან არცერთი კომენტარი არ ყოფილა ევროპარლამენტარებზე.

„პირველ რიგში რას ემსახურება ეს პრესკონფერენცია. ეს ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმასთან დაკავშირებით თუ რა გაკეთდა. რეალურად, რომ ავიღოთ მაგალითად საარჩევნო რეფორმა. საზოგადოებას ეს ინფორმაცია შეიძლება არ ჰქონდა და ახლა მიიღო. რაც შეეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ. ჩვენ როცა გვაქვს პოლემიკა ევროპელ პოლიტიკოსებთან, ეს ძირითადად ეხება ხოლმე ევროპარლამენტარებს. მე არ მახსენდება ჩვენი მხრიდან აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლების მიმართ რაიმე კრიტიკა. გახსოვთ საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისარი ვარჰეი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი მათ შორის ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის თემაზე და მთელ ოპოზიციას არ ესიამოვნა მისი დადებითი შეფასება და თავს დაესხა კომისარ ვარჰეის იმის გამო, რომ მან დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ჩამოთვალეთ ვინც არის: ურსულა ფონ დერლაიენი, ბორელი, ვარჰეი, ვინც არიან პასუხისმგებლები ჩვენს თემაზე, თქვენ გახსენდებათ რომელიმე მძიმე შეფასება ჩვენი მხრიდან მათ მიმართ? მხოლოდ ევროპარლამენტარები. შეხვედრა მქონდა ერთ-ერთ მაღალი რანგის წარმომადგენელთან ევროკავშირიდან, საუბარი გვქონდა პოლემიკაზე და გვთხოვეს, იქნებ ეს პოლემიკა არ გაგრძელდეს ევროპარლამენტარებთან, იქვე მივეცი პირობა, რომ ჩვენი მხრიდან არ გაკეთდებოდა არცერთი განცხადება არცერთი ევროპარლამენტარის მიმართ, თუ იქითა მხრიდან არ იქნებოდა თავდასხმა. გაგრძელდა ორი თვე დაახლოებით ეს ამბავი. ჩვენ შევპირდით, რომ თუ იქიდან არ იქნებოდა თავდასხმა, აქედან იქნებოდა ნული კომენტარი. აქედან რა ჩანს იცით? თავდასხმები მოდის იქიდან, რეზოლუციები მოდის იქიდან. როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და აკეთებს აბსურდულ განცხადებას და თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია ჩვენც გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა. როდესაც მაგალითად ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ეს არის საქართველოზე თავდასხმა. როცა გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, ეს არის ქვეყანაზე თავდასხმა. როცა გეუბნებიან, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა და ყველა დანარჩენი, ვინც ვართ ხელისუფლებაში, ვართ მარიონეტები, ეს არის რა თქმა უნდა სახელმწიფოზე თავდასხმა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაა. მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს, მათი შეფასება არ არის მნიშვნელოვანი და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე ჩვენი პასუხი ამაზე ისაა, რომ მაშინ ხალხს აუხსენითო. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. მის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილა იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი. როდესაც ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, არის თუ არა ეს ანტიქართული განცხადება და როდესაც მე ვამბობ, რომ მისი განცხადება უსამართლოა, ეს რატომ არის ანტიევროპული განცხადება? თუ მე მის უსამართლობას ვაფასებ, ეს ხომ არ არის ანტიევროპული განცხადება?!“ - განაცხადა კობახიძემ.